თარიღი: 30 ივნისი, 2021
დერმატიტი არის კანის ანთებითი დაავადება, რასაც იწვევს კანზე მოქმედი სხვადასხვა, გარეგანი ფაქტორი. დერმატიტის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელთა სიმპტომები და მაპროვოცირებელი ფაქტორები განსხვავებულია. დერმატიტის ძირითადი ტიპებია: კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი და ალერგიული დერმატიტი.
დერმატიტის ერთ-ერთ სახეობაზე, კონტაქტურ დერმატიტზე მოგვითხრობს „ავერსის კლინიკის“ დერმატოლოგი, ირინა იაშვილი.
კონტაქტური დერმატიტი ვითარდება კანსა და უცხო ნივთიერებას შორის კონტაქტით. კანს აქვს უარყოფითი რეაქცია გამღიზიანებელზე, რომელიც შეიძლება იყოს ქიმიური (მჟავები, ტუტე ნივთიერებები) ან ფიზიკური (მზის სხივები, მექანიკური გამღიზიანებელი)
კონტაქტური დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს სამკაულმა, კოსმეტიკამ, სუნამოებმა, ჰიგიენურმა საშუალებებმა, როგორებიცაა სარეცხი საშუალება, შამპუნი, საპონი, აგრეთვე მცენარეებმა და ა.შ.
კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებია:
• კანის ქავილი
• წვის შეგრძნება
• კანის სიმშრალე
• გამონაყარი და წითელი/წყლულოვანი ბუშტუკები
ანთებითი ნიშნები კანზე ჩნდება გამღიზიანებელთან(ალერგენთან) კონტაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. რეაქციის განვითარების ხარისხი (საშუალო ან მწვავე) დამოკიდებულია:
• უცხო ნივთიერების ზემოქმედების ხანგრძლივობასა და კონტაქტის ადგილზე (სახე, კიდურები, ტანი...)
• გამაღიზიანებლების ძალასა და შემცველობაზე
• კანის თავდაცვის უნარსა და თვისებებზე
•პაციენტის ასაკზე
კონტაქტური დერმატიტის გავრცელებული ფორმაა ქრონიკული დერმატიტი. ის ვითარდება ნელ-ნელა და ხშირი კონტაქტით მსუბუქი გამღიზიანებლის შემცველობის ნივთიერებებზე. დერმატიტის ეს ფორმა ძირითადად თავს იჩენს ხელის მტევნებზე კანის სიმშრალით, აქერცვლით, ნახეთქებითა და გაუხეშებით. კონტაქტური დერმატიტის ქრონიკული ფორმა ემართებათ იმ ადამიანებს, ვინც ხშირად იყენებს ქიმიკატებს, ქიმიურ ნივთიერებებს (სარეცხი საშუალებები, მცენარეები, მეტალები, სამკაულები/აქსესუარები..)
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი - ალერგენის (გამღიზიანებლის) მიმართ შენელებული რეაქციაა. სუსტი ალერგენის მიმართ რეაქცია შეიძლება განვითარდეს რამდენიმე თვის ან წლის მერე, ხოლო ძლიერი ალერგენის შემთხვევაში- 2 დღიდან- ერთი კვირის შემდეგ.
ეს ფორმა თანაბარწილად ვითარდება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ბავშვებში გაღიზიანება შეიძლევა გამოიწვიოს ტანსაცმელმა, პლასტმასის ნივთებმა.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოზის დასმის დროს მნიშვნელოვანია პაციენტის ჩივილებისა და სიმპტომების შეკრება. გართულებულ შემთხვევაში შესაძლოა, საჭირო გახდეს კანის ბიოფსიური კვლევა ან/და ალერგენებზე ალერგიული სინჯი, ვინაიდან მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რომელი ალერგენია მაპროვოცირებელი.
რეკომენდაციები
ადამიანებმა, რომელთაც გიწევთ ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქტის გამოყენება იხმარეთ ხელთათმანი ან/და დამცავი მალამო.
ალერგენის დადგენის შემდეგ გამოყენებიდან ამოიღეთ იმ გამღიზიანებლის შემცველი პროდუქცია.
გაითვალისწინეთ, კონტაქტური დერმატიტი არ არის გადამდები და ის განკურნებადია.