თარიღი: 15 ნოემბერი, 2017
მშობლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბავშვისთვის ვიტამინების მიღება ნატურალურ ბოსტნეულისა და ხილის სახით მეტად სასარგებლოა, ვიდრე აბები. მართალია, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგალითად ზამთარში, როდესაც სიცივეები დგება და ვირუსული დაავადებების რიცხვი იმატებს. ასეთ დროს ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში ბავშვის იმუნიტეტი სუსტდება, შედეგად ადვილად ავადდება. სწორედ ასეთ შემთხვევებში უნდა მივმართოთ ვიტამინების მიღებას პრეპარატის სახით.
ბავშვისთვის ვიტამინის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლოო საქმეა და გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
ჩვილი, რომელიც ბუნებრივ ან ხელოვნურ კვებაზეა, არ საჭიროებს ვიტამინების დამატებას საკვებში, დედის რძე ან ხელოვნური კვების პროდუქტი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. გამონაკლისს მხოლოდ D3 ვიტამინი წარმოადგენს. მისი მიღება რეკომენდირებულია რაქიტის განვითარების პროფილაქტიკისვის, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
მიაქციეთ ყურადღება ვიტამინების შემადგენლობასა და მათ წარმომავლობას. შეაჩიეთ ვიტამინების წარმოებაში კარგად გამოცდილი კომპანია, რომელიც თავის ლაბორატორიაში ქმნის პროდუქტს, სერთიფიცირებულია და გავლილი აქვს ყველა ტიპის შემოწმება.
მწარმოებლები ბავშვების ვიტამინებს გვთავაზობენ ფხვნილის, სიროფის, კანფეტის, კაფსულის ან აბის სახით. ყველა საბავშვო ვიტამინი გემრიელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბავშვებს ის კანფეტი ჰგონიათ და არ უჭირთ მისი მიღება სხვა წამლებისგან განსხვავებით. მცირე ასაკში ჯობს ვიტამინის წვეთებად მოხმარება, ხოლო შედარებით მოზრდილ ასაკში - აბების სახით.
გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
ვიტამინების მიღება მოქმედებს ღვიძლზე, ამიტომ სასურველია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება ვიტამინებით მკურნალობის პერიოდში;
ვიტამინების მისაღებად საუკეთესო დრო, დღის პირველი ნახევარია. ამ პერიოდში ბავშვი ძალიან აქტიურია, ამიტომ სასარგებლო ნივთიერებების ათვისება ორგანიზმში უკეთ მიმდინარეობს.
სასურველია ვიტამინების მიღება პერიოდულად, ნოემბრიდან მაისის თვემდე;
თუ ბავშვს ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება, აირჩიეთ ის კომპლექსი, რომელშიც ჭარბობს C ვიტამინი ან დამზადებულია ანტიალერგიულ მცენარეებზე. მიღებიდან 2-3 დღე დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას, თუ უკუჩვენება არ შეენიშნა, გააგრძელეთ მკურნალობა. გამონაყარის, შეწითლების, პირღებინების ან ფაღარათის შემთხვევაში, შეწყვიტეთ ვიტამინების მიღების კურსი.
გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას და დაიცავით მისი მოხმარების წესები.
გახსოვდეთ, ვიტამინების მიღება არაა სრულყოფილი ზრუნვა ბავშვის ჯანმრთელობაზე, აუცილებელია სწორი კვება. კომპლექსურად მათი შესრულება კი, ნამდვილად მოგცემთ შედეგს.