Plasmon
რატომ იტყუებიან ბავშვები

თარიღი: 04 ივლისი, 2020

ბავშვები ზოგჯერ იტყუებიან, მშობლები განიცდიან, ნერვიულობენ და უმეტესად უჯავრდებიან მათ ტყუილების გამო. რატომ ქმნიან ბავშვები ალტერნატიულ რეალობებს და რისი თქმა სურთ მათ ამ დროს –   ი.ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის ბავშვთა თერაპევტი – თინათინ ქართველიშვილი გვესაუბრება მშობლებისთვის საინტერესო საკითხზე. 

 

ტყუილი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. რატომ იტყუებიან ბავშვები და რა მიზანი აქვს მათ მცდელობას სხვაგვარად წარმოაჩინონ რეალობა?
ტყუილი ქცევის ფორმაა, რომლის დროსაც რეალობა მიზანმიმართულად მახინჯდება სასურველი შედეგის მიღწევის ან უსიამოვნების თავიდან არიდების მიზნით. ბავშვის ტყუილის მოტივებიც ამგვარია, თუ ეშინია დასჯის, სურს სხვების კეთილგანწყობის მოპოვება, მეგობრის ან პირადი სივრცის დაცვა და ა.შ, შესაძლოა, ტყუილი გამოიყენოს მიზნის მიღწევისთვის. 

ამ საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებულია ასაკობრივი ფაქტორი, იგულისხმება, რომ ბავშვები დაახლოებით 4-5 წლის ასაკის ჩათვლით ფანტაზიასა და რეალობას ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ. მათ მოსმენილი და რეალურად მომხდარი ამბავი შეიძლება ერთმანეთში აურიონ, გააერთიანონ ისინი და თავისდაუნებურად უამრავი ტყუილი თქვან, შექმნან სრულიად ახალი, ალტერნატიული რეალობა. 

 

რა ასაკამდე შეიძლება მივიჩნიოთ ტყუილი უწყინარ  ქცევად?
როგორც აღვნიშნე, დაახლოებით 6 წლამდე ასაკამდე ბავშვებს უჭირთ რეალობისა და ფანტაზიის გამიჯვნა, რადგან ამ პერიოდში ბავშვის წარმოსახვის უნარი განვითარების პიკშია. ფანტაზიის ნაყოფი იმდენად ნათელი და შთამბეჭდავია, რომ ჭირს მისი რეალობისგან დიფერენცირება. შესაბამისად, სკოლამდელ ასაკში ბავშვის მიერ მოყოლილი არაზუსტი ამბავი ფანტაზიის ნაყოფია და არა განზრახ მოტყუების მცდელობა. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკში ბავშვებს სჯერათ, რომ თოჯინები საუბრობენ, ფერიები არსებობენ, საწოლის ქვეშ შეიძლება ზღაპარში მოსმენილი მონსტრი იმალებოდეს და ა.შ. ისინი სრული სერიოზულობით ყვებიან, როგორ გაებუტათ თოჯინა, იმის გამო, რომ ახალი კაბა არ ჩააცვეს, ასევე თავად სჯიან მათ თუ საჭმელი არ ჭამეს და ა.შ.

 

მშობლებს შვილების ტყუილებთან დაკავშირებით ხშირად ხისტი რეაქცია აქვთ, უბრაზდებიან, სჯიან მათ.  როგორი უნდა იყოს მშობლის სწორი რეაქცია, როდესაც ბავშვი იტყუება?
ბავშვის ტყუილზე რეაგირებისას უფროსებმა, პირველ რიგში, ბავშვის ასაკი და განვითარების ეტაპი უნდა გაითვალისწინონ, რათა მისი გათვალისიწინებით შეძლონ მიზანმიმართული ტყუილისა და უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფის ერთმანეთისგან დიფერენცირება. ამასთან, აუცილებელია, დააკვირდნენ ტყუილის კონტექსტს და ფორმას, ანუ რას და როდის იტყუება ბავშვი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვის ტყუილის ერთ-ერთი განმსაზღვრელი შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა იყოს. შესაბამისად, ამგვარი ტყუილის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვს შესთავაზოს ქცევის ალტერნატივა, როგორ შეიძლება მოგვარდეს გარკვეული პრობლემა ტყუილის გარეშე. გარდა ამისა, აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს მშობლის/უფროსის იმედი და არა შიში, რადგან თუ ბავშვს მშობლის ეშინია, ჯანსაღი კომუნიკაცია ვერ შედგება და ტყუილთან არსებული სირთულეებიც გამწვავდება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, მშობელმა აჩვენოს ბავშვს, რომ ენდობა მას, მიუხედავად დაშვებული „შეცდომებისა“. მოტყუებისას აგრძნობინოს მხარდაჭერა, დახმარების მზაობა და არასოდეს უწოდოს „მატყუარა“. ტყუილის აღიარების შემთხვევაში, აუცილებელია, მისი გულწრფელობა, თუნდაც ცუდი ქცევის ფონზე, შეაქოთ, რადგან ამ გზით შეძლებთ, ბავშვის პიროვნული თვისებების და ქცევის გამიჯვნას.

 

როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა, რას ურჩევდით  მშობლებს?
მნიშვნელოვანია, ბავშვმა პატარა ასაკიდანვე იცოდეს მართლზომიერი და არამართლზომიერი ქმედებების, მათ შორის ტყუილის, ნეგატიური შედეგების შესახებ. ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, საუკეთესო მაგალითს და მისაბაძ ობიექტს უფროსები, განსაკუთრებით კი მშობლები წარმოადგენენ.  

ტყუილთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, მშობლის დახმარება ნდობის მნიშვნელოვნების გააზრებაში უდიდესია. ამიტომ თავადაც არასდროს დაპირდეთ იმას, რასაც ვერ შეუსრულებთ, არასდროს მოატყუოთ, აღიარეთ თქვენი შეცდომები, მოიხადეთ ბოდიში და ა.შ. 

ამასთან აუცილებელია, ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რომ როგორც უნდა მოიქცეს, უმჯობესია არ დაუმალოს   მშობელს/უფროსს ამის შესახებ. ამგვარ კონდინციამდე კი ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა ვერ მივა, თუ მშობლის რეაქცია ბავშვის ტყუილებზე ან შეცდომებზე  მუდმივად ნეგატიური იქნება, რადგან ამის გავლენით მომავალში ის უკეთ ეცდება, დაგვიმალოს ჩადენილი “დანაშაული’’ და ამასთან ბავშვსა და მშობელს შორის კომუნიკაციის სირთულეებიც იჩენს თავს.  ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია კი უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც,  პატარა ასაკიდანვე მისი პიროვნული ავოტონომიურობის პატივისცემა და დიალოგის რეჟიმში პრობლემების გადაჭრა, დირექტიული ტონი და ჩხუბი კი სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. შესაბამისად, თუ ბავშვის საქციელმა/ტყუილმა ძალიან გაგვაბრაზა, ჯობს, მასთან საუბარი გადავდოთ იმ დრომდე, სანამ ვერ შევძლებთ საკუთარი ემოციების მართვას და მასთან მშვიდად საუბარს. 

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ  ბავშვი განვითარების პროცესში დაისწავლის და ხვეწს ქცევის სხვადასხვა პატერნს, რომლებიც მას განსხვავებული მიზნის მიღწევაში ეხმარებიან. ქცევის ნიმუშების ჩამოყალიბებასა და ამ ქცევის შემდგომი გამოვლენის ალბათობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოს (ამ შემთხვევაში, მშობლების, უფროსების, თანატოლების და ა.შ.) რეაქცია, პასუხი ბავშვის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქცევაზე. შესაბამისად, მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ბავშვების მხრიდან ტყუილების თქმის მინიმუმამდე დაყვანის მიმართულებით.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის ძალისხმევა არაა საკმარისი და ბავშვი იტყუება სისტემატიურად, უმიზეზოდ და  ამას აქვს სერიოზული ხასიათი, რომ ზიანს აყენებს თვითონ ბავშვს, სასურველია მიმართოთ სპეციალისტს.