Plasmon
როდის სჭირდება პაციენტს კლინიკაში გადაყვანა და რატომ არ უნდა შეფასდეს ფილტვის დაზიანება მხოლოდ ქულებით

თარიღი: 06 სექტემბერი, 2021

რა დროს სჭირდება კოვიდ ინფიცირებულ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია. როგორ ფასდება ფილტვის დაზიანება და რას გვეუბნება ქულები. როგორ ხანგრძლივდება კოვიდი და რა კავშირი აქვს ამას პაციენტის ავადობის ხანგრძლივობასთან. ვინ წარმოადგენს დამძიმების რისკ-ჯგუფს და რა როლს თამაშობს ვაქცინაცია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე  თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ინტერნისტმა და პულმონოლოგმა ლიზა გოდერძიშვილმა ისაუბრა. ამ ეტაპზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ჰიბრიდული კლინიკაა, რომელიც 100 საწოლით უზრუნველყოფს კოვიდის მართვას ქვეყანაში . კლინიკაში კოვიდ პაციენტების მართვაში, მიმღები და გადაუდებელი ცენტრი, თერაპიული განყოფილება და რეანიმაციული მიმართულებაა ჩართული.

 

ქალბატონო ლიზა დავიწყოთ იმით, როდის სჭირდება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია?

პაციენტის მდგომარეობის დამძიმება, პირველ რიგში, გამოიხატება სუნთქვის უკმარისობის ნიშნებით. ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმდება. სუნთქვის უკმარისობას ვაფასებთ ქოშინით, სატურაციით, თუმცა უნდა ითქვას, რომ სატურაციასაც სწორი შეფასება სჭირდება. სუნთქვის უკმარისობა არის კარდინალური ნიშანი იმისა, რომ პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. სანამ პაციენტი აქამდე მივა, არსებობს კიდევ ფაქტორები, რომლებიც ზრდის ამ გართულების რისკს. ეს გახლავთ ადამიანები კოვიდის მძიმე მიმდინარეობის რისკ-ფაქტორებით. ესენი არიან პაციენტები 65 წელს ზევით, ასევე ისინი, ვისაც აქვთ ბევრი ქრონიკული დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია და გულის სხვა დაავადებები. ამას მოსდევს ფილტვის დაავადებები, რომლებიც ამცირებს ფილტვის სასუნთქ ზედაპირს, ავტოიმუნური დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები. ძალიან ხშირია სიმსუქნის,დიაბეტის და გულის დაავადებების ერთად არსებობა. პაციენტების უმრავლესობა ჭარბ წონას, სიმსუქნეს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ისევე როგორც დიაბეტს. არადა ამ დროს წონისა და გლუკოზის კონტროლი აუცილებელია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წნევის კონტროლიც, რადგან ეს ტანდემი ხშირად ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას.

 

რატომ ხდება, რომ ბოლო დროს მძიმდებიან ახალგაზრდა პაციენტები, რომლებსაც არ აღენიშნებათ თანმხლები დაავადებები?

რასაკვირველია, ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ მცირეა. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე, იმდენნაირი ორგანიზმია. როგორ პასუხს გასცემს ორგანიზმი ვირუსით ინფიცირებას, ამის 100 პროცენტით განსაზღვრა არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გამოვყოფთ რისკ-ჯგუფებს, ისინი უფრო ხშირად მძიმდებიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვირუსი სწორედ იმიტომ აის მძიმე და არაპროგნოზირებადი, რომ მისი მოქმედება ცვლის ორგანიზმის იმუნურ პასუხს, იგივე ციტოკინური შტორმი, ფილტვის დაზიანება, რომელიც არაა ჩვეულებრივი ფილტვების ანთება, ეს აბსოლუტურად სხვა რამაა. ვირუსი აზიანებს ორგანიზმის ბევრს ორგანოს და ყველა დონეზე შეუძლია დაზიანების გამოწვევა. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ადამიანის პასუხიც კი შეცვალა ვირუსმა, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. ბოლო გაიდლაინებით, დაბალი რისკის მქონე ადამიანებად გამოყვეს 20 წლის ქვემოთ მყოფი ახალგაზრდები, 20 დან 65 წლამდე აღმოჩნდნენ საშუალო რისკის მქონე ის ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ.

 

დღეს ყველა სვამს კითხვებს ფილტვის დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელიც კავშირშია ქულებთან, რას გვეუბნება მაღალი ქულები?

ქულებთან დაკავშირებით ექიმებს ჩვენი მოსაზრება გვაქვს. ჯერ ერთი, ფილტვის დაზიანების მარტო ქულებით შეფასება არ შეიძლება. სიმძიმეს ქულებს ვერ მივაბამთ. არსებობს მცირე, საშუალო და მძიმე დაზიანება. ხშირად კითხულობენ, პაციენტი შემოვიდა 5 ქულით და ახლა რატომ აქვს 20 ქულა? ეს პროცესი მიდის დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ჩვენ ამ ქულებს ვერაფრით ვერ გავაჩერებთ, თუ ორგანიზმი არ დაგვემორჩილა. ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ეს არის პათოლოგიური ანთებით გამოწვეული პროცესი. ეს არის იმ ტიპის დაზიანება, რომელიც არ ჰგავს კლასიკურ ფილტვის ანთებას. რომელიც ძალიან ადვილად იწვევს მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს, ეს კი არის ის დაზიანება, როდესაც ზიანდება ალვეოლის ქსოვილი, სისხლძარღვების კედლების გამტარობა და ფილტვი ივსება სითხით.

 

ფილტვის ქულებით შეფასება გახლდათ სწრაფი ტრიაჟის თემა. ვიღაცისთვის, ვისაც გრძელი ფილტვი აქვს, რომელიც ახალგაზრდაა, არ აქვს სხვა ქრონიკული დაავადება, მისთვის 10 ქულა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ფილტვის მოცულობა ცოტა აქვს, დიაფრაგმა მაღლა დგას, არის ჭარბი წონის, აქ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ იგივე ანთებითი პროცესი მძიმედ წავიდეს. ამიტომ მე პირადად, მოახლეობას ვურჩევ, ტყუილად ნუ იკეთებენ კატეს, როდესაც არ არის სუნთქვის უკმარისობა.

 

აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანს უგრძელდება ცხელება და ეს პაციენტი საშუალო რისკში ჯდება, მას ადვილად უზიანდება ფილტვი. ვირუსი ამას ყველა შემთხვევაში აკეთებს, რაღაც ხარისხით ის აუცილებლად აზიანებს ფილტვს. ამის დევნა კომპიუტერული ტომოგრაფიით, როდესაც სუნთქვის უკმარისობა არ არის, აზრი არ აქვს. რაც ეხება სუნთქვის უკმარისობას, როდესაც ადამიანი ფონურად ჯანმრთელია, ასეთ შემთხვევაში პაციენტი ძალიან ადვილად იგრძნობს, როცა იწყება ქოშინი. არსებობ საერთო სისუსტე, რომელიც უფრო კუნთურ სისუსტეში გამოიხატება, დაკვირვებული ადამიანი ამას გაარჩევს. ახლა ერთი რამ მინდა ვთქვა სატურაციაზე, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შილაკი, რომელიც არ ატარებს სატურატორის სხვის, შესაძლოა აჩვენოს დაბალი ციფრი. იგივე როდესაც სიცხე ადის მაღლა. მიდის პერიფერიული სპაზმი, აქ ხომ ის იზომება პერიფერია რამდენად მარაგდება ჟანგბადით, ამიტომ აქაც შესაძლოა ჩვენ დავინახოთ დაბალი ციფრი. მაგრამ როცა დაბალ ციფრს ახლავს ქოშინი, ეს უკვე მიუთითებს დამძიმებაზე.

 

პოსტ კოვიდური გართულება, როდის და რატომ იწყება ის..

რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს კოვიდი, რაც უფრო დიდხანს ყოვნდება პაციენტი ინტენსიურ და სარეანიმაციო სივრცეში, ასეთი პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი იღუპება, ხოლო მათ ვინც გამოდის მდგომარეობიდან, აქვს სამწუხაროდ ეს ნარჩენი მოვლენები. მათი პროგრესი ან რეგრესი, დამოკიდებულია იგივე რისკ-ფაქტორებზე. თუ ადამიანს აქვს ხანდაზმული ასაკის, დიაბეტი, გულის დაავადებები და ა.შ, მან დაჰყო ინტენსიურ თერაპიაში, მას დასჭირდა მკურნალობა თავისი აქტიური ჩართვით, ასეთი პაციენტები, როგორც წესი, გაწერიდან ძალიან დიდხანს საჭიროებენ მოვლა-პატრონობას. შეიძლება დიდხანს დარჩეს კუნთური სისუსტე, რადგან ჩვენ მაღალი დოზით ვიყენებთ ჰორმონოთერაპიას. რჩება ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათობრივი ცვლილებები, ყურადღების კონცენტრაცია. შესაძლებელია შემდგომ პერიოდშიც კი განვითარდეს თრომბოებოლიური მოვლენები, ამიტომ გაწერის შემდეგ, მნიშვნელოვან დოზა ანტიკოაგულანტს ვუნიშნავთ პაციენტებს. ასევე გასათვალისწინებელია ფილტვების ფიბროზის ხარისხი, რომელიც რჩება დაავადების შემდეგ, ასვე დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე.

 

გყოლიათ თუ არა პაციენტი, რომელიც ორჯერადად იყო ვაქცინირებული და მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა?

მე ასეთი პაციენტი არ მყოლია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საქართველოში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირებული პაციენტები მინახავს, მათ შორის ორჯერადად აცრილები, იშვიათ შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა საშუალო სიმძიმემდე მიაღწიოს, მაგრამ პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობა, არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ არ გვცალია იმისთვის, რომ გააზრებულად, შეფასებულად ზუსტი შედეგები და კვლევები დავდოთ, მაგრამ ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი არ ყოფილა.

 

ანტივაქსერული კამპანიის დიდი ნაწილი მიდის ასეთი მესიჯით, არ ვიცით, რას იზამს ვაქცინა 2 წელიწადში, რა პასუხი გაქვთ ამ ადამიანებისთვის?

ასეთ პაციენტებს შემიძლია ვუთხრა, რომ ეს ინფორმაცია მოკლებულია ყველა საფუძველს. ახლა, ამ პანდემიის პერიოდში მსოფლიომ გამოიყენა ის ვაქცინა, რომელზეც მუშაობა ალიან დიდი ხანია მიდიოდა. ეს არ არის ექსპერიმენტულად შექმნილი ვაქცინა, რომლის მიზანიც არის კაცობრიობის განადგურება. ყველაზე დიდი შიშია განსხვავებული ტიპის ვაქცინებთან დაკავშირებით, ესაა ჩვენს შემთხვევაში „ფაიზერისა“ და ასტრაზენეკას“ ვაქცინები. ეს გახლავთ ისეთი ტიპის ვაქცინები, რომლებსაც შეაქვთ ინფორმაცია ორგანიზმში. ისინი ასწავლიან ორგანიზმს, როგორ უნდა იმოქმედონ ამ ვირუსის წინააღმდეგ. ჩინური ვაქცინები არის ჩვეულებრივი ვაქცინები დასუსტებული ვირუსით. ერთიც და მეორეც ამ ეტაპზე ნამდვილად გადასარევად მუშაობს. ერთი რამე მინდა ვთქვა, კაცობრიობას რომ შეეძლოს, გენურ დონეზე ინფორმაციის შეცვლა, ჩვენ აქამდე დიდი ხანია გამოვიგონებდით უებარ კიბოს წამალს. სიმსივნური დაავადებების საბოლოო დამარცხებაც მოხდება ვაქცინაციის გზით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა იქნება 6-დან 12 თვემდე, თუკი ორგანიზმი 12 თვე იმუნიტეტსაც ვერ ინარჩუნებს, მაშინ როგორ შეუძლია ამ ვაქცინამ შეცვალოს შვილოსნობის ფუნქცია.

წყარო: https://fortuna.ge