თარიღი: 15 ნოემბერი, 2021
როზაცეა, იგივე ვარდისფერი აკნე დერმატოლოგიური დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. როზაცეა იწვევს კანის ქრონიკულ სიწითლეს, შესიებას, გამონაყარს. ის არის არაინფექციური ანთებითი პროცესი.
როზაცეასა და აკნეს მსგავსი სიმპტომები აქვთ, თუმცა ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ორივე დაავადება ერთდროულად განუვითარდეს.
როზაცეისკენ ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილები, ვიდრე მამაკაცები, თუმცა დაავადების მწვავე ფორმა მამაკაცებში უფრო ხშირია ქალებთან შედარებით. როზაცეა, როგორც წესი 30 წლის შემდეგ იწყება და 40-60 წლის ასაკში აღწევს პიკს.
როზაცეას დაავადების რისკ-ჯგუფში შედიან:
• ქერა და განსაკუთრებით ღია ფერის კანის მქონე ადამიანები
• ქალები მენოპაუზის პერიოდში
• კონტაქტური ალერგიული დერმატიტის მქონე ადამიანები
• მწეველები
• ამ დაავადებისადმი გენეტიკურად მიდრეკილი ადამიანები
როზაცეას გამომწვევი მიზეზები დაუზუსტებელია, ის ყველა ადამიანში ინდივიდუალურად იჩენს თავს, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, ესენია:
• დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა
• შინაგანი ორგანოების დაავადებები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის პრობლემები
• ტკიპა, ბაქტერია
როზაცეა ხშირ შემთხვევაში ლოკალიზდება სახეზე, ცხვირის, ლოყების, შუბლისა და ნიკაპის არეში, იშვიათად კი - ყურის უკან, ზურგის ზედა ნაწილში, კისერსა და თავის თმიან ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ სიმპტომებს თან ერთვის ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებები, აუცილებელია დაგეგმოთ ვიზიტი დერმატოლოგთან
• მოულოდნელად წითელი გამონაყარი კანზე
• სახის კანის გაუხეშება და გაცხიმოვნება
• სახის კანის ქავილი, შეშუპებაა და სიმხურვალე
• სახეზე წითელი კაპილარების ქსელის გამოკვეთა
„ავერსის კლინიკის“ დერმატოლოგი, ირინა იაშვილი გთავაზობთ ზოგად რეკომენდაციებს როზაცეას დროს კანის მოვლასთან დაკავშირებით.
სახე დაიბანეთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი გელით/ქაფითა და ოდნავ თბილი წყლით. არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის, სწრაფი კვებისა და საბაკალეო ნაწარმით კვება, ასევე, სტეროიდების შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.
ზაფხულში აუცილებელია მზისგან დამცავი საცხის წასმა, ზამთარში კანის ტიპის გათვალისწინებით - სიცივისგან დამცავის.
როზაცეას განვითარების რისკ - ფაქტორებია:
• ჩაისა და კოფეინის შემცველი სასმელების რეგულარული დალევა
• ცხელი, ცხარე, შებოლილი და სანელებლებიანი კერძების მიღება
• ხანგრძლივი ულტრაიისფერი დასხივება (მზე და სოლარიუმი)
• სტრესი
• ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბების ხანგრძლივი მიღება
• ცხელ ან ცივ გარემოში ხანგრძლივად დაყოვნება
• ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება
როცაზეას მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და დამოკიდებულია დიაგნოზზე. დაავადებას აქვს 4 ძირითადი სტადია:
1. ტრანზიტორული ერითემა - გრძელდება რამდენიმე საათის მანძილზე და ლოკალიზდება სახის შუა ნაწილზე. მაპროვოცირებელი ფაქტორები არის მზე, სტრესი, ცხელი და ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღება
2. პერსისტიული ერითემა და ტელეანგიექტაზიები - გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, ჩნდება მრავლობითი მოლურჯო-მოიასამნისფერო კაპილარული ქსელი (ტელეანგიექტაზიები), განსაკუთრებით ლოყების მიდამოზე
3. პაპულები და პუსტულები - ერითემის ფონზე (კაპილარების გაფართოების შედეგად კანის ძლიერი სიწითლე) ვითარდება წვრილი პაპულები (სითხის შემცველი ბუშტუკები) ცხვირის, ცხვირ-ლოყის ნაოჭის, ნიკაპისა და შუბლის მიდამოზე
4. კვანძები და ბალთები - გამონაყარი მატულობს ზომაში და ერთიანდება. ფიბროზი (ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიური პროცესი) და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია (ინტენსიურად რაოდენობის მატება) ზოგჯერ იწვევს კანის რომელიმე ნაწილის დიფუზურ გადიდებას - ფიმებს
აღსანიშნავია, რომ დაავადების სხვა სახეებიც არსებობს, მიმდინარეობისა და კანზე გამოვლენის შესაბამისად:
• პერსისტირებული შეშუპება - პროგრესირებადი შეშუპება შუბლის წარბზედა და ლოყების მიდამოში
• ლუპოიდური როზაცეა - ქუთუთოებისა და პირის მიდამოში მრავლობითი მოწითალო-მოყავისფრო წვრილი გამონაყარი, მუწუკი
• სტეროიდული როზაცეა - ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობა, ზოგიერთ პაციენტში, იწვევს ერითემის გაძლიერებას, ატროფიას და ზოგჯერ პუსტულების და კომედონების გაჩენასაც;
• ოფთალმო როზაცეა - როზაცეა იწვევს თვალის დაზიანებასა და თვალის სხვადასხვა ინფექციების პროვოცირებას,
• ფიმები - დაზიანებული, ხორკლიანი ქსოვილის შემოსაზღვრული ნაწილის ზომაში მატებაა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა, რაც კლინიკური ნიშნების მიხედვით ხორციელდება. დიაგნოზის დასაზუსტებლად დერმატოლოგის მითითების შესაბამისად ტარდება ლაბორატორიული კვლევები.
თანამედროვე დერმატოლოგიაში როზაცეას სამკურნალოდ ეფექტური მეთოდია ლაზეროთერაპია. პროცედურა უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის ხანგრძლივ პროცესს და რაც მთავარია, სასურველი შედეგი მიიღება სწრაფად.
მოერიდეთ ოჯახის პირობებში მკურნალობას ან თვითმკურნალობას გართულებების თავიდან ასაცილებლად.
წყარო: ჟურნალი ავერსი