Plasmon
გულმკერდის ტკივილი ბავშვებთან

თარიღი: 13 ივნისი, 2023

ზრდასრულ ასაკში აღმოცენებულ გულმკერდის ტკივილს, როგორც წესი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირებენ. ეს სიმპტომი ბავშვთა ასაკშიც ხშირად გვხვდება, თუმცა, საბედნიეროდ, იშვიათად მიუთითებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს პათოლოგიაზე. “ბავშვებში გამოვლენილი გულმკერდის ტკივილის მხოლოდ 1%-დან 4%-მდე მოდის გულისმიერი დაავადებების წილად, 95% და მეტი გულის პრობლემასთან არ არის დაკავშირებული”, – განმარტავს “ავერსის კლინიკის” ექიმი პედიატრი ნინო არაბიძე.

გულმკერდის არეში ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს, რადგან ამ მიდამოში არაერთი ორგანო თუ ქსოვილია თავმოყრილი: გული, ფილტვები, ნეკნები, გულმკერდის კედლის კუნთები, ნერვები, დიაფრაგმა და წვრილი სახსრები. ნებისმიერი მათგანის დაზიანება, ინფექცია თუ გაღიზიანება შეიძლება გულმკერდის ტკივილის მიზეზად იქცეს. ხანდახან გულმკერდში ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილში (მუცელში) აღმოცენებული ტკივილი. გულმკერდის ტკივილი სტრესის ან შფოთვის გამოვლინებაც შეიძლება იყოს. ბავშვებში გულმკერდის ტკივილის პირველწყარო იშვიათად ხდება გულიც.

რომელი დაავადებები იწვევს ტკივილს ყველაზე ხშირად?
მოგეხსენებათ, გული და საყლაპავი გულმკერდის ღრუში ერთმანეთს ედება. მათ მსგავსი ნერვული დაბოლოებებიც აქვთ. გარდა ამისა, მათში აღმოცენებული ნერვული იმპულსები ერთი და იმავე მგრძნობიარე ნერვის გავლით მიემართება თავის ტვინისკენ. შედეგად ერთი მათგანის ტკივილი შესაძლოა მეორისად აღვიქვათ. სწორედ ამიტომ გვევლინება საყლაპავი გულის არეში არაგულისმიერი ტკივილის ყველაზე ხშირ მიზეზად.

ბავშვებში გულმკერდის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

- გულძმარვა – წვისა და ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელსაც კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას ამოსვლა იწვევს. მისი მიზეზი, როგორც წესი, საყლაპავის ქვედა სფინქტერის, რგოლისებრი კუნთის, მოდუნება ან დასუსტებაა. გულძმარვა ხშირად ძლიერდება ჭამის შემდეგ, საღამოობით, წოლისას ან წინ დახრისას. ზოგჯერ თან ახლავს მწარე ან მჟავე გემო. თუმცა ბავშვებს ხშირად უჭირთ გულძმარვის აღწერა და მას “ტკივილს” უწოდებენ.

გულძმარვა გასტროეზოფაგური რეფლუქსის მნიშვნელოვანი სიმპტომია. მისი მართვა ხდება სწორი რეჟიმის, რაციონალური კვებისა და მედიკამენტური მკურნალობის მეშვეობით.

- ყლაპვის გაძნელება, დისფაგია – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც პირიდან კუჭში საკვების ან სითხის გადასვლას ნორმაზე მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ყლაპვა შესაძლოა მტკივნეული იყოს, შეუძლებელიც კი. დისფაგიას ასევე ახასიათებს ლუკმის გაჭედვის შეგრძნება ყელში ან მკერდის ძვლის უკან, გაძლიერებული ნერწყვდენა, ხმის ჩახლეჩა, საკვების უკან ამოტყორცნა (რეგურგიტაცია).

დისფაგიის მიზეზი შეიძლება იყოს უხვი ნერწყვდენა (მაგალითად, კბილების ამოსვლისას), ღებინება საკვების ან სითხის მიღების დროს, ჩვილებში – ხშირი წამოქაფება, ხველა საკვების ან სითხის მიღების დროს, კვებისას სხეულის გაჭიმვა ან შებოჭვა, გაღიზიანება, ჭირვეულობა, უყურადღებობა, თამაში, ზედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექცია, ლორწოვანის შეშუპება (მაგალითად, ალერგიის, ეოზინოფილური ეზოფაგიტის დროს), საყლაპავის სტრიქტურა (შევიწროება).

დისფაგიის მიზეზის დადგენა და მისი მართვა-მკურნალობა თავიდან აგვაცილებს გულმკერდის მიდამოში ტკივილის აღმოცენებას.

- რესპირატორული სისტემის დაავადებები – სასუნთქი სისტემის ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა პნევმონია, პლევრიტი, შესაძლოა გულმკერდის არეში ტკივილი გამოიწვიოს. ის დაკავშირებულია სუნთქვასთან, ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას და ხველისას ტკივილის კუპირება ხდება პნევმონიის ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთად.

- ბრონქული ასთმა – მისი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია ხველა და ხმაურიანი სუნთქვა, კვნესის ან სტვენის მსგავსი ხმიანობა, ექსპირატორული ხიხინი, ხველა, განსაკუთრებით – ღამით, სიცილის ან ვარჯიშის დროს, გულმკერდის შებოჭილობა, ჰაერის უკმარისობა, ლაპარაკის გაძნელება, შფოთვა ან პანიკა, დაღლილობა, მკერდის ტკივილი სუნთქვის გაძნელების დროს.

- სტრესი და შფოთვა – ცნობილია, რომ ნერვული სისტემის გადაძაბვა ბავშვთა ასაკში რამდენიმე სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს. მათ შორის ყველაზე ხშირია სტრესით ინდუცირებული თავისა და გულის არაკარდიული ტკივილი. მოზარდებში სტრესისა და შფოთვის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია ახლობლის გარდაცვალება, საგამოცდო ციებ-ცხელება, შეყვარებულთან ან მეგობართან უთანხმოება. ტიპობრივი ნიშნებია გულმკერდის ყრუ, არასპეციფიკური ტკივილი, სწრაფი, მკვეთრი გულისცემა, ოფლიანობა, ყელის დაჭიმულობა, მუცლის ჭვალი. ხშირად სტრესი იწვევს გულმკერდის სხვა მიზეზით განვითარებული ტკივილის გამწვავებასა და გაუარესებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე გაიმიჯნოს, სტრესმა გამოიწვია გულის ტკივილი თუ, პირიქით, ტკივილი იქცა სტრესის მიზეზად. ასეა თუ ისე, სტრესული მდგომარეობის მკურნალობა ტკივილის დამარცხების აუცილებელი პირობაა.

- კოსტოქონდრიტი – ეს არის ნეკნისა და მკერდის ძვლის დამაკავშირებელი ხრტილის ანთება, რომელსაც სხვაგვარად გულმკერდის კედლის ტკივილს, კოსტოსტერნალურ სინდრომს ან კოსტოსტერნალურ ქონდროდინიას უწოდებენ. ის გულის არეში არაგულისმიერი ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია და უმეტესად გამოიხატება მკერდის ძვლის მარცხენა მხარეს მკვეთრი ზეწოლითი ტკივილით, რომელიც მძაფრდება ღრმა სუნთქვის ან ხველების დროს. პედიატრიულ პაციენტებთან კოსტოქონდრიტს, წესისამებრ, არ აქვს აშკარა მიზეზი. შესაძლოა, გამოწვეული იყოს ტრავმით, ფიზიკური დატვირთვით (სიმძიმის აწევა, ძლიერი ხველა) ან სახსრების ინფექციით. მის დასადასტურებლად სპეციფიკური ლაბორატორიული თუ გამოსახვითი მეთოდები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება დაინიშნოს გამოკვლევა სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად. გასინჯვისას ექიმმა შესაძლოა შეამჩნიოს მგრძნობელობის მომატება ან შეშუპება მკერდის ძვლის გასწვრივ. შესაძლოა, ტემპერატურული რეაქციაც გამოვლინდეს. იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, წესისამებრ, სწრაფად ალაგებს ანთებას და, შესაბამისად, ტკივილსაც.

- სკოლიოზის დროს დეფორმირებულია – მარჯვნივ ან მარცხნივ არის გადახრილი – ხერხემალი. ამ დროს ხშირია ზურგის ტვინის ან მისგან გამომავალი ნერვების კომპრესია (ზეწოლა), რაც დროთა განმავლობაში გულმკერდის ყაფაზის ფორმისა და ზომების შეცვლას იწვევს. დისკომფორტი შესაძლოა აღიქმებოდეს როგორც ტკივილი გულმკერდის არეში. სკოლიოზის მკურნალობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს სხვა ორგანოების შეუქცევადი დაზიანება.

- პრეკორდიალური შებოჭვის სინდრომი – ეს უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც უმთავრესად მოზარდებთან გვხვდება და ახასიათებს უეცარი ინტენსიური, მკვეთრი ტკივილი გულმკერდის ან ზურგის გასწვრივ. ტკივილი თავს იჩენს უშუალოდ ჩასუნთქვისას, რამდენიმე წუთს გრძელდება და სპონტანურად გაივლის. იძულებითი ღრმა ფორსირებული ჩასუნთქვით შესაძლებელია ტკივილის კუპირება. დღის განმავლობაში შესაძლოა პრეკორდიალური შებოჭვის სინდრომის რამდენიმე ეპიზოდი განვითარდეს.

დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ეპიზოდები პაციენტის ზრდის კვალდაკვალ იშვიათდება და ზრდასრულ ასაკში შესაძლოა სრულიად შეწყდეს.

- ნეკნების დაზიანება – ნეკნის მოტეხვის ან გაბზარვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულმკერდის ტრავმა დაცემის, ავტოსაგზაო შემთხვევის ან სპორტული ასპარეზობისას დარტყმის შედეგად. გაბზარული ნეკნიც მტკივნეულია, თუმცა არა ისეთი საშიში, როგორიც მოტეხილი, რომლის წვეტიანმა კიდემ შესაძლოა დააზიანოს მსხვილი სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოები. მოტეხილი ნეკნით გამოწვეული ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, დაზიანებულ ადგილზე ზეწოლისას, მოხრისას, გადატრიალებისას.

მოტეხილი ნეკნები უმეტესად თავისთავად აღდგება. ამას დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში საჭიროა ტკივილის ადეკვატური კონტროლი, რათა ბავშვმა შეძლოს ღრმა სუნთქვა და თავიდან აიცილოს პნევმონია. პრევენციისთვის ხშირად ინიშნება სუნთქვითი ვარჯიშებიც. რაც შეეხება კომპრესიულ სახვევს, ის აღარ გამოიყენება, რადგან ხელს უშლის სუნთქვას და ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს.

გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც იყოს.

- მიტრალური სარქვლის პროლაფსი ხშირად გულმკერდის არეში ტკივილთან ასოცირდება. მისი განვითარების მიზეზი სათანადოდ არ არის შესწავლილი. ხშირია გოგონებთან (დაახლოებით 6%).

- არტერიული ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის გაგანიერებას, გათხელებას და ზოგჯერ მისი მთლიანობის დარღვევასაც იწვევს. დამოუკიდებლად ეს მდგომარეობა ბავშვებთან იშვიათად გვხვდება, თუმცა ხშირად აღირიცხება ზოგიერთი დაავადების სიმპტომის სახით (ასეთია, მაგალითად, მარფანის სინდრომი).

- თანდაყოლილი კარდიომიოპათია – ამ დროს გულის კუნთი არანორმალურად არის გასქელებული და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. პარკუჭის კედელი კარგავს ელასტიკურობას, ღრუს მოცულობა მცირდება, რთულდება მისი შეკუმშვა და აორტისკენ სისხლის გადატყორცნა. აღწერილი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ქოშინი, ტაქიპნოე, თავბრუსხვევა, გულის წასვლის ეპიზოდები, არარეგულარული ტაქიკარდია, არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში. თანდაყოლილი კარდიომიოპათიით დაავადებულ ახალშობილებს ახასიათებთ ძილიანობა, სისუსტე, უჭირთ კვება, წონას ცუდად იმატებენ. კარდიომიოპათია ხშირად იქცევა უეცარი სიკვდილის მიზეზად.

- კავასაკის დაავადება – ავადდებიან უმთავრესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით ბიჭები. იწყება გახანგრძლივებული ჰექტიური ცხელებით, ლიმფადენოპათიით. დამახასიათებელია ჰიპერემიული ტუჩები, ენა, საზარდულის მიდამოში ჰიპერემიული, ზოგჯერ აქერცლილი კანი, სახსრების, თავის ტკივილი. დაავადება თვითგანკურნებადია, თუმცა იშვიათად შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს გულის მკვებავი სისხლძარღვების ანევრიზმა, გულის მიტრალური სარქველის უკმარისობა, პერიკარდიული გამონაჟონი.

- მიოკარდიტი – გულის კუნთოვანი შრის ანთება – კლასიფიცირდება როგორც იშვიათი დაავადება, თუმცა მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვსა და მოზარდს უდასტურდება. მიოკარდიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა (კოქსაკის B ჯგუფის ვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ჩ ჰეპატიტის ვირუსი, ჰერპესვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, პარვოვირუსი B19, ექოვირუსები, წითურას ვირუსი), თუმცა გულის კუნთის დაზიანება ბაქტერიულ, სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებსაც შეუძლია. ორგანიზმში პათოგენური აგენტის მოხვედრისას იმუნური სისტემა აქტიურდება და მის უვნებელსაყოფად წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გულის კუნთში ანთებით პროცესს იწვევს. გულისმხრივი სიმპტომები ვირუსის გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ იჩენს თავს და მოიცავს გულმკერდის არეში მკვეთრ ტკივილს, რომელიც მხარში ან კისერში გადაეცემა.

- პერიკარდიტი – ტკივილი გულმკერდის არეში გულის პერანგის ანთების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. წესისამებრ, აღმოცენდება მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა მხარეს. შესაძლოა, გავრცელდეს მარცხენა მხარსა და კისერზე. ხშირად მძაფრდება ხველის, წოლის, ღრმა სუნთქვის დროს, სუსტდება წამოდგომისას, წამოჯდომისას, წინ დახრისას.

პერიკარდიტს შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ან ფეხის შეშუპება, ხველა, დაღლილობა, სისუსტე, დაბალი ცხელება, გულისცემის გახშირება, ქოშინი წოლისას.

პერიკარდიტის მიზეზის დადგენა ხშირად ჭირს. მისი გამოწვევა შეუძლია ინფექციას, სისტემურ ანთებით დაავადებას (მაგალითად, წითელ მგლურას, რევმატოიდულ ართრიტს), ტუბერკულოზს,  გულმკერდის ტრავმას.

როდის მივმართოთ პედიატრს?
ნებისმიერი სახის ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში ყურადღებას, პედიატრის მიერ მდგომარეობის გულდასმით შეფასებას მოითხოვს. გამოვყოფდი გულმკერდის ტკივილის შემდეგ ტიპებს, რომელთა შემჩნევისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას:

- ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვისას;

- პროგრესირებადი ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში;

- ტკივილი გულმკერდის არეში, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გონების დაბინდვა`დაკარგვა, გულის წასვლა;

- ტკივილი გულმკერდის არეში იმ ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ გულის თანდაყოლილი მანკი, სისხლძარღვთა ანომალია, კავასაკის დაავადება;

- ტკივილი იმ ბავშვებთან, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ მაღალი ქოლესტეროლი, კარდიომიოპათია ან რომელთა ოჯახის წევრიც უცნობი, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულებაში მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაგრაფია, რადიოლოგიური გამოკვლევა, ენდოსკოპია და სხვა. დიაგნოზის დროულად დასმას და მკურნალობის დროულად დაწყებას გულკერდის მიდამოში ტკივილის კუპირებისა და დაავადების მართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: "ჟურნალი ავერსი"