Plasmon
რატომ “არ გვყოფნის” თირკმელი

თარიღი: 25 იანვარი, 2022

თირკმელების გამართულ მუშაობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მათი ფუნქციის მოშლას შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

თირკმელების ქრონიკული დაავადება იმით არის საყურადღებო, რომ დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მაშინღა იჩენს თავს, როცა მდგომარეობა უკვე მძიმეა.

რისთვის არსებობს თირკმელები
ეს წყვილი ორგანო სისხლს ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო ნარჩენებისგან ასუფთავებს, რომლებსაც შემდეგ შარდის სახით გამოაძევებს გარეთ. გარდა ამისა, მონაწილეობს ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი) და სხვა ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნებაში, არტერიული წნევის რეგულირებაში, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაშიც კი.

თირკმელებში სისხლის გაფილტვრაზე პასუხს აგებენ სპეციალური სტუქტურები – ნეფრონები. ნორმალური თირკმელი 700 000-დან 1 მილიონამდე ნეფრონისგან შედგება. ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ამცირებს მოფუნქციე ნეფრონების რაოდენობას ან ასუსტებს მათ ფუნქციას, დროთა განმავლობაში თირკმელების ქრონიკულ დაავადებამდე მივყავართ.

რა არის თირკმელების ქრონიკული დაავადება
თირკმელების ქრონიკული დაავადებისთვის დამახასიათებელია თირკმლის ფუნქციის ნელი და პროგრესირებადი დაქვეითება. მას თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასაც უწოდებენ. ადრეულ სტადიაზე, წესისამებრ, თითქმის შეუმჩნეველია და როცა პაციენტი ხვდება, რომ ექიმთან მისვლის დროა, თირკმელების მეოთხედიღა რჩება მოფუნქციე.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ორგანიზმში სახიფათო რაოდენობით გროვდება ნივთიერებათა ცვლის მავნე ნარჩენები და სითხე, ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი და ვითარდება გართულებები.

რა იწვევს
თირკმელების პროგრესირებადი დაზიანება უმეტესად ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქრონიკული დაავადების შედეგია. ეს შეიძლება იყოს:

• შაქრიანი დიაბეტი;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• საშარდე გზების დახშობა, რაც აფერხებს შარდის ნორმალურ დენას და იწვევს მის უკუდენას შარდის ბუშტიდან თირკმელებში (შარდისბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი). შედეგად თირკმელებზე წნევა იზრდება და წყვილი ორგანო ზიანდება (საშარდე გზების დახშობა, თავის მხრივ, შესაძლოა პროსტატის გადიდებით, თირკმლის კენჭებით ან სიმსივნით იყოს გამოწვეული);
• უშუალოდ თირკმლის დაავადებები – პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი ან პოლიცისტოზი;
• ავტოიმუნური დაავადებები (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა).

თირკმელების დაზიანება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტოქსინებმა (საწვავი, ტყვია), ორსულობის დროს ნაყოფის განვითარების დარღვევამ, ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების) გადაჭარბებულმა მოხმარებამ, ნარკოტიკულმა ნივთიერებებმა, თირკმელების ფიზიკურმა ტრავმამ.

რისკის ფაქტორები
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების ალბათობა უფრო დიდია სიმსუქნის, მწეველობის, ათეროსკლეროზის, დაავადების ოჯახური ისტორიის, შარდში ცილის ფონზე. გავლენას ახდენს ასაკიც.

როგორ ვლინდება
თირკმელების ქრონიკული დაავადება, მწვავესგან განსხვავებით, ნელა პროგრესირებს. მაშინაც კი, როცა ერთი თირკმელი მუშაობას წყვეტს, მეორე თავის თავზე იღებს მთელ დატვირთვას. დაავადებულთა უმეტესობა ხშირად არაფერს უჩივის, სანამ თირკმელების დაზიანება შეუქცევადი არ გახდება. ზოგჯერ პირველი სიმპტომი შეშუპებაა, უმეტესად – ტერფებისა და კოჭებისა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი პროგრესირებს, ავადმყოფთა უმეტესობა შარდს ნორმალური ან ოდნავ შემცირებული რაოდენობით გამოყოფს. დაავადების დამძიმების კვალდაკვალ იწყება მთელი ქვედა კიდურების შეშუპება, სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება (ჰიპერკალიემია), ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), რაც, თავის მხრივ, სისუსტესა და სხვა სიმპტომებს იწვევს, კუნთების კრუნჩხვა ღამღამობით, თვალების შეშუპება დილაობით, ქავილი, შარდვის გახშირება, განსაკუთრებით – ღამის საათებში, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთანაც (ხშირია უნაყოფობაც).

თირკმელების უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს ურემიული სიმპტომები: უმადობა, გულისრევა, ღებინება, გულის პერანგში სითხის დაგროვება. მოსალოდნელია მენტალური სტატუსის ცვლილებაც (ძილიანობიდან და გულყრებიდან კომამდე).

გართულებები
თირკმელების ქრონიკული დაავადება ორგანოთა თითქმის ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას და გართულებებიც, შესაბამისად, მრავალფეროვანია: სითხის შეკავება, კანის სიმშრალე და ფერის ცვლილება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ანემია, ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მატება), რომელიც გულის მუშაობას უქმნის საფრთხეს, ოსტეომალაცია – ძვლების გამყიფება რის შედეგადაც იმატებს მოტეხილობის რისკი, პერიკარდიტი – გულის პერანგის ანთება, ორსულობის გართულებები.

დიაგნოზი
დიაგნოზი ეფუძნება რამდენიმე ანალიზს. ყურადღება ექცევა გამომწვევ მიზეზს.

გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის საფუძველზე აფასებენ თირკმელების ფუნქციას და მათი დაზიანების სიმძიმეს, ადგენენ თირკმელების ქრონიკული დაავადების სტადიას. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე გვიჩვენებს, რა რაოდენობის სისხლს ფილტრავს თირკმელები ერთ წუთში. ჯანმრთელი ადამიანისთვის მაჩვენებელი 90 მლ-ზე მეტია. ყველაზე ხშირად მისი გამოთვლა სისხლში კრეატინინის დონის მიხედვით ხდება. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება დაავადების დამძიმებაზე მეტყველებს, მომატება კი, პირიქით, თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესებაზე.

სისხლის ანალიზით ფასდება ნარჩენი პროდუქტების – კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის – დონე. მათი მატება თირკმელების ფუნქციის გაუარესებაზე მიუთითებს.

შარდის ანალიზით ადგენენ მასში სისხლის ან ცილის არსებობას. შარდში ცილის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება თირკმელების ქრონიკული დაავადების ნიშანი იყოს, განსაკუთრებით – დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებთან.

გამოსახულებითი კვლევით (კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფია) არკვევენ, არის თუ არა საშარდე ტრაქტში ობსტრუქცია (დახშული ადგილი), თირკმელებში კი – კენჭები ან სხვა პათოლოგია, მაგალითად, დიდი რაოდენობისა და ზომის ცისტები, რაც თირკმის პოლიცისტური დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.

თირკმლის ბიოფსია გულისხმობს თირკმლიდან მცირე ზომის ქსოვილის აღებას და მიკროსკოპის ქვეშ შესწავლას. ასე ადგენენ ქსოვილის პათოლოგიას, რომელიც შეიძლება თირკმლის დაავადების მიზეზი იყოს.

მკურნალობა
უპირველეს ყოვლისა, მიზეზია გასარკვევი. ზოგჯერ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, მაგალითად, იმ მედიკამენტების შეწყვეტით, რომლებიც თირკმელების ფუნქციას ვნებს. ვინაიდან სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების თავიდან აცილება და დაავადების პროგრესის შენელებაა. მედიკამენტური თერაპია გულისხმობს ანემიის მკურნალობას, ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებას. ვინაიდან თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს ორგანიზმიდან ფოსფატები სათანადო რაოდენობით ვეღარ გამოიყოფა, პაციენტებს ურჩევენ ფოსფორის შემცველი საკვების შემცირებას (ასეთებია წითელი ხორცი, რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზი). მკურნალობის საფუძველი კი ის მედიკამენტებია, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ფოსფატების შეწოვას აფერხებს.

არტერიული ჰიპერტენზია დაავადებულთა 80-85%-თან გვხვდება. თირკმელების დასაცავად და დაავადების პროგრესის შესანელებლად წნევის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა საჭირო. ამისთვის საუკეთესოდ მიიჩნევა ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები. ისინი შარდში ცილის რაოდეობასაც ამცირებენ. კანის ქავილის შესამცირებლად ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (იბუპროფენი, ასპირინი) კი პაციენტი უნდა ერიდოს.

ქრონიკული დაავადების უკანასკნელ სტადიაზე, როცა ვითარდება თირკმელების სრული უკმარისობა, დღის წესრიგში დიალიზის ან თირკმლის გადანერგვის საკითხი დგება. დიალიზის დროს სისხლიდან ხელოვნურად გამოაქვთ ნარჩენი პროდუქტები და ზედმეტი სითხე. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი:

• ჰემოდიალიზი – ამ დროს პაციენტის სისხლი გაივლის სპეციალურ მანქანაში, დიალიზატორში (ე.წ. ხელოვნური თირკმელი), იწმინდება და ისე უბრუნდება მიმოქცევას;

• პერიტონიული დიალიზი. ამ დროს სისხლის გასაფილტრავად იყენებენ მუცლის ღრუს ამომფენ გარსს – პერიტონეუმს. ასეთ დიალიზს პაციენტი თვითონვე იტარებს შინ, ოღონდ ჰიგიენის ზედმიწევნითი დაცვით. მცირე ზომის განაკვეთიდან ქირურგი მუცლის ღრუში დგამს რბილ მილს – კათეტერს, რომლითაც შემდეგში ხდება სადიალიზო ხსნარის ცვლა. პაციენტი თავად უშვებს სითხეს მუცლის ღრუში და თავადვე ცლის მუცლის ღრუს ნარჩენი პროდუქტებით გაჯერებული ხსნარისგან.

არსებობს პერიტონიული დიალიზის გაუმჯობესებული ვერსია, რომლის დროსაც შესული და გამოსული სითხის ოდენობას სპეციალური მოწყობილობა არეგულირებს.

თირკმლის ტრანსპლანტაცია გულისხმობს დაავადებულის ორგანიზმში დონორის ჯანმრთელი თირკმლის გადანერგვას. ასეთი ოპერაციის შემდეგ ადამიანს მთელი სიცოცხლე მოუწევს გარკვეული მედიკამენტების მიღება, რათა ორგანიზმმა ახალი ორგანო არ მოიცილოს. სამაგიეროდ, აღარ დასჭირდება დიალიზი.

ორსულებს ჰემოდიალიზი კვირაში 6-7-ჯერ უტარდებათ. 

კვების რაციონი
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს: ცილის შეზღუდვას, რასაც შეუძლია, რამდენიმე წლით გადაავადოს დიალიზის საჭიროება; მარილის შეზღუდვას არტერიული წნევის კონტროლისთვის; ფოსფორისა და კალიუმის შემცველი საკვებისთვის თავის არიდებას; ისეთი მედიკამენტების შეზღუდვას, რომლებსაც კალიუმის დონის აწევა შეუძლია.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ D ვიტამინის უკმარისობაც, რაც ძვლებისთვის საზიანოა. საჭიროა მისი დამატებითი მიღება მზის აბაზანების საშუალებით, საკვებთან ერთად ან დანამატების სახით.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებმა ფრთხილად, ექიმთან შეთანხმებით უნდა არეგულირონ მისაღები სითხის ოდენობა.