Plasmon
გიჭირთ ცხვირით სუნთქვა? ამის მიზეზი შესაძლოა ქრონიკული სინუსიტი იყოს

თარიღი: 21 ივლისი, 2023

ბოლო პერიოდში ძალიან მოხშირდა თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი განსაკუთრებით ცხვირის უკან (ცხვირხახიდან) ჩანადენი, რაც ჩვენს რეალობაში მეტწილად დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან.

 

ქრონიკული სინუსიტი ეს არის მდგომარეობა როდესაც მიუხედავად კონსერვატიული მკურნალობისა ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსების) ანთება გრძელდება მინიმუმ 12 კვირა.

 

ქრონიკული რინოსინუსიტად  ცნობილი მდგომარეობა ხელს უშლის წიაღის დრენირებას და იწვევს სინუსის შიგნით ლორწოვანი გარსის გასქელებას(ჰიპერტროფიას).

 

ქრონიკული სინუსიტის მიზეზი შესაძლებელია  იყოს ინფექცია, წიაღში ქსოვილოვანი წარმონაქმნი (პოლიპი) ან გამრუდებული ცხვირის ძგიდე. ეს დაავადება უპირატესად გვხვდება ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის პირებში, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ბავშვებშიც.

 

სიმპტომები 

ქვემოთ მოყვანილი ოთხი ძირითადი სიმპტომიდან სულ ცოტა ორი მაინც უნდა იყოს რათა დანამდვილებით ვთქვათ, რომ ცხვირში არის ანთება ან/და დავსვათ ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზი:

 

• სქელი, უფერული ან შეფერილი გამონადენი ცხვირიდან ან ჩანადენი ცხვირის უკან, ხახის უკანა კედელზე

• ცხვირის გაჭედილობა ან ობსტრუქცია, რომელიც იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას

• ტკივილი, მგრძნობელობის მომატება და შეშუპება თვალების ირგვლივ, ლოყებზე, ცხვირზე ან შუბლზე

• ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება ზრდასრულებში და ხველა ბავშვებში


სხვა ნიშნები და სიმპტომებია: 

• ყურის ტკივილი

• ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება ზედა ყბაზე და კბილებზე

• ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით

• ყელის ტკივილი

• უსიამოვნო სუნი პირიდან (ჰალიტოზი)

• დაღლილობა და გაღიზიანებადობა

• გულისრევის შეგრძნება და ღებინება

ქრონიკულსა და მწვავე სინუსიტებს აქვთ მსგავსი ნიშნები და სიმპტომები, თუმცა მწვავე სინუსიტი არის დროებითი ინფექცია რომელიც ასოცირებულია გაციებასთან, გრიპთან. ქრონიკული სინუსიტის ნიშნები და სიმპტომები გრძელდება უფრო ხანგრძლივად, მეტად იწვევს დაღლილობისა და მოთენთილობის შეგრძნებას. გაითვალისწინეთ, რომ სხეულის ტემპერატურის მატება მხოლოდ მწვავე სინუსიტისთვისაა დამახასიათებელი.  

 

განვითარების მიზეზები 

ქრონიკული სინუსიტის ძირითადი მიზეზებია

 

• ცხვირის პოლიპები -აღნიშნული ქსოვილის ზრდამ შესაძლებელია შეუზღუდოს ცხვირის გამავლობა და გამოიწვიოს წიაღების დრენირების დარღვევა

• გამრუდებული ცხვირის ძგიდე - გაძნელებული ცხვირით სუნთქვის გამო შეფერხებულია წიაღების დრენირება

• ჯანმრთელობის სხვა პრობლემები - კისტური ფიბროზი(მუკოვისციდოზი), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი(გულძმარვა), აივ ინფექცია და იმუნური სისტემის სხვა დაავადებები. ამ დაავადებების დროს შესაძლებელია განვითარდეს ცხვირისა და მისი წიაღების ბუნებრივი დრენირების დარღვევა

• რესპირატორული ტრაქტის ინფექციები -ეს არის ძირითადად ის ინფექციები რომლებიც იწვევენ გაციების სიმპტომებს. აღნიშნულ მდგომარეობაში ხდება ლორწოვანის შეშუპება და ფერხდება წიაღების დრენირება. ეს ინფექცია შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი

• ალერგია როგორიცაა ჭინჭრის ციება -ალერგიული ანთება შეშუპებით რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წიაღების დრენირების დარღვევა

რისკ ფაქტორები 

• ცხვირით სუნთქვის გაძნელება, როგორიცაა ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის ღრუს პოლიპოზი

• ასთმა, რომელიც ზედმიწევნით დაკავშირებულია ქრონიკულ სინუსიტის განვითარებასთან

• იმუნური სისტემის მოშლილობები, როგორიცაა შიდსი ან მუკოვისციდოზი

• ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს წიაღებს

• რეგულარულად დაბინძურებულ გარემოში ყოფნა, ეს ეხება აქტიურ და პასიურ მწეველებსაც

გართულებები 

ქრონიკული სინუსიტის გართულებებს ეკუთვნის

 

მენინგიტი, თავისა და ზურგის ტვინის მაგარი გარსის ანთება

სხვა ინფექციები, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ძვლებზე (ოსტეომიელიტი) ან კანზე (ცელულიტი)

ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ცხვირის გაჭედილობამ და ყნოსვის ნერვის რეცეპტორების მიდამოში ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა

მხედველობის დარღვევა, თუ ინფექცია გავრცელდა თვალბუდეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება სრულ სიბრმავემდე

პრევენცია 

აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ქრონიკული სინუსიტის განვითარებისგან

 

• ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პრევენცია: მწვავე ინფექციების მქონე ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი, ხშირი ხელის დაბანა საპნით და თბილი წყლით, განსაკუთრებით კვების წინ

• ალერგიის მართვა: აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სიმპტომების კონტროლისთვის

• სიგარეტის კვამლის და დაბინძურებული ჰაერისგან თავის არიდება, რადგან აღნიშნული აღიზიანებს ფილტვებს და ცხვირის ლორწოვანს და იწვევს ანთებით რეაქციებს

• ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება. თუ სახლში ჰაერი ზედმეტად მშრალია განსაკუთრებით ზამთარში აუცილებელია ჰაერის დატენიანება წიაღების ანთების პრევენციისთვის. არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელის რეგულარული გაწმენდა, რადგან მასში არ განვითრდეს ობის სოკო.

როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს 

• თუ რამოდენიმეჯერ იყო სინუსიტის ეპიზოდი მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა

• თუ გაქვთ სინუსიტის სიმპტომები რომელიც გრძელდება შვიდ დღეზე მეტხანს

• თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ოჯახის ექიმთან ვიზიტის შემდეგ


დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი ნიშნები რაც მეტყველებს სერიოზულ ინფექციაზე 

• სხეული მაღალი ტემპერატურა

• შეშუპება და სიწითლე თვალბუდის ირგვლივ

• თავის ძლიერი  ტკივილი

• ცნობიერების დაბინდვა

• მხედველობის გაორება ან მხედველობის ნებისმიერი დარღვევა

• კისრის გაკავება

მოემზადეთ ექიმთან ვიზიტისთვის 

როდესაც მიხვალთ ექიმთან იგი ჩაგიტარებთ გარკვეულ კვლევებს. თუ გაქვთ უკვე ჩატარებული რაიმე გამოკვლევა აუცილებლად მოიძიეთ და წაიღეთ თან. ასევე ჩამოწერეთ:

 

• თქვენი სიმპტომები, ისინიც კი რასაც თვლით რომ არ არის კავშირში სინუსიტთან

• ძირითადი ინფორმაცია: ალერგიის და ასთმის ჩათვლით და ოჯახური სამედიცინო ისტორია

• ყველა მედიკამენტი, ვიტამინები ან სხვა დანამატები რომელსაც იღებთ დოზის მინიშნებით

• კითხვები,  რომლებიც გინდათ დაუსვათ ექიმს

დიაგნოსტირება 

ექიმი უმტკივნეულოდ დაათვალიერებს თქვენ ცხვირს და ცხირის შიდა სავალებს

 

ასევე მან შესაძლებელია გამოიყენოს დიაგნოსტირების სხვა მეთოდები, როგორიცაა

 

• ცხვირის ენდოსკოპია: წვრილი 2.7მმ დიამეტრია მქონე ენდოსკოპით ხდება ცხვირის ღრუს დათვალიერება.

• რადიოლოგიური კვლევა: ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოლოგიური, კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად ჩავიხედოთ ცხვირის წიაღებში და გამოვავლინოთ ის პათოლოგია რაც შეუძლებელია დავინახოთ მხოლოდ ენდოსკოპიური დათვალიერებით

• ცხვირის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა: აღნიშნული კვლევა როგორც წესი არ არის ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზის დასასმელად ინფორმატიული, თუმცა როდესაც მიუხედავად მკურნალობისა ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს ან მდგომარეობა უარესდება, საჭიროა დავადგინოთ ანთების გამომწვევი მიზეზი ბაქტერიაა თუ სოკო.

• ალერგიული კვლევა: თუ თქვენმა ექიმმა ეჭვი მიიტანა რომ მდგომარეობა შეიძლება განპირობებული იყოს ალერგიით საჭიროა ჩაგიტარდეთ ალერგიული ტესტი ან/და ცხვირის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა.

მკურნალობა 

ქრონიკული სინუსიტის მკურნალობის მიზანია:

 

• წიაღის ანთების შემცირება

• ცხვირის გამავლობის შენარჩუნება

• გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა

• გამწვავებების რაოდენობის შემცირება

სიმპტომების შემცირებისკენ მიმართული მკურნალობა 

აღნიშნული მკურნალობა მოიცავს

 

• ზღვის წყლით ცხვირის გამორეცხვა, აღნიშნული საშუალებები ხელს უწყობსდრენირების გაუმჯობესებას და გამორეცხავს გამღიზიანებლებს და ალერგენებს

• ცხვირის კორტიკოსტეროიდები. აღნიშნული ცხვირიში შესასხურებლები ამცირებს და კურნავს ანთებას. ესეთებია ფლუტიკაზონი, ტრიამცინოლონი, ბუდესონიდი, მომეტაზონი და ბეკლომეტაზონი

თუ შესასხურებლები არ არის საკმარისად ეფექტური შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ სალინის და ბუდესონიდის ხსნარით ცხვირის ინჰალაცია 

• დასალევი ან საინიექციო კორტიკოსტეროიდები. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება შორს წასული სინუსიტის ანთების შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით თუ გაქვთ ცხვირის პოლიპოზი. აღნიშნულ პრეპარატებს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში აქვთ მთელი რიგი გვერდითი მოქმედებები, ამიტომ ისინი გამოიყენება მხოლოდ რთული შემთხვევების დროს

• ასპირინის დესენსიბილიზაცია. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ასპირინის აუტანლობით გამოწვეული ქრონიკული სინუსიტი საჭიროა სამედიცინო პროცედურები ორგანიზმის ტოლერანტობის ასამაღლებლად

ანტიბიოტიკები 

ანტიბიოტიკოთერაპია ზოგჯერ აუცილებელია სინუსიტის მკურნალობისთვის თუ იგი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით

 

იმუნოთერაპია 

თუ სინუსიტის მიზეზი ალერგიაა საჭიროა სპეციფიკური მკურნალობა, რათა შევასუსტოთ ორგანიზმის რეაქტიულობა სპეციფიკურ ალერგენზე. ამან შესაძლებელია გააუმჯობესოს მდგომარეობა

 

ცხვირის დანამატი წიაღების ენდოსკოპიური ქირურგია

 

თუ ვერ ხერხდება კონსერვატიული მკურნალობით ქრონიკული ანთების მართვა ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა. იმის მიხედვით თუ რა იწვევს ბუნებრივი სავალის ობსტრუქციას ექიმი ენდოსკოპიური ვიზუალიზაციით  სხვადასხვა მიკროინსტრუმენტებით აწარმოებს  ცხვირის დანამატი წიაღების ბუნებრივი სავალების გაფართოებას. ამის შედეგად უმჯობესდება წიაღების დრენირება და აღარ ხდება ლორწოს დაყოვნება და შემდეგში მისი დაინფიცირება წიაღში.

 

ცხოვრების წესი 

საკუთარი თავის მოვლამ შესაძლებელია შეგიმსუბუქოთ სიმპტომები:

 

• დასვენება. ამის შედეგად ძლიერდება ორგანიზმის იმუნიტეტი და აჩქარებს გამოჯანმრთელებას

• სითხის მიღება, როგორიცაა წყალი ან წვენები. ხელს უწყობს წიაღში არსებული ლორწოს გათხელებას და დრენირებას. თავი აარიდეთ კოფეინის და ალკოჰოლის მიღებას, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის დეჰიდრატაციას. ალკოჰოლის მიღება ასევე იწვევს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას

• წიაღების დატენიანება. ნებულაიზერით ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციები. დაიკავეთ ნებულაიზერი სახის წინ და ისუნთქეთ ტენიანი ჰაერით. ასევე შესაძლებელია ცხელი შხაპის მიღება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და ლორწოს დრენირებას

• თბილი კომპრესი. თბილი პირსახოცის მოთავსება ცხვირის ირგვლივ, ლოყებზე და თვალებზე ამცირებს სახის ტკივილს.

• ცხვირის ღრუს გამორეცხვა. სპეციალური მოწყობილობებით ცხვირის ღრუს გამორეცხვა

• დაიძინეთ  მაღალ სასთუმალზე. აღნიშნული ეხმარება წიაღების დრენირებას და ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას

 

გახსოვდეთ, ექიმთან დროული მიმართვა და ზუსტი დიაგნოსტირება თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მაჩვენებლებს ზრდის!


წყარო: "ჟურნალი ავერსი"