Plasmon
გაჯეტებთან გატარებული დროის ხანგრძლივობა ზემოქმედებას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე

თარიღი: 19 მარტი, 2024

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „სივრცენი“ დამფუძნებელი, კოალიცია „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელმძღვანელი“ რუსუდან ბოჭორიშვილი გაჯეტების როლზე საუბრობს, ბავშვთა მეტყველებაში.

„ძალიან მიხარია, რომ მშობლებმა უკვე გააცნობიერეს და იციან, რომ უნდა შეზღუდონ ბავშვების მიერ გაჯეტების გამოყენების დრო.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, გაჯეტებთან გატარებული დროის ხანგრძლივობა ზემოქმედებას ახდენს  ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე.  გარდა დროისა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს ბავშვი გაჯეტით. შეიძლება ბავშვი თამაშობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რას თამაშობს, ხელს უწყობს თუ არა თამაში ბავშვის აზროვნების განვითარებას, ინტერესდება თუ არა  მშობელი თამაშის შინაარსით და ა.შ.,  ამის პარალელურად, ყურადღება უნდა მივაქციოთ საკმარის დროს ატარებს თუ არა ბავშვი მშობლებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებაში, აქვს თუ არა მრავალფეროვანი და აქტიური სოციალური ცხოვრება, ანუ აბალანსებს თუ არა ცოცხალი ურთიერთობები  გაჯეტებთან გატარებულ დროს.

თუ ბავშვს აქვს მეტყველებისათვის საჭირო ყველა რესურსი, ის აუცილებლად დაიწყებს მეტყველებას, მაგრამ აქ ლაპარაკია ხარისხზე, რამდენად მისი ასაკის შესაბამისი იქნება  მისი მეტყველების განვითარება და რამდენად შეზღუდავს გაჯეტთან ურთიერთობა მის ზოგად ინტერესებს და შემეცნებით სფეროს.

გაჯეტი საშიშ ატრიბუტად გადაიქცევა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისთვის გაჯეტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ძალზე საყურადღებოა.

სკოლის ასაკის ბავშვების რეალობაზე რომ ვისაუბროთ, თანატოლებთან ურთიერთობისთვის მათ სჭირდებათ გაჯეტების „ენის“ ცოდნა, რადგან თანატოლებთან სალაპარაკო თემა სწორედ ის მოვლენები, ინფორმაცია და თამაშებია, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ეცნობიან.  შესაბამისად, სრულად რომ ამოვიღოთ ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრებიდან, შეიძლება მას სოციალიზაციის პრობლემაც გაუჩნდეთ,  ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მიდგომას, თუ როგორ ასწავლის ბავშვს გაჯეტის სწორად გამოყენებას, როგორ უწესებს დროით ლიმიტს და თავად რამდენად გამოუმუშავებს უნარს, თავად ბავშვმა აკონტროლოს დროის ლიმიტი. ნამდვილად შეიძლება ამ ყველაფერზე მუშაობა და პროცესის სწორად და პოზიტიურად წარმართვა, რომ ეს ყველაფერი ბავშვისთვის არ გახდეს სტრესის წყარო და ამავე დროს  განვითარებისთვის დამაზიანებელი“ – ამბობს ფსიქოლოგი.


წყარო: https://fortuna.ge