Plasmon
კბილების ამოჭრის დროა

თარიღი: 12 სექტემბერი, 2018

დარწმუნებული ვარ, შენი პატარას პირველ კბილს განსაკუთრებულად ელი. ის სხვადასხვაგვარად ამოდის - ზოგი ჩვილი ჭირვეულობს, უარს ამბობს კვებაზე, ცუდად სძინავს, ზოგჯერ კი მოულოდნელად, კბილის ამოჭრა საუზმედ მირთმეული ფაფის კოვზის კბილზე შეხებით საამო წკრიალით ვლინდება.

- 3 თვის ასაკიდან ბავშვს ნერწვდენა უძლიერდება, პაწაწინა მუშტებს პირში იტენის და, ვიცი, გგონია, სადაცაა ნაადრევად ამოვა პირველი კბილი. გახსოვდეს, ამ ასაკში ნეწრვდენა ფიზიოლოგიური ამბავია - სანერწვე ჯირკვლები აქტიურ მუშაობას იწყებენ, შენი პატარა კი ნერწვის გადაყლაპვას ვერ ასწრებს.

 

მაშ, როდის ველოდოთ კბილებს?

- უხშირესად, ეს 6-8 თვეზე ხდება, როცა ქვედა შუა საჭრელი კბილები ამოდის. 8-9 თვეზე ზედა შუა საჭრელები გამოჩნდება, მე-9-10 თვეზე ამას მოჰყვება ზედა გვერდითი, ხოლო 10-12 თვეზე ქვედა გვერდითი საჭრელი კბილების ამოჭრა. მე-12-13 თვეზე ზედა, მე-13-15 თვეზე ქვედა საღეჭი კბილები ამოვა, ბოლოს კი ეშვები ამოჭრის. 2 წლის პატარას უკვე 20 კბილი აქვს. 

- დააკვირდი სურათს, იქ დეტალურადაა მითითებული კბილების დასახელებები და მათი ამოსვლის ვადები.

- ხანდახან ისე ხდება, რომ კბილების ამოჭრის ეს ვადები ირღვევა. ნუ შეშინდები. ეს ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს. ზოგჯერ კბილების ამოჭრის დაგვიანება მშობლების გენეტიკური თავისებურებებითაა გამოწვეული და ექიმის ჩარევას არ საჭიროებს.

- თუმცა არის მდგომარეობები, როცა კბილების ამოჭრა ამათუიმ დაავადების გამო იგვიანებს. დაგვიანება შეიძლება რაქიტმა, არასწორმა მოვლამ და არასრულფასოვანმა კვებამ, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ გამოიწვიოს.

- ზოგჯერ პირველი კბილი ნაადრევად ამოიჭრება, უფრო იშვიათად კი ახალშობილი სულაც კბილით იბადება! როგორც წესი, ეს პაწაწინა კბილი წოვას ხელს უშლის და ამიტომ დამნაშავე კიჭუნა სტომატოლოგიური ჩარევის მსხვერპლი ხდება ხოლმე.

- გახსოვდეს, თუ შენს პატარას 1 წლის და 3 თვის ასაკისათვის არცერთი კბილი არ აქვს, ექიმს უნდა მიაკითხო და კბილების

 

იწვევს თუ არა კბილების ამოჭრა ხველას და ფაღარათს?

- ხშირად მშობლები ცხვირიდან გამონადენს, ხველას, ფაღარათს, ცხელებას კბილების ამოჭრას უკავშირებენ. ასეთი დამთხვევა მართლაც ხდება. 

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კბილების ამოჭრის დროს პატარა ჭუჭყიან ხელებს და საგნებს ხშირად პირში იდებს, გასაგებია, რომ ინფიცირებაც უფრო ადვილად ხდება.

- დაბალი ცხელება კბილის ამოჭრას მართლაც შეიძლება სდევდეს თან - ამ დროს ხომ ღრძილის ქსოვილის დარღვევა ხდება, რაც მცირე ანთებით რეაქციას ნიშნავს.

 

გამოცანით, როდის ამოვა კბილი

აი, ნიშნები, რომელთა გამოჩენისას კბილის ამოჭრას უნდა ველოდოთ:

- ნერწყვდენის უფრო მეტად გაძლიერება

- ღრძილების ქავილი-პატარა ყველაფერს პირში იდებს, სიამოვნებს, როცა ღრძილებზე ეხებით.

- მომატებული ჭირვეულობა

- ჩაძინების გაძნელება

- კვებაზე უარით თქმა

 

როგორ უნდა მოიქცე კბილების ამოჭრის დროს?

- პატარას ისეთი სათამაშოები შეურჩიე, რომელთაც ადვილად გარეცხავ. რბილი და ფუმფულა სათამაშოები ამ დროს არ გამოდგება. ბავშვი ხომ მათ გამუდმებით პირში იდებს.

- შეიძინე სპეციალური გელისშემცველი სათამაშოები, რომელთაც წინასწარ მაცივარში გააციებ და შემდეგ პატარას შესთავაზებ. ცივი სათამაშო მცირე ხნით ღრძილების დისკომოფტს დაუამებს.

- გაღიზიანებულ ღრძილებს ცივი ხილიც შველის. მიეცი უფლება, შესიებული ღრძილებით დააქუცმაცუს ცივი დაჭყლეტილი ბანანი ან ატამი.

- განახორციელე ზეწოლა სუფთა თითით ღრძილებზე.

- განსაკუთრებული ჭირვეულობის დროს სჯობს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შესთავაზო.

 

გამოვიყენოთ თუ არა ტკივილგამაყუჩებელი გელები ღრძილებისათვის?

- არა! ნუ გამოიყნებ ბენზოკაინის შემცველ გელებს ამ ასაკში. მათ შესაძლებელია მძიმე პათოლოგია - მეტჰემოგლობინემია გამოიწვიონ. ეს, რა თქმა უნდა, ხშირი გართულება არ არის, მაგრამ ზოგჯერ ის თავს იჩენს. ამ დროს ჰემოგლობინის გარდაქმნა ისეთ ფორმად ხდება, რომელიც ჟანგბადს ვერ იერთებს, ეს კი ფატალურად შეიძლება დასრულდეს.

- თუ გელის გამოყენებიდან რამდენიმე წუთში შენიშნე შემდეგი ნიშნები-კანის მორუხო შეფერვა, სისუსტე, გონების დაკარგვა, პულსის ჩქარება. სუნთქვის გახშირება, ზერელე სუნთქვა, ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს გართულებას და სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება გჭირდება.

 

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს?

- შეიძლება გაოცდე, მაგრამ კბილების მოვლა მათი ამოჭრისთანავე იწყება. ამისათვის შეგიძლია ჩვილისათვის განკუთვნილი სპეციალური რბილი ჯაგრისი ან სულაც სუფთა, წყლით დასველებული რბილი ნაჭერი გამოიყენო. დილა-საღამოს, ნაზად გაუწმინდე ჩვილს პატარა კბილები. 3 წლიდან კი ასწავლე, როგორ გაიხეხოს კბილები თვითონ.