Plasmon
როდის იწყება მშობელსა და შვილს შორის უთანხმოება

თარიღი: 07 მარტი, 2018

მშობლების და შვილების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ზოგჯერ  ამ ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები. მშობლების უმრავლესობისთვის მათი შვილების მოზარდობის ხანა ცხოვრების რთულ ეტაპად ითვლება. მოზარდები იწყებენ იმ ფასეულობების გადაფასებას, რაც აღზრდის პროცესში წლების მანძილზე მშობლებმა მიაწოდეს. ამ პერიოდში  ხშირია მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს ტენდენცია პირველ შვილსა და მშობელს შორის უფრო მკვეთრია ვიდრე მომდევნო შვილებსა და მშობელს შორის. გვესაუბრება ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი, თსუ–ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი, თამარ გაგოშიძე.

 

როდის იწყება უთანხმოება შვილებსა და მშობლებს შორის?

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად უთანხმოების პროცესი ჩანს გარდამავალ, გარდატეხის ასაკში. ამ დროს მოზარდის პიროვნული ზრდა მიმდინარეობს, აქვს ბევრი კითხვა და ეძებს მათზე პასუხებს, ხდება მანამდე არსებული ფასეულობების გადაფასება. თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ეს პროცესი მწვავედ მიმდინარეობს, თუმცა ფსიქოლოგის თქმით, გარდამავალ პერიოდამდე ბავშვი რამდენიმე ეტაპს გადის და აუცილებელია მშობლებმა სწორედ ამ ეტაპებზე გაამახვილონ ყურადღება.

 

„გარდატეხის ასაკი იწყება 11 წლიდან, თუმცა რა ხდება 11 წლამდე, მშობლებმა სწორედ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. მნიშვნელოვანი ასაკია 3 წელი, 2-3 წლის ბავშვმა ძალიან კარგად იცის რა უნდა გარესამყაროსგან, თუმცა ხშირად მშობელი არ თვლის, რომ 3 წლის ბავშვი პიროვნებაა, აქვს თავისუფალი ნება და არჩევანი, ამიტომ მის ნაცვლად იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, რაც არასწორია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

რა შეცდომას უშვებს მშობელი ბავშვის აღზრდის დროს?

მშობლები ცდილობენ, რომ 3 წლის ასაკში ბავშვის თავისუფალი ნება არ შეუზღუდონ და ყველაფრის უფლებას აძლევენ, ხოლო გარდატეხის ასაკში პირიქით, შეზღუდვებს უწესებენ. ფსიქოლოგის თქმით, ეს მიდგომა არასწორია. შეზღუდვა და ჩარჩოს დადება სჭირდება 1-4 ასაკამდე ბავშვს. „3 წლის ბავშისთვის ავტორიტეტი მშობელია, 12 წლის ბავშვისთვის კი – არა. არასწორია, როდესაც ბავშვს აძლევენ თითქოს ყველაფრის უფლებას, თუმცა საბოლოდ მაინც მის ნაცვლად იღებენ გადაწვეტილებას, მაგალითად, რა ჩაიცვას, რა ჭამოს…მშობლებს გონიათ, რომ თავისუფლებას აძლევებ ბავშვს, ამ დროს კი რეალურად უზღუდავენ თავისუფალ ნებას. გამოსავალი შემდეგშია, ბავშვს უნდა დავუდოთ გარკვეული ჩარჩო, მაგრამ მივცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება, ჩარჩოს დარღვევის შემთხვევაში ეცოდინება, რომ შედეგები იქნება განსხვავებული“, – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

 

რა ფაქტორი იწვევს უნდობლობას მშობლებს მიმართ?

მოზარდის გარდამავალი ასაკი იქნება ისეთი, როგორი ბავშვობაც გაიარა მან. ხშირად მშობლებს არ სცალიათ, დაღლილები არიან, ვერ უსმენენ შვილებს. „როდესაც ბავშვს უნდა ლაპარაკი და მშობლებმა ვერ მოუსმინეს, არ ეცალათ მისთვის, ასეთ დროს მას  უყალიბდება უნდობლობა მშობლის მიმართ. თუ ვერ იქნებით ბავშობის ასაკში თქვენი შვილების ემოციების კონტეინერი, აუცილებლად მიიღებთ უნდობლობას გარდამავალ ასაკში. ბავშვის აღზრდაში მშობლების გარდა, ხშირად ოჯახის სხვა წევრები ერევიან, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ოჯახის წევრებს უნდა ქონდეთ ერთი სტრატეგია, თუნდაც არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, აუცილებელია ბავშვმა დაინახოს, რომ ყველა არის ერთ პოზიციაზე. ნდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ბავშვი ვერ გაიზრდება სრულფასოვნად პიროვნებად, თუ არ აქვს სხვა ადამიანების ნდობა და უსაფრთხოების განცდა”.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ბავშვებმა არ იციან დახმარების თხოვნა, ასე კი მათ მშობლები ზრდიან, რომლებსაც გონიათ რომ დახმარების თხოვნა სისუსტეა. ფსიქოლოგის თქმით, ეს მიდგომა არასწორია.

 

7 რჩევა თამარ გაგოშიძისგან:

1. პატარაობიდანვე არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცით თქვენ შვილს. ეს უნდა იყოს შეზღუდული არჩევანი 2-3 ვარიანტს შორის. ეს შეიძლება იყოს საკვებთან, სათამაშოსთან, ტანსაცმელთან, წიგნებთან, გასართობ ადგილებთან დაკავშირებით. ასე ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე.

2. პატივი ეცით ბავშვს და ნუ დაამცირებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება უნდა მისცეთ. ბავშვისთვის წესების დაწესება და დისციპლინა მის დამცირებასა და მასზე ძალადობას არ ნიშნავს.

3. როდესაც ბავშვისგან რაიმეს მოითხოვთ, ელაპარაკეთ მშვიდი ტონით და პირველ პირში, ბრალდებებისა და შეფასებების გარეშე, არ იყვიროთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ქცევა ბავშვისთვის ნიმუშია. საუბარს იწყებთ: „მე მინდა, რომ….“

4. თავი შეიკავეთ მცირეწლოვანი ბავშვის დაშინებისგან, მისი მიუღებელი ქცევის დროს, დაუშვებელია ბავშვს უთხრათ, რომ მისი დედა აღარ იქნებით, რომ სადმე ჩააბარებთ, რომ წაიყვანს გუდიანი კაცი ან პოლიცია.

5. თავი შეიკავეთ ბავშვის შეფასებისაგან და ისეთი ეპიტეთებისგან, რაც ამცირებს ბავშვს, დაუშვებელია ბავშვს უთხრათ, რომ ზარმაცია, უინტერესოა, გაუგებარი და მიუხვედრელია და ა.შ.

6. თქვენთვის სასურველი ქცევის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს დაწესებული მკაფიოდ ფორმულირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ბავშვმა უნდა შეასრულოს. ამავე დროს, ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს რა მოელის, თუ არ შეასრულებს წესს. მისთვის ეს შეიძლება იყოს გასეირნებაზე, საყვარელ ტკბილეულზე, სათამაშოზე, კომპიუტერზე თამაშზე მცირე ხნით უარის თქმა. როდესაც შეასრულებს წესს, მას ეს პრივლეიგიები დაუბრუნდება. ბავშვი, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ითხოვს პროგნოზირებად, სტრუქტურირებულ გარემოს, სადაც წინასწარ იცის რა მოხდება და ვინ როგორ მოიქცევა. ასეთ სიტუაციაში არც ბავშვი აწყობს ისტერიკას და არც მშობელი ყვირის.

7. მოიცალეთ 20 წუთი და განეწყვეთ ბავშვთან სასაუბროდ. მშობლები ძირითადად ბავშვებს ეკონტაქტებიან მაშინ, როდესაც მათგან რაიმეს მოითხოვენ, ან როდესაც შენიშვნას აძლევენ, ან რაიმეს ყიდულობენ. ეს 20 წუთი უნდა იყოს მშვიდი საუბარის დრო ბავშვთან მის მიერ გატარებულ დღესთან დაკავშირებით – რა გაუხარდა იმ დღეს, რა ეწყინა, რა გადახდა თავს. იმისათვის, რომ ბავშვი მიეჩვიოს თქვენთვის თავისი ამბების გაზიარებას, თქვენ მიეცით მაგალითი – მარტივად და ზოგადად მოუყევით როგორი იყო თქვენი დღე – რა გაგიხარდათ, რა გეწყინათ. მაგ, უფროსმა შენიშვნა მომცა და მეწყინა, რთული საკითხი მქონდა გადასაწყვეტი, გავაკეთე ეს საქმე და ძალიან ამაყი ვარ, მამამ დამირეკა და გამიხარდა. ეს უნდა იყოს გულწრფელი ტექსტი და შემდეგ ბავშვმაც იგივე უნდა გააკეთოს. არ დააძალოთ, თუ ვერ ახერხებს თქვენთვის გაზიარებას. თქვენი მაგალითით, მიეჩვევა, გენდობათ და თვითონაც გაგიზიარებთ. არ შეაფასოთ ბავშვი, როდესაც რაიმეს გიყვებათ, მხოლოდ მოუსმინეთ და ღია კითხვები დაუსვით, ან გამოხატეთ და დააფიქსირეთ ემოცია: გაბრაზდა? შენ გეწყინა? ასე ბავშვი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, გენდობათ და შემდგომში უკვე თავისუფლად შეძლებთ ბავშვთან მისი ქცევის განხილვას.

წყარო: http://fortuna.ge