Plasmon
კუჭის სწრაფი დაცლის სინდრომი

თარიღი: 27 აპრილი, 2022

ჯანმრთელი ადამიანის კუჭიდან ნაწლავებში გადასვლას საკვები რამდენიმე საათს ანდომებს. ამ ხნის განმავლობაში კუჭის წვენისა და ფერმენტების ზემოქმედებით ის უფრო მეტად ქუცმაცდება და იშლება. თუ ეს მწყობრი მექანიზმი დაირღვა და საკვები დროზე ადრე გადავიდა თორმეტგოჯა ნაწლავში, დისკომფორტი გარდაუვალია.

კუჭის სწრაფი დაცლის სინდრომს დამპინგსინდრომს უწოდებენ. ის უმეტესად კუჭზე ან საყლაპავზე ჩატარებული ოპერაციის შედეგია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს.

როგორ ვლინდება
ადრეული დამპინგსინდრომისთვის დამახასიათებელია სიმპტომების გამოვლენა საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, გვიანი ფორმის დროს კი სიმპტომები 1-3 საათში ვლინდება.

ადრეული და გვიანი დამპინგსინდრომები სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად გამოიხატება.

ადრეული დამპინგსინდრომის გამოხატულება განსაკუთრებით მკაფიოა სუფრის შაქრით (საქაროზა) ან ხილის შაქრით (ფრუქტოზა) მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. თავს იჩენს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, კუჭის სისავსის ან მუცლის შებერილობის შეგრძნება, გულისრევა, ტკივილი და ჭვალი მუცლის მიდამოში, ბუყბუყი. ამასთან ერთად, შესაძლოა, ადამიანს თავბრუ დაეხვეს ან ცნობიერება დაებინდოს, დაღლილობა იგრძნოს და წამოწოლის სურვილი გაუჩნდეს. ზოგიერთს აღენიშნება სახის, კისრის ან გულმკერდის ზედა ნაწილის გაწითლება, გულის აჩქარება ან არათანაბარი გულისცემა, თავის ტკივილი, ოფლიანობა.

გვიანი დამპინგსინდრომის გამოვლენას იწვევს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, რასაც მედიცინაში ჰიპოგლიკემიას უწოდებენ. ვითარდება თავბრუხვევა ან ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვა, კანკალი, გულისცემის აჩქარება, ირღვევა გულის რიტმი, ადამიანს უჭირს კონცენტრირება, ოფლიანდება, გრძნობს სისუსტეს.

მძიმე ფორმის დამპინგსინდრომის დროს სიმპტომების შიშით ბევრი თავს არიდებს კვებას. ეს შეცდომაა – წონის კლებას და სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტს შეუძლია მდგომარეობა გაართულოს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთს გამოხატული აქვს დამპინგსინდრომის როგორც ადრეული, ისე გვიანი ფორმა.

რა იწვევს
დამპინგსინდრომის უშუალო მიზეზი კუჭის სწრაფი დაცლაა.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წარმოიქმნება და გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას არეგულირებს. როდესაც საკვები მეტისმეტად სწრაფად გადადის კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში, მათი გამოყოფა ძლიერდება. ამ დროს სისხლის თხევადი ნაწილი სისხლის მიმოქცევის სისტემიდან წვრილ ნაწლავში გადაინაცვლებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ჰორმონების სიჭარბე და წვრილ ნაწლავში სითხის გადასვლა განაპირობებს ადრეული დამპინგსინდრომის ნიშნებს.

ჰორმონების სიჭარბე პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავებასაც ააქტიურებს, ჭარბი ინსულინი კი კვებიდან 1-3 საათში აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს და ვითარდება გვიანი დამპინგსინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები.

დამპინგსინდრომი კუჭზე ან საყლაპავზე ოპერაციაგადატანილ ათიდან ერთ ადამიანს უვითარდება. მნიშვნელობა აქვს ქირურგიული ჩარევის ტიპსაც. მაგალითად, დამპინგსინდრომი კუჭის შუნტირებასთან უფრო მეტად ასოცირდება, ვიდრე სხვა ტიპის ბარიატრიულ ოპერაციებთან; კუჭის სრული ამოკვეთის შემდეგ გაცილებით ხშირია, ვიდრე ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ.

თუმცა დამპინგსინდრომის განვითარება არც სხვა ტიპის ოპერაციების შემდეგაა გამორიცხული. ეს ოპერაციებია:

• ეზოფაგექტომია – საყლაპავის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა; მიმართავენ, მაგალითად, საყლაპავის კიბოსა და ბარეტის ეზოფაგიტის დროს;

• ფუნდოპლიკაცია – საყლაპავის კუჭში გადასვლის ადგილას მდებარე კუჭის ნაწილის გამაგრება კუჭ-საყლაპავის რეფლუქსური დაავადების ან დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქრის დროს;

• ვაგოტომია – კუჭისკენ მიმავალი ცდომილი ნერვის გათიშვა, რათა კუჭში ნაკლები მჟავა გამომუშავდეს. მიმართავენ პეპტიკური წყლულის დროს.

კუჭის სწრაფი დაცლის სინდრომი ზოგჯერ ისეთ ადამიანებსაც უვითარდებათ, რომლებსაც არავითარი ოპერაცია არ გადაუტანიათ. ამ შემთხვევაში მიზეზი შესაძლოა იყოს ახალდაწყებული შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით – ტიპი 2, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა, როდესაც კუჭქვეშა ჯირკვალი საკმარისი ოდენობით ვეღარ გამოყოფს ზოგიერთ ფერმენტს, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ცოლინგერ-ელისონის სინდრომი. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება.

დიაგნოზი
დამპინგსინდრომის დიაგნოსტიკის დროს ითვალისწინებენ პაციენტის სამედიცინო ისტორიას, კუჭის ან საყლაპავის ქირურგიული მკურნალობის ფაქტს. დამპინგსინდრომის დიაგნოზს, ჩვეულებრივ, სიმპტომებზე დაყრდნობით სვამენ. სპეციალური კითხვარით არკვევენ, ამ სიმპტომებს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ხომ არ უდევს საფუძვლად.

დიაგნოზის დასადასტურებლად ან მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე სხვა მდგომარეობის გამოსარიცხად ზოგჯერ სისხლის  კვლევასაც მიმართავენ. მაგალითად:

• ორალური გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტს – პაციენტი სვამს გლუკოზის შემცველ ხსნარს, სიმპტომების მაქსიმალური გამოვლენისას კი იღებენ სისხლის ნიმუშს და მასში გლუკოზის დონეს ამოწმებენ;

• ჰემატოკრიტს – სისხლის მოცულობის ერთეულში ერითროციტების წილს. ჭამის შემდეგ სისხლის მიმოქცევიდან წვრილ ნაწლავში სითხის გადასვლა სისხლში სითხის წილს ამცირებს, ამიტომ ერითროციტების რაოდენობა სისხლის მოცულობის ერთეულში იზრდება.

დამპინგსინდრომის დიაგნოზს სვამენ, თუ გლუკოზის ხსნარის დალევიდან 30 წუთის შემდეგ გულისცემამ წუთში 10 დარტყმით მოიმატა, სისხლის ანალიზმა აჩვენა ჰემატოკრიტის 3%-იანი მატება ან ხსნარის დალევიდან 1-3 საათის განმავლობაში განვითარდა ჰიპოგლიკემია.

გამომსახველობითი კვლევებიდან დამპინგსინდრომის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება  კუჭის დაცლის ტესტი: საკვებთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება და სკანერით ადევნებენ თვალს, რამდენად სწრაფად გადადის საკვები კუჭიდან წვრილ ნაწლავში. ამ კვლევას კუჭის დაცლის სცინტიგრაფიასაც უწოდებენ.

შესაძლოა ჩატარდეს ზედა გასტროინტესტინური ენდოსკოპიაც – ამ დროს ათვალიერებენ საყლაპავის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის სტრუქტურას და გამორიცხავენ სხვა დაავადებათა ნიშნებს.

მკურნალობა
ადრეული დამპინგსინდრომის დროს მდგომარეობა შესაძლოა სამიოდე თვეში თავისთავად გაუმჯობესდეს. კვებითი ჩვევებისა და რაციონის ცვლილება ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. ეს დამპინგსინდრომის მკურნალობის საწყისი ეტაპია. თუ სიმპტომები არ შესუსტდა, ინიშნება მედიკამენტებიც:

• ოქტრეოტიდი (სანდოსტატინი) – გამოწერენ მძიმედ გამოხატული სიმპტომების დროს. ამ ანტიდიარეულ საშუალებას შეუძლია შეანელოს საკვების ნაწლავებში გადაადგილების პროცესი. შეჰყავთ კანქვეშ ინექციის გზით. შესაძლო გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება და კუჭის გაღიზიანება.

• აკარბოზა – დამხმარე საშუალებაა გვიანი დამპინგსინდრომის შესამსუბუქებლად, თუმცა აქვს გვერდითი ეფექტებიც: მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი.

არსებობს ქირურგიული ჩარევის მეთოდებიც, რომლებსაც მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია. არჩევანი დამოკიდებულია იმ ოპერაციის ტიპზე, რომლის შემდეგაც დამპინგსინდრომი განვითარდა.

ცხოვრების წესი და შინ მოვლა
საბედნიეროდ, დამპინგსინდრომი უმეტესად მსუბუქი ფორმით ვლინდება და ადვილად ექვემდებარება კვებითი ჩვევებისა და რაციონის შეცვლას.

დამპინგსინდრომის მქონეებს ურჩევენ:

• მიირთვან მცირე ულუფებით და ხშირად, მაგალითად, დღეში 6-ჯერ, ნაცვლად დღეში სამჯერ დიდი ულუფის მიღებისა.

• სითხე მიიღონ კვებათა შორის ინტერვალში. ერიდონ მის მიღებას ჭამამდე და ჭამის შემდეგ 30-60 წუთის განმავლობაში.

• ჭამის შემდეგ 30 წუთით დაწვნენ.

• რაციონში შეიტანონ მეტი ცილა, ბოჭკო და ცხიმი. უპირატესობა მიანიჭონ რთულნახშირწყლოვან საკვებს (შვრია, გაუფცქვნელი ხორბლის პური), ხილსა და ბოსტნეულს. ერიდონ მარტივ ნახშირწყლებს – ტკბილეულს, ნამცხვრებს, თეთრ პურს, თეთრ ბრინჯს, ტკბილ სასმელებს.

• ერიდონ რძეს და მის ნაწარმს. რძის ბუნებრივმა შაქარმა ლაქტოზამ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს.

• საკვებს დაამატონ პექტინი, გუარის ფისი ან ფსილიუმი – ამ მცენარეულ საშუალებებს გამასქელებელი ეფექტი აქვს და წვრილ ნაწლავში ნახშირწყლების შეწოვას აყოვნებს.