Plasmon
როგორ ავიცილოთ თავიდან ატოპიური დერმატიტის გამწვავება

თარიღი: 12 ნოემბერი, 2020

გარემოს ტემპერატურის ვარდნა და სწრაფი ცვალებადობა ატოპიური დერმატიტის რისკ ფაქტორია, როგორ დავიცვათ კანი გამოშრობისა და  ატოპიური დერმატიტი გამწვავებისგან

 

რა არის და როგორ ვლინდება ატოპიური დერმატიტი ?

ატოპიური დერმატიტი ( სინ.: ად,  ატოპიური ეგზემა ) განვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა ასაკის  დაახლოებით 20%-ს  ,  ხოლო მოზრდილთა ასაკის 5-8 % -ს აღენიშნება.

ატოპიური დერმატიტი კანის მრავალფაქტორული ანთებითი დაავადებაა, ახასიათებს კანის  სიმშრალე, ქავილი, აქერცვლა, სიწითლე, რომელიც კანის ზედა შრის (ეპიდერმის) დისფუნქციის შედეგია.

ბავშვებში ატოპიური დერმატიტი ხშირად დაკავშირებულია საკვებთან, ამიტომ უნდა შეფასდეს ალერგოლოგის მიერ, დროულად გამოვლინდეს “დამნაშავე”, მაპროვოცირებელი ალერგენი ეფექტური მკურნალობისა და პროგნოზის განსაზღვრისთვის, ცნობილია ასეთი ტერმინი “ატოპიური მარში”, რაც კარგად ასახავს ალერგიული დაავადებების პროგრესს, იწყება ადრეულ ასაკში, მოიცავს ატოპიურ დერმატიტს, კვებით ალერგიას, ალერგიულ რინიტს და შემდგომ უკვე ასთმას.

პაციენტების უმრავლესობას ატოპიური დერმატიტის პირველი სიმპტომები 5 წლამდე ასაკში უვლინდებათ. გამოხატულია კანის ქავილი, სიწითლე, მცირე შეშუპება, სიმშრალე, გაკაწვრა (ექსკორიაციები), რაც დამატებით ახდენს კანის ანთებას და  აუარესებს ქავილს.

ატოპიური დერმატიტის გამოვლინება ინდივიდუალურია და იცვლება დროთა განმავლობაში ასაკთან ერთად . დაზიანებას ახასიათებს სხეულის სპეციფიურ ადგილებში ლოკალიზება, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა დაზიანდეს მრავლობითი უბნები.

• ჩვილებში უპირატესად ვლინდება  წითელი, მშრალი, აქერცვლადი უბნები, კიდურის გამშლელ      ზედაპირებზე და სახეზე

• ბავშვებსა და მოზრდილებში უხშირესად დაზიანება ლოკალიზებულია კისრის უკან, იდაყვის და მუხლის მომხრელ ზედაპირებზე, ასევე სახეზე, მაჯასა და მტევანზე. კანი შესაძლოა გასქელდეს , გამუქდეს ხშირი გაკაწვრით, დაინფიცირდეს ქავილის შედეგად, განვითარდეს წითელი მტკივნეული, შეშუპებული უბნები, ზოგჯერ ჩირქის შემცველი.

 

რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს?

გენეტიკური წინასწარგანწყობის გარდა დაავადების რისკ ფაქტორად ითვლება ქალაქში ცხოვრება, ულტრაიისფერი სხივების დეფიციტი, გარემოს დამაბინძურებლები, სიგარეტის მოწევა, წყლის სიხისტე. ატოპიური დერმატიტის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრია ალერგიას საკვებზე, ან გარემოს აეროალერგენებს.

 

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

•სიცივე, დაბალი ტენიანობა

•ოფლიანობა

•სტრესი, შფოთვა

•ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა

•ქიმიკატები , გამწმენდი საშუალებები მაგალითად: საპნები, სუნამო, კოსმეტიკა. ასევე, შალი ან სინთეტიკური ქსოვილები, მტვერი, ქვიშა, სიგარეტის კვამლი.

 

როგორ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობა?

დიაგნოზი ემყარება ანამნეზის შეგროვებას და ფიზიკურ გასინჯვას, ამის შემდეგ ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების მიზანია კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენა და ანთების შემცირება, სიმძიმის შესაბამისად შესაძლოა საჭირო გახდეს  კანის დამატენიანებელი და დამარბილებელი კრემის გარდა , ადგილობრივი კორტიკოსტერიოდების , კალცინევრინის ინჰიბიტორების, ორალური ანტიჰისტამინის ან სტეროიდის, მძიმე მიმდინარეობისას - ბიოლოგიური პრეპარატის დუპილუმაბის გამოყენება.

· მნიშვნელოვანია, კანი იყოს მუდმივად დატენიანებული. დამატენიანებელი და დამარბილებელი კრემები და მალამოები ხელს უშლიან კანის გამოშრობას. საუკეთესო დამატენიანებლებია სქელი კრემები, რომელიც მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავენ წყალს. უფრო ეფექტურია, თუ მათ წაისვამთ  დაბანის შემდეგ დაუყოვნებლივ.

· დაბანა შესაძლებელია ყოველდღიურად, თუმცა უმჯობესია გამოიყენოთ საპონი საპნის გარეშე, PH ნეიტრალური საპნები ან მხოლოდ წყალი. დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 წუთს, წყლის ტემპერატურა სასურველია იყოს 37ºC

· დაბანის შემდეგ უნდა გაამშრალოთ ნაზად, რბილი ბამბის პირსახოცით. გამშრალების შემდეგ სწრაფად დაუტენიანეთ კანი დამარბილებელი და დამატენიანებელი ჰიპოალერგიული კრემით ან ბალზამით.

· გამწვავების შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა, ექიმის მიერ რეკომენდებული საშუალებებით, რათა ავიცილოთ თავიდან გართულება.

· იმ ბავშვებს , რომელთა ოჯახის წევრსაც აქვს ატოპიური დერმატიტი, მაღალი რისკი აქვთ  ამ დაავადების განვითარების, ამიტომ დაბადების პირველი კვირიდან რეკომენდებულია კანის ყოველდღიურად დატენიანება , რათა თავიდან ავიცილოთ ადრეული ასაკის ატოპიური დერმატიტი. ასევე რეკომენდებულია გაგრძელდეს ექსკლუზიური ძუძუთი კვება 4-6 თვემდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, თუ ეს ვერ ხერხდება რეკომენდებულია  ძროხის რძის  ცილის ექსტენსიური ჰიდროლიზატი.

 

ჩვილ ბავშვებში ატოპიური დერმატიტის გამოსავალი კეთილსაიმედოა, 65%  შემთხვევაში სიმპტომები ქრება 3 წლის ასაკისთვის.


წყარო :

The “Global Atlas of Skin Allergy” 2020, EAACI
Patient education: Eczema (atopic dermatitis) (Beyond the Basics) Authors:William L Weston, MDWilliam Howe, MDSection Editor:Robert P Dellavalle, MD, PhD, MSPHDeputy Editor:Rosamaria Corona, MD, DSc , Literature review current through: Oct 2020.