Plasmon
თამარ გაგოშიძე: მეცნიერება მკვდარია, თუ მას არ აქვს პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა

თარიღი: 18 სექტემბერი, 2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე იმ იშვიათ მეცნიერებს შორისაა, ვის მოსაზრებებსაც საქართველოს მედიასა თუ სოციალურ ქსელებში აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების, ღირებულებებისა თუ პროფესიის ადამიანები აზიარებენ, ეთანხმებიან, აღფრთოვანებულები არიან. ეს მოსაზრებები, ყველაზე ხშირად, ბავშვების აღზრდას, განვითარებას ეხება. თუმცა თავად მეცნიერი გვიხსნის, რომ ბავშვთა ფსიქოლოგიით იგი შედარებით მოგვიანებით დაინტერესდა:

სხვათა შორის, მე არ ვარ ბავშვების სპეციალისტი. ჩემი პირველი ინტერესი არ იყო ბავშვების ნეიროფსიქოლოგია. თავდაპირველი ინტერესი ეხებოდა მოზრდილების თავის ტვინის დაზიანების შედეგად გამოწვეული ქცევის და ფსიქიკის ცვლილებების შესწავლას და ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი. ბავშვებით დაინტერესება თავისით მოხდა, სრულიად შემთხვევით, როდესაც ადამიანები გვთხოვდნენ რჩევას, დახმარებას. ვიფიქრე კიდეც, რომ ნეიროფსიქოლოგიური ცოდნა, შეიძლება კარგად იქნას გამოყენებული ბავშვების განვითარების პრობლემების დაძლევისა და მათი ეფექტიანი სწავლებისათვის და ასეც აღმოჩნდა.
 
ეს იყო სუფთა პრაქტიკული მუშაობა, არანაირი სამეცნიერო ინტერესი არ მქონია. მეცნიერება არის პრაქტიკული აქტივობების განზოგადება. ინდუქციური მეთოდის მიდგომა გამოვიდა – ბევრი ემპირიული მასალა გროვდება და კანონზომიერებებს ვხედავთ, მერე გვინდება ამ კანონზომიერებების შემოწმება. სხვადასხვა ჯგუფებთან ემპირიული მუშაობით მიღებულ შედეგებს ვამოწმებთ და ისევ ჩვენვე ვნერგავთ პრაქტიკაში. ჩემთვის მიუღებელია მეცნიერება მეცნიერებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ადგებათ ჩვენი მეცნიერება. აბსტრაქტული მეცნიერების მე არ მესმის. ფუნდამენტური, ერთი შეხედვით თეორიული მეცნიერებაც კი, აუცილებლად ტრანსლირდება პრაქტიკაში. ჩემთვის მეცნიერება არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვხვდებით, მისი ანალიზი, მისი განზოგადება, მოდელირება და ამ მოდელების შემოწმება. მუშაობს თუ არა ეს მოდელები? თუ არ მუშაობს, მაშინ სად მუშაობს და სად არა? როცა შენ ძალიან ბევრ განსხვავებულ პრობლემას ხედავ და, ამავე დროს რაღაც კანონზომიერებას იჭერ, ეს უკვე ძალიან საინტერესოა და მოგვიანებით, სამეცნიერო ინტერესიც გიჩნდება.

– თქვენ საუბრებს ძალიან ხშირად აზიარებენ, მათ შორის ჩემი მეგობრებიც. ბევრს უთქვამს, რომ თითქოს მარტივია ყველაფერი ის, რაც მოვისმინეთ, მაგრამ ალბათ საკმაოდ ძნელი იყო აქამდე მივსულიყავით?


– ვერ გეტყვით, რა ქმნის ამ სიმარტივეს. შეიძლება ეს პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარეობს. მეცნიერება არის, ფაქტობრივად, თეორია პრაქტიკაში. მეცნიერება მკვდარია, თუ მას არ აქვს პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა. ასეთი ტერმინი არსებობს – გამოყენებითი მეცნიერება, რაც ჩემთვის ცუდად ჟღერს. ყველაზე თეორიული და ფუნდამენტური დარგებიც კი, ფიზიკაში და მათემატიკაში, აუცილებლად გამოყენებადია ხოლმე. შეიძლება ახლა არ იყოს, მაგრამ შემდეგში იქნება.
 
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დასკვნები და მიგნებები, გარდა იმისა, რომ საზოგადოებისთვის იყოს გასაგები, გაზიარებული იყოს საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ?
 
არ ვარ განებივრებული საერთაშორისო კავშირებით. ზოგადად, ჩვენი მიმართულება ცოტა დახურულია ამ თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ ჩვენი თაობა ჩაკეტილ სივრცეში ვიზრდებოდით და ვსწავლობდით.
 
ჩემთვის სასიამოვნოა ხოლმე იმის აღმოჩენა, როცა სრულიად დამოუკიდებლად მიდიხარ რაღაც აზრამდე, რომლამდეც სხვა მეცნიერებიც მივიდნენ. მახსოვს ჩემი განცდა, როდესაც პირველად მოვხვდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვნახე წიგნი, რომელიც ეხებოდა იმას, რასაც ჩვენ ხელებით ვაკეთებდით, სადამდეც დაკვირვებისა და თეორიების საფუძველზე მივედით. მერე აღმოჩნდა,რომ ეს საერთოდ არ არის ჩემი სფერო და ოკუპაციური თერაპიის სფეროა, მაგრამ თავად პრინციპი და მიდგომა იყო საინტერესო.
 
მეორე მსგავსი შემთხვევა გერმანიაში მქონდა, როცა ის სისტემა, რა სისტემასაც მე და ჩემი თანამშრომლები ვიყენებთ ბავშვებთან მუშაობაში, აღმოვაჩინე სხვა სათაურით – სხვა ადამიანებიც ასეთივე ჰოლისტურ, მთლიანობით მიდგომას იყენებდნენ, რაც არის სასიამოვნო.

– რითია განსხვავებული თქვენი მიდგომები ბავშვებთან ურთიერთობაში?


– ჩვენი დახმარების სისტემა არის აწყობილი თეორიაზე, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანის ფუნქციონირება მრავალმხრივია და ნეგატივი, ანუ მინუსი, სიმპტომი და პრობლემები არის მხოლოდ ერთი მხარე. ჩვენ არ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ პრობლემებზე. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძლიერი მხარეები და კომპენსატორული მექანიზმები მოვძებნოთ, რომლითაც ჩავანაცვლებთ ნეგატივს.
 
ჩვენ მივყვებით განვითარების ლოგიკას, ჩვენ ვიცით რა რის შემდეგ უნდა იყოს და ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ან უნდა იმუშაო ე.წ. ელემენტარულიდან რთულისკენ, ან პირიქით – გააჩნია, რა სიტუაციაა. ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციებთან, როცა ვერ შევცვლით ბიოლოგიას, ცუდს ვერ შევცვლით – ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას ვერ შევცვლით, ვერც დისფუნქციას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ამ სისტემას ისეთი სიტუაციები, სადაც ის ისწავლის თავიდან აწყობას, ადაპტაციის და ფუნქციონირების ახალი მექნიზმების შემუშავებას.
 
ეს სისტემა მუშაობს, ფაქტობრივად, ყველა განვითარების დარღვევის შემთხვევაში და ყველა ტიპის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში. მოზრდილებთანაც იგივე პრინციპი გვაქვს და ბავშვებთანაც. ბავშვებთან სირთულე კიდევ ის არის, რომ მათ პრობლემას თან ახლავს განვითარება. განვითარებას თავისი კანონზომიერება აქვს, ის შეიძლება იყოს შეფერხებული, დამახინჯებული, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორია ეს განვითარება, როგორი ლოგიკით მიდის. ჩვენ ვიყენებთ ქცევით მოდელებსაც. იმიტომ, რომ ადამიანი მოტივაციისა და მოთხოვნილების მქონე არსებაა. მაგრამ ჩვენ უფრო ცოტა ფართოდ ვუყურებთ ადამიანის ქცევას და მას უფრო ფართო, მრავალფაქტორიან კონტექსტში განვიხილავთ, ვიდრე ეს მოტივაცია, სტიმული და დაჯილდოება-დასჯაა.

– გქონიათ შემთხვევა, როცა დასაწყისში ვერც კი წარმოიდგენდით, ისეთ წარმატებულ შედეგს მიაღწიეთ?

– ცხადია, ყოველთვის უფრო უარესი წარმოგვიდგენია, ვიდრე შეიძლება შედეგი იყოს. რადგან ყველანაირი ლოგიკით, როცა თავის ტვინის ძალიან დიდი ზომებია დაზიანებული, მაგალითად, ქალა ტვინის ტრავმის შემდეგ, სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდეგ, ადამიანი ვერ ლაპარაკობს, ვერ გრძნობს, მეხსიერება არ აქვს, დეზორიენტირებულია – პოზიტიური პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.
 
მაგრამ ადამიანის ნერვულ სისტემას აქვს საოცარი პლასტიურობის უნარი. ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ ამ უნარს. ადრე ითვლებოდა, რომ ნეირონი არ რეგენერირდებოდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი შესაძლებელია იყოს განახლებადი, შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვა ნეირონებთან დაკავშირებული ახალი სისტემები.
 
ძალიან დიდი ინფორმაცია დაგროვდა ნეირომეცნიერებებში, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში ვიცით. ჩვენი ობიექტი არ არის ნეირონული აქტივობა, ჩვენი ობიექტი ადამიანია. დღეს ბევრი ახალი კვლევაა, რომელიც გვეუბნება იმას, თუ რა ხდება თავის ტვინში, სასწაული კვლევებია და შედეგები, რაც გვიჩვენებს როგორია ტვინის, ნეირონული სისტემების პლასტიურობის ნეიროფიზიოლოგიური და ნეირობიოლოგიური საფუძვლები. ჩვენთვის ეს არ არის სასწაული, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ ხოლმე პროდუქტს, რომელსაც ჩვენ თვითონ არ ველოდებოდით. ადამიანი არ ლაპარაკობდა და ლაპარაკობს, როცა მისი ტვინის ის ნაწილებია დაზიანებული, რომლითაც ვერ უნდა ლაპარაკობდეს. მაგრამ ლაპარაკობს.
 
არის შემთხვევები, როცა პროგრესი არ გვაქვს, ან ძალიან მცირეა. გვაქვს ასეთი შემთხვევებიც და ისინი განსაკუთრებით რთულად გადასატანია ემოციურად.

– ალბათ ადამიანებმა, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს ამ შესაძლებლობებზე, რადგან გქონდეს იმედი, ძალიან მნიშვნელოვანია.

– ჩვენი საქმე და მეცნიერება ღირებულებებთან არის კავშირში. მაგალითად, თავის ტვინს ნეიროანატომიაც სწავლობს, მაგრამ ჩვენ როცა ვსწავლობთ თავის ტვინის აქტივობას, ვსწავლობთ ადამიანის ქცევასთან მიმართებაში, რაც ღირებულებებთან არის დაკავშირებული. დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია შენ რისი გჯერა.
 
დეფიციტი და დეფექტი არის რეალობის ერთი მხარე და იმ რეალობას კიდევ ბევრი სხვა მხარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტზე ვმუშაობთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ დანარჩენ მხარეებს.
 
ნეოროფსიქოლოგია და ნეორომეცნიერება შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს თავისთავად მეცნიერებად, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი მეთოდის და მიდგომის წარმატება იმან განაპირობა, რომ ჩვენ მას ვიყენებთ არა მხოლოდ დაზიანებული ტვინის ფუნქციონირების შედეგების, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებთან მიმართებაშიც. მათი ტვინი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ის პრობლემა, რაც შეიძლება დაზიანებულ, დისფუნქციურ ტვინს ჰქონდეს, შესაძლოა მას არ აქვს. მაგრამ ამ დაზიანებულმა და დისფუნქციურმა ტვინმა გვასწავლა ჩვენ, როგორი უნდა იყოს ტვინის ნორმალური ფუნქციონირება. საათის მექანიზმს ვერ გაიგებ, თუ არ დაშალე და არ ააწყვე, რომ გაფუჭდება, მერე დაშლი საათს. ასევეა ჩვენი თავის ტვინის ფუნქციონირებაც. დაზიანებული თავის ტვინის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენ გვასწავლის, ადამიანის ქცევას, მის ემოციებს, მის შემეცნებას ტვინის რომელი სისტემების ფუნქციონირება განაპირობებს. ცხადია, ასეთი ტვინი თვისებრივად სხვა არის, მაგრამ უფრო კარგად გვანახებს ნორმალური ფუნქციონირების პრინციპებს, ნორმალურ ფუნქციონირებაში რა შეიძლება შეცვალო. მე მომმართავენ, როგორც პოზიტიური ფსიქოლოგიის წარმომადგენელს ან ფსიქოთერაპევტს, მაგრამ მე არც ერთი არ ვარ და არც მეორე. მე ვარ უბრალოდ ნეიროფსიქოლოგი, რომელმაც იცის ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება ჩვენმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ ჩვენ ტვინზე ზეგავლენა მოახდინოს და პირიქით, ჩვენი ტვინი როგორ ახდენს გავლენას, როგორ ცვლის ჩვენ ფსიქოლოგიურ და ქცევით აქტივობას.
 
პოზიტიურ მოლოდინს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახალა უკვე წამოვიდა ასეთი კვლევები,რომელიც გვეუბნება,რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ.
 
საქართველოში არ არის „მოდური“ ფსიქოსომატური მედიცინა. განვითარებულ სამყაროში ყველა დაავადება – კუჭის წყლულიდან დაწყებული, დამთავრებული კანის დაავადებებით, ითვლება ფსიქოსომატურად. შესაბამისად, დამოკიდებულება და მიდგომაც და მკურნალობისადმი დამოკიდებულებაც არის ფსიქოლოგიზებული. პაციენტი აქტიურად არის ჩართული თავის მკურნალობაში, დიდი აქცენტი კეთდება მის განათლებაზე და ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნაზე .
 
შენ თუ არ გაქვს პოზიტიური მოლოდინი ჩვეულებრივი ადამიანისგან, ის ადამიანი მოტივირებული ვერ იქნება. ამას მე კი არ ვამბობ, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბავშვებთან. მაგალითად, მასწავლებლის მოლოდინის შეცვლის გამო, შესაძლოა მოსწავლეს მოტივაცია დაუქვეითო, სწავლის ინტერესი დაუკარგო და პირობითად, ბეჯითი მოსწავლე აქციო წარუმატებელ მოსწავლედ. ან პირიქით, წარუმატებელი მოსწავლე მასწავლებელმა თავის მოლოდინით და წახალისებით, ხელი შეუწყოს მოსწავლეს წარმატების მიღევაში და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში.

– ის დაძაბული ნერვული ფონი, დაპირისპირება საზოგადოებაში რაც არსებობს, ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება?
 
– ცხადია, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არის ასეთი ნერვული და დაძაბული ფონი? ეს ფსიქიკიდან მოდის ხომ? შენ ხარ უკმაყოფილო, შენს მიზნებს ვერ მიაღწიე, არავის არ მოსწონს თავისი ცხოვრება. ბედნიერების ინდექსი რომ დაბალი გვაქვს, ცხადია აისახება ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. შენ გაქვს სტრესი და ის აისახება ფიზიკურ მდგომარეობაზეც, ადამიანები უფრო ბევრს ავადმყოფობენ, რადგან იმუნიტეტი უქვეითედებათ სტრესის გამო, უფრო უკმაყოფილოები არიან თავიანთი ცხოვრებით. ეს იწვევს დაძაბულ, მაღალი შფოთვის ფონს საზოგადოებაში.
 
ზოგადად ემოციების მართვა რა არის? ჩვენი ტვინი სამი ნაწილისგან შედგება: ქერქი არის ყველაფრის დირექტორი, მერე მოდის შუა ნაწილი და ბოლოს ტვინის ძველი და თითქოს, ელემენტარული ნაწილი ტვინის ღერო. მაგრამ ეს ელემენტარული ნაწილი არის სასიცოცხლო ნაწილი. ტვინის ქერქის შუბლის წილი არის ზუსტად ის წილი, რომელსაც მართავს სხვა ნაწილები, მას აძლევს ინფორმაციას ყველა სხვა ნაწილი და ის კი მოქმედების ბრძანებას იძლევა. ამავე დროს, ეს არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც აღზრდას ექვემდებარება.
 
შუბლის ძარღვი გაგიწყდა, უშუბლო ადამიანი ხარ – ეს შემთხვევითი ტერმინები არ არის. ტვინის შუბლის ნაწილის საშუალებით აკონტროლებს ადამიანი თავის ქცევას, იკავებს სიტუაციისათვის არასაჭირო, არაადეკვატურ იმპულსებს, ისახავს მიზანს, შეიმუშავებს გეგმას, შეუძლია რისკების გათვლა.
 
ცნობილია ფინეას გეიჯის მაგალითი, რომელიც ნეიროფსიქოლოგიის ყველა სახელმძღვანელოში შუბლის წილის დაზიანების მაგალითად მოყავთ. თუ როგორ შეიძლება ძალიან ზრდილობიანი და კარგად აღზრდილი, მშრომელი ადამიანი, შუბლის დაზიანების შემდეგ, გახდეს უზრდელი, იმპულსური და აგრესიული.
 
გენეტიკურად არის ჩადებული, რომ შუბლის წილი, რეალურად, ვითარდება 21 წლამდე. როცა ყველა დანარჩენი ნაწილი 11 წლისთვის უკვე განვითარებულია. ვსაუბრობ ჩამოყალიბებულ სისტემებზე, რომელიც მეტნაკლებად ჩემს ქცევას განაპირობებს. 21 წლამდე თუ იმპულსს ვერ იკავებ, 21 წლის მერე მე ვერ გასწავლი შეკავებას; შენ თუ არჩევანის გაკეთება არ შეგიძლია 21 წლამდე, მერე ამას სწავლა გაგიჭირდება; თუ შენ მიზნით მოქმედება და დაგეგმვა ვერ ისწავლე 21 წლამდე, ამას მე ვერ გასწავლი.

– თქვენ თქვით, რომ არ გამოირჩევით განსაკუთრებული საერთაშორისო კავშირებით. თუმცა, რეალურად, თქვენ ხართ ქართველ თანამედროვე ფსიქოლოგებში ყველაზე მაღალი ციტირების მქონე მეცნიერი. რა თემებთან დაკავშირებით გციტირებენ ყველაზე მეტად?

– უფრო ნეიროფსიქოლოგიურ თემებს ციტირებენ, რომლებიც დაკავშირებულია ეპილეფსიასთან. იმიტომ, რომ დიდი ხანი და ახლაც, ჩემი ცხოვრება დაკავშირებული არის ეპილეფსიის მქონე ადამიანების მკურნალობასთან ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ამ მხრივ, ვფიქრობ, ერთადერთი იყო ყოველთვის საქართველოში. სახელმწიფო პროგრამასაც ზუსტად ეს ინსტიტუტი ახორციელებდა და, შესაბამისად, ძალიან ბევრი კვლევაა გამოქვეყნებული ეპილეფსიის მკურნალობასა და ეპილეფსიის მქონე ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე.
 
ეპილეფსია არის ადამიანის ცხოვრება და ის, თუ როგორ უყურებს იგი მას, მის ცხოვრებას, გავლენას ახდენს მის მკურნალობაზეც. ეპილეფსიას ბიოლოგიური მიზეზი აქვს: ნეირონის პათოლოგიური აქტივობა, თუმცა ის უკავშირდება ასევე ფსიქოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ პრობლემებს და ხშირად ეპილეფსიის მქონე პიროვნებას უფრო მეტად სტანჯავს ფსიქოლოგიური პრობლემები, ვიდრე თვითონ დაავადება.
 
მე მახსოვს, საბჭოთა პერიოდში, როცა მალავდნენ ბავშვებს, ახლაც უჭირთ ამ მდგომარეობის ღიად აღიარება. ამ საქციელით ისინი ცდილობენ დაიცვან თავიანთი შვილები და თავი სტიგმატიზებული დამოკიდებულებებისგან.
 
ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, ასეთი ადამიანი არასრულფასოვნად, განსხვავებულად აღიქმება და ეს ერთ-ერთი ნიშანია სტიგმის. სტიგმატიზება ხდება მაშინ, თუ მას იზიარებს ჯგუფი, რომელსაც აქვს ძალაუფლება.
 
სტიგმატიზების ხარისხი თანდათან იცვლება, თუმცა არის ძალიან ბევრი ცრურწმენა ეპილეფსიასთან დაკავშირებით. არის მეორე უკიდურესობაც, როცა მიაჩნიათ, რომ „ეს არაფერი არ არის“. ეს მიუღებლობაა. ასეთი მიუღებლობა აქვთ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას და თვითონ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს.
 
ბოლო ჩვენი სტატია, რომელიც მალე გამოქვეყნდება სწორედ ეპილეფსიის მქონე პირების თვითსტიგმატიზაციას ეხება. მასში ზუსტად არის აღწერილი ეპილეფსიის მქონე გარდატეხის ასაკის პირების წარმოდგენა თავისი მდგომარეობის შესახებ. ისინი თვლიან, რომ მომავალი არ აქვთ. მაგალითად, გოგონები ეპილეფსიას აკავშირებენ უშვილობასთან, სიმახინჯესთან. ბიჭები უკავშირებენ პასიურობას, მარტოობას, წარსულს. ეს ხედვები მოდის გარემოსგან, ოჯახისგან, გავრცელებული ცრურწმენებისგან. სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ პოზიტიური მოლოდინები – გოგონები უფრო რთულ მდგომარეობაში არიან ამ მხრივ, ვიდრე ბიჭები.

– ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი მოლოდინები?

– ცხადია, ეს უკვე წმინდა ფსიქოლოგიის საკითხია. მოლოდინი არ უნდა იყოს არაადეკვატური. აი, რაშია მთელი უბედურება. ჩვენ, ორივე შემთხვევაში, პრობლემა გვაქვს: როცა მოლოდინი არის ძალიან არაადეკვატურად დაბალი და მეორე შემთხვევაში – როცა ის ძალიან არაადეკვატურად მაღალია. ეს არის აღზრდის მთავარი ამოცანა, რომ შენ ადეკვატური მოლოდინები ჩამოგიყალიბო და შენ თავზე გქონდეს შედარებით ადეკვატური წარმოდგენა. იყო თვითდაჯერებული ადამიანი, თუმცა არა არაადეკვატური, ნარცისისტური მიდრეკილებებით.
 
ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ წარმატების ფორმულაზე. ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინის ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ, ჩვენ შეგვიძლია, მეტ-ნაკლებად, ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობებით მის ფუნქციონირებაზე ზეგავლენის მოხდენა. ადეკვატური მოლოდინები და თვითშეფასება პიროვნების მენტალური ჯანმრთელობის ფუნდამენტია.
 
წყარო: http://online.tsu.edu.ge/