Plasmon
სჭირდებათ თუ არა დიეტის დაცვა ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებს?

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2020

საუბრობს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე

ქრონიკული ჭინჭრის ციება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აღენიშნება, სხეულზე ჭინჭრის ნასუსხისმაგვარ გამონაყარს იწვევს, ახასიათებს ძლიერი ქავილი და 6 კვირაზე მეტი ხანი გრძელდება. მისი სამედიცინო ტერმინი - ურტიკარიაა, ის დიდ ზეგავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, მკვეთრად აუარესებს მას,  შესაძლებელია თვეები, იშვიათად კი წლები გაგრძელდეს და ერთ დღესაც სპონტანურად გაჩერდეს და სამუდამოდ გაქრეს.

ხშირად ქრონიკული ურტიკარიის მქონე პაციენტები დაავადების გამწვავების ერთ-ერთ მიზეზად გარკვეულ საკვებს ასახელებენ და უკლებრივ ყველა მათგანს ალერგოლოგთან უჩნდება კითხვა თუ რა საკვები უნდა შეზღუდოს მის კვების რაციონში, რომ დაავადების მიმდინარეობა შეუმსუბუქდეს.

 

ახდენს თუ არა ზეგავლენას დიეტა ქრონიკული სპონტანური ურტიკარიის მიმდინარეობაზე?

ამ თემის ირგვლივ გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, დიეტის სარგებლიანობის შესახებ მტკიცებულებათა ხარისხი დაბალია, ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევების არ არსებობის გამო, თუმცა ცალკეული პაციენტებისთვის “ფსევდოალერგენებისგან თავისუფალმა დიეტა შესაძლოა შეამციროს გამწვავების სიხშირე.

 

რომელი საკვები იგულისხმება დიეტაში?

საკვებში არსებული დანამატები:

E 100-E1518, კონსერვანტები ან ხელოვნური საღებავები, გელის კონსისტენციის მიმცემი საშუალებები, ჰუმექტანტები, ემულგატორები, არომატის გამაძლიერებლები, ანტიოქსიდანტები, დამატკბობლები, მიდიფიცირებული სახამებელი, ქაფის წარმომქმნელი საშუალებები, სტაბილიზატორები, არომატიზატორები.სანელებლები და მწვანილეული: დასაშვებია მხოლოდ მარილი და ხახვი.

 

კვერცხის პროდუქტები: კვერცხი, მაიონეზი

 

შებოლილი ხორცი და ზღვის პროდუქტები

 

ბოსტნეული: პომიდორი, არტიშოკი, ბარდა, სოკო, ისპანახი, რეჰანი, ზეთისხილი, ტკბილი წიწაკა.

 

ხილი: ხშირ შემთხვევაში კენკროვანი - მარწყვი, მალინა, მაყვალი ა.შ, ჩირი, ხილის წვენები.

 

პური: რომელიც დამატებით მარცვლებს შეიცავს (მაგ. სეზამი ა.შ)

 

ალკოჰოლი, მცენარეული ჩაი, მარგარინი, სეზამი, კარტოფილის ჩიფსები, საღეჭი რეზინი, კამფეტები.

 

საყურადღებოა, რომ თვითნებურმა დიეტამ შესაძლებელია კიდევ უფრო გააუარესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი, ამიტომ კონკრეტული საკვები პროდუქტისგან თავის შეკავება ან მიღება პერსონიფიცირებულად უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით თვითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე.

 

საკვებთან ერთად ქრონიკული სპონტანური ურტიკარიის გამამძაფრებელი ფაქტორებია:

- სტრესი

- ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მედიკამენტები

- გარემო ფაქტორები: სიცხე, სიცივე. მზის სხივი

- ნარკოტიკული საშუალებები

- ტანსაცმლის ზეწოლა, განსაკუთრებით სადაც მჭიდროდ ეკვრის კანს

- თანმხლები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (მაგ. რესპირაციული ვირუსები, სინუსიტი)

- მენსტრუალური ციკლი ან პერიმენსტრუალური პერიოდი 

- ანტიალერგიული პრეპარატების არარეგულარული გამოყენება

 

დაავადების სწორი მართვისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებმა არ მიმართოთ თვითმკურნალობას და დროულად მივიდნენ ალერგოლოგთან.

 

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

Cornillier H et al. Effect of Diet in Chronic Spontaneous Urticaria: A Systematic Review. Acta Derm Venereol. 2019;99(2):127.

Uptodate: Chronic spontaneous urticaria: Standard management and patient education