თარიღი: 04 ოქტომბერი, 2018
როგორ უნდა მოიქცეთ ბავშვის ჩაბჟირების შემთხვევაში?
სუნთქვის შეკავების შეტევები ანუ ჩაბჟირება ჩვილების და მცირე ასაკის ბავშვთა პაროქსიზმული მდგომარეობა და წინააღმდეგობრივ სიტუაციაზე საპასუხო რეაქციაა, როდესაც ძლიერ ტირილს ( ან თუნდაც ხანმოკლე წამოტირებას, წამოყვირებას , ტკივილს, სიბრაზეს, იმედგაცრუებას, ტრავმას ) მოყვება ხანმოკლე სუნთქვის შეკავება , ციანოზი (კანის სილურჯე) ან სიფერმკრთალე, ცნობიერების დაკარგვა, კიდურების დაჭიმვა, გაშეშება, იშვიათად სხეულის მოდუნება და შეტევის გახანგრძლივების შემთხვევაში( 10 წამზე მეტხანს) კიდურების მოძრაობები, ზოგჯერ სხეული იღებს რკალის ფორმას, ბავშვი საწოლს ეყრდნობა მხოლოდ კეფითა და ქუსლებით, ამის შემდეგ პატარა დუნდება , აღდგება სუნთქვის ჩვეული რიტმი , შესაძლოა ბავშვი მცირე ხნით იყოს მოთენთილი , შენელებული და შემდეგ კი მალე უბრუნდება ჩვეულ აქტივობას.
უნდა გავახსოვდეს , რომ შეტევები უნებლიეა და იგი არის ბავშვის რეაქცია სხვადასხვა მოვლენებზე , არ იწვევს თავის ტვინის დაზიანებას, არ ნიშნავს, რომ ბავშვი არის ძნელად აღსაზრდელი ან მშობელი ვერ ახერხებს სწორ მეურვეობას.
სუნთქვის შეკავების შეტევები ( რესპირატორულ– აფექტური პაროქსიზმები) ბავშვებისათვის აბსოლუტურად უვნებელია .
არსებობს მისი 2 ტიპი:
პირველი ტიპის შეტევებს წინ უსწრებს რაიმე მოვლენა, რომელსაც მოსდევს შიში, უიმედობა, ან გაბრაზებულია, თუ რიამე დაუშალეს ან ვერ მიიღო სასურველი ნივთი, ბავშვი იწყებს ტირილს, დაახლოებით 10–15 წმ–ში უვითარდება სუნთქვის შეკავება ღრმა ამოსუნთქვის შემდგომ) კანის მოლურჯო შეფერვა, სხეულის დაჭიმვა, ცნობიერების დაკარგვა და შემდეგ მოდუნება ( ე.წ. ლურჯი, ციანოზური შეტევა)
მეორე ტიპის შეტევებს ახასიათებს ბავშვის სუსტი ტირილი ( ე.წ. „ ჩუმი ჩაბჟირება“ შესაძლოა გაოცების დროს პირი დარჩეს ღია და ვერც მოასწროს წამოტირება), (შიშზე, უეცარ ემოციაზე), გაფითრება, ცნობიერების დაკარგვა და მოდუნება( ამ დროს ხდება გულისცემის შენელება) დაახლოებით 30 წმ–ში ხდება გულისცემის რიტმის აღდგენა სპონტანურად .
ბავშვებში პირველი ტიპის შეტევები უფრო ხშირია, შეიძლება ასევე ორივე ტიპის თანაარსებობა .
სირთულის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად:
მარტივი: როდესაც ბავშვი მხოლოდ ცნობირებას კარგავს
რთული: როდესაც ცნობიერების დაკარგვას თან ახლავს კრუნჩხვითი გამოვლინებანიც.
სუნთქვის შეკავების განვითარებაში მნიშვნელობა აქვს:
გენეტიკურ განწყობას( მშობლიდან შვილზე გადაცემა ხდება 50 %–ში) .
ხელშემწყობი ფაქტორი _ ანემიით ან მის გარეშე მიმდინარე რკინის დეფიციტი
გამოვლინდება ძირითადად 6 თვიდან 4 წლამდე < იშვიათად 7–8 წლამდე, აღენიშნება ბავშვთა კონტიგენტის დახლოებით 5% –ს, ვაჟებში უფრო ხშირია , პიკი 12–18 თვეზე მოდის.
შეტევების სიხშირე სხვადასხვა ბავშვისათვის სხვადასხვაა, ზოგიერთ მათგანს წელიწადში ერთხელ, ზოგს თვეში ერთხელ ან დღეში რამდენიმეჯერ.
სპეციფიკური მკურნალობა ასეთი ტიპის შეტევების დროს საჭირო არ არის. რადგან ისინი თავისთავად უკუვითარდება ასაკთან ერთად
პრევენცია, წინასწარ რაიმე ზომების მიღება შეუძლებელია, თუ შეტევები ხშირია, საჭიროა ფსიქოლოგის კონსულტაცია და ქცევითი თერაპია.
დიაგნოსტიკა ეფუძნება დეტალურ ანამნეზსა და შეტევის ფორმულის, თანმიმდევრობის ზუსტ აღწერას , მაპროვოცირებელი ფაქტორის გამოვლენას
რთულ შემთხვევებში საჭირო ხდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების წარმოება
❗️❗️❗️პირველადი დახმარება შეტევის დროს:
მოვლენების შეძლებისდაგვარად ზუსტი აღწერა
მოზრდილ ბავშვებში არ არის საჭირო ყურადღების გამახვილება ბავშვის შეტევაზე ( დასაწყისში ეს შეტევები არ არის ნებითი , ეს არის ბავშვის ორგანიზმის რეაქცია სხვადასხვა მოვლენებზე, თუმცა შემდგომ შესაძლოა გახდეს იარაღი სხვადასხვა მიზნის მისაღწევად)
პანიკა და ზედმეტი ყურადღება შეტევის გამეორებას იწვევს და ბავშვს უბიძგებს სიმულაციისა და უფროსების მანიპულირებისაკენ
დააწვინეთ ბავშვი , თავით უფრო ქვემოთ, რათა უფრო სწრაფად მოხდეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენა
ჩვილებში შველის სახეში ამონასუნთქი ჰაერის შებერვა, თუმცა ყველა ბავშვზე ეს ეფექტური არ არის, მითუმეტეს მოზრდილ ბავშვებში
არ აჯანჯღაროთ, არ უჩხვლიტოთ
არ არის საჭირო პირის გახსნა სხვადასხვა ნივთებით, ხელის ჩაყოფა პირში
შეტევის გახანგრძლივების შემთხვევაში 1წთ–ზე მეტხანს გამოიძახეთ 112
არ შეასხათ წყალი
თუ პატარა მოზრდილია, შეტევის დამთავრების შემდგომ არც დასაჯოთ და არც დაასაჩუქროთ
როგორ ვუმკურნალოთ
აუცილებელია გვქონდეს სწორი ინფორმაცია ამ მდგომრეობაზე და ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ პატარას.
ანტიკონვულსანტები ( ანტიეპილეფსიური , კრუნჩვის საწინააღმდეგო პრეპარატები) არ ცვლიან შორეულ გამოსავალს და მათი რუტინული დანიშვნა არ არის რეკომენდირებული
ეფექტური მედიკამენტური პრევენცია არ არსებობს - გამოსავალი ხომ კეთილსაიმედოა და ასაკდამოკიდებული, სპონტანური უკუგანვითარებით და ნორმალური ნეიროგანვითარებით
რკინის დეფიციტის შემთხვევაში რკინის პრეპარატების დანიშვნა ექიმის მეთვალყურეობით
სიფრთხილე:
თუ შეტევები უვითარდებათ ახალშობილებს ა და ჩვილებს კვების, საფენის გამოცვლის, სხვადასხვა მანიპულიციების დროს , საჭიროა გამოირიცხოს ნერვული სისტემის დაზიანება, გულ–სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის პათოლოგია, მეტაბოლური( მინერალური ცვლის) დარღვევები
თუ პირველი შეტევა ვითარდება უფრო მოზრდილ ასაკში ( 5 წლის ასაკის შემდგომ), საჭიროა გამოირიცხოს ნერვული სისტემის სხვა ორგანული დაავადებები
ლალი ვაშაკიძე, ავერსის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი
სპეციალურად ბლოგისათვის Dr. Tamar Obgaidze