თარიღი: 19 ივნისი, 2021
რა ხდება წამყვანი მიზეზი უშვილობის დროს, რამდენად უშლის ხელს შვილოსნობას ასაკი და რა როლი აქვს ამ დროს ფსიქოლოგიურ ფაქტორს. რა ტიპის მეთვალყურეობას საჭიროებს ორსულობა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დგება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა მანანა მგალობლიშვილმა ისაურა.
ქალბატონო მანანა, მოდით, საუბარი დავიწყოთ ისეთი აქტუალური საკითხით, როგორიცაა მოცდის პერიოდი. რა დროის განმავლობაში უნდა ელოდოს წყვილი ორსულობის დადგომას? თქვენ ადრეც გვესაუბრეთ ამაზე და გამოყავით გარკვეული ჯგუფები ასაკის მიხედვით, ეს არის ერთი წელი 35 წლამდე ქალისათვის და ექვსი თვე ამ ასაკის შემდეგ. ზოგადად, როგორ იცავენ პაციენტები ამ ვადებს, მოდიან თუ არა ისინი დროულად ექიმთან?
მანანა მგალობლიშვილი: ზოგადად პაციენტებმა დღეს უკვე იციან, როდის მიმართონ ექიმს და იშვიათად ხდება, რომ გვიან მოგვმართონ. არის გარკვეული შემთხვევები, როცა პაციენტს ჰგონია, რომ მხოლოდ აღრიცხვაზე დადგომის დროს უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ის ჯანმრთელია და ორსულობა დადგა. არადა ექიმს უნდა მივმართოთ მაშინვე, როდესაც გვაქვს მენსტრუაციის 7-10 დღიანი გადაცდენა. თუნდაც ტესტი იყოს დადებითი, მაინც. მენსტრუაციის გადაცდენა ყოველთვის ორსულობას არ ნიშნავს, შეიძლება სხვა პრობლემა იყოს და თუ ორსულობაა, მაინც უნდა გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ რომ ორსულობა არის საშვილოსნოს ღრუში და რაიმე პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე.
თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ პაციენტებთან, ვისთანაც პრობლემურად დგება ან ჯერ ვერ დგება ორსულობა. რასთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ყველა კვლევის შედეგად პაციენტი გამოიყურება ისე, რომ თითქოს არ აქვს პრობლემა, ფოლიკული მწიფდება სკდება, სამედიცინო მაჩვენებლებით ყველაფერი რიგზეა. რა შეიძლება აქ იყოს მიზეზი, რაც ხელს უშლის ორსულობის დადგომას?
მანანა მგალობლიშვილი: ჩემი პაციენტების 60-70% არის ისეთი, ვისაც თითქოს არაფერი აწუხებს. ეს ეხება ორივეს, ქალსაც და კაცსაც. წყვილი ჯანმრთელია, მაგრამ ორსულობა არ დგება. მინდა აღვნიშნო, რომ უშვილობა არ არის ავადმყოფობა და განაჩენი. ის არც სამუდამო დიაგნოზია. როცა ორივე ჯანმრთელია და ორსულობა არ დგება, ეს ნორმალური მოვლენაა. ზოგადად, რეპროდუქტოლოგიის უპირველესი მიზანი ისაა, რომ დავადგინოთ მიზეზი. ამისთვის ტარდება მთელი რიგი გამოკვლევები, რათა გამოვრიცხოთ ხელისშემშლელი ფაქტორები. არის შემთხვევები, როცა ყველაფერი ირიცხება და არ არის არანაირი პრობლემა, არიან ახალგაზრდები, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ორსულობა არ დგება. ჩვენ ამას ვეძახით გაუგებარი გენეზის უშვილობას. უმეტესად მიზეზი არ ვიცით და ეს ცალკეა გამოყოფილი. ჩემი პირადი აზრია, რომ სადღაც 1-2% შეიძლება არსებობს რაღაც რაც ჯერ მეცნიერებმა არ ვიცით მაგრამ, 90-95% ვფიქრობ, რომ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია. ამას იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ფსიქოლოგიურ ფაქტორს და მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ხშირია სიტუაციები, როდესაც ქალი არის ჯანმრთელი, წყვილი არის გამოკვლეული, თუ რამე პრობლემა იყო გამოვასწორეთ, მაგრამ ორსულობა არ დგება. აქ არის ფსიქოლოგიური მომენტი. ძალიან ხშირად ორსულობა ხდება მაშინ, როდესაც წყვილის ცხოვრებაში მოხდება რამე მნიშვნელოვანი, ყურადღების გადატანა ხდება სხვა რამეზე და ზუსტად მაშინ დგება ორსულობა, როცა ისინი არ ელიან. ხშირია ორსულობა მაშინაც, თუ ადამიანმა ხელი ჩაიქნია და გადაწყვიტა ინ-ვიტრო განაყოფიერება. უშვილობა ძალიან დიდი სტრესია წყვილისთვის და შემდეგ როცა ფიზიკურად გამოაჯანმრთელებ წყვილს, მერე უკვე ისე დასტრესილები არიან, რომ იმ სტრესიდან გამოყვანა არის საჭირო, რაც რთულია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სტრესის ჰორმონი უშვილო ქალებში ბევრად მაღალია, ვიდრე იმათში, ვისაც ჰყავთ შვილები. სტრესი ნამდვილად იწვევს უშვილობას.
ქალბატონო მანანა, ჩვენ ვახსენეთ 30 წლამდე ასაკი და ისიც, რომ 35 წლის ზემოთ ფერტილობა იკლებს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ განვითარებულ ქვეყნებზე და მოჰყავთ მაგალითები, რომ იქ ქალები ჯერ კარიერის და ცხოვრების აწყობას ცდილობენ და შემდეგ აჩენენ ბავშვებს. რატომ ხდება, რომ განვითარებულ ქვეყნებში ხშირია გვიანი ორსულობები? ჩვენს საზოგადოებაზე ეს ფაქტები უხეშად რომ ვთქვათ, ცუდად მუშაობს. ასეთ შედარებებზე რა პასუხი გვაქვს, რატომ ხდება იქ ძირითადად 40 წლის შემდეგ ფიქრი ორსულობაზე და აქ ამბობენ, რომ 30 წლამდე ჯობს?
მანანა მგალობლიშვილი: ეს არის ბუნებრივი და ფიზიოლოგიური და არაფერია იმაში პათოლოგიური, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფერტილობა იკლებს. ადამიანს უნდა თუ არა, ის ბერდება და ეს, ბუნებრივია აისახება შვილოსნობის უნარის შემცირებაზეც. შესაძლოა მოსახლეობას ესმის ვარსკვლავების მაგალითებზე, რომ 50 და 60 წლის ასაკში შეეძინა შვილი და ა.შ. მაგრამ ეს არის ცალკეული მაგალითები და სულაც არ არის სტატისტიკა. ყველგან, როცა ასაკი დიდია, დაორსულება რთულია და როგორც ჩვენთან არის პრობლემები, ისე არის იმ ქვეყნებშიც. საერთოდ, ძირითადად როდესაც ყველაფერს ააწყობენ ქალბატონები, შემდეგ წყვეტენ ორსულობას და ხშირად აქვთ პრობლემები. ისინი, როგორც წესი ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავენ. თუ შენახული აქვთ კვერცხუჯრედი და ემბრიონი, თავის გენეტიკურ შვილს გააჩენენ, თუ არა არც კვერცხუჯრედის დონაციაა პრობლემა. საუკეთესო ასაკი შვილოსნობისათვის არის არა 30, არამედ 25 წელი. ეს პიკია, შემდეგ ფერტილობა ნელ-ნელა იკლებს. 30 წლის შემდეგ ეს ტემპი ცოტათი კიდევ იმატებს, 35 წლის შემდეგ კლება უფრო ჩქარა ხდება. თანაც, ასაკთან ერთად უარესდება კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის ხარისხიც, თუმცა საბოლოო ჯამში მამაკაცები გაცილებით დიდხანს ინარჩუნებენ შვილოსნობის უნარს, ვიდრე ქალები… კაცს შეიძლება 70 წლის ასაკშიც ნორმალური სპერმა ჰქონდეს, ქალებში კი ამ ასაკში კვერცხუჯრედის მომწიფება გამორიცხულია, ამ ასაკში ორსულობა არ არსებობს
თქვენ იმ ექიმთა რიცხვს მიეკუთვნებით ვისაც ჰყავს ბევრი ორსული გვიან ასაკში. ეს ადამიანებს ძალიან ხიბლავთ, რადგან როცა დიდხანს უგრძელდებათ უშვილობის პერიოდი, იმედი ეძლევათ. რა ტიპისრისკები გაქვთ, როდესაც მუშაობთ რეპროდუქციული თვალსაზრისით ასაკიან პაციენტთან, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტთან, ვისაც იგივე პრობლემა აქვს?
მანანა მგალობლიშვილი: ახალგაზრდა ასაკში შვილოსნობის პრობლემით მოდიან უფრო ისეთი პაციენტები, ვისაც ჰორმონალური დარღვევა აქვთ ან გადატანილი აქვთ რაიმე ინფექცია ან ოპერაცია, რის გამოც აქვთ მილების პრობლემა. რაც შეეხება 35-40 წლის ზემოთ ასაკს, 90% შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ასაკი და კვერცხუჯრედების ხარისხი, რომელიც ისეთი კარგი აღარაა, როგორიც იყო. და მაინც, როგორ ვაღწევთ შედეგს 35 წლის ზემოთ ასაკის ქალთან ? ეს შესაძლებელია როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერებით. როცა მოდის წყვილი და ქალი 40 წლისაა, როდესაც უშვილობა რამდენიმე წელია არის, პირველ რიგში ვარკვევთ აქვს თუ არა მას კვერცხუჯრედების რეზერვი, რადგან ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ავაწყობთ მკურნალობის სქემას და ვმართავთ შვილოსნობას. გასაგებია, რომ 40 წლის ასაკში ქალს კვერცხუჯრედების დაბალი მარაგი ექნება, მაგრამ რამდენად მისაღები ოდენობაა სახეზე, რომ ფიზიოლოგიური ორსულობა დაიგეგმოს? რასაკვირველია, ყველას ურჩევნია ფიზიოლოგიურად, თუმცა ინ ვიტრო ყოველთვის შეიძლება. თუ კვერცხუჯრედების რეზერვი არ არის, მაშინ უკვე ინ ვიტრო განაყოფიერება დაიგეგმება დონორი კვერცხუჯრედით. თუ არის იმდენი რეზერვი, რომ შეიძლება მოვსინჯოთ, ვცადოთ, მაშინ უკვე სხვა სისტემებს და ფაქტორებს ვიკვლევთ, მაგალითად მილების გამტარობას, საკვერცხეების ფუნქციას და ა.შ.
თქვენ ოპერაცია ახსენეთ და არის მოსაზრება, რომ როდესაც უშვილობაა დიაგნოზი, ჰისტეროსკოპია არის გამოსავალი. ეს სიმართლეა? არის ჰისტეროსკოპია ისეთი პროცედურა, რომელიც რაღაცნაირად მაინც უწყობს ხელს ორსულობის დადგომას?
მანანა მგალობლიშვილი: მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია. ეს არის ენდოსკოპიური მეთოდი, როდესაც კამერით ვიკვლევთ ქალის ორგანოებს. ლაპარასკოპიაა არის საშვილოსნო მილების, საკვერცხეების გამოკვლევა, ჰისტეროსკოპიით კი უშუალოდ საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა ხდება შიგნიდან. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალს სჭირდება ეს პროცედურები, რომელსაც აქვს 2-3 წლიანი უშვილობის ისტორია და 35+ ასაკი. ზოგადად ეს კვლევები ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ გამოკვლევებისა, რაც აუცილებელია უშვილობის დიაგნოსტიკისათვის.
ქალბატონო მანანა, ისეთი პრობლემები როგორიცაა პოლიპები, მიომები და ა.შ. არის თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი შვილოსნობისთვის?
მანანა მგალობლიშვილი: რასაკვირველია ეს ერთ-ერთი მიზეზია. პოლიპი ქსოვილოვანი წანაზარდია საშვილოსნოს ღრუში. თუ იქ პოლიპებია, ბუნებრივია ნაყოფს გაუჭირდება საშვილოსნოს ღრუზე მიმაგრება. მიომა არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მიომა ქალების დაახლოებით მინიმუმ 50%ს აქვს და 50% ხომ არ არის უშვილო? უბრალოდ გააჩნია მის ზომას და მდებარეობას. თუ ის პატარა ზომისაა 3 სმ-მდე, მაგრამ მდებარეობს ღრუში, სადაც ემბრიონი ემაგრება, ცხადია ის ხელს უშლის ორსულობას და მოსაშორებელია. ხოლო თუ საშვილოსნოს კედელშია და ემბრიონს შეხება არ აქვს ამ მიომასთან, ის ორსულობას ხელს არ უშლის. თუმცა ხელისშემშლელია ასევე 5-6 სმ ზომის მიომები, თუნდაც ისინი საშვილოსნოს გარეთ იყოს, რადგან ამ ზომის მიომა აწვება სხვა ორგანოებს და დისკომფორტს უქმნის ქალს, ასევე არღვევეს სისხლის მიმოქცევას საშვილოსნოში, რაც ნაყოფის განვითარებას უშლის ხელს.
ჩვენ ვისაუბრეთ ასაკზე, პრობლემებზე და შესაძლო გამოსავალზე, ახლა კი მინდა გკითხოთ რა სიტუაციაა რეგიონებში, რა ტიპის პრობლემები გვხვდება და დროულად აკითხავენ თუ არა ექიმს პაციენტები? და რა ტიპის პრობლემაა მაშინ, როდესაც მეორად უშვილობაზე ვსაუბრობთ, განსხვავდება თუ არა ის პირველადი უშვილობისგან და განსხვავდება თუ არა ამ მხრივ მკურნალობის მეთოდები?
მანანა მგალობლიშვილი: როგორც წესი, პაციენტები დროულად გვაკითხავენ. თუმცა როცა გვიან მოდიან, ეს დიდი პრობლემაა, რადგან ასაკს უკან ვერ დავაბრუნებთ. ყველაზე დიდი პრობლემაა შემთხვევები, როცა სახეზე არის ათი წლის უშვილობა, ქალი კი არის უკვე 40-42 წლის. როცა გადავხედავთ ისტორიას ვნახულობთ, რომ ადრე გამომწვევი მიზეზი მეუღლის პრობლემა იყო, ახლა კი უკვე ქალის ასაკიც პრობლემაა და საჭიროა ინ ვიტრო განაყოფიერება. ამ დროს ათი წელი არის ტყუილად დაკარგული დრო, თანაც ასაკის გამო ქალს შესაძლოა სულ აღარ აქვს კვერცხუჯრედების რეზერვი. შეიძლება ადრე არასწორი დიაგნოზი იყო დასმული, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ პაციენტმა დროულად არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ან არ დაუჯერა ექიმს. შესაძლოა მას უბრალოდ არ უნდოდა ინ ვიტრო განაყოფიერება გაეკეთებინა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა კარგად აუხსნას პაციენტს ყველაფერი, მარტივად, მისთვის გასაგებად აუხსნას, რა არის საჭირო მისთვის, მაგრამ გადაწყვეტილებას პაციენტი იღებს.
რაც შეეხება პირველად და მეორად უშვილობას, პირველადი უშვილობაა, როდესაც ერთ წელზე მეტია წყვილს აქვს რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, მაგრამ ორსულობა არ დამდგარა. მეორადი უშვილობაა, როცა ამ პერიოდში ერთი ორსულობა მაინც ყოფილა, თუნდაც შეწყვეტილი, მაგრამ შემდეგ ერთ წელზე მეტია აღარ დგება ორსულობა. როგორც პირველად, ასევე მეორად უშვილობაზე ერთნაირად ხდება დიაგნოსტიკაც, გამოკვლევების ჩატარებაც. მიდგომა მხოლოდ ასაკის მიხედვით იცვლება. თუ ქალბატონი 35-40 წლის ასაკშია, ამ დროს უფრო ვჩქარობთ, რაღაცებს უფრო სწრაფად აკეთებთ, ხოლო როცა პაციენტი 20-22 წლისაა იქ უფრო შეგვიძლია მოცდა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება. ყველა წყვილი ინდივიდუალურია, ეს ყველაფერი თვითონ წყვილზე და მათ მდგომარეობაზე, მათ შორის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ექიმი პაციენტთან ერთად, მასთან შეთანხმებით მართავს სიტუაციას. ექიმის მოვალეობაა, პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია, აჩვენოს რა სახის გამოსავალი შეიძლება იყოს, პაციენტი კი კარგად უნდა გაერკვეს თავის მდგომარეობაში და არჩევანი გააკეთოს.
ვიცით, რომ ყველა წყვილი ინდივიდუალურია და გამოწერილი რეცეპტი არ არსებობს, რომ მაგალითად ყველა ტიპის უშვილობა 2-3 თვეში მოგვარდება.ზოგ ადამიანს ორსულობის მისაღებად ძალიან დიდი დინანსური და მორალური რესურსის დახარჯვა უწევს. საინტერესოა, როცა ორსულობა მიღებულია დიდი მკურნალობის და წვალების შემდეგ, საჭიროებს თუ არა ის განსაკუთრებულ მართვას და მოვლას?
მანანა მგალობლიშვილი: დიახ, ასეთი პაციენტი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს ორსულობის დროს. ყველა პაციენტი, ვისაც აქვს ანამნეზში უშვილობა, ანუ ერთ წელზე მეტი არ ორსულდებოდა და დაორსულდა, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ასეთ პაციენტებში მაღალია მუცლის მოშლის რისკი. ამიტომ თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. რაში მდგომარეობს ეს? თუ სტანდარტული ორსული ექიმთან მიდის გაწერილ 4 ვიზიტზე, ექოსკოპიაზე და სისხლის ანალიზებზე, ასეთი ორსული საჭიროა უფრო ხშირად მივიდეს ექიმთან, შესაძლოა ყოველ 10 დღეში ან 2 კვირაში ერთხელაც იყოს საჭირო მისი ვიზიტი. ამ დროს ხდება ორსულის და ნაყოფის მუდმივი მონიტორინგი, ხშირად მედიკამენტებს ვნიშნავთ პროფილაქტიკის მიზნით. თუ ეს არის 22 წლის გოგონა, რომელიც ჯანმრთელია, მას არ სჭირდება ექიმთან ვიზიტი ყოველ ათ დღეში, მაგრამ თუ ისტორიაში არის უშვილობა ერთ წელზე მეტი, ან რამდენიმე თვითნებური მოშლა, ან ეს პირველი ორსულობაა მაგრამ ასაკი არის 35 წლის ზემოთ, ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან უფრო ხშირი ურთიერთობა.
წარმოადგენს თუ არა ნაყოფის სუსტი გულისცემა ორსულობის საწყის ეტაპზე ორსულობის შეწყვეტის მთავარ პირობას?
მანანა მგალობლიშვილი: უმეტეს შემთხვევაში ადრეულ ეტაპზე სუსტი გულისცემა გამოსწორებადია, ასეთ პაციენტს ვიბარებთ დაახლოებით ერთ კვირაში, რომ კიდევ გადავამოწმოთ. ძალიან ხშირად ეს უბრალოდ იმითაა გამოწვეული, რომ ჯერ ახალი ჩამოყალიბებულია გული, თუმცა, სამწუხაროდ ისეთი შემთხვევებიც ხდება, როდესაც გულისცემა თავიდანვე არ არის ხშირი და შემდეგ გული ჩერდება. თუმცა სუსტი გულისცემა არ ნიშნავს რომ ორსულობა აუცილებლად შეწყდება.
ორსულობის საწყის ეტაპზე ყვითელი სხეულის ნაკლებობა ყოველთვის იმაზე მიუთითებს თუ არა, რომ მედიკამენტის ჩარევაა საჭირო?
მანანა მგალობლიშვილი: ეს პროგესტერონის ნაკლებობაა, ამ დროს კეთდება ანალიზი პპროგესტერონზე და იმის მიხედვით ინიშნება პრეპარატი. ზოგადად ჩვენ, ექიმები ვეყრდნობით კვლევებს და კვლევებით დადგენილია, რომ ამას არ აქვს იმდენად დიდი ეფექტი. თუმცა როდესაც ორსული არის საყურადღებო, პროგესტერონს თითქმის ყველას ვუნიშნავთ.
ქალბატონო მანანა, სისხლიანი გამონადენი მოშლის საშიშროების სიმპტომია?
მანანა მგალობლიშვილი: ორსულობისას სისხლიანი გამონადენი საყურადღებოა და შესაძლოა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ არის ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
ყველაზე უსაფრთხოდ რომელი პერიოდი ითვლება პრობლემური ორსულობის დროს, როდის შეიძლება თქმა, რომ აი, ეს ეტაპი გადავლახეთ?
მანანა მგალობლიშვილი: ყველაზე ხშირად ორსულობის მოშლა 12 კვირამდე ვადაში ხდება. შემდეგაც ხდება ხოლმე, მაგრამ უფრო იშვიათად.
და ბოლოს, სქესობრივი კავშირი იწვევს თუ არა ორსულობის მოშლას?
მანანა მგალობლიშვილი: არა. მაგრამ თუ არის მოშლის საშიშროება, ამ დროს არაა რეკომენდებული სქესობრივი კავშირი, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ხშირად ისიც ჰგონიათ, რომ ვაგინალური ექოსკოპია იწვევს მუცლის მოშლის რისკის გაზრდას, არადა ეს მითია. ასე არ არის, ვაგინალური ექოსკოპია სრულიად უსაფრთხო და ბევრად ინფორმატიულია.
წყარო: https://fortuna.ge