თარიღი: 06 ოქტომბერი, 2024
ტონზილექტომია ერთ-ერთი ის ოპერაციაა, რომელსაც ყველაზე ხშირად უკეთებენ ბავშვებს. ოპერაციის შემდეგ მშობლებს 2-3-კვირიანი ურთულესი პერიოდი გველის: ბავშვს ყელი სტკივა, ზოგჯერ სიცხესაც აძლევს, ტირის, ყოველ ლუკმას დიდი ხვეწნა-მუდარით ყლაპავს... გვიჭირს ამის ყურება, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ "მოსაშორებელი მოვიშორეთ" და დაავადებული ნუშურა ჯირკვლები ჩვენს შვილს საფრთხეს აღარ შეუქმნის.
მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიც. საკუთარ შვილზე გამომიცდია ნაშუაღამევს უეცარი სისხლდენით მოგვრილი შოკი. თუმცა, გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, ამ გართულებათა მართვა შესაძლებელია.
დაწმუნებული ვარ, ყველა მშობელს აინტერესებს, რას უნდა ელოდეს ტონზილექტომიის შემდეგ და როგორ მოიქცეს გართულებისას. ამ საკითხებზე სასაუბროდ თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორს, მედიცინის დოქტორ ლია ლომიძეს ვეწვიეთ.
განაჩენი: ოპერაცია
– ტონზილები და ადენოიდები პირ-ხახასა და ცხვირ-ხახაში არსებული ჯირკვლოვანი წარმონაქმნებია. ხშირად ბავშვებს ისინი უფრო დიდი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. 8-12 წლის ასაკისთვის მათი ზომა მცირდება.
ტონზილები და ადენოიდები იმუნური სისტემის ნაწილია, თუმცა მათი ამოკვეთის შემთხვევაში მათ ფუნქციებს სხვა ჯირკვლები ინაწილებენ.
როდის არის აუცილებელი ნუშურების ამოკვეთა?
ნუშურების ამოკვეთის, მედიცინის ენაზე თუ ვიტყვით – ტონზილექტომიის, საკითხი დაისმის, როდესაც ბავშვს აქვს ქრონიკული ტონზილიტის უტყუარი სიმპტომები: ხშირი ანგინა (წელიწადში სამჯერ და მეტად), კარდიორევმატული სინდრომი (სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, გულისმიერი ჩივილები), ხოლო გასინჯვისას სასის ტონზილებში ჩანს თხევადი ჩირქი.
ოპერაციის ჩვენებად მიიჩნევა სასის ტონზილების ისეთი გადიდება, რომელიც სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას იწვევს.
ტონზილექტომია ასევე ნაჩვენებია გულის მანკის დროს, რათა მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.
ოპერაციის საჭიროება დაავადების სიმძიმითა და ხარისხით განისაზღვრება. ოპერაცია უნდა ჩატარდეს, როცა მაღალია რევმატოიდული ფაქტორის მაჩვენებელი, შეინიშნება ცვლილებები გულის მუშაობაში, აშკარაა ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, რომლებიც, ფაქტობრივად, არ ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას. ოპერაციამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მწვავე რევმატოიდული პროცესი, ხოლო დადასტურების შემთხვევაში თავდაპირველად მისი მკურნალობა ჩატარდეს.
ხშირად გვესმის, რომ საქართველოში მეტისმეტად ადვილად წყვეტენ ნუშურების ამოკვეთის საკითხს. როგორია სხვა ქვეყნების სტატისტიკა?
ევროპაში ყოველწლიურად ოთხასი ათასზე მეტი ტონზილექტომია ტარდება. ლონდონის მოსახლეობის 33%-ს 14 წლამდე უკვე გაკეთებული აქვს ეს ოპერაცია. საქართველოს ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი მსოფლიო სტატისტიკას შეესაბამება.
ნუშურების განსაცდელი
ტონზილიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ტონზილიტი, იგივე ანგინა, მაღალი ტემპერატურით და ძლიერი ყელის ტკივილით ვლინდება. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექცია... მწვავე ტონზილიტს კონსერვატიულად ანუ წამლებით, ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობენ.
ქრონიკული ტონზილიტი ხშირად (წელიწადში 2-3–ჯერ) გამეორებადი მწვავე ტონზილიტის საბოლოო შედეგია. ის საშიშია, რადგან შესაძლოა, ორგანიზმის სხვა სისტემაც დააზიანოს და გამოიწვიოს გართულება – რევმატული (სახსრების ტკივილით დაწყებული, გულის მანკითა და ართრიტით დამთავრებული), კარდიული (გულის ტონების შეცვლა, ტაქიკარდია და სხვა) ნეფროლოგიური (თირკმელებზე სტრეპტოკოკული ინფექციის გავრცელება), საჭმლის მომნელებელი სისტემისა (ყველაზე ხშირად – ნაღვლის ბუშტის ანთებითი ცვლილებები) და სხვა.
რაზე მიგვანიშნებს ნუშურების გადიდება?
სასის ტონზილების ჰიპერტროფია უმეტესად ასაკობრივია, ფიზიოლოგიური, თუმცა შესაძლოა, მწვავე ტონზილიტის ან რომელიმე სხვა ინფექციური დაავადების გამოხატულებაც იყოს. ჰიპერტროფიულ ტონზილიტს, წესისამებრ, შველის კონსერვატიული მკურნალობა და ფიზიოთერაპია.
გაჭედილი ცხვირი
როდის ამოკვეთენ მხოლოდ ადენოიდებს?
ცხვირ–ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია უფრო მცირე ასაკში გვხვდება, ვიდრე ქრონიკული ტონზილიტი. მას ახასიათებს ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პირღიაობა, ძილის აპნოე, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში ჩაედინება. ეს ყველაფერი იწვევს შესაბამის გართულებებს: თანკბილვის დარღვევას, ქრონიკულ სინუსიტს, თავის ტვინის ჰიპოქსიას და სხვა. გართულების შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, თუნდაც ბავშვი სულ ორი წლისა იყოს. ტონზილების ამოკვეთა კი სამ–ოთხ წლამდე არ არის რეკომენდებული, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
თუ ბავშვს ცხვირით სუნთქვა უჭირს, მაგრამ ტონზილექტომიის ჩვენება არ დასტურდება, შეიძლება, მხოლოდ ადენოიდები ამოიკვეთოს. ჰელსინკის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში ჩატარებული კვლევის მონაწილე 2231 პაციენტიდან, რომლებსაც ტონზილები და ადენოიდები აწუხებდათ, 1049-ს ჩაუტარდა ადენოტომია, 888-ს – ტონზილექტომია, ხოლო 294-ს – ადენოტონზილექტომია.
როდის არ შეიძლება
გარდა ასაკისა, რა უკუჩვენება აქვს ტონზილექტომიას?
ტონზილექტომიის უკუჩვენებაა მწვავე დაავადება, ქრონიკული დაავადების გამწვავება, სისხლის დაავადება, მაგალითად, ანემია... აუცილებელია, ბოლო აცრიდან განსაზღვრული ხანი (2-6 თვე) იყოს გასული.
ხდება ისეც, რომ, მიუხედავად გართულებისა, ამა თუ იმ მიზეზით ოპერაციაზე უარის თქმა გვიწევს. ამ დროს უნდა ჩატარდეს ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც დროებით მოხსნის ინტოქსიკაციას და აღადგენს რევმატულ თუ კარდიულ ორგანოთა ფუნქციებს.
ოპერაციამდე
რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ოპერაციამდე, რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს პაციენტმა?
აუცილებელია წინასაოპერაციო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, სისხლის გამოკვლევა ვირუსებზე, სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის განსაზღვრა, ელექტროკარდიოგრამა, ალერგიული სინჯები, ასევე – სპეციალისტების (კარდიოლოგი, თერაპევტი ან პედიატრი, ალერგოლოგი, ანესთეზიოლოგი) კონსულტაციები, რომელთა შედეგადაც ირკვევა დამატებითი კვლევების აუცილებლობა.
ოპერაცია
რა ტიპის ანესთეზიას ენიჭება უპირატესობა?
ტონზილექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ენდოტრაქეული ანესთეზიითაც, თუმცა ბოლო ხანს ადგილობრივი ანესთეზიით ოპერაცია ძალიან იშვიათად ტარდება. ზოგადი ანესთეზია კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვისაც. თანამედროვე მედიკამენტები და კვლევის მეთოდები საშუალებას გვაძლევს, დავაზღვიოთ პაციენტი გართულებისგან როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე მის შემდეგ. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში პრაქტიკიდან თითქმის ამოღებულია ადგილობრივი ანესთეზიით ქირურგიული ჩარევა.
ოპერაცია რა მეთოდით ტარდება?
ტონზილექტომიის რამდენიმე მეთოდი არსებობს: ბლაგვი წესით, ელექტროკაუტერიზაციით, რადიოტალღებით, ლაზერით და კობლაციით.
გამოყენებულ მეთოდებს შორის სხვაობა შედეგის მიხედვით რამდენიმე კვირაში უკვე ძნელი გასარჩევია, თუმცა სხვადასხვანაირია რეაბილიტაციის პროცესი. მაგალითად, ჭრილობა ნაკლებმტკივნეულია და ყლაპვა – შედარებით ადვილი ლაზერისა და კობლაციის შემდეგ. ოპერაციის შემდგომი გართულებები კი ნებისმიერ შემთხვევაშია მოსალოდნელი და თითქმის არ არის დამოკიდებული ოპერაციის ტექნიკასა და მეთოდზე.
რამდენ ხანს აყოვნებთ ნაოპერაციებ ადამიანს კლინიკაში?
ოპერაციის შემდეგ პაციენტი ერთი დღე-ღამე რჩება ჩვენთან. ეს იმ ორკვირიან რეაბილიტაციასთან შეგუების პერიოდია, რომელიც ყველას ელის ოპერაციის შემდეგ. კლინიკის მორიგე ბრიგადა ეხმარება და ასწავლის პაციენტის მომვლელ ოჯახის წევრს პირველად დახმარებას ტკივილის, მაღალი სიცხის, ღებინების, სისხლდენის და სხვა გართულებების დროს.
რა წამლები ენიშნება პაციენტს კლინიკიდან გაწერის შემდეგ და რამდენ ხანს გრძელდება ოპერაციის შემდგომი მკურნალობა პრეპარატებით?
ოპერაციამდე ტარდება მოსამზადებელი მკურნალობა სისხლის შედედების გასაუმჯობესებელი მედიკამენტებით. მათი მიღება გრძელდება ოპერაციის შემდეგ კიდევ 7-10 დღე. ასევე ოპერაციის შემდეგ ინიშნება ანალგეზიური საშუალებები (გამაყუჩებლები), ანტიბიოტიკები და ადგილობრივი ანტისეპტიკები. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა ჩატარდეს დამატებითი მკურნალობაც.
სისხლდენა
რით შეიძლება გართულდეს ტონზილექტომია?
ტიპური გართულებებია სისხლდენა, დეჰიდრატაცია (სითხის შემცირება ორგანიზმში) და ინფექცია. სისხლდენა ყველაზე ხშირი და საშიშია. ის ნაოპერაციებ ბავშვთა 2-5%-თანაა მოსალოდნელი, ბლაგვი წესით ოპერირების შემდეგ – უფრო მეტად პირველ დღეებში, ხოლო სხვა მეთოდების გამოყენებისას – მერვე–მეცხრე დღიდან 2 კვირამდე.
როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება?
სისხლდენა უმეტესად გამოწვეულია პაციენტის უჭმელობით, დასუსტებით ან რეჟიმის დარღვევით. ჩვენ ყველა ნაოპერაციებ პაციენტს ვაძლევთ სამახსოვრო ფურცელს, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი ოპერაციის შემდგომი რეჟიმი, დიეტა და შესაძლო გართულებები. როცა პაციენტი (ბავშვი თუ მოზრდილი) ტკივილისა და უმადობის გამო დიეტის შესაბამისად არ იკვებება, სასის ტონზილარულ ნიშაში ჩნდება ნადები, რომელიც თანდათან სქელდება (ნორმალური კვების შემთხვევაში მას ლუკმები ჩამორეცხავს) და ხველების ან ჭამის დროს ერთბაშად სცილდება. ჭრილობა შიშვლდება და იწყება სისხლდენა. თუ ის უმნიშვნელოა, მცირედი ჩარევითაც შეჩერდება, მაგრამ თუ ძლიერია და ღებინება და საერთო სისუსტეც ერთვის, აუცილებელია სპეციალისტის დროული ჩარევა სტაციონარის პირობებში, ამიტომ ყველა პაციენტს ვაფრთხილებთ, ოპერაციიდან ორი-ოთხი კვირის განმავლობაში კლინიკის ახლოს იმყოფებოდნენ.
სისხლდენის თავიდან ასაცილებლად პაციენტები უნდა მოერიდონ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვას, სიცხესა და ინფიცირებულ გარემოში ყოფნას...
რაც შეეხება კვებას, პირველ დღეს აუცილებელია ცივი და გაყინული საკვების მიღება, მეოთხე დღემდე – გრილისა და თხელისა. მეოთხე დღიდან პაციენტმა უნდა მიიღოს დასაღეჭი, მაგრამ რბილი საკვები. ბავშვებს ძნელად ესმით, რომ, მიუხედავად ტკივილისა, ჭამა აუცილებელია, ამიტომ ვეცადოთ, ტკივილი რომელიმე ანალგეტიკით შევუმსუბუქოთ და მერე შევთავაზოთ საკვები. ტკივილს არ დაველოდოთ – წამალი მივცეთ საათობრივად, ზედიზედ 3–4 დღე, მე-4-5 დღიდან კი დავიწყოთ ყელში შესასხურებელი ანტისეპტიკის მიცემა, რომელიც ანესთეტიკსაც შეიცავს.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სისხლდენის შემთხვევაში?
მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს პირველი დახმარების წესები. უპირველეს ყოვლისა, უნდა წამოსვას ბავშვი და ნიკაპის ქვეშ ყინული მიადოს, აჭამოს ნაყინი, ყელში გამოავლოს მაცივარში ნადგამი წყალი, მერე კი აუცილებლად წაიყვანოს იმ კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუ პაციენტი მეტისმეტად სუსტადაა, ფეხზე დგომა უჭირს, თავბრუ ეხვევა და თვალთ უბნელდება, გვერდზე – აუცილებლად გვერდზე! – უნდა დავაწვინოთ და მხოლოდ ღებინების შემთხვევაში წამოვაყენოთ.
კიდევ რა
ოპერაციის სხვა გართულებებია გახანგრძლივებული ღებინება და პარაფარინგეალური აბსცესი. ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათია. ამ დროს ავადმყოფი კისრის მიდამოში უჩივის მოძრაობის შემზღუდველ ძლიერ ტკივილს, უწევს სიცხე.
კიდევ რა თავისებურებები ახასიათებს რეაბილიტაციის პერიოდს?
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია 2-3 კვირა გრძელდება. ხშირად ტემპერატული რეაქციაც ხანგძლივდება. თუ ტემპერატურა 2 კვირის განმავლობაში არ ასცდა 38*-ს, მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული. ამ პერიოდში პაციენტი თავისუფლდება სამსახურიდან და, საზოგადოდ, თავს არიდებს ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას, იცავს რეჟიმს და დიეტის მიხედვით იკვებება. მას უწესდება ამბულატორიული მეთვალყურეობა. გასინჯვისას ექიმი ამოწმებს სასის ტონზილურ ნიშებში არსებული ნადების სისქეს, რის მიხედვითაც გასცემს შემდგომ რეკომენდაციებს.
მოსალოდნელია თუ არა ხმის შეცვლა ოპერაციის შემდეგ?
ტონზილექტომიის შემდეგ ხმა არ იცვლება. საქმე ის არის, რომ ხმა ხორხის მიდამოში წარმოიქმნება, ხოლო სასის ტონზილები პირ–ხახაში, ენის ძირთან მდებარეობს. ის, რაც ხმის შეცვლად გვეჩვენება, დროებითია და გამოწვეულია, ერთი მხრივ, ყელის ტკივილით, მეორე მხრივ კი ადენოიდებისგან ცხვირ–ხახის გათავისუფლებით.
როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოზრდილებთან?
მოზრდილებს ბავშვებზე ხშირად აწუხებთ სისხლდენა და ბავშვებზე მეტად სტკივათ ყელი, რის გამოც ჭამაზე უარს ამბობენ, ეს კი, თავის მხრივ, რეაბილიტაციის პერიოდის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
ოპერაციიდან რამდენი ხნის შემდეგ შეეძლება პაციენტს, ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდეს?
ოპერაციის შემდგომი შეზღუდვა იმაზეა დამოკიდებული, რა პროფესიისაა პაციენტი და რა ტიპის ფიზიკური დატვირთვა უწევს. მაგალითად, დაძაბვა, მძიმე ტვირთის აწევა, ფეხით სიარული, სიმღერა ერთი თვის განმავლობაში იკრძალება.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"