Plasmon
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი საკუთარ საწოლს

თარიღი: 17 აპრილი, 2018

ბავშვის ცალკე საწოლში დაძინება იმ გამოწვევათაგანია, რომლებსაც ადრე თუ გვიან ყველა მშობელი ეჯახება. პრობლემა სხვადასხვანაირად იჩენს თავს: დედას ან ბავშვის რწევის ძალა აღარ შესწევს, ან მისი ტირილი ღლის, ან უბრალოდ უარს ვერ ეუბნება, რადგან ცოტა რამ თუ შეედრება იმ ბედნიერებას, რომელსაც ახალგაღვიძებულ დედებს პატარას ბუთქუნა ხელების მოფერება გვანიჭებს.

ამიტომ არის, რომ უკვე საკმაოდ მოზრდილ ბავშვს ცალკე საწოლის გაგონებაც არ უნდა. მშობლებისთვის ეს უფრო დიდ პრობლემად იქცევა, ვიდრე ჩვილის რწევა და ტირილი იყო. რაც უნდა დიდი საწოლი გქონდეთ, იმის შიში, რომ ბავშვს ხელი არ მოარტყათ ან ზედ არ დააწვეთ, ძილს გაგიტეხავთ. ამასთანავე, პატარებმა მოუსვენარი ძილი იციან და ხშირად გითავაზებენ უხერხულ ადგილებში ხელს ან ფეხს. ხშირად მშობლები ვეღარ უძლებენ ამ უხმო ბრძოლას და ბავშვის მაგივრად თვითონ გადიან სხვა ოთახში დასაძინებლად.

თუ სიტუაცია გეცნოთ, სტატია სწორედ თქვენთვისაა. გამოსავალი არსებობს. გთავაზობთ მეიოს კლინიკის პედიატრიული და მოზარდთა მედიცინის დოქტორის ენჯელა მატკეს რჩევებს, რომლებიც ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ.

მატკეს თქმით, ზემოაღნიშნული პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია. მისი გადაჭრის გზა ყველა ოჯახისთვის ინდივიდუალურია. გააჩნია, რატომ წვება ბავშვი მშობლების საწოლში, აქვს თუ არა ცალკე ოთახი და, საზოგადოდ, საუკეთესო ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციას მორგებული გადაწყვეტილებაა.

განურჩევლად იმისა, რამ გამოიწვია მშობლების საწოლში დაძინების სურვილი: მარტოობის შიშმა, ინტერესმა, რას აკეთებენ დედიკო და მამიკო, როდესაც მას სძინავს თუ იმ ღამით განცდილმა შიშმა, როცა დაძინებისას მშობლები იქვე იყვნენ, გამოღვიძებისას კი აღმოაჩინა, რომ სრულიად მარტოა, – აუცილებელია, ყველა მშობელმა შეიმუშაოს რუტინა, რომელიც ბავშვს ძილისა და მშობლების საწოლის ასოციაციას დაურღვევს.

 

სწორად შეარჩიეთ დრო

ამ საპასუხისმგებლო საქმეს მშვიდ პერიოდში შეუდექით. თუ ბავშვი ემოციურ სტრესს განიცდის, მაგალითად, სწავლობს ქოთანზე ჯდომას, ახალ სახლში გადახვედით ან სადაცაა, მეორე პატარა დაიბადება, დაელოდეთ სიტუაციის დასტაბილურებას და მერე დაიწყეთ, რათა ბავშვს ორმაგად სტრესული მდგომარეობა არ შეუქმნათ. ასე პროცესი უფრო მარტივად წარიმართება და, შესაბამისად, ნაკლებ დროსა და ძალისხმევასაც წაგართმევთ.

 

მოამზადეთ ბავშვი

რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ ბავშვთან ცალკე დაძინების თემაზე საუბარი. საუკეთესო ვარიანტია, არა პირდაპირ, არამედ თამაშის ან ძილის წინ წიგნის კითხვის დროს შეაპაროთ, რა სახალისოა მარტო ძილი. შეგიძლიათ, მოიფიქროთ ზღაპარი მის საყვარელ გმირზეც: თუ როგორ ისწავლა მან ცალკე საწოლში ძილი, – და ბავშვის ინტერესების შესაბამისად განავრცოთ. ამით შესაძლოა იმასაც მიაღწიოთ, რომ ბავშვმა თვითონვე შემოგთავაზოთ ცალკე დაძინება.

 

კიდევ ერთი ვარიანტია საყოველთაოდ ცნობილი – კარგი ბავშვების ჯილდო. იმისდა მიხედვით, რა უყვარს თქვენს პატარას, დაჰპირდით, რომ თავის საწოლში გატარებული ყოველი ღამისთვის დილით საჩუქარი დახვდება. არ არის აუცილებელი, საჩუქარი პომპეზური იყოს – ასე ბავშვსაც გაათამამებთ და ფინანსურადაც გაგიჭირდებათ ამ რიტმის შენარჩუნება. მაგალითად, თუ ტკბილეული უყვარს, შეგიძლიათ, შოკოლადის მომცრო ფილით შემოიფარგლოთ. დროთა განმავლობაში ბავშვი თავის საწოლში ძილს მიეჩვევა, საჩუქრები მისთვის აქტუალობას დაკარგავს და ამ რუტინის გაგრძელებაც აღარ იქნება საჭირო.

 

ნუ დაიხევთ უკან

ამ საქმისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოთ. თუ გადაწყვეტილება მიიღეთ, მყარად უნდა იდგეთ და პოზიცია არ დათმოთ. მოემზადეთ ისეთი ტექსტებისთვის, როგორიცაა “რატომ აღარ გინდა ჩემთან ერთად ძილი, აღარ გიყვარვარ?” – დედისთვის ძნელია მშვიდად ყოფნა, როდესაც პატარა რაღაცას განიცდის, მაგრამ გახსოვდეთ, საბოლოოდ მაინც მოგიწევთ მისი ცალკე დაწვენა, ასე რომ, რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის.

თუ ერთხელ მაინც დათმეთ და მიჩვევის პერიოდში ბავშვს თქვენთან დაძინების უფლება მიეცით, ჩათვალეთ, რომ საქმე თავიდან გექნებათ დასაწყები, თანაც გართულდება, რადგან დათმობით ბავშვს საფუძველს მისცემთ, წინააღმდეგობა გაგიწიოთ: “გუშინ თუ შეიძლებოდა, დღეს რატომ აღარ შეიძლება?” – და ყველა არგუმენტი, რომლებითაც მანამდე უსაბუთებდით ცალკე ძილის აუცილებლობას, ერთ ღამეში დაკარგავს მისთვის აზრს.

 

სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმა სხვადასხვანაირი იქნება, იმისდა მიხედვით, თავიდანვე თქვენს საწოლში იძინებს პატარა თუ საკუთარში და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გადმოდის თქვენთან.

* თუ პატარა მარტო იძინებს და ღამით გაკითხავთ

თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ,  ღამით თქვენი საწოლი ოთახის კარს მომდგარი ბავშვი თქვენთან აღარ დააძინოთ, გაითვალისწინეთ, რომ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

სამოქმედო გეგმა ასეთია: როგორც კი თქვენს კარს პატარა სტუმარი მოადგება, ადექით და ზედმეტი ემოციის გარეშე თავის ოთახში დააბრუნეთ. იცოდეთ, ეს ღამეში რამდენჯერმე განმეორდება, მაგრამ რა დაღლილი და გამოუძინებელიც უნდა იყოთ, ბავშვის უკან დაბრუნებას ნუ დაიზარებთ. ამ პროცესს მატკე “100 გასეირნებას” უწოდებს. საბოლოოდ პატარა დაიღლება და გააცნობიერებს, რომ დათმობას არ აპირებთ. ამ მეთოდს საკმაოდ სწრაფი ეფექტი აქვს. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ასე ბავშვის სასიკეთოდ იქცევით და მიზანი არა მარტო თქვენი გამოძინება, არამედ მისი სწორი განვითარებაცაა.


საფეხურებრივი მეთოდი

ბავშვებს, რომლებიც თავიდანვე მშობლების საწოლში იძინებენ, უფრო მეტად უჭირთ, მიეჩვიონ ცალკე საწოლში ძილს. ამ შემთხვევაში მატკე საფეხურებრივ მეთოდს გვირჩევს, რომლის არსიც ასეთია:

* რამდენიმე ღამე დარჩით ბავშვის ოთახში, მისი საწოლის გვერდით, იტაკზე დაწექით, ოღონდ წინასწარ გააფრთხილეთ, რომ ეს დროებითია. ასე მოიქეცით 3-4 დღე.

* მომდევნო ეტაპზე ბავშვის ოთახში, კარის ახლოს დაიდგით სკამი და მჯდომარე დაელოდეთ, როდის ჩაეძინება პატარას. ნუ მიატოვებთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სძინავს.

* ბოლო ეტაპზე ძილისწინა რუტინის მოთავების (კბილების გახეხვის, პიჟამის ჩაცმის, წიგნის წაკითხვის, ზღაპრის მოყოლის) შემდეგ ტკბილი ძილი უსურვეთ ბავშვს და თქვენს ოთახში გადით. მისივე სურვილისამებრ, დაუტოვეთ ანთებული ღამის ნათურა ან ოდნავ შეღებული კარი, ჩაუწვინეთ საწოლში საყვარელი სათამაშო. დაჰპირდით, რომ ცოტა ხანში შეხვალთ მის ოთახში და მძინარეს დახედავთ. სტრესულ სიტუაციებში მშობლის ყურადღება ბავშვს განსაკუთრებით სიამოვნებს, ამშვიდებს, თავდაჯერებას მატებს. გაითვალისწინეთ, რომ დაპირება აუცილებლად უნდა შეასრულოთ, რადგან შესაძლოა ბავშვმა გამოგცადოთ და მანამდე არ დაიძინოს, სანამ არ დარწმუნდება, რომ არ მოგიტყუებიათ.

 

თუ ბავშვს თქვენს ოთახში სძინავს

თუ პატარას თქვენს ოთახში სძინავს, საქმე უფრო ადვილად მოგვარდება. დაიწყეთ იმით, რომ მძინარე ბავშვი ყოველღამ თავის საწოლში გადააწვინოთ. მომდევნო ეტაპზე მისი საწოლი გვერდით მოიდგით, მწოლიარე პატარას ხელი მოჰკიდეთ და გეჭიროთ, სანამ დაიძინებს. პირველ ხანებში შესაძლოა გაეღვიძოს და ისევ თქვენს საწოლში გადმოსვლა მოითხოვოს, მაგრამ თუ სწორად მოიქცევით, დროთა განმავლობაში ძილსა და თავის საწოლს შორის ასოციაცია ჩამოუყალიბდება და აღარ მოგაკითხავთ.

ცალკე საწოლში ძილს მიჩვეული პატარები იმ ბავშვებზე ადვილად ეჩვევიან ცალკე ოთახში გადასვლას, რომლებიც მშობლების საწოლიდან პირდაპირ საკუთარ ოთახში აღმოჩნდებიან ხოლმე.


რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მოთმინება და სიმტკიცე აუცილებლად დაგიფასდებათ – საბოლოოდ ბავშვი მიხვდება, რომ პირადი სივრცე ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. თანაც ნამდვილად სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ გაქვს ადგილი, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა შეგიძლია.

წყარო: https://www.aversi.ge