Plasmon
ეპისტაქსისი – ცხვირიდან სისხლდენა

თარიღი: 20 სექტემბერი, 2022

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცხვირიდან სისხლდენა უმეტესად არ არის საშიში, ამიტომ ექიმს ამ მიზეზით ცოტა თუ მიმართავს – ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც წასკდომია ცხვირიდან სისხლი, ასე თუ ისე, იცის, როგორ შეაჩეროს ის. ხშირად სისხლდენა თავისთავადაც წყდება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ხანგრძლივდება და სახიფათო მდგომარეობაზე მიანიშნებს.

რა არის ეპისტაქსისი
იმას, რასაც უბრალო ენით ცხვირიდან სისხლდენას ვუწოდებთ, მედიცინის ენაზე ეპისტაქსისი ჰქვია და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირთან ახლომდებარე სისხლძარღვებიდან სისხლდენას წარმოადგენს. ეპისტაქსისი უმეტესად უწყინარი მოვლენაა, მაგრამ შესაძლოა, სერიოზული პათოლოგიის წინაპირობადაც მოგვევლინოს.

ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ გავრცელებულია, ვინაიდან ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი მდიდარია სისხლძარღვებით, რომლებიც ზედაპირთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ისინი ძალიან სუსტია და მათი მთლიანობა ადვილად ირღვევა.

სისხლდენა უმეტესად შემთხვევით, სპონტანურად იწყება, განსაკუთრებით – მოზარდებსა და 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. კვირაში ერთზე მეტი სისხლდენა უკვე ბევრია და ყურადღებას მოითხოვს.

ორგვარი სისხლდენა არსებობს: წინა (Anterior) და უკანა (Posterior). წინა სისხლდენა ცხვირის ღრუს წინა ზედაპირის სისხლძარღვების დაზიანებისას ვითარდება, ხოლო უკანა – ცხვირის უკანა ან ღრმა ნაწილის სისხლძარღვთა დაზიანებისას. ამ შემთხვევაში სისხლი ხორხის უკანა ზედაპირზე ჩაედინება და შესაძლოა, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

რა იწვევს
ცხვირიდან სისხლდენის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მშრალი ჰაერი და ცხვირის ღრუს თითით გაღიზიანება, რაც უმეტესად ბავშვებს სჩვევიათ. მშრალმა ჰაერმა შესაძლოა გამოაშროს ცხვირის ღრუს ამომფენი ქსოვილი, ცხვირის ღრუში ქერქების გაჩენა  და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს. ასეთი ლორწოვანი უფრო მეტადაა მიდრეკილი სისხლდენისა და ინფექციისკენ.

სისხლდენის სხვა, ასევე გავრცელებული მიზეზებია:

* ცხვირის ღრუს უცხო სხეულით დახშობა;

* ქიმიურ გამღიზიანებელთან (მაგალითად, ამიაკთან) კონტაქტი;

* ალერგიული რეაქცია;

* ცხვირის ტრავმა;

* ზედიზედ და ძლიერად ცემინება;

* ცივი ჰაერით სუნთქვა;

* ზედა სასუნთქი გზების ინფექცია;

* მწვავე და ქრონიკული სინუსიტი (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება);

* ანტიკოაგულანტის (სისხლის გამათხიერებლის), მაგალითად, ვარფარინის ან ჰეპარინის, გამოყენება;

* გამრუდებული ძგიდე;

* ასპირინის დიდი დოზის მიღება (ეს პრეპარატი ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას და, შესაბამისად, სისხლის შედედებას);

* ალერგიის საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების ხშირი გამოყენება;

* არაალერგიული რინიტი;

* ჰემოფილია და სხვა ისეთი პათოლოგიები, რომლებიც სისხლდენისადმი მიდრეკილებას ზრდის.

ცხვირიდან სისხლდენის ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება:

* ალკოჰოლის მიღება;

* თამბაქოს წევა;

* მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანსა და ლორწოვან გარსებზე მრავლობითი, წვრილი, მოწითალო–მოიისფრო ტელეანგიექტაზიებისა (ტელეანგიექტაზია – მცირე სისხლძარღვების ლოკალური მოჭარბებული გაფართოება) და განმეორებადი სისხლჩაქცევების გაჩენა);

* იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (სისხლში თრომბოციტების ძალიან დაბალი შემცველობის გამო სისხლი ვეღარ დედდება, ადვილად ვითარდება ჭარბი სისხლდენა და სისხლჩაქცევა);

* ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო);

* ცხვირის პოლიპები;

* ცხვირის ღრუს სიმსივნე;

* ცხვირის ქირურგიული ოპერაცია;

* ორსულობის მეორე ტრიმესტრი (ჰორმონების დონის მატება აძლიერებს სისხლწარმოქმნას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის შეშუპება და, შესაბამისად, სისხლდენისადმი მიდრეკილება გაზარდოს);

* ძალიან მაღალი წნევა (თუმცა ეპისტაქსისსა და ჰიპერტენზიას შორის კავშირი ჯერ კიდევ საკამათოა. შესაძლოა, ძალიან მაღალმა წნევამ დაამძიმოს ან გაახანგრძლივოს უკვე არსებული სისხლდენა).

როგორ შევაჩეროთ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხვირიდან სისხლდენა სერიოზულ პრობლემას იშვიათად წარმოადგენს და სახლის პირობებში მისი შეჩერება ადვილია.

არ შეშინდეთ და არ დაიბნეთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ემოციურ ფონზე სისხლდენა შესაძლოა დამძიმდეს. არ დაწვეთ, რადგან შესაძლოა სისხლი გადაგეყლაპოთ და კუჭი გაგიღიზიანოთ. დაჯექით და ოდნავ წინ გადაიხარეთ, რათა ხორხში სისხლის მოხვედრას ხელი შეუშალოთ. ნესტოების დასახშობად ცხვირის რბილ ნაწილზე საჩვენებელი და ცერა თითები მოიჭირეთ და პირით ისუნთქეთ. დარწმუნდით, რომ ნესტოები მთლიანად დახშულია. ასე დარჩით 5-10 წუთი, მერე ცხვირიდან ხელი მოიცილეთ და შეამოწმეთ, შეწყდა თუ არა სისხლდენა. თუ გაგრძელდა, აღწერილი ილეთი გაიმეორეთ.

თუ სისხლდენა პირველივე მცდელობაზე შეწყდა, ერთხანს აღარ შეეხოთ ცხვირს, მით უმეტეს არ მოიხოცოთ, რადგან შესაძლოა, სისხლდენა განახლდეს.

თუ სისხლდენა მაინც განახლდა, ნაზად მოიხოცეთ ცხვირი სისხლის კოლტების გამოსადევნად. შეგიძლიათ, ცხვირის ძგიდეზე ცივი საფენი დაიდოთ და გამოიყენოთ ცხვირის ღრუს შეგუბებისა და შეშუპების საწინააღმდეგო სპრეი (მაგალითად, ოქსიმეტაზოლინი). შემდეგ კვლავ დაიხშეთ ნესტოები თითებით 5-10 წუთის განმავლობაში. ამ სიტუაციაში უკვე სასურველია, ექიმს დაუკავშირდეთ.

როდის მივმართოთ ექიმს
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ სისხლდენა ტრავმის შედეგად დაიწყო, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასევე – თუ სისხლდენა მეტისმეტად უხვია, დაშავებული გრძნობს სისუსტეს, კარგავს გონებას, უჭირს სუნთქვა, სისხლდენას თან ახლავს მხედველობის ან ცნობიერების დაბინდვა, ცხელება ან თავის ტკივილი, კომპრესია არ შველის და 30 წუთზე მეტია გრძელდება.

თუ ეპისტაქსისი აქვს ორ წლამდე ასაკის ბავშვს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

თუ ბევრი სისხლი დაკარგეთ, ეცადეთ, ნაკლები იმოძრაოთ. მარტო ნუ წახვალთ სამედიცინო დახმარების პუნქტში – გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან ვინმე წაიყოლეთ.

თუ ხშირად გაქვთ სისხლდენა (კვირაში ერთზე მეტჯერ), განურჩევლად იმისა, ადვილად და სწრაფად ჩერდება თუ არა, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

როგორ ავიცილოთ თავიდან
ეპისტაქსისის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც შეამცირებს სისხლდენის რისკს.

* უპირველეს ყოვლისა, უნდა შეინარჩუნოთ ცხვირის ღრუს ნამიანობა, რადგან სიმშრალე, როგორც ვთქვით, სისხლდენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბამბის ტამპონით დღეში სამჯერ, განსაკუთრებით – ძილის წინ, ფაქიზად შეიზილეთ ნესტოებში ვაზელინის ჟელე ან ნებისმიერი სხვა დამატენიანებელი საცხი.

* შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთებაც.

* სახლში გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი.

* თავი დაანებეთ მოწევას და ერიდეთ მწეველებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნას.

* თითით არ გაიღიზიანოთ ცხვირის ღრუ და არ მოიხოცოთ ცხვირი უხეშად. ცხვირში თითით ჩიჩქნა ბავშვებს სჩვევიათ, ამიტომ პატარებს მოკლედ დააჭერით ფრჩხილები და შეეცადეთ, მოაშლევინოთ ეს ჩვევა.

* მეტისმეტად ხშირად ნუ მიიღებთ გაციებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს – მათაც შეიძლება გამოაშრონ ცხვირის ღრუ.

ცხვირიდან სისხლდენის გამოწვევა ან უკვე არსებულის დამძიმება, როგორც ვთქვით, ზოგიერთ სხვა მედიკამენტსაც შეუძლია, ასე რომ, თუ რეგულარულად ან კურსობრივად იღებთ რაიმე წამალს, ამის თაობაზე გაესაუბრეთ ექიმს. წამლის მიღებას უნებართვოდ ნუ შეწყვეტთ.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"