Plasmon
მუცლის პლასტიკა

თარიღი: 16 ოქტომბერი, 2024

ბრტყელი და მკვრივი მუცლის მსურველთათვის მრავალი გზა არსებობს – ფიტნესი, იოგა, პილატესი, აკვააერობიკა... თუმცა განსაზღვრული ასაკიდან ჩვენი ძალისხმევა შესაძლოა აღარ აღმოჩნდეს ისეთი შედეგიანი, როგორიც ადრე. 30-35 წლიდან კანი და შემაერთებელი ქსოვილი სიმკვრივეს კარგავს, მუცლის კედელი ეშვება.

ამ დროს რჩება ერთადერთი გამოსავალი – ესთეტიკური მედიცინა.

რა მეთოდებს იყენებენ მუცლის საკორექციოდ პლასტიკურ ქირურგიაში? რომელი როდის არის შედეგიანი და როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია? ამ და სხვა კითხვებზე პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ გვიპასუხა.

ბატონო კოტე, რა გზით შეიძლება მუცლის ფორმის კორექცია?
სხეულის დახვეწილი ფორმების შესანარჩუნებლად ყველაზე სწორი გზა ცხოვრების ჯანსაღი წესია, რაც სწორ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშს გულისხმობს, მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის საკმარისი. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ოპერაციაა.

ქირურგიული გზით მუცლის ფორმის კორექციის ორი მეთოდი არსებობს: ლიპოსაქცია და აბდომინოპლასტიკა. შესაძლებელია ორივე მეთოდის გაერთიანებაც.

რა არის ლიპოსაქცია და როდის არის ის მიზანშეწონილი?
ლიპოსაქციის საშუალებით შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება სწრაფად, ეფექტურად და დამზოგველად, ისე, რომ კანს დიდი ზიანი არ მიადგეს.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ლიპოსაქცია წონის კლების ოპერაცია არ არის. მისი დანიშნულებაა სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩალაგებული ზედმეტი ცხიმის მოცილება სასურველი ფორმის მისაღებად.

როგორც ვიცით, ორგანიზმი გამოუყენებელ ენერგიას ცხიმად გადაქმნის და ინახავს. ცხიმის სარეზერვო ადგილები ზოგჯერ ნორმალური წონის მქონე სხეულზეც კი მკვეთრად არის გამოხატული და პროპორციებს არღვევს. სწორი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაშიც კი ასეთ ადგილებში ცხიმი ძალიან ნელა ილევა. ლიპოსაქცია სწორედ ამ პრობლემური ზონების გაქრობას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ზონაა მუცელი.

ყველა მსურველს შეუძლია ლიპოსაქციის ჩატარება თუ არსებობს კრიტერიუმები?
ლიპოსაქციის ჩატარება ყოველთვის შეიძლება, თუკი ჩვენება არსებობს, მაშასადამე, თუკი სხეულზე არის ჭარბი ცხიმი. მაგალითად, ჩვენ სპეციალური ხელსაწყოთი ვზომავთ კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს. თუ მის სისქე 2-3 სმ-ზე მეტია, ლიპოსაქცია ჩატარდება.

პროცედურას ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. მთავარია, პაციენტი სრულწლოვანი იყოს.

ოპერაციის შედეგი ქირურგის ტაქტიკასა და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენება ნამდვილად არსებობს, ოპერაცია ყოველთვის შედეგიანია. მთავარია, პაციენტის წონა ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგაც სტაბილური იყოს. მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინიც. მაგალითად, სიმსუქნის შემთხვევაში ლიპოსაქცია წელის გარშემოწერილობას ეტალონურ 60 სმ–მდე ვერ შეამცირებს. ლიპოსაქციით ასევე შეუძლებელია ცელულიტისა და სხვა ტიპის დეფორმაციების გაქრობა.

რამდენი ცხიმის მოცილებაა შესაძლებელი ერთი პროცედურით?
ოფიციალური გაიდლაინი არ არსებობს, თუმცა ქვეყნები თავად აწესებენ ლიმიტს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მიდგომით, რომლის თანახმად, ერთბაშად შეიძლება წონის 5-7 პროცენტის მოცილება. მაშასადამე, თუ პაციენტი 100 კილოა, ერთჯერადად მაქსიმუმ 7 ლიტრი ცხიმის გამოტუმბვაა ნებადართული.

მიიჩნევა, რომ ასეთი ოპერაცია 6 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, რათა არ მოიმატოს თრომბოზისა და სხვა გართულებების რისკმა. ამიტომ ოპერაცია თავიდანვე სწორად უნდა დაიგეგმოს და თუ მისი მასშტაბი დიდია, ორ ეტაპად ჩატარდეს. მეორე ეტაპი ტარდება 3-4 თვის შემდეგ, როცა ქსოვილები აღდგება.

რა და რა ტიპის ლიპოსაქცია არსებობს?
ლიპოსაქცია შეიძლება ჩატარდეს როგორც სპეციალური აპარატით, ისე მექანიკურად, ანუ ხელით.

მექანიკური ლიპოსაქციის დროს ცხიმოვანი ქსოვილი პეციალური ხსნარით მუშავდება და შემდეგ ამოიტუმბება. ცხიმის ამოსატუმბ კანულას ქირურგი თავად ამოძრავებს, ამიტომ მეტი დრო და ენერგია სჭირდება. ოპერაციაც უფრო ტრავმული და სისხლმდენია.

გაცილებით ეფექტურია ცხიმის მოცილება აპარატით. ეს უკანასკნელი ჯერ შლის ცხიმოვან ქსოვილს, მერე კი ამოტუმბავს. კანულას აპარატი თავად ამოძრავებს, თანაც საკმაოდ სწრაფად. მინიმალურად ზიანდება სისხლძარღვები.

აპარატის ტიპის მიხედვით, განასხვავებენ კლასიკურ, ლაზერულ, ულტრაბგერით ლიპოსაქციას. ჩვენების მიხედვით, ექიმი თავად გადაწყვეტს, რომელია საჭირო.

ოპერაციის მიმდინარეობა
ოპერაციამდე აუცილებელია, შეფასდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოპერაციის თაობაზე ნებართვა უნდა მივიღოთ თერაპევტისგან, კარდიოლოგისგან, ანესთეზიოლოგისგან. ზოგჯერ საჭიროა სხვა სპეციალისტების ჩართვაც.

ოპერაცია ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება – გააჩნია მასშტაბს. ხანგრძლივობა დასამუშავებელი ზონის მოცულობაზეა დამოკიდებული. მუცლის წინა კედლის ლიპოსაქცია საშუალოდ 30-90 წუთს გრძელდება.

მინი- და საშუალო მოცულობის ლიპოსაქციის დროს პაციენტი შეიძლება იმავე დღეს გაეწეროს კლინიკიდან, დიდი რაოდენობით ცხიმის ამოღების შემდეგ კი სასურველია, ერთი ან ორი დღე დარჩეს კლინიკაში, მდგომარეობის მიხედვით.

რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი?
რეაბილიტაცია არც ისე ხანგრძლივია. ოპერაციის შემდგომ დღეებში პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს სისხლჩაქცევები, სიყვითლე კანზე, მცირე შეშუპება. დამუშავებულ ზონაში გრძნობდეს დისკომფორტს, დაბუჟებას. დაბუჟება შესაძლოა ერთი თვეც გაგრძელდეს. თუ ბევრი ცხიმი ამოვიღეთ და სითხის დანაკარგიც დიდი იყო, რამდენიმე დღე, ადგომისა და დაწოლის დროს მოსალოდნელია თავბრუხვევაც. 1-2 კვირაში პაციენტი დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს ამ პერიოდში?
ოპერაციიდან სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია ნაოპერაციებ არეზე ბანდაჟის ტარება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ფიზიკურად არ უნდა დაიტვირთოს, სიმძიმეები არ უნდა ასწიოს. ერთი თვის შემდეგ შეუძლია დაიწყოს მსუბუქი ვარჯიში. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული არც მზეზე, არც სოლარიუმში გარუჯვა. ოპერაციიდან 2-3 თვე უნდა ერიდოს ცხელ პროცედურებს, ცხელ შხაპს, საუნას. ყურადღება უნდა მიაქციოს კვებასაც. რაციონი უნდა იყოს მსუბუქი და, რაც მთავარია, დაბალანსებული, რათა პაციენტმა სტაბილური წონა შეინარჩუნოს. რეკომენდებული არ არის მარილიანი საკვების მიღება – მარილი სითხეს აკავებს და შესაძლოა, შეშუპება განვითარდეს. აუცილებელია კონსულტაციებზე სიარული, რათა ექიმი მდგომარეობის დინამიკას დააკვირდეს.

რით შეიძლება გართულდეს ლიპოსაქცია?
ლიპოსაქცია რთულ ოპერაციად არ მიიჩნევა, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს ზოგადი ტიპის გართულებები: საანესთეზიო საშუალებაზე ალერგიული რეაქცია, უხეში ნაწიბური, თუ პაციენტს მიდრეკილება აქვს კელოიდის — ნაწიბუროვანი წარმონაქმნის – განვითარებისკენ ან კორსეტი აღიზიანებს ნაწიბურს. საბედნიეროდ, ნაწიბურის კორექცია ადვილია. ასევე, თუ მიდრეკილება არსებობს, ლიპოსაქციის შემდეგ შეიძლება ისევ ჩამოყალბდეს ფორთოხლის კანი, რასაც უმრავლესობა ცელულიტს ეძახის. ოპერაცია შეიძლება გართულდეს სერომით — სითხის დაგროვებით. სითხე უმეტესად თავისთავად გაიწოვება, მაგრამ ზოგჯერ გამოღებას მოითხოვს. არსებობს თრომბოემბოლიების რისკიც, რომლის აღმოსაფხვრელად თავიდანვე ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

გროვდება თუ არა ცხიმი იმავე ადგილზე ხელმეორედ?
სამუდამო არაფერია. ჩვენი ორგანიზმი ძალიან დინამიკურია. მთავარია, პაციენტმა წონა შეინარჩუნოს. თუ მოიმატა, ცხიმი, უპირველეს ყოვლისა, არანაოპერაციებ ადგილებში დაგროვდება, მაგალითად, თუ ოპერაცია მუცელზე ჩატარდა, ცხიმი გადანაწილდება მკლავებზე, სახეზე, მკერდზე, მერე კი მუცელსაც მიადგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვებითა და რეგულარული ვარჯიშით წონის შენარჩუნება. იმავე ადგილზე ლიპოსაქციის განმეორებით ჩატარება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ არ არის სასურველი.

როდის არ შეიძლება ლიპოსაქციის ჩატარება?
ოპერაცია არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს. ოპერაციის უკუჩვენებაა თიაქარი — ამ დროს რისკი განსაკუთრებით მაღალია, რადგან კანულამ შესაძლოა ხვრელი უფრო მეტად გააფართოოს.

აბდომინოპლასტიკა
კანი ადვილად რეაგირებს წონის უმნიშვნელო კლებასა და მატებაზე, მაგრამ თუ ადამიანმა ძალიან მოკლე ხანში დიდი წონა დაკარგა ან შემაერთებელი ქსოვილი უკვე ძალიან სუსტია, კანს აღარ შეუძლია დაჭიმვა და ახალ მოცულობასთან ადაპტირება. ვითარდება კანის შესამჩნევი სიჭარბე.

ჭარბი კანის ძირითადი მიზეზებია:

• ორსულობა;
• 
ასაკი;
• 
შემაერთებელი ქსოვილის სისუსტე, რომელიც შესაძლოა მემკვიდრეობითიც იყოს.

ეს ის შემთხვევებია, როცა ვარჯიში და დიეტა უძლურია და ჭარბი კანის მოცილება მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.

მეთოდები
აბდომინოპლასტიკა მხოლოდ მუცლის წინა კედლის კორექციას გულისხმობს. არსებობს მისი ორი ძირითადი მეთოდი, რომელთაგან ჩვენებისამებრ არჩევენ ოპტიმალურს.

მინიაბდომინოპლასტიკა, წესისამებრ, ტარდება მშობიარობის ან საკეისრო კვეთის შემდეგ მუცლის ქვედა ნაწილში მოშვებული და დაკიდებული კანის საკორექციოდ.

მინიაბდომინოპლასტიკის დროს ჭიპს არ ვეხებით. თუ კანის სიჭარბე ჭიპის გარშემო და მის ზემოთაც შეინიშნება, მიმართავენ კლასიკურ აბდომინოპლასტიკას. ვინაიდან ამ დროს მასშტაბი დიდია, შესაძლოა საჭირო გახდეს ჭიპზე ჩარევაც, მაგრამ ის ადგილს არ შეიცვლის.

ოპერაციის მიმდინარეობა
ოპერაციამდე უნდა შემოწმდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმმა უნდა დააზუსტოს, იღებს თუ არა პაციენტი რაიმე მედიკამენტს.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით, თუმცა მინიაბდომინოპლასტიკა შეიძლება სპინალური გაუტკივარებითაც ჩატარდეს, რომელიც პაციენტისთვისაც კომფორტულია და ორგანიზმისთვისაც დამზოგველი. ბოქვენის მიდამოში საკეისროზე დიდი განაკვეთი კეთდება და ჭარბი ქსოვილი იკვეთება. ოპერაცია საშუალოდ 3 საათს გრძელდება.

ძალიან ხშირად, ასიდან თითქმის 99 შემთხვევაში, საჭირო ხდება დიასტაზის დამაგრებაც. დიასტაზი არის მდგომარეობა, როცა მუცლის პრესი ეშვება და მუცლის სწორი კუნთის ბოჭკოები ერთმანეთს შორდება. მუცლის პრესი რომ გაძლიერდეს და კუნთოვანი შრე გამყარდეს, ეს კუნთები სპეციალური საკერავი საშუალებით იკერება.

ვინაიდან აბდომინოპლასტიკის შემდეგ აუცილებელია დრენაჟის ჩადგმა, პაციენტი 2-3 დღეს კლინიკაში რჩება.

როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია?
აბდომინოპლასტიკის სარეაბილიტაციო პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე ლიპოსაქციის. ტკივილები შესაძლოა ორი-სამი დღე გაგრძელდეს. თუ დიასტაზიც დამაგრდა, შესაძლოა, პირველი ორი დღე პაციენტს წელში გამართვა გაუჭირდეს.

საოფისე საქმიანობას უმეტესობა ორ კვირაში უბრუნდება. ფიზიკური აქტივობა, მათ შორის ვარჯიში, სამი თვე არ არის რეკომენდებული. სპეციალური ბანდაჟის ტარება აუცილებელია.

აბდომინოპლასტიკის შემდეგაც აუცილებელია წონის კონტროლი. ამ ოპერაციის განმეორებით ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

რისკები და გართულებები
როგორც ლიპოსაქციის, ისე აბდომინოპლასტიკის დროსაც მოსალოდნელია სისხლჩაქცევები, საანესთეზიო საშუალებაზე ალერგიული რეაქცია. მდგომარეობა შეიძლება გართულდეს უხეში ნაწიბურით, სერომით. გართულების რისკი იმატებს, როცა პაციენტი მწეველია. მწეველებს პერიფერიული სისხლის მიმოქცევა შეზღუდული აქვთ, ხოლო ქსოვილის აღდგენა და შეხორცება – შენელებული, ამიტომ მრავალი ქვეყნის გაიდლაინში უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ მწეველისთვის ლიპოსაქციისა და აბდომინოპლასტიკის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

თუ პაციენტი მწეველია, დიაბეტი აქვს ან ქირურგმა აგრესიულად იმუშავა, შესაძლოა, მუცლის ცენტრალური ნაწილი დანეკროზდეს. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც ხდება და ქირურგმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

აბდომინოპლასტიკის უკუჩვენებებია დიაბეტი და სხვა სომატური დაავადებები.

ყოველთვის საჭიროა თუ არა აბდომინოპლასტიკა ლიპოსაქციის შემდეგ?
თუ ორგანიზმი ახალგაზრდაა, კანი ელასტიკურია და არც ისე ბევრი ცხიმია მოსაცილებელი, შესაძლოა, პრობლემა მხოლოდ ლიპოსაქციითაც მოგვარდეს. თუ ცხიმის წილი მეტისმეტად დიდია, გაცილებით შედეგიანია ორივე მეთოდის – ლიპოსაქციისა და აბდომინოპლასტიკის – კომბინაცია.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"