Plasmon
თვალის ფერადი გარსის ანთება

თარიღი: 15 ოქტომბერი, 2024

თვალის დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ამჯერად შედარებით იშვიათ პათოლოგიაზე – თვალის ფერადი გარსის ანთებაზე მოგითხრობთ. მედიცინაში მას ირიტს ან წინა უვეიტს უწოდებენ. ფერადი გარსი, ირისი, აკონტროლებს, რამდენმა სინათლემ უნდა შეაღწიოს გუგაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მკაფიო მხედველობა. კაშკაშა სინათლეზე გუგა ვიწროვდება, სუსტზე კი ფართოვდება.

უვეა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, ბადურასა და სკლერას – თვალის თეთრ გარსს – შორის არის მოქცეული, ფერადი გარსი კი უვეას წინა ნაწილში მდებარეობს. მისი ანთება უვეიტის ყველაზე გავრცელებული და, იმავდროულად, მსუბუქი ფორმაა, თუმცა თუ ნებაზე მივუშვებთ, უნდა ველოდეთ მხედველობის დაბინდვას, სიბრმავეს,  გლაუკომას.

რით ვლინდება
ირიტი, წესისამებრ, სწრაფად, რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში და უმეტესად ცალ თვალში ვითარდება. შეიძლება, სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს და ქრონიკული ფორმა მიიღოს. ახასიათებს თვალის სიწითლე, ტკივილი და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის დაქვეითება. გუგა ამ დროს უჩვეულოდ მცირე ზომისაა ან უცნაურ ფორმას იღებს. ზოგჯერ ამ სიმპტომებს ერთვის თავის ტკივილიც.

რა იწვევს
თვალის ფერადი გარსის ანთებას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ფიქრობენ, რომ მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის იმუნურ ან გენეტიკურ ფაქტორებს, ზოგიერთ დაავადებას. ხუთიდან ერთ შემთხვევაში მწვავე ირიტი უკავშირდება ძლიერ ტრავმას, გამჭოლ დაზიანებას, ქიმიურ ან ცეცხლით დამწვრობას. ამ შემთხვევაში მას ტრავმულ ირიტს უწოდებენ. გარდა ტრავმისა, თვალის ფერადი გარსის ანთება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებებმა, მაგალითად, ჰერპესვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ, ტოქსოპლაზმოზმა, ტუბერკულოზმა, სიფილისმა.

მწვავე ირიტი ზოგჯერ ავტოიმუნური დაავადებების: მაანკილოზებელი სპონდილიტის, რეაქტიული ართრიტის, ნაწლავთა ანთებითი დაავადების, გაფანტული სკლეროზის, ფსორიაზული ართრიტის – ფონზე ვითარდება.

ქრონიკული ირიტი იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მქონე ბავშვებთანაც გვხვდება.

იშვიათად თვალის ფერადი გარსის ანთების მიზეზად შეიძლება იქცეს ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, როგორებიცაა ანტიბიოტიკი რიფაბუტინი,  აივ ინფექციის სამკურნალო ციდოფივირი, ოსტეოპოროზის სამკურნალო ბისფოსფონატები, განსაკუთრებით – მათი ინტრავენური ფორმა. მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ თვალის ფერადი გარსის ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები  გაივლის.

გართულებები
თვალის ფერადი გარსის ანთების შესაძლო გართულებებია:

• ლენტისებრი კერატოპათია ― რქოვანაზე კალციუმის გროვების გაჩენა;
• ნაწიბუროვანი ქსოვილის გამო თვალის ფერადი გარსის შეწებება მის უკან მდებარე ბროლზე, რაც გუგას არასწორ ფორმას აძლევს;
• კატარაქტა ― ბროლის შემღვრევა, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა ანთებით იყოს გამოწვეული, ზოგჯერ კი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობას უკავშირდებოდეს;
• თვალშიდა წნევის მომატება და გლაუკომა;
• ბადურას ცისტისებური შეშუპება ― სითხე გროვდება ცენტრალური მხედველობის არეალში. ბადურას შეშუპებას ან სითხით სავსე ცისტების არსებობას შეუძლია, ცენტრალური მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება გამოიწვიოს.

სპეციფიკურ გართულებათა განვითარების რისკი დამოკიდებულია იმაზე, რომელი დაავადება ახლავს თან ირიტს.

რისკფაქტორები
თვალის ფერადი გარსის ანთების საფრთხე იზრდება ზოგიერთი რისკფაქტორის თანაარსებობისას. მათ შორისაა:

• სპეციფიკური გენეტიკური დაზიანება, მაგალითად, იმ გენის ცვლილება, რომელიც პასუხსს აგებს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციობაზე;

•  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – სიფილისი, აივ`შიდსი,

• დათრგუნული იმუნური სისტემა ან ავტოიმუნური დაავადება. მაგალითად მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე ადამიანთა ნახევარს ერთხელ მაინც ჰქონია ირიტი;

• თამბაქოს წევა

დიაგნოზი
თვალის ფერადი გარსის ანთების დიაგნოსტიკა საჭიროა მათთან, ვისაც უდასტურდება დამახასიათებელი სიმპტომები ან ისეთი  დაავადება, რომელსაც ირიტთან მკაფიო კავშირი აქვს. ზოგჯერ ტარდება დამატებითი ლაბორატორიული ანალიზები ან გამომსახველობითი კვლევები თანმხლები ინფექციების ან ავტოიმუნური დაავადებების გამოსარიცხავად.

უშუალოდ თვალის გამოკვლევის მიზნით, თავდაპირველად ექიმი აფასებს გუგებს, თვალის სიწითლის ხარისხს, სპეციალური თვალის ცხრილისა და სხვა სტანდარტიზებული ტესტების გამოყენებით კი მხედველობის სიმახვილე ფასდება. ნაპრალოვანი სანათის გამოყენებით ათვალიერებენ თვალის შიდა ნაწილს და თვალის ფსკერს. ამისთვის თვალის წვეთების საშუალებით წინასწარ აფართოებენ გუგას. ეს ირიტის დიაგნოსტიკის მთავარი მეთოდია. სპეციალური ინსტრუმენტით იზომება თვალშიდა წნევა.

მკურნალობა
ირიტის მკურნალობა მიმართულია მხედველობის შენარჩუნებისა და ანთების ჩაცხრობისკენ. თუ ირიტი რომელიმე  სხვა დაავადებასთანაა კავშირში, უპირველესად ამ დაავადების მკურნალობაა საჭირო. რაც უფრო დროულად უმკურნალებენ ირიტს, მით უფრო ნაკლებია გართულების ალბათობა.

მედიკამენტებიდან გამოიყენება:

• სტეროიდების შემცველი თვალის წვეთები, რომლებიც ანთებას ამცირებს;

• გუგების გამაფართოებელი თვალის წვეთები ― ამცირებს თვალის ფერადი გარსის ანთებასთან დაკავშირებულ ტკივილს და ხელს უშლის კუნთოვანი სპაზმის განვითარებას;

• ანტიქოლინერგიული მედიკამენტები, რათა შემცირდეს სინათლისადმი მგრძნობელობა და ტკივილი.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მკურნალობის სქემაში რთავენ სტეროიდებს ან ანთების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ სინათლე ტკივილს უფრო მეტად ამწვავებს, პაციენტს ურჩევენ, ატაროს მუქი სათვალე. მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ფასდება, მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად მომდევნო ვიზიტი კი იგეგმება რამდენიმე კვირის შემდეგ.

ტრავმით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეული ირიტი, წესისამებრ, 1-2 კვირაში გაივლის, სხვა ფორმებმა კი შესაძლოა კვირაობით და თვეობითაც კი გასტანოს. ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, წესისამებრ, კარგად ემორჩილება ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობას.

გვხვდება მორეციდივე ირიტიც, რომელიც პერიოდულად იჩენს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კავშირშია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა სარკოიდოზი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"