თარიღი: 21 ივლისი, 2023
თირკმელები ხერხემლის ორივე მხარეს განლაგებული წყვილი ორგანოა, რომელიც ფორმით ლობიოს მარცვლებს მოგვაგონებს. მათი მთავარი ფუნქცია სისხლის გაფილტვრა და ნარჩენი პროდუქტების შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოტანაა. გარდა ამისა, თირკმელები გამოყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმონებს, მონაწილეობს D ვიტამინის აქტიური ფორმისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში.
თირკმელების დაზიანება სხვადასხვა სიმპტომით იჩენს თავს – არტერიული წნევის მატებით, სისხლიანი შარდით, ხშირი შარდვით ან შარდვასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით, ხელ-ფეხის შეშუპებით ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების გამო... თუმცა ხდება ისეც, რომ ამ ორგანოთა დაზიანება დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თირკმლის მდგომარეობის გამოკვლევა მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად. ამისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მათი უმეტესობა ხელმისაწვდომია და ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის ამ ორგანოს შესახებ.
სისხლის ანალიზები
თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად სისხლის შრატში განისაზღვრება კრეატინინის დონე. კრეატინინი კუნთებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროდუქტია, რომლის მაჩვენებელი ასაკზე, სქესსა და სხეულის კუნთოვანი მასის აგებულებაზეა დამოკიდებული. თირკმელების მუშაობის შეფერხება სისხლში კრეატინინის დონის მატებით ვლინდება. თუ მისი მაჩვენებელი ქალებთან – 1.2 მგ`დლ-ს, ხოლო მამაკაცებთან 1.4 მგ`დლ-ს აღემატება, თირკმელების ფუნქციის დარღვევაა სავარაუდო. ასეთ დროს ექიმი კვლევას აგრძელებს.
თირკმელების გამართულ ფუნქციობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. შაქრიანი დიაბეტი წამყვანი მიზეზია თირკმელების ქრონიკული დაავადებისა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ დაზიანება კრიტიკულ დონეს არ მიაღწევს, ამიტომ დიაბეით დაავადებულებს განსაზღვრული პერიოდულობით უმოწმებენ თირკმელების მდგომარეობას.
იმის გასარკვევად, რამდენად კარგად ფილტრავს თირკმელები ნარჩენ პროდუქტებსა და ზედმეტ სითხეს, საჭიროა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) ცოდნა. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ადამიანის ასაკის, სქესისა და სისხლში კრეატინინის დონის მიხედვით გამოითვლება. ნორმის ფარგლებში ის 90-ს აღემატება. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება თირკმელების ქრონიკული დაავადების პროგრესირებაზე მიანიშნებს, ხოლო 15-ზე ქვემოთ ჩამოსვლა – თირკმლის უკმარისობის უკანასკნელ სტადიაზე. ამ დროს აუცილებელია დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ასაკთან ერთადაც იკლებს.
სისხლის ანალიზით ფასდება შარდოვანას აზოტი, რომელიც საკვებით მიღებული ცილების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. ჯანმრთელ თირკმელებში მიმდინარე ფილტრაციული პროცესის შედეგად შარდოვანას აზოტი შარდთან ერთად ტოვებს ორგანიზმს. ამ პროცესის წყალობით მისი დონე სისხლში ნორმალურ დიაპაზონში – 7-დან 20-მდე მგ`დლ-ის ფარგლებში ნარჩუნდება. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას კი შარდოვანას აზოტი იმატებს. თუმცა ამ ნივთიერების დონის მატება ყოველთვის დაავადებაზე არ მიანიშნებს - ის შესაძლოა უკავშირდებოდეს არასაკმარისი სითხის მიღებას ან ზოგიერთ მედიკამენტს. ასეთი ეფქტი აქვს, მაგალითად, კარბამაზეპინს, ტეტრაციკლინს, მეტოტრექსატს, ამიტომ მათი მიღება შარდის ანალიზის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე წყდება.
შარდის ანალიზი
შარდის ანალიზი მარტივი მეთოდია, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს საშარდე გზების ინფექცია, თირკმლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ღვიძლის დაავადებაც კი. შარდის ანალიზი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად ფასდება ფერი და გამჭვირვალობა. სისხლის შერევისას შარდი წითელი ან მუქი ყავისფერია, ინფექციის დროს – მღვრიე. ქაფი შარდში ცილის არსებობაზე მიუთითებს. შემდეგ მიკროსკოპით ათვალიერებენ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავ ერითროციტებს, ლეიკოციტებს, ბაქტერიებს ან კრისტალებს (ეს უკანასკნელი თირკმელში კენჭების არსებობის ნიშანია).
მიკროსკოპული ანალიზი ქიმიურად დამუშავებული ჩხირებითაც ტარდება. ასეთი ჩხირი თავსდება შარდში და თუ, მაგალითად, მასში ჭარბადაა ცილა, სისხლი, ჩირქი, ბაქტერიები ან გლუკოზა, ფერს იცვლის. ჩხირის ტესტით შესაძლებელია შარდის მჟავიანობის დადგენაც – ნორმაზე მაღალი პH თირკმლის კენჭებზე, საშარდე გზების ინფექციაზე ან თირკმლის სხვა პათოლოგიაზე მიანიშნებს.
შარდში ცილა თირკმლის ფილტრაციული ერთეულის, ნეფრონის, დაზიანებისას ჩნდება (დაზიანებას იწვევს თირკმლის ქრონიკული დაავადება, დიაბეტური ნეფროპათია, თირკმლის ინფექცია). ზოგჯერ კი შარდში ცილის გაჩენა დროებითია და გაუწყლოების, მძიმე ფიზიკური დატვირთვის ან ცხელების შედეგია. შარდში ლეიკოციტები საშარდე გზების ინფექციაზე მეტყველებს, გლუკოზა კი, წესისამებრ, დიაბეტზე მიანიშნებს. ბილირუბინი სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნაერთია, რომელსაც სისხლიდან ღვიძლი აშორებს, ამიტომ შარდში მისი არსებობა ღვიძლის დაავადების სავარაუდო ნიშანია. სისხლიანი შარდი შესაძლოა იყოს თირკმლის ინფექციის, კენჭოვანი ან სხვა დაავადების, ზოგიერთი მედიკამენტით (მაგალითად, სისხლის გამათხელებლით) მკურნალობის შედეგი.
კიდევ უფრო მგრძნობიარეა მიკროალბუმინურიის განმსაზღვრელი ტესტი, რომელიც შარდში ცილა ალბუმინის უმცირეს რაოდენობასაც კი აღმოაჩენს. ის უტარდებათ თირკმლის დაავადების მომატებული რისკის მქონე პირებს, – მაგალითად, მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია აქვს, – თუ შარდში ცილის რაოდენობის შესაფასებელი სტანდარტული ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზოგჯერ ანალიზისთვის საჭიროა 24 საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდის შეგროვება. ის უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის თირკმელების ფუნქციური შესაძლებლობების შესახებ.
გამომსახველობითი მეთოდები
ულტრაბგერითი კვლევის დროს ბგერითი ტალღების საშუალებით მიიღება თირკმლის გამოსახულება. ეს მეთოდი გამოიყენება კენჭების ან სიმსივნური წარმონაქმნების აღმოსაჩენად, პათოლოგიის ზომისა და მდებარეობის შესაფასებლად.
თირკმლის სტრუქტურული პათოლოგიებისა და წარმონაქმნების გამოვლენა ასევე შეუძლია კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ კვლევას, რომელიც გამოსახულების მისაღებად რენტგენის სხივებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიას იყენებს. კვლევის დროს ზოგჯერ საჭიროა კონტრასტული საღებავის გამოყენება ინტრავენურად, რაც თირკმლის დაავადების დროს სიფრთხილეს მოითხოვს.
ბიოფსია
თირკმლის გამოკვლევის კიდევ ერთი მეთოდია ბიოფსია: წვრილი ნემსით იღებენ თირკმლის ქსოვილის მცირე ნაწილს და მიკროსკოპის ქვეშ იკვლევენ. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი გამოიყენება თირკმლის იმ დაავადებების აღმოსაჩენად, რომელთა სხვაგვარად აღმოჩენა ვერ ხერხდება, ასევე – ავადმყოფობის პროგრესირების შესაფასებლად და ტრანსპლანტაციის შემდეგ მონიტორინგის მიზნით.
წყარო: "ჟურნალი ავერსი"