თარიღი: 10 მაისი, 2021
როგორ მიმდინარეობს რთული ორსულობა, როგორ ხდება მუცლადყოფნისას ნაყოფის შესაძლო პათოლოგიების დიაგნოსტიკა და ყველა ორსულს სჭირდება თუ არა მულტივიტამინები? საინტერესო საკითხებზე ” მეან გინეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ნემსაძე საუბრობს…
ბატონო მამუკა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ კლინიკა „ღია გულის“ აქციის შესახებ, რომელიც ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში ძალიან კარგ ფასდაკლებას ითვალისწინებს. ეს აქცია ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზეა გათვლილი თუ ნებისმიერ მსურველზე და რა დრომდე გაგრძელდება ის?
მამუკა ნემსაძე: დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიახ, საპილოტო აქციის ფარგლებში ჩვენი კლინიკა აცხადებს 50%-იან ფასდაკლებას ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე. აქცია გაგრძელდება სამი თვე, 12 აპრილიდან 12 ივლისის ჩათვლით. აქციის მიზანი იყო მოეხდინა ფიზიოლოგიური მშობიარობების წახალისება და ინიცირება, რადგან საკეისრო კვეთისგან განსხვავებით ფიზიოლოგიური მშობიარობა გაცილებით უსაფრთხო და ბუნებრივია როგორც ქალის, ასევე ბავშვისათვის. განუზომელია ის დადებითი ეფექტი, რომელიც დედის ბავშვთან პირველ კონტაქტს მოაქვს. კანით კანთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისათვის როგორც თბორეგულაციის, ასევე საჭირო ბაქტერიების კოლონიზაციის პროცესის სწორად წარსამართად. გარდა ამისა, კანით კანთან კონტაქტი დიდ როლს ასრულებს მათი დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბებაში. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ რეაბილიტაცია გაცილებით ადვილია. საკეისრო კვეთის შემდეგ გაცილებით დიდია სხვადასხვა გართულებების განვითარების რისკი, მათ შორის ინფექციების, სისხლდენების, სამშობიარო გზების დაზიანების რისკების. საკეისრო კვეთის დროს ზიანდება საშვილოსნო, რომელსაც ვჭრით, ჭრილობა კი ხშირად ხდება ინფექციის წყარო. როდესაც დედათა სიკვდილიანობაზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია იმ დედებს შორის, ვისაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ფიზიოლოგიური მშობიარობა, განსაკუთრებით პირველი მშობიარობა ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საქმეში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, ეს საუკეთესო არჩევანია როგორც დედის, ასევე ბავშვისათვის.
ბატონო მამუკა, განვმარტოთ ტერმინი რთულად მიმდინარე ორსულობა. როდის შეიძლება ითქვას, რომ ორსულობა რთულად მიმდინარეობს და საჭიროა დამატებითი მონიტორინგი, კვლევები და ა.შ.?
მამუკა ნემსაძე: პირველ რიგში რთულად მიმდინარე ორსულობას ვუწოდებთ ორსულობას, რომელსაც თან ახლავს ნაადრევად შეწყვეტის რისკები. თუ სახეზეა სისხლდენა, რაც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალების 25%-ში გვხვდება, აქ უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ორსულობა რთულად მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სირთულეები ორსულობისას ყოველ მეოთხე ქალს აღენიშნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გართულება ნაადრევი მშობიარობს რისკია, რომელიც განსაკუთრებით ეზრდებათ იმ ქალებს, ვინც ერთხელ უკვე იმშობიარა ნაადრევად. თუ პირველი ორსულობა ნაადრევად დასრულდა, დაახლოებით 35%-ით იზრდება იმის შანსი, რომ მეორედაც ნაადრევი მშობიარობა მოხდეს. თუ ქალს ორი ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა, მესამე შემთხვევაში ეს რისკი 45%-მდე იზრდება. მნიშვნელოვანი გართულებაა ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია. თუ ორსულობის პირველ ნახევარში სახეზე გვაქვს ქრონიკული ჰიპერტენზია, მეორე ნახევარში ის შეიძლება მძიმედ მიმდინარე პრეიკლამსიად იქცეს და ორსულობა მომატებული წნევის ფონზე მიმდინარეობდეს. ჭარბი წონა ასევე საკმაოდ დიდი პრობლემაა. მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, როდესაც სეირნობა და სხვა ფიზიკური აქტივობები შეზღუდულია. ცნობილია, რომ მიღებული გლუკოზის 80% ვარჯიშით იხარჯება, თუ არ მოხდა მისი გახარჯვა, ვითარდება ჭარბი წონა. ეს კი იწვევს ორსულობის გართულებას, ნაყოფის ზრდის შეფერხებას, მშობიარობისას ნაყოფის ჭარბი წონის გამო განვითარებულ პრობლემებს, საკეისრო კვეთების ოდენობის მატებას, ასევე ნაადრევი მშობიარობის რისკის ზრდას. ხშირად ვითარდება გესტაციური დიაბეტი, ოცდამეერთე საუკუნის დაავადება. აშშ-ში განსაკუთრებით მაღალია დედათა სიკვდილობა, რაც ჭარბწონიანობას უკავშირდება. ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ გესტაციური და შაქრიანი დიაბეტია. რისკების გაზრდა სწორედ სამეანო გართულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. აღსანიშნავია, რომ შემთხვევათა 60%-ში ჩვენთვის უცნობია თუ რატომ ვითარდება ნაადრევი მშობიარობა. დანარჩენ 40%-ში მიგვაჩნია, რომ ამას ინფექცია იწვევს. მნიშვნელოვანია ფუნდამენტური გაგება იმისა,თუ რატომ იწყება ბუნებრივი ან ნაადრევი მშობიარობა. ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ ადამიანის მოხვედრას განაპირობებს სოციალურ-ეკონომიური ფაქტორები, წინა ნაადრევი მშობიარობა, მარტო ცხოვრება, სტრესული და მძიმე სამუშაო, სხვადასხვა სახის ინფექციები და ა.შ. ეს ყველაფერი ნაადრევი მშობიარობის ძირითადი კონტრიბუტორია . ჩვენი მიზანია სწორად გამოვიცნოთ ეს რისკ-ფაქტორები. ექიმმა დასაწყისიდანვე უნდა გამოავლინოს ისინი და პაციენტს ისეთი ჩარევები შესთავაზოს , რომლებიც ამ რისკებს შეამცირებს.
თქვენ დიდი ზომის ნაყოფი და გესტაციური დიაბეტი ახსენეთ და საინტერესოა, შეიძლება თუ არა ამან ახალშობილში დიაბეტის განვითარების რისკი გაზარდოს?
მამუკა ნემსაძე: ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტის რისკი ორსულების დაახლოებით 2-3%-ს აქვს. თუ მანამდე არსებობდა დიაბეტი ან ორსულობა მიმდინარეობდა პოლიკისტოზური საკვერცხეების ფონზე, დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება. გარდა ამისა, რისკს ორჯერ ზრდის პროგესტერონის შემცველი პრეპარატების მიღებაც, რომლების სამწუხაროდ საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. ეს მედიკამენტები ზრდიან გლუკოზის აუტანლობას. ამ დროს ერთადერთი ჰორმონი, რომელიც გლუკოზის ნორმალიზებას ემსახურება ინსულინია, მას კი მთელი რიგი ფაქტორები “ებრძვიან”, რომლებიც ხელს უწყობენ გლუკოზის დონის ზრდას . ამ ენერგიის მოხმარების ხარჯზე ხდება ნაყოფის ზრდა და თუ დედის ინსულინარული აპარატი გამოიფიტა ჭარბად მიღებული კალორიების ფონზე, დედა ამ დროს ნაყოფის ინსულინს მოიხმარს, ნაყოფი ეხმარება დედას გლუკოზის რეგულირებაში, მისი ყველა ენდოკრინული ორგანო ორსულობის მე-12 კვირიდან ჩართულია ამ პროცესში და ფაქტიურად, ამ დროს ნაყოფი არის ზედმეტი კალორიების მიღების მსხვერპლი. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა ორსულს, კარგად გააცნობიერონ რაზე ვსაუბრობთ და ყურადღება მიაქციონ, რომ ნორმალური რაოდენობით მიიღონ კალორიები ორსულობის პერიოდში. ექიმმა, რომელიც ორსულობას მართავს, ამაზე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ ვცდილობთ ორსულობის შუა პერიოდში აღმოვაჩინოთ პაციენტები ვისაც შეიძლება გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა ჰქონდეს. თუ ეს ვერ აღმოაჩინეს ან მისი გაკონტროლება ვერ მოხდა, ეს გამოიწვევს ნაყოფის ჭარბ ზრდას. ხშირად ბავშვის წონა 36 კვირაზე 4 კგ-საც აღწევს. შესაძლოა ნაყოფს ინსულინარული აპარატის ზედმეტად მუშაობის გამო ჰიპოგლიკემია განუვითარდეს და დაიღუპოს. ექიმებმა კარგად იციან, რომ ჰიპოგლიკემია გაცილებით ძნელად სამართავია, ვიდრე ჰიპერგლიკემია და მით უმეტეს მაშინ, თუ მუცლადმყოფ ბავშვზე ვსაუბრობთ. ხშირად ექიმი ყურადღებას არ აქცევს ნაყოფის ჭარბ წონას, შედეგი კი შეიძლება იყოს ინსულინარული აპარატის გამოფიტვით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის ფონზე ნაყოფის დაკარგვა. გარდა ამისა, ნაყოფის დიდი ზომა მშობიარობის დროსაც მთელ რიგ სამეანო გართულებებს ქმნის, რის გამოც იზრდება სამშობიარო ტრავმის მიღების რისკი როგორც დედის, ასევე ნაყოფისათვის. ნაყოფის ნორმალურ წონად ვადას მიტანებული მშობიარობის დროს ითვლება 3,4 – 3,5 კგ. 4 კგ-ის ზემოთ უკვე ითვლება, რომ ნაყოფი დიდია. 4,6-ის ზემოთ უკვე გიგანტი ნაყოფია. არსებობს გარკვეული ცხრილი, რომლის მიხედვითაც ხდება ნაყოფის წონის შემოწმება ორსულობის თითოეული ვადის მიხედვით და დგინდება, არის თუ არა ის ნორმასთან შესაბამისობაში. სხვა ძუძუმწოვრებისათვის ადამიანთან შედარებით მშობიარობა ბევრად ადვილია, რადგან ადამიანს ევოლუციის წყალობით დაბადებისას თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს. ეს კი ნაყოფის სიდიდის ფონზე ნამდვილად ქმნის პრობლემას, მით უმეტეს თუ დედას ვიწრო მენჯი აქვს. ამან შეიძლება მთელი რიგი სამეანო გართულებები გამოიწვიოს, მით უმეტეს თუ დედაც ჭარბწონიანია. ჭარბი წონა მხოლოდ დედას კი არა, ნაყოფსაც აზიანებს და დედებმა ეს უნდა გააცნობიერონ.
აქვე გკითხავთ მცირე ზომის ნაყოფზეც. ითვლება, რომ ამას განვითარების ეტაპების შეფერხება იწვევს. ამასთან დაკავშირებით ჩვენთანაც ბევრი კითხვა შემოვიდა. ერთ-ერთმა ექიმმა სოციალურ ქსელში ამ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ თუ სახეზე ნამდვილად განვითარების შეფერხებაა, აქედან გამოსავალი არ არსებობს. ასეა თუ არა ეს ნამდვილად?
მამუკა ნემსაძე: როდესაც ნაყოფი ვერ აღწევს თავისი გესტაციური ვადისათვის საშუალო წონას საკვების საკმარისი რაოდენობის მიღების მიუხედავად, ის ითვლება მცირე ზომის ნაყოფად. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნაყოფის განვითარების პრობლემა, ასევე დედის მიერ საკვების საკმარისად მიწოდების პლაცენტარული პრობლემა. შესაძლოა სახეზე იყოს გენეტიკური პათოლოგია, რაც შემთხვევათა 20%-ში გვხვდება. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს ვიზამთ, რადგან გენეტიკური პათოლოგიის გამო ნაყოფის მეტაბოლიზმის გაუმჯობესება შეუძლებელია. როდესაც ნაყოფი სათანადო წონას ვერ აღწევს, ექიმმა პირველ რიგში უნდა გაიგოს, თუ რამდენად სრულყოფილად იკვებება ქალი, ხომ არ აქვს მას რაიმე ინფექცია, რაც შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს ამ მდგომარეობის ან ხომ არ არის სახეზე პლაცენტარული სისტემის პრობლემა, უფრო კონკრეტულად სისხლის მიმოქცევის პრობლემა. მნიშვნელოვანია ისიც, ეს ჩამორჩენა სიმეტრიულია თუ ასიმეტრიული. როდესაც პროპორციულად ნაყოფი ძალიან პატარაა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახეზეა გენეტიკური პათოლოგიები, ხოლო როცა ჩამორჩენა ასიმეტრიულია, შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიეჭვოთ, რომ ეს არის დედის, ნაყოფის ან პლაცენტის პათოლოგია. ასეთ დროს პირველ რიგში უნდა ვეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას, ხოლო თუ ეს არ ხერხდება, ჯობია ნაყოფი გარეთ გამოვიყვანოთ და ისე მივხედოთ, რადგან არსებობს რისკი, რომ ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება მას რამე მოუვიდეს.
ბატონო მამუკა, წეღან ვახსენეთ პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატები, რომლებსაც საქართველოში ბევრი ორსული იღებს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. არსებობს რწმენა, რომ მაშინაც კი, როდესაც ორსულობა არ არის რთული, ეს პრეპარატები ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. ნამდვილად ასეა თუ არა ეს და ზოგადად, რისთვის არის ეს პრეპარატები საჭირო?
მამუკა ნემსაძე: პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატები ზოგადად ძალიან კარგი მიგნებაა, ეს პრეპარატები კარგი ანალოგია იმ ჰორმონისა, რომელიც ნამდვილად უწყობს ხელს ორსულობის შენარჩუნებას, მაგრამ ვის სჭირდება ეს? კოჰრეინის ბიბლიოთეკაში არსებული საკმაოდ დიდი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ორსულობის შეწყვეტის რისკის მქონე ქალებს ორსულობის პირველ ტრიმესტრში მივცემთ თუ არა ამ პრეპარატს, ორსულობის გამოსავალი არ შეიცვლება. ანუ ეს პრეპარატები პირველ ტრიმესტრში დადებითად არ მოქმედებს ორსულობის შენარჩუნებაზე. საინტერესოა, რომ შეწყვეტილი ორსულობების დაახლოებით 60%-ში ემბრიონებს უფიქსირდებათ გენეტიკური პათოლოგიები, ანუ ბუნება ასწორებს ხარვეზს, რომელიც ჩაიდინა. მგონი ასეთი ორსულობის ხელოვნურად შენარჩუნება არ არის გამართლებული.
თუმცა, ამ პრეპარატებმა კარგი შედეგები აჩვენეს ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ნაადრევი მშობიარობის რისკი, მაგალითად დამოკლებული ყელი ან წინა ნაადრევი მშობიარობა. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ სტატისტიკურად სარწმუნო შედეგებია ნაყოფის დისტრესის შემცირების, სიკვდილობის შემცირების თვალსაზრისით. პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატების პრევენციისათვის დანიშვნა არ არის გამართლებული.არ შეიძლება ამ მედიკამენტის დანიშვნა მხოლოდ პრევენციისთვის. როცა ის საჭირო არ არის, ის ზედმეტია. კიდევ ერთი კვლევის შედეგად, რომელიც პროგესტერონით ნამკურნალევი და ამ პრეპარატების მიღების გარეშე ნამშობიარევი ქალების 3-5 წლის ბავშვების კოგნიტური უნარების შესაფასებლად ჩატარდა აღმოჩნდა, რომ პროგესტერონით ნამკურნალევ ჯგუფში მომატებული იყო თირკმლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკები. შესაბამისად, ამ პრეპარატებმა გარკვეული ნეგატიური გავლენა მოახდინა ნაყოფზე. ჩვენ ვცდილობთ ბუნებას შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ბუნებრივი გადარჩევა საკმაოდ მკაცრია და სამწუხაროდ მხოლოდ უძლიერესი გადარჩება ხოლმე.
შესაბამისად პროგესტერონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამიზნე ჯგუფებში. არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, ორსულობის ჩვეული შეწყვეტის ჯგუფი, როდესაც ქალს ორი, სამი და მეტი ორსულობა უწყდება. ამ სენსიტიურ ჯგუფში პროგესტერონმა არა, მაგრამ მისმა სინთეზურმა ანალოგმა დიდროგესტონმა გარკვეული დადებითი შედეგები აჩვენა ორსულობის შენარჩუნების კუთხით.
ორსულობის ჩვეული შეწყვეტის მიზეზთაგან 55%-მდე გარკვეული, ხოლო 45% უცნობია. ამ მიმართულებით დღეს საკმაოდ ბევრი გამოკვლევა ტარდება. მიღებულია მოსაზრება, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი თრომბოფილიები, ასევე ჰეპარინის ან ფრაქსიპარინის გამოყენება. ასე რომ, ეს მედიკამენტებიც სიფრთხილით და მხოლოდ იმ ჯგუფებში უნდა დაინიშნოს, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა.
იმ ადამიანებში, ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს მიღებულია აზრი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რადიოლოგიური კვლევა ორსულობის მე-12 კვირაზე, როდესაც შესაძლებელია დანახვა, აქვს თუ არა ნაყოფს რაიმე პათოლოგია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და ხომ არ არის რაიმე სხვა ვადა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია და როდესაც უფრო გულდასმით უნდა ჩატარდეს კვლევა?
მამუკა ნემსაძე: საინტერესო შეკითხვაა. ულტრაბგერის გამოყენებამ მეანობაში ძალიან დიდი კარტ-ბლანში მოგვცა, მისი საშუალებით გაცილებით კარგად ვახერხებთ პათოლოგიების დადგენას. მაგალითად, მუცლადყოფნის პერიოდში დაუნის სინდრომის აღმოჩენა ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდანაა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგამ კიპროს ნიკოლაიდისმა სწორად ივარაუდა, რომ 21-ე ქრომოსომის ტრისომიის დადგენა შეიძლებოდა მუცლადყოფნის პერიოდში კისრის ნაოჭის ექოსკოპიით, რადგან დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს შესაძლოა ეს მაჩვენებელი ნორმასთან შედარებით მომატებული ჰქონოდათ დაბადებამდეც. მისი ეს მოსაზრება გამართლდა და უმეტეს შემთხვევებში, როდესაც ნაყოფის კისრის ნაოჭის ზომა დასაშვებ ნორმას აღემატება, დიდი ალბათობით ნაყოფს აღენიშნება 21-ე ქრომოსომის ტრისომია. ეს მარკერი, როგორც იზოლირებული მაჩვენებელი, საკმაოდ ნატიფად არის შესაფასებელი, თუმცა ის პათოლოგიის დადგენის ერთადერთი გზა არ არის. მე-12 კვირაზე ჩატარებული კვლევა მხოლოდ 70%-ში იძლევა პათოლოგიის აღმოჩენის შანსს. აღსანიშნავია, რომ ყოველი 100-დან 5 შემთხვევაში, როდესაც რადიოლოგიური კვლევა ადგენს კისრის ნაოჭის მომატებულ ზომას, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. ამიტომ მეცნიერებმა სცადეს სხვა მარკერების შემოტანაც, რათა მიგვეღო ზუსტი პასუხი კითხვაზე, არსებობდა თუ არა პათოლოგია. მაგალითად, ასეთია ალფა-ბეტა პროტეინის ტესტი,ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი ტესტი, რისი ჩატარებაც საჭიროა, რათა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე დაუნის სინდრომი. თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა გამოვიკვლიოთ ნაყოფის დნმ ჯერ კიდევ პირველ ულტრაბგერით გამოკვლევამდე 3 კვირით ადრე. ორსულობის 9 კვირიდან უკვე შეიძლება ნაყოფის დნმ-ის ფრაგმენტების აღმოჩენა დედის სისხლში, რომელიც 99%-ში იძლევა საშუალებას დადგინდეს,აქვს თუ არა ნაყოფს რაიმე გენეტიკური პათოლოგია. ეს მოლეკულურ ბიოლოგიაზე დაფუძნებული ტესტები არის სკრინინგული ხასიათის. იმ შემთხვევაში, თუ მათ შედეგად ანომალია დაფიქსირდა, უკვე მივმართავთ დიაგნოსტიკურ ინვაზიურ პროცედურებს, რომელიც გვაძლევს სწორ ინფორმაციას ნაყოფის შესახებ. ეს არის ქორიონის ხაოების ბიოფსია, ამნიოზენტეზი. ეს გახლავთ ინვაზიური პროცედურა, რომლის დროსაც ნაყოფის მიმდებარე სივრციდან ხდება სითხის აღება პუნქციით და შემდეგ მასში ნაყოფის ქრომოსომების ნაკრების იდენტიფიცირება. ეს პასუხი უკვე საბოლოა. ამ კვლევის გაკეთება უკვე 15 კვირიდან არის შესაძლებელი. ამ დროს ნაყოფი არ ზიანდება, ორსულობის დაკარგვის რისკი 1%-ია. ასეთ შემთხვევაში რისკი გამართლებულია.
ეს კვლევები, რომლებიც ახსენეთ, ორმაგი ტესტი, სამმაგი ტესტი და ა.შ. ყველა ორსულისთვის საჭიროა თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს რაიმე რისკ-ფაქტორი, მაგალითად ასაკი?
მამუკა ნემსაძე: ადრე ითვლებოდა, რომ ეს კვლევები 35 წლის და უფროსი ასაკის ორსულებს უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა თანამედროვე სტატისტიკა გვამცნობს, რომ დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების 70% 35 წლამდე ასაკის დედებმა გააჩინეს. ეს ბუნებრივია, რადგან ძირითადად რეპროდუქციულ ფუნქციებს ქალები ამ ასაკამდე ასრულებენ და 35 წლის ასაკამდე ორსულობის და მშობიარობის შემთხვევები გაცილებით ბევრია. ამიტომ, დღესდღეობით ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია უკლებლივ ყველა ორსულს აძლევს რეკომენდაციას, ჩაიტარონ ეს ტესტები, რომლებიც არაინვაზიური მეთოდით კეთდება. ჩვენ მათ ეს უნდა შევთავაზოთ. საქართველოში ძირითადად დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ფასი, რომელიც ადრე გაცილებით მაღალი იყო. დღესდღეობით ეს კვლევები უკვე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც არის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი და იმედია ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მალე მთლიანი პოპულაციისთვის იქნება მათი ჩატარება შესაძლებელი.
პირველი, რასაც ყველა ორსული კითხულობს, ეს არის ვითარდება თუ არა ბავშვი ნორმალურად და ეს კვლევები ამის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.
მინდა აღვნიშნო, რომ თუ დიაგნოზი გენეტიკური პათოლოგიაა, ეს არ არის პირდაპირ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ დედას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა დაავადებას. მაგალითად დაუნის სინდრომს გართულებების სახით ხშირად ახლავს გულის მანკები, სხვადასხვა თანმხლები პათოლოგიები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა გამოვლინდეს, რადგან როგორც წესი, ისინი გენეტიკურ პათოლოგიასთან შეჭიდული მდგომარეობებია. დედას ამ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ის უკვე ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
მინდა აქვე გკითხოთ ისეთ გავრცელებულ გართულებებზე, როგორიც მცირეწყლიანობა და მრავალწყლიანობაა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს გართულებები?
მამუკა ნემსაძე: მრავალწყლიანობა, ისევე როგორც მცირეწყლიანობა პირველ რიგში დაკავშირებულია დედის მდგომარეობასთან. სანაყოფე წყლის პროდუქცია პირველ ეტაპზე ხდება სანაყოფე გარსებიდან. მეორე ტრიმესტრიდან ნაყოფის თირკმელები უზრუნველყოფს მის წარმოებას, ანუ ეს არის ნაყოფის პირველადი შარდი. მცირეწყლიანობის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ნაყოფს შესაძლოა საკმარისი სისხლი არ მიეწოდებოდეს. შესაბამისად, ასეთ დროს სითხე ნაკლებია დედის ორგანიზმშიც და ბავშვთანაც, ნაყოფის სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო კი მცირდება მისი შარდის ოდენობაც. სწორედ ამიტომ, ორსულებმა წყალი დადგენილი დოზით უნდა მიიღონ. ორსულისთვის მინიმალური დღიური დოზა 2,5 ლიტრია. თუ მან წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ მიიღო, ეს კიდევ უფრო გაასქელებს სისხლს, რაც ისედაც ხდება ორსულობის დროს. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად წყლის დალევა, როგორც სამკურნალო პროცედურა, ისე უნდა დაინიშნოს ორსულთან. ეს ბავშვის სისხლის მიმოქცევასაც გააუმჯობესებს.
გარდა ამისა, მცირეწყლიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფის თირკმლის განვითარების ანომალიასთან, ე.წ. პოტერის სინდრომთან, როდესაც ნაყოფის ორივე თირკმელი ზიანდება. ასევე საშარდე სისტემის ანომალიასთან, ინფექციასთან, ნაყოფის ზრდის შეფერხებასთან, სანაყოფე გარსების ანთებასთან და ა.შ.
ჭარბწყლიანობის გამომწვევი შეიძლება იყოს ნაყოფის განვითარების ანომალიები, პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია. სანაყოფე სითხე თავისუფლად შედის ნაყოფის ორგანიზმში. აუცილებელია, ის ჩავიდეს ფილტვებში, რათა ფილტვები სწორად მომწიფდეს და დაბადების შემდეგ ბავშვმა სწორად სუნთქვა შეძლოს. მუცლად ყოფნისას ნაყოფი ყოველდღიურად 700 მლ-მდე სითხეს ყლაპავს, რომელიც ფასდაუდებელ როლს ასრულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომწიფებაში და სატანადო მიკროფლორის ჩამოყალიბებაშიც. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს დიაბეტი, დედასთან არსებული ჰიპერგლიკემია შეიძლება ბავშვის ჰიპერგლიკემიის მიზეზი გახდეს. ტყუპებზე ორსულობის დროს შესაძლოა ერთი ნაყოფის ჭარბწყლიანობამ მეორის მცირეწყლიანობა გამოიწვიოს. დღეს ულტრაბგერის საშუალებით ექიმებს ნაყოფის ორგანოების მდგომარეობის შესწავლა შეგვიძლია, ამიტომ აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს მიზეზი. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჭარბწყლიანობის ან მცირეწყლიანობის გამომწვევი მიზეზი, ამის დასადგენად უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები.
და ბოლოს, აუცილებლად მინდა გკითხოთ მულტივიტამინებზე, რომლებსაც თითქმის ყველა ორსული იღებს. ყოველთვის საჭიროა თუ არა მულტივიტამინის მიღება ორსულობისას?
მამუკა ნემსაძე: რა არის ვიტამინები? ვიტამინები არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომლებიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება მინიმალური ზომის ნაერთებად და ნაყოფთან მიდის. პოლივიტამინები ემსახურება ამ ნაერთების სწორად ჩალაგებას. ვიტამინები კოფერმენტების სახით მუშაობს და ხელს უწყობს საკვების ათვისებას. თუ საკვები არ იქნება, რის ათვისებაში დაგვეხმარება ვიტამინები? ორსულისთვის საჭიროა განსაზღვრული ოდენობის ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი, რომლის სწორად ათვისებასაც ვიტამინები უზრუნველყოფს. ცხოველური საკვები ყველა, ოცივე ამინომჟავას შეიცავს, მცენარეული საკვები მხოლოდ 10-ს. შესაბამისად, სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ვიტამინების მიღება. მე პირადად პოლივიტამინის დანიშვნას ტოლერანტულად მხოლოდ გაზაფხულზე, თებერვალი-მარტი-აპრილის პერიოდში ვუყურებ, რადგან ამ პერიოდში საკვებში არის შედარებით ნაკლები ვიტამინი. ამ დროს შეიძლება დაინიშნოს ვიტამინები საკვებთან ერთად, მაგრამ სწორი კვება მაინც უმთავრესია.
ამერიკის ბაზარზე პოლივიტამინებს 90 მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. ბაზარზე 45 000 სხვადასხვა დასახელების პოლივიტამინია წარმოდგენილი. შესაბამისად პრეპარატის შერჩევა ძალიან რთულია. ამიტომ, მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ ჯანსაღად იკვებოს. მივაწოდოთ ორგანიზმს საკმარისი ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი და ის თავად აითვისებს მას, ეს ნაყოფზეც დადებითად აისახება და დედაზეც.
წყარო: https://fortuna.ge