თარიღი: 13 თებერვალი, 2024
ბოლო დროს საქართველოში ხშირად აღირიცხება ნაწლავთა ინფექციის საკმაოდ საშიში გართულება – ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუსი), რომელიც თირკმლის უკმარისობას და სხვა ორგანოთა დაზიანებას იწვევს. რამდენიმე სიმპტომის ცოდნა და დაკვირვებაა საჭირო, რომ ამ გართულების ალბათობა დროულად ამოვიცნოთ და მივიღოთ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს.
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი მარინე (მაია) კანაშვილი გვესაუბრა.
ნაწლავური ინფექციები ყოველთვის იყო და დღესაც რჩება მედიცინის აქტუალურ პრობლემად, რადგან ინფექციურ დაავადებათა შორის მსოფლიოში ფილტვების ანთების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს ადამიანთა სიკვდილიანობაში. ნაწლავური ინფექციების შემთხვევათა უმეტესობაში სიკვდილის უშუალო მიზეზი ღებინებით და ფაღარათით გამოწვეული სითხის დანაკარგი და ქსოვილების გამოშრობაა. ზოგიერთ შემთხვევაში გამოშრობის ხარისხი იმდენად მაღალია (მაგალითად, ჰიპოვოლემიური შოკის დროს), რომ ყველა ორგანო წყვეტს ნორმალურ ფუნქციობას, რაც სათანადო მკურნალობის გარეშე სიკვდილით სრულდება. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ფართო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ქოლერაა. თუმცა ნაწლავურ ინფექციას სხვა მექანიზმითაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. ასეთი მექანიზმია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუსი).
2011 წელს გერმანიაში იფეთქა ნაწლავურმა ინფექციამ, რომელიც მასობრივად რთულდებოდა ჰუსით. ეს შემთხვევა უწინარესად იმის გამო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რომ ჰუსის ტრადიციული გამომწვევის – შიგელას ნაცვლად დაავადების მიზეზი შიგელას ტოქსინის შემცველი ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა. ასეთი შხამით აღჭურვილი ეშერიხია კოლი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის მსხვილი ნაწლავში მუდმივად მობინადრე და სხვა ეშერიხიებისგან. დღეს ის ენტეროჰემორაგიული (ნაწლავებიდან სისხლდენის გამომწვევი) E. Coli O157:H7-ის სახელით არის ცნობილი.
აღწერილი ფენომენი სულაც არ გახლავთ იშვიათი მიკრობულ სამყაროში. მიკრობებს შორის აქტიური კომუნიკაცია, გენეტიკური ინფორმაციის გაცვლა, ტოქსინებისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გამომუშავების უნარის გაზიარება მიკრობიოლოგებისთვის კარგად ცნობილი მოვლენაა და მასთან ბრძოლა თანამედროვე მედიცინის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით გართულებული ჰემოკოლიტები ბოლო ხანს, სამწუხაროდ, საქართველოშიც გახშირდა. უმეტესად ბავშვებთან ვლინდება, მაგრამ, საბედნიეროდ, შემთხვევათა უმრავლესობაში კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს და გამოჯანმრთელებით სრულდება. მოზრდილებში ჰუსი უფრო იშვიათია, მაგრამ მიმდინარეობა – უფრო სერიოზული, ხოლო პროგნოზი – უფრო მძიმე.
ლიტერატურაში მოყვანილი მონაცემების თანახმად, პროგნოზი განსაკუთრებით მძიმეა ხანდაზმულ ასაკში, თუმცა ჩვენს კლინიკას ახალგაზრდა ქალებთან ჰუსის სიცოცხლისთვის საშიში მიმდინარეობის რამდენიმე შემთხვევა ახსოვს.
რა მექანიზმით ვითარდება ჰუსი?
მიკრობთა ტოქსინები (შხამები) იწვევს ჰემოლიზს – სისხლის უჯრედების დაშლას. იმავე ტოქსინების ზემოქმედების შედეგია ორგანოთა მკვებავი წვრილი სისხლძარღვების ანთება და მცირე ზომის თრომბებით დახშობა. ამ ყველაფერს სისხლით მომარაგების მოშლამდე მივყავართ, რასაც ორგანოთა ფუნქციების რღვევა მოჰყვება.
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დროს ასეთი დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, თირკმელებში ვითარდება, მეორე სამიზნე კი თავის ტვინია, რაც კლინიკურად თირკმლის ფუნქციური უკმარისობით და სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური დარღვევებით ვლინდება, თუმცა არც სხვა ორგანოები რჩება ინტაქტური.
რატომ უპირატესად თირკმელი და ტვინი? ამას შემდეგი ახსნა აქვს: ინფექციური დაავადება რომ განვითარდეს, ადამიანს თვით ბაქტერიის ან მისი ტოქსინების მიმღები რეცეპტორები უნდა ჰქონდეს, ჰუსის გამომწვევი მიკრობების ტოქსინთა მიმღები რეცეპტორები კი სწორედ თირკმელებსა და ტვინშია განსაკუთრებით მრავლად.
საგანგაშო ნიშნები
პირველი საგანგაშო ნიშანი სისხლიანი განავლით მიმდინარე ნაწლავთა გაშირებული მოქმედებაა, განსაკუთრებით საყურადღებოა ნორმალური ტემპერატურით ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით მიმდინარე დიარეა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ თუ სხვა ნაწლავური ინფექციების დროს მაღალი ცხელება დაავადების სიმძიმის ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა, ამ შემთხვევაში პირიქითაა – სხეულის ნორმალური ტემპერატურაა სიცოცხლისთვის საშიში სინდრომის განვითარების რისკთანაა ასოცირებული.
ენტეროჰემორაგიული E. Coli-თ (O157:H7) გამოწვეულ ჰემოკოლიტს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საერთო სისუსტეც ახასიათებს, თუმცა ეს სიმპტომები სპეციფიკური არ არის, ისინი სხვა ნაწლავური ინფექციებისთვისაც დამახასიათებელია.
მეორე საგანგაშო ნიშანი შარდის რაოდენობის შემცირებაა, რასაც ადრეულ ეტაპზე სახის, უმთავრესად კი ქუთუთოების შეშუპება მოჰყვება. მოგვიანებით შარდის გამოყოფა წყდება და სითხე მთელ ორგანიზმში გროვდება. ამის გამო ორგანიზმიდან ვეღარც ის მავნე ნივთიერებები გამოდის, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესში გროვდება და, ჩვეულებრივ, შარდთან ერთად გამოიყოფა. მათი დაგროვების შედეგად იწამლება სისხლი, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ორგანიზმს წამლავს. მედიცინაში ამას ურემია ეწოდება.
ვინაიდან ტოქსინის მეორე ძირითადი სამიზნე თავისა და ზურგის ტვინია, ვითარდება სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური დარღვევები (დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, კრუნჩხვები და სხვა). ასევე შეიძლება განვითარდეს ინსულტი, მაღალი არტერიული წნევა.
მძიმე ჰუსის დროს თავის ტვინსა თუ სხვა შინაგან ორგანოებში შესაძლოა სისხლჩაქცევები გაჩნდეს ან დაიწყოს პირიდან, ცხვირიდან, საშარდე გზებიდან, საშვილოსნოდან სისხლდენა. ზოგჯერ ვითარდება ჰემოლიზით (სისხლის უჯრედების დაშლით) გამოწვეული სიყვითლე.
როგორ ვრცელდება
ნაწლავურ ინფექციებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებსაც უწოდებენ და მათ პროფილაქტიკაში დიდი როლი ეკისრება ჰიგიენას. ამ მხრივ არც სისხლიანი დიარეით მიმდინარე ნაწლავური ინფექციებია გამონაკლისი.
ინფექციის წყარო შეიძლება იყოს თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი. მაგალითად, ცნობილია, რომ ღორებს და ზოგიერთ სხვა ძუძუმწოვარს შიგელას და ენტეროჰემორაგიული ეშერიხია კოლის მიმღები რეცეპტორები არ გააჩნიათ, ამიტომ ამ მიკრობებით დასნებოვნების შემთხვევაში ავად არ ხდებიან, თუმცა მათი ხორცი მაინც წარმოადგენს ადამიანისთვის ინფიცირების წყაროს.
პრევენცია
ჰუსის გამომწვევი ნაწლავური ინფექციის პრევენციაა საკვებისა და ხელების ჰიგიენა, საკვების სწორად შენახვა, თერმული დამუშავება საკმარისად მაღალ ტემპერატურაზე და საკმარისად დიდხანს.
ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის უმი ხორცი, ჭურჭელი და მზა საკვები, რომელიც ასეთ ხორცს ეხება, უმი (აუდუღარი ან არაპასტერიზებული) რძე, მიკროტალღურ ღუმელში და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული ხორცპროდუქტები, განავლოვანი მასებით დაბინძურებული წყლის სასმელად გამოყენება ან ასეთ წყალში ბანაობა.
დიაგნოზი
რა არის წამყვანი ჰუსის დიაგნოსტიკაში?
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დიაგნოზი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების საუძველზე ისმება. ერთ-ერთი ტიპური სიმპტომია წინმსწრები სისხლიანი განავლით მიმდინარე დიარეა.
ჰუსის სიმპტომები უმეტესად ნაწლავური ინფექციის დაწყებიდან 4-10 დღეში იჩენს თავს. ამ ეტაპზე ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, სისხლიანი განავალი, მუცლის ტკივილი და ნაწლავური ინფექციის სხვა გამოვლინებები თითქმის აღარ შეინიშნება, წინა პლანზე წამოიწევს თირკმელების უკმარისობით და ნევროლოგიური დარღვევებით გამოწვეული სიმპტომები: შარდის რაოდენობის შემცირება, შეშუპება, ძლიერი საერთო სისუსტე, კუნთებში ძალის საგრძნობი დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა, ამა თუ იმ ლოკალიზაციის მგრძნობელობის მოშლა და სხვა.
რაც შეეხება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, სისხლის ანალიზით ვლინდება ანემია (სისხლნაკლებობა, გამოწვეული როგორც სისხლდენით, ისე სისხლის დაშლით), თრომბოციტების რაოდენობის კლება (რაც წვრილ სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნაზე მათი ხარჯვით არის განპირობებული), კრეატინინის და შარდოვანას, შარდში სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების ) მატება და სხვ. თავად განავლის ბაქტერიოლოგიურ კვლევას ეშერიხიას აღმოსაჩენად აზრი არ აქვს, – ამ მიკრობის ენტეროჰემორაგიული და ნაწლავისთვის ნორმალური ფორმების ერთმანეთისგან გარჩევა ჩვეულებრივ ლაბორატორიაში შეუძლებელია, ეს მხოლოდ მაღალი დონის, განსაკუთრებულად აღჭურვილ ლაბორატორიებს ხელეწიფებათ, – ამიტომ დიაგნოსტიკისთვის სპეციალურ ტესტსისტემებს იყენებენ.
მკურნალობა
როგორც მწვავე ნაწლავური ინფექციის სტადიაში, ისე ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომით გართულებისას მკურნალობა კომპლექსურია, რაც წამლების მიღებასთან ერთად ინფექციონისტის, ნეფროლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის მეთვალყურეობასაც გულისხმობს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნების დროულ ამოცნობას. მისი გამოვლენის სხვადასხვა სტადიაზე მკურნალობის ტაქტიკა მიმდინარეობის სიმძიმით განისაზღვრება. მკურნალობა მოიცავს დიალიზს (ხელოვნურ თირკმელს), პლაზმაფერეზს (სისხლის გაფილტვრას), სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმას, სხვადასხვა სამკურნალო ხსნარის გადასხმას და ძალიან იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – ანტიბიოტიკების გამოყენებას.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სისხლიანი განავლით მიმდინარე ნაწლავური ინფექციების დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მაღალი რისკის შემცველია: საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ანტიბიოტიკი 20-ჯერ და მეტად ზრდის ინფექციის ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომით გართულების რისკს. ეს ნაწლავური ინფექციების კიდევ ერთი თავისებურებაა და განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოში, სადაც თვითმკურნალობას ბევრი მისდევს და არც ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება გვეუცხოება.
დაბოლოს, მინდა მივმართო მოსახლეობას: თუ სითხის შედარებით მცირე დანაკარგით მიმდინარე ნაწლავური ინფექციების მკურნალობა ძირითადად ბინაზე შეიძლება წარიმართოს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, სისხლიანი ფაღარათის დროს უმჯობესია არჩევანი კლინიკაზე შევაჩეროთ, რაც დროული დიაგნოსტიკის და რაციონალური მკურნალობის, შესაბამისად, უკეთესი შედეგის საწინდარია.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"