Plasmon
ტუბერკულოზი

თარიღი: 14 ოქტომბერი, 2015

1) რა არის ტუბერკულოზი?
ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფილტვის ტუბერკულოზი.  შედარებით იშვიათია ფილტვგარე (ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვლების, სახსრების, საშარდე და სასქესო ორგანოების, ლიმფური კვანძების და სხვა) ტუბერკულოზი.

2) რამდენად საყურადღებოა ტუბერკულოზი?
ტუბერკულოზი გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. იგი აივ ინფექციის შემდეგ ინფექციური აგენტით გამოწვეული ყველაზე დიდი მკვლელია მსოფლიოში. მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირება ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთი მიზანია. გლობალურად ახალი შემთხვევების 3,6%-სა და ნამკურნალები შემთხვევების 20%-ში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება. MDR-TB – 9,6%-ში - ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება (XDR-TB). აივ ინფექციის პრევალენტობა ახალ შემთხვევებში - 5,2% შეადგენს.

3) როგორია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელება?
ტუბერკულოზი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი გავრცელება - ჯანმოს შეფასებით საქართველო MDR-TB გავრცელებით „მაღალი ტვირთის“ ქვეყანაა. 2013 წელს რეგისტრირებულია - 4320 შემთხვევა (მათ შორის 73%- ახალი შემთხვევა და 27%-ში „წარსულში ნამკურნალები). ინციდენტობა - 70/100,000, პრევალენტობა - 96/100,000, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4,5/100,000.

ჯანმოს შეფასებითი მონაცემებით 2012 წელს საქართველოში ახალი შემთხვევების სავარაუდო რააოდენობა უნდა ყოფილიყო - 5000; რაც ნიშნავს, რომ შემთხვევათა დაახლოებით 25% გამოუვლენელი რჩება.  MDR-TB  შეადგენს  ახალი შეთხვევების 11%-ს  და ნამკურნალები შემთხვევების 38%-ს. მკურნალობის შეწყვეტა MDR-TB პაციენტების 27%-ში ფიქსირდება და აღინიშნება ზრდის ტენდენცია. გასულ წელს MDR-TB შემთხვევების 10 %-ს  შეადგენდა XDR-TB, რამაც ბოლო მონაცემებით 15%-ს გადააჭარბა. წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი ტუბერკულოზის მგრძნობიარე ფორმების 76% -ში მიიღწევა (სამიზნე >85%). 2013 წელს ციხეებში პატიმართა რაოდენობის კლებამ გამოიწვია ტუბერკულოზის ინციდენტობის  განახევრება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

4) როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ დაავადებული?
ფილტვის ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
ხველა (მ.შ. სისხლიანი ნახველით) 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული
სხეულის ტემპერატურის მატება (37-38)
ღამის ოფლიანობა
წონის კლება
უმადობა
სისუსტე
ტკივილი მკერდის არეში.

არ არის აუცილებელი, რომ ყველა სიმპტომი ერთდროულად არსებობდეს.
ფილტვგარეთა  ტუბერკულოზის სიმპტომები დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე .

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია:
-      რენტგენოლოგიურიგამოკვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ დააზიანა თუ არა ბაქტერიამ ფილტვის ქსოვილი;
-      ნახველისანალიზი,რომლითაც  ვიგებთ, მრავლდება თუ არა ორგანიზმში მიკრობი.

5) როგორ უნდა მოვიქცე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში?
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ პირველადი ჯანდაცვის ქსელს. ყველა რაიონის ამბულატორიულ-სტაციონარულ სამსახურს ჰყავს ფტიზიატრი და იმ შემთხვევაში, თუ პირველადი ჯანდაცვის ექიმი ეჭვს მიიტანს ტუბერკულოზზე, პაციენტი გადამისამართებული იქნება ფტიზიატრთან შესაბამისი კვლევებისათის. ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების გამოსაკვლევი ყველა სადიაგნოსტიკო ხარჯი დაფარულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

თუ მიკრობი მოხვდება ფილტვებში, უმრავლეს შემთხვევაში დამცავი ძალები ბოჭავს მას, არ აძლევს გამრავლების საშუალებას და გადაჰყავს მძინარე, უმოქმედო მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ადამიანი არის ლატენტური (ფარული) ტუბერკულოზით ინფიცირებული და არა დაავადებული. ადამიანი შეიძლება დარჩეს ლატენტური ტუბერკულოზით  ინფიცირებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არ განუვითარდეს აქტიური ტუბერკულოზი. ინფიცირებულთა უმრავლესობა არ ავადდება აქტიური ფორმით. დაავადება მაშინ იჩენს თავს, როცა მიკრობი „იღვიძებს“ და აზიანებს ორგანიზმს. ეს ხდება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტებისას და შედეგად ვითარდება „აქტიური ტუბერკულოზი“.

6) რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ტუბერკულოზით ინფიცირებისა და დაავადების რისკი?
აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული პირი ლაპარაკის, სიცილის, მთქნარების და ხველების დროს გამოყოფს ბაქტერიებს ჰაერში. ახლოს მყოფი პირი ჩაისუნთქავს მიკრობის შემცველ ჰაერს და ამ გზით ხვდება მის ფილტვებში მიკობაქტერია, რამაც შეიძლება დაინფიცირება გამოიწვიოს.

ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით!
დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ოთახების  ვენტილაცია (განიავება).
ის არ ვრცელდება ჭურჭლით, თეთრეულით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ხელის ჩამორთმევით. ამიტომ არ არის საჭირო საცხოვრებელი ადგილის დეზინფექცია.
გადამდებლობის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა:
კარგი ვენტილაცია - ოთახის ხშირი და სწორი განიავება ისე, რომ ჰაერის ნაკადი მიემართებოდეს შენობიდან გარეთ.  მხოლოდ ამ გზით მცირდება პაციენტის მიერ გამოყოფილი მიკრობების შემცველობა ჰაერში.
ცალკე ოთახის ან კუთხის გამოყოფა - ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ ბაცილგამომყოფ პაციენტთან ურთიერთობის ხანგრძლივობისა და სიმჭიდროვის შემცირება.
მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, როგორც წესი, პაციენტი აღარ არის ბაცილგამომყოფი. ახლო კონტაქტში მყოფ პირს აქვს რისკი, რომ ის შეიძლება ასევე იყოს დაინფიცირებული ან დაავადებული ტუბერკულოზით. მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფტიზიატრს დაავადების გამოსარიცხად.

რჩევა
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებს, ისევე როგორც ყველა სამკურნალწამლო საშუალებას, გააჩნია გვერდითი მოვლენები. ასეთ შემთხვევაში დეტალურად უნდა ეცნობოს ფტიზიატრს.
შეეცადეთ მიიღოთ მედიკამენტები ყოველდღე ერთსადაიმავე დროს
მიიღეთ მედიკამენტები მანამ, სანამ თქვენი ექიმი მოგთხოვთ
არ მიიღოთ ღვინო, არაყი, ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები მკურნალობის პერიოდში

დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება!

7) გამოყენებული წყაროები
http://www.who.int/tb/en/
http://www.who.int/tb/country/en/
http://www.cdc.gov/tb/