თარიღი: 29 იანვარი, 2018
თუ თქვენი კონსულტაციის დასკვნის ფურცელში დიაგნოზის აღმნიშვნელი სიტყვა „იტით“ ბოლოვდება, ე.ი. თქვენს ორგანიზმში ანთება გამოვლინდა. თუ ეს სიტყვა „ცისტიტია“, ეს ნიშნავს, რომ ანთებითი პროცესი შარდის ბუშტში მიმდინარეობს. მისი განვითარება მაშინაც შეგიძლიათ იეჭვოთ, თუ მოულოდნელად საპირფარეშოში სიარულს მოუხშირეთ, ან თუ მოშარდვას დისკომფორტი, ტკივილი და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ახლავს.
საშარდე სისტემის ინფექციებს შორის ცისტიტს მოწინავე ადგილი უჭირავს. ბაქტერიების რაოდენობის ინტენსიური ზრდა აზიანებს და აღიზიანებს შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, ეს კი ხშირი შარდვის საფუძველი ხდება.
შარდის ბუშტის ანთება ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ცისტიტით ნებისმიერი ასაკის თითქმის ყოველი მეოთხე ქალბატონი ავადდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შარდის ბუშტის ანთება ხშირდება მენოპაუზის შემდეგ, ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებების ხარჯზე. ბაქტერიებს შარდის ბუშტიდან თირკმელებში გადასვლა და უფრო პრობლემატური პროცესების გამოწვევაც (მაგ.: პიელონეფრიტი და სხვ.) შეუძლია. დროულ და სწორ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
შარდის ბუშტის ანთების მიზეზებიდან პირველი ადგილი ნაწლავის ჩხირს (E. Coli) უჭირავს. ვიდრე ეს ბაქტერიები თავისი ბინადრობის არეალში - ჩვენს ნაწლავებში იმყოფებიან, უსაფრთხონი არიან, მაგრამ მაგრამ თუ შარდსადენი მილიდან შარდის ბუშტში გადაადგილდებიან, ანთება ვითარდება.
ჩემი პაციენტები ხშირად მეკითხებიან, კიდევ რა შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ანთების მიზეზი. იშვიათ შემთხვევებში, ცისტიტის განვითარებას იწვევს:
- პირადი ჰიგიენის ქიმიური ნივთიერებები (საპონი, აბაზანის საშუალებები, სპერმიციდები);
- ქიმიური თერაპიის პრეპარატები;
- ურეთრალური კათეტერი (რბილი მილი, რომელსაც შარდის ევაკუაციისთვის შარდსადენიდან შარდის ბუშტში ათავსებენ);
- რადიაციული ზემოქმედება (მაგ.: მენჯის არეში სიმსივნის მკურნალობის დროს).
შარდის ბუშტის ანთების მართვისა და ეფექტიანი მკურნალობის საწინდარი შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევაა. მისი საშუალებით დგინდება როგორც პათოგენი ბაქტერია, ისე მკურნალობისათვის საჭირო ანტიბიოტიკები. მორეციდივე ცისტიტის მკურნალობა ხშირად უფრო პრობლემატური და ძნელია. ინტერსტიციალური ცისტიტიც გარკვეული სირთულით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გირჩიოთ, დროულად მიმართოთ ექიმს და დიაგნოსტიკის საფუძველზე სათანადო მკურნალობა ჩაიტაროთ.
ჩემი პაციენტების უმეტესობა მორეციდივე ინფექციის დიაგნოზით მკურნალობს. მათ შორის ბევრს თვეობით და წლობითაც კი უტარდებოდა არასათანადო მკურნალობა, ისინი ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე ღებულობდნენ სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკს. მათ მხოლოდ ხშირი შარდვის საფუძველზე დაუდგინდათ არასწორი კლინიკური დიაგნოზი და ნაცვლად იმისა, რომ ნეიროგენული შარდის ბუშტისათვის ემკურნალათ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ღებულობდნენ. ექიმი-უროლოგის კაბინეტში მხოლოდ მაშინ მოხვდნენ, როდესაც მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა.
ნება მიბოძეთ, შარდის ბუშტის ანთების პროფილაქტიკის შესახებ რამდენიმე რჩევა მოგცეთ. უპირველეს ყოვლისა, მოერიდეთ გაციება-შეციებას. მნიშვნელოვანია მიიღოთ სითხის სათანადო რაოდენობა (2ლ დღის განმავლობაში) და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ. თუ რაიმე სიმპტომს შენიშნავთ, ნუ დაელოდებით, რომ „თავისით გაივლის“. ნუ მიჰყოფთ ხელს „თვითმკურნალობას“. უმჯობესია, პირველივე ჩივილებისთანავე ექიმ-უროლოგს მიმართოთ, შარდის ბუშტის პათოლოგიური პროცესების მართვა და მკურნალობა სწორედ მისი კომპეტენციაა. პარალელურად უნდა გამოირიცხოს მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა პათოლოგიებიც (მაგ.: შარდის ბუშტის კიბო და სხვ.).
გისურვებთ ჯანმრთელ და ჯანსაღად ფუნქციონირებად შარდის ბუშტს.
უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
https://www.facebook.com/urologi.ge/