თარიღი: 12 თებერვალი, 2018
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის კბილებზე ზრუნვა, რატომ უნდა დაველოდოთ სარძევე კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლას, საჭიროა თუ არა პატარებისთვი სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, რა პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს – ამ და სხვა საინტრესო თემებზე ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის თერაპევტმა, ორთოდონტმა ელენე ხარაშვილმა ისაუბრა, რომელიც ამავე დროს ბავშვთა და მოზარდთა სტომოტოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია.
ელენე, რა ასაკიდან იწყება ბავშვის კბილებზე ზრუნვა?
მიღებულია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დაემთხვეს პირველი კბილის ამოჭრას. რადგან არის პირის ღრუში კბილი, არსებობს კარიესის საშიშროებაც. სტომატოლოგი გაძლევთ რეკომენდაციებსა და რჩევა-დარიგებებს კვებასთან, ჰიგიენასთან და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი სტომატოლოგთან ვიზიტი დაემთხვეს ტკივილს, პირიქით, პირველადი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა იყოს პროფილაქტიკური. ტკივილის დროს ბავშვი გაღიზიანებულია, პროფილაქტიკური მიმართვის დროს კი მეტი ნდობა ყალიბდება ექიმის მიმართ.
რატომ უნდა დაველოდოთ სარძევე კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლას?
სარძევე კბილები ძალიან მნიშვნელოვანია ყბა-კბილთა სისტემის განვითარებისთვის. არსებობს ასეთი მითი, რომ რადგან ისინი იცვლება, მათი მკურნალობა საჭირო არ არის, არის კიდევ ასეთი მითიც, რომ სარძევე კბილებს არ აქვთ ნერვი და შეუძლებელია ბავშვს ის სტკიოდეს. ეს ასე არ არის. სარძევე კბილი ავითარებს ყბებს ზრდაში, ასევე უნახავს ადგილს მუდმივ კბილს. როდესაც სარძევე კბილი ნაადრევად იკარგება, მუდმივ კბილს კი თავისი ამოჭრის ვადები აქვს, სივრცე გადაადგილებული კბილებით იცვლება. რაც შემდეგში უამრავი პრობლემის გამომწვევი ხდება, რასაც ორთოდონტია დიდი ძალისხმევით ებრძვის.
ბევრი კითხვა ისმის ჯაგრისთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა პატარებისთვი სპეციალური ჯაგრისის გამოყენება?
კბილების გამოხეხვა, ჰიგიენა და კვების რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში ვიღებთ ჯანსაღ კბილებს. კბილის ჯაგრისი უნდა შეირჩეს ასაკობრივად და ეს მწარმოებელს გათვალიწინებული აქვს. ჯაგრისი, რომელიც გათვალისწინებულია 0-3 წლამდე ასაკი ბავშვისთვის, რა თქმა უნდა არ არის კომფორტული რვა წლის ასაკის ბავშვისთვის. ჯაგრისი შედგება ტარისაგან და თავისაგან, რომელზეც განლაგებულია ჯაგრულები. ჯაგრულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს ორი საღეჭი კბილის სიგრძეს. მანუალური ჯაგრისები არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, რომ წავახალისოთ ბავშვები. სასურველია არ იყოს ტარი გადატვირთული, რომ კომფორტულად მოკიდოს ბავშვმა ხელი. ჯაგრისი უნდა გამოვცვალოთ სამ თვეში ერთხელ. რაც შეეხება ახალ ამოჭრილ კბილს, მოწოდებულია, სილიკონის თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, რომელიც წმენდს ერთეულ კბილებს და ამასაჟებს ღრძილებს. რაც შეეხება ელექტროჯაგრისებს, ის საკმაოდ გავრცელებულია, ისინი ხარისხიანად ასუფთავებენ კბილებს. სამ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს მშობელი, სამი წლის შემდეგ კი მშობელმა უნდა გააკონტროლის გამოხეხვის ხარისხი. ხარისხიანი გამოხეხვა ნიშნავს ყველა კბილის ზედაპირის გასუფთავებას. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ 45 გრადუსიანი დახრით, წრიული მოძრაობებით ვასუფთავებთ კბილის ზედაპირებს, როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
სწორად ჩატარებული ჰიგიენა, ჯაგრისი და კბილის პასტა ნიშნავს იმას, რომ ვეხმარებით ბავშვებს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში.
რომელია კბილების სიჯანსაღისთვის სასარგებლო პროდუქტი და რომელ პროდუქტებს არ უწევთ რეკომენდაციას?
ახალშობილისთვის ძუძუთი კვება უალტერნატივოა. დედის რძის კვებითი ღირებულებების გარდა, მნიშვნელოვანია წოვის პროცესიც, რადგან ჩართულია ლოყები, ენა და ტუჩები, შედეგად ხდება კუნთების სტიმულაცია და ყბა-კბილთა სისტემის განვითარება. თუ ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა, მშობელმა უნდა გამორიცხოს დამტკბარი სითხეების მაწოვარათი მიცემა, მაგალითად მაწონი ან ჩაი. ეს არის კარიესის პირველი გამომწვევი, რომელსაც ე.წ. ბოთლისმიერი კარიესი ეწოდება. მშობლისთვის ვიზუალურად წინა და საღეჭი კბილები არის ყავისფერი, ექიმისთვის კი კარიესით არის დაზიანებული, აქ საუბარია 2.5 წლის ასაკის ბავშვებზე. ამ ასაკში მკურნალობის პროცესი ძალიან რთულია, ხშირად საჭიროა ბჟენების გაკეთება, რესტავრაცია და სხვა მომსახურეობა. როდესაც გადავდივართ შერეულ კვებაზე, მნიშვნელოვანია რაციონი დატვირთული იყოს კალციუმის შემცველი პროდუქტით. იგულისხმება მაწონი, ხაჭო და კეფირი. აუცილებელია მაგარი საკვების მიღება და არა გატარებულის. უნდა განვითარდეს კბეჩისა და ღეჭვის ფუნქცია. ეს ხელს უწყობს როგორც კბილების თვითწმენდას, ისე ღრძილების განვითარებას.
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი, ტკბილეული, გაზიანი სასმელი, ორცხობილა, საწუწნი კანფეტი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ასევე უნდა შემცირდეს კვებათა შორის ცუცნაობის რაოდენობა.
რა პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას?
გენეტიკური ფაქტორი ყველა დაავადებასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირის ღრუზე ზრუნვა მუცლად ყოფნის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. ამ დროს ხდება პირველი კბილების ჩასახვა. ორსულს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული პირის ღრუ და იკვებებოდეს ჯანსაღად. თუ ჩვენ, პირველი კბილის ამოჭრასთან ერთად, რეგულარულად ვაწარმოებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, მერწმუნეთ, პრობლემა ბევრად ნაკლები იქნება. როდესაც ვატყობთ, რომ პირის ღრუ კარიესულია, ვუწევთ რეკომენდაციას პაციენტი სამ თვეში ერთხელ ესტუმროს სტომატოლოგს.
ჰიგიენა, სწორი კვება და რეგულარული ვიზიტები – ეს არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შეიძლება ჯანმრთელი პირის ღრუს გარანტია გახდეს.
თუ მიხვდით, რომ თქვენმა პატარამ ბევრი ტკბილეული მიიღო და ვერ ახერხებთ გამოხეხვას, დააბალანსეთ ბევრი წყლის მიღებით, ან წყლის გამოვლებით. ტკბილეულის მიღება პირის ღრუში იწვევს მჟავიანობას და ის დაბალმინერალიზებულ სარძევე კბილებს უფრო მარტივად ამარცხებს, აქედან გამომდინარე ვითარდება კარიესი, წყალი ანეიტრალებს მჟავე გარემოს. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, რომ ბავშვი მიიღებს ბევრ ტკბილეულს, გამოივლებს წყალს და ყველაფერი კარგად იქნება. წყალი არის ჯადოსნური სითხე, პირის ღრუში წყლის ბალანსი ბევრად მეტ სარგებლობას იწვევს, ვიდრე ხილის წვენები, რომლებიც ასევე შაქარს შეიცავენ. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? მშობელმა უნდა იცოდეს, რომ პირის ღრუს მოვლა იწყება პირველი კბილის ამოჭრიდან. ნუ დაელოდებით, როდის მოიცვლის ბავშვი კბილებს. 6 თვიდან, 13 წლამდე ბავშვს აქვს სარძევე კბილები და გამოდის რომ ამ ასაკამდე ბავშვს ჰიგიენა არ სჭირდება? გარდა იმისა, რომ ბავშვს არ აქვს ლამაზი კბილები, საჭმელი არ მუშავდება კარგად. კბილის ფუნქცია ხომ საკვების მექანიკური გადამუშავებაა და წარმოიქმნება პრობლემა საჭმლის მომნელებელ ტრატქში. ადამიანი ერთი მთლიანობაა და ერთი პრობლემა მეორეს აუცილებლად აზიანებს. ასევე, თუ ბავშვი გახანგრძლივებულად წოვს მაწოვარას, თითს, იკვნეტს ფრჩხილებს, აუცილებლად გექნებათ ორთოდონტიული პრობლემა. 7 წლამდე ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ორთოდონტთან ვიზიტზე ნამყოფი. თუ ბავშვი გახანგრძლივებულად სუნთქავს პირით, ეს ნიშნავს, რომ მას უვითარდება ზედა ყბა ნაკლებად და ქვედა ყბა მეტად.
რატომ არ უნდა ამოვიღოთ კბილები ნაადრევად?
იმიტომ, რომ სარძევე კბილი მონაწილეობს ყბების ზრდაში და მათი ნაადრევი ამოღება ნიშნავს ადგილის დაკარგვას მუდმივებისთვის. თუ რიგი მიზეზების გამო, არ ხერხდება კბილის შენარჩუნება, არსებობს ორთოდონტიული აპარატები, ე.წ. ადგილის შემანარჩუნებლები. არსებობს რენდგენოლოგიური სურათები, რომლებიც გვეხმარება ზეკომპლექსური კბილების აღმოჩენაში. არსებობს მავნე ჩვევებთან ბრძოლის კონკრეტული ორთოდონტიული აპარატები, რომელიც ეხმარება მშობელს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მშობელმა უნდა იცოდეს. როდესაც ხდება ცენტრალური მუდმივი კბილების ამოჭრა, ამავე დროს ამოიჭრება მუდმივი მეექვსე კბილი. მისი დაზიანების რისკი 90%-ს შეადგენს. მშობელს აქვს განცდა, რომ ბავშვმა ისიც უნდა მოიცვალოს. ეს კბილი ამოდის სარძევე საღეჭი კბილების შემდეგ. ის ზომაში მსუბუქად განსხვავდება. არსებობს ე.წ. ფისურების ჰერმეტიზაცია, პროფესიულ წმენდასთან ერთად, რომელიც პროფილაქტიკურ ღონისძიებას გულისხმობს და ხდება კბილის ზედაპირის ფტორის შემცველი გელით დაფარვა.
ფერადი პლომბები, რა დატვირთვა აქვთ მათ და როგორ კეთდება ბჟენი უმტკივნეულოდ პატარებში?
დღეს არსებობს ფერადი ბჟენი და ისეთივე ხარისხიანია, როგორც თეთრი. ბჟენი შეიცავს ფტორს, კეთდება მხოლოდ სარძევე კბილებზე. უმტკივნეულო პროცედურა ალბათ უფრო ექიმის ენთუზიამზეა დამყარებული. პროცედურა ტარდება ანესთეზიით, თუ ეს საჭიროა ჩვენების მიხედვით. მე ვურჩევ მშობლებს, მათი უარყოფითი გამოცდილება არ გაუზიარონ ბავშვებს და თუ თავად მშობელს ეშინია სტომატოლოგის, ის არ გაყვეს ვიზიტზე, რადგან შიში გადადის ბავშვზე. მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ ბავშვი, ექიმი და მშობელი ერთი გუნდია და ერთი მიზანი აქვთ. ნდობის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა ასაკიდან იწყება კბილების მოცვლა და რა ითვლება პათოლოგიად?
პირველი კბილის ამოჭრა სტანდარტულად მიჩნეული იყო, რომ 6-8 თვის ასაკში ხდებოდა. მე გეტყვით, რომ 6 თვიდან ერთი წლის ასაკამდეა. თუ ბავშვს კბილები 6-8 თვის ასაკში ამოუვიდა, მიიჩნევა, რომ ნორმაა, თუ ექვს თვემდე ამოუვიდა კბილები, მიიჩნევა, რომ ნაადრევია, თუ ერთი წლიდან წლინახევრამდე, მიიჩნევა რომ დაგვიანებულია. შესაბამისად, თუ კბილი ამოუვიდა 4 თვის ასაკზე, ის უფრო ადრე მოიცვლის მას. მთავარია, სამი წლის ასაკში ბავშვს ჰქონდეს 20 სარძევე კბილი. მუდმივებით მათი ჩანაცვლება 6-8 წლის ასაკში იწყება. თუ არსებობს რაიმე პათოლოგია, ეს აუცილებლად გამოჩნდება ორთოპანტომოგრამაზე. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ კბილები არ ამოდის ბავშვს და როდესაც ვიღებთ პანორამას, ჩანს რომ ჩანასახი არ არის. ჩანასახის არარსებობა ატარებს როგორც გენეტიკურ ხასიათს, ასევე შეიძლება იყოს სარძევე კბილზე არსებული გახანგრძლივებული პათოლოგია. რენდგენოლოგიურად, როდესაც სარძევე კბილია პირის ღრუში მის ქვემოთ, პროპორციულად ვითარდება მუდმივი კბილი. მუდმივი კბილი ზრდასთან ერთად იწვევს სარძევე კბილების ფესვების გალევას.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს?
კვების რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. შევზღუდოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, გავააქტიუროდ ჰიგიენა, დავნერგოთ წესად დილას-საღამოს კბილების გახეხვა და ეს უნდა გაგრძელდეს ორი წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოს ბავშვმა ხილი, ბოსტნეული, წყალი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები და პროფესიული წმენდა, რაც აჯანსაღებს კბილებს. თუ ბავშვი სუნთქავს პირით, იცოდეთ, რომ სამ თვეში ერთხელ უნდა ესტუმროთ ექიმს, რადგან აქ ნერწყვი ვეღარ ასრულებს ბუფერის ფუნქციას, იმიტომ რომ მისი პირის ღრუ ძირითადად მშრალია. სულ სამი პუნქტია მნიშვნელოვანი: კვება, ჰიგიენა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან.
წყარო: http://fortuna.ge