თარიღი: 07 თებერვალი, 2024
არტერიული ჰიპერტენზია მეცნიერებს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს არაინფექციურ პანდემიად მიაჩნიათ. ის იბრძვის წესების გარეშე, მსხვერპლს ფარულად უტევს და არა მხოლოდ ასაკოვან, არამედ ახალგაზრდა ორგანიზმსაც აზიანებს. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, დღეს უკვე ყველამ იცის, რა მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია მაღალ წნევას და შესაძლოა, არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოებიც კი ჩამოგითვალონ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა იმალება შემთხვევით დაფიქსირებული 180`100-ის უკან.
ამ და სხვა კითხვებით ექიმ ნეფროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ირმა ჭოხონელიძეს მივმართეთ:
რა კავშირია მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმლის დაავადებებს შორის?
დავიწყებ იმით, რომ არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის სისხლძარღვების დაზიანების და შედეგად ამ ორგანოს ქრონიკული დაავადების განვითარების უმთავრესი რისკფაქტორია. მეორე მხრივ, თავად დაავადებული თირკმელები იწვევს სისხლის სისტოლური და დიასტოლური წნევის აწევას და ამით პირველადი ავადმყოფობის დამძიმებას. აქვე განვმარტოთ, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ესენციურ, იმავე იდიოპათიურ ანუ პირველად ჰიპერტენზიასთან, რომელიც მულტიფაქტორული დაავადებაა და უმეტესად გენეტიკური განწყობითა და არაჯანსაღი ცხოვრების წესითაა განპირობებული. უყურადღებოდ დატოვებული არტერიული ჰიპერტენზია იწვევს სამიზნე ორგანოების, რომელთა შორის არის თირკმელიც, ფარულ შეუქცევად დაზიანებას. რაც შეეხება მეორე ტიპის ჰიპერტენზიას, მისი მიზეზი სხვადასხვა ორგანოს, ჩვენს შემთხვევაში – თირკმელების, პირველადი დაავადებაა. ამ უკანასკნელს თან სდევს წნევის მატება როგორც ძირითადი დაავადების ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება. ხანგრძლივი ჰიპერტენზია, თავის მხრივ, აზიანებს თირკმელს და ასე იკვრება მანკიერი წრე. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არტერიულ ჰიპერტენზიასა და თირკმელების დაავადებას შორის მჭიდრო მიზეზ შედეგობრივი კავშირია და ორივე ერთნაირად საყურადღებოა გართულებების განვითარების თვალსაზრისით.
"დამნაშავეა" თირკმელი
– დადგენილია, რომ მეორეული ჰიპერტენზიის წილი ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევის 5-10%-ია და აქეიდან ნახევარზე მეტი თირკმლის დაავადებებზე მოდის. თირკმლისმიერ ანუ რენულ ჰიპერტენზიას რამდენიმე საკვანძო ნიშანი აქვს:
• მაღალი არტერიული წნევის უეცარი გამოვლენა ადრეულ ასაკში (25 წლამდე);
• რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ (ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტებით წნევის მაჩვენებლების ნორმამდე დაწევა ვერ ან ვეღარ ხერხდება);
• მეტისმეტად მაღალ რიცხვებს აღწევს (სისტოლური წნევა 180 მმ ვწყ. სვ-ს აჭარბებს, ხოლო დიასტოლური – 110-ს).
რომელიმე მათგანის გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან მისვლა, რათა სათანადო კვლევებით დროულად მივაგნოთ მიზეზს და თავიდან ავიცილოთ არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოების დაზიანება.
რომელი დაავადებებია ამ მხრივ საყურადღებო?
მაღალი არტერიული წნევის გამომწვევი თირკმლის დაავადებები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: თირკმლის ქსოვილის დაავადებებად და თირკმლის არტერიების (მკვებავი სისხლძარღვების) დაავადებებად. უშუალოდ თირკმლის ქსოვილის დაავადებებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას ექიმები რენოპარენქიმულს ვუწოდებთ, ხოლო თირკმლის არტერიების დაავადებებთან დაკავშირებულს – რენოვასკულურს.
რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის მიზეზები თირკმლის ანატომიური ერთეულის დაზიანების მიხედვით განიხილება. ამ ნიშნით განვასხვავებთ გორგლების დაავადებას – გლომერულონეფრიტს – და მილაკებისა და მიმდებარე ქსოვილის დაავადებას – ტუბულოინტერსიციულ ნეფრიტს. არტერიული წნევა საგრძნობლად იმატებს თირკმელების მწვავე დაზიანებისა და ქრონიკული დაავადების დროსაც, როდესაც თირკმლის ფუნქცია (განისაზღვრება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით) ერთბაშად (მწვავე დაავადება) ან ნელ-ნელა (ქრონიკული დაავადება) ქვეითდება. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადებები არცთუ იშვიათად “უსიმპტომოდ”, პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რასაც ექიმები ფარულ ანუ ლატენტურ მიმდინარეობას ვუწოდებთ. ფარულად მიმდინარე თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკა განსაკუთრებით რთულია. ისინი უმეტესად პროფილაქტიკური გამოკვლევისას ვლინდება, ან მათი ერთადერთი აშკარა ნიშანი არტერიული წნევის მომატებაა. ასეთ დროს ექიმმა უნდა დაადგინოს, თირკმლის პირველად დაავადებასთან აქვს საქმე თუ არტერიული წნევით გამოწვეულ მეორეულ დაზიანებასთან. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი როდია – ჰიპერტენზიის აღმოცენებიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ მეტ-ნაკლები სიხშირით გარდაუვლად ზიანდება მისი სამიზნე ორგანოები – თავის ტვინი, გული, თირკმელები, არტერიები, თვალის ფსკერი. ამრიგად, თირკმელების დაზიანება არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზიც შეიძლება იყოს და შედეგიც.
არტერიების განსაცდელი
– თირკმელების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი მიზეზია და უმთავრესად ორი ფაქტორითაა გამოწვეული:
1. ცენტრალურით – სისტემური არტერიული ჰიპერტენზიის ზემოქმედებით სისხლძარღვთა კედლები სქელდება და ელასტიკურობას კარგავს, ამგვარად შეცვლილ ქსოვილზე კი იოლად მაგრდება ცხიმოვანი ფოლაქები და ვითარდება ათეროსკლეროზი;
2. ადგილობრივით – თანდაყოლილი ანომალიით ან არტერიის ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზიით დაზიანებული თირკმლის არტერიები ვეღარ უზრუნველყოფს ორგანოს გამართულად მუშაობას.
ორივე შემთხვევაში თირკმელების სისხლით მომარაგება შეზღუდულია, რის პასუხადაც მასში იწყება ფერმენტ რენინის გამომუშავება. რენინი უკავშირდება ღვიძლში წარმოქმნილ ანგიოტენზინოგენს, მიღებული ნივთიერება კი ფილტვში გამომუშავებული გარდამქმნელი ფერმენტის წყალობით სისხლძარღვების შემავიწროებელ ანგიოტენზინ II-დ გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, თირკმელზედა ჯირკვლიდან მოიხმობს ალდოსტერონს და ამ გზით უჯრედებში ნატრიუმისა და სითხის შეკავებას ახდენს. მოკლედ რომ ვთქვათ, რენოვასკულური ჰიპერტენზია რენინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაციას ახდენს და ამით კიდევ უფრო მაღლა სწევს არტერიულ წნევას.
რაც შეეხება თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზულ შევიწროებას, ის უმეტესად ორმხრივია და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ხვედრია, თირკმლის არტერიის ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია (კუნთოვანი შრის გასქელება) კი 30 წლამდე ასაკის ქალებთან უფრო ხშირად აღირიცხება.
როგორ იკვლევენ
რენოვასკულურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ვენიდან იღებენ სისხლს და განსაზღვრავენ მასში რენინის შემცველობას. ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც თირკმელი ჭარბად გამოიმუშავებს არტერიული წნევის, სისხლმომარაგების და/ან მილაკებში გამდინარე ფილტრატის ნაკადის დაქვეითების საპასუხოდ. რენინის დონე ხშირად პირველადი ჰიპერტენზიის დროსაც იმატებს, ამიტომ რენოვასკულური ჰიპერტენზიის გამოსავლენად ტარდება სინჯი განსაზღვრული პრეპარატით, იზომება რენინის შემცველობა თირკმლის ვენებიდან სპეციალური კათეტერით აღებულ სისხლში. საბოლოოდ დიაგნოზს ადასტურებს თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია – სისხლძარღვებში სპეციალური კათეტერით შეჰყავთ საკონტრასტო (რენტგენის სხივებისთვის შეუღწევადი) ნივთიერება და ვიზუალური კონტროლით ეძებენ სისხლძარღვის შევიწროებულ უბნებს. საჭიროების შემთხვევაში ამ პროცედურის დროს ტარდება ანგიოპლასტიკაც – შევიწროებული სისხლძარღვის განვლადობის აღდგენა, რაც რენოვასკულური ჰიპერტენზიის მკურნალობის მეთოდია.
თირკმლის არტერიის შევიწროება, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, ადრე თუ გვაინ მაინც იწვევს ორგანოს ფუნქციის მოშლას და თირკმელების ქრონიკული დაავადების განვითარებას, ხოლო ანგიოპლასტიკით ამ გართულების თავიდან აცილება შეიძლება.
არ გამოგეპაროთ!
როგორც უკვე ვთქვით, პირველად ჰიპერტენზიას მოსდევს თირკმლის მსხვილი და წვრილი არტერიების დაზიანება, რის შედეგადაც ირღვევა გორგლების ფილტრაციული ფუნქცია, ეს კი, თავის მხრივ, ნეფროსკლეროზის ანუ თირკმლის ქრონიკული დაავადების მანიშნებელია. აღსანიშნავია, რომ არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული ნეფროსკლეროზი სიმპტომების სიმწირით ხასიათდება: გამოყოფილი შარდის რაოდენობა უცვლელია, თუმცა შესამჩნევია მარილდამოკიდებულება – მარილიანი საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა გამოიხატოს შეშუპება, განსაკუთრებით – ქვედა კიდურების მიდამოში. ჰიპერტენზიული ნეფროპათიის გამოვლენა შემთხვევით, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, კერძოდ, კრეატინინის დონის შეფასების საფუძველზე ხდება. შარდი ზოგიერთ პაციენტს სუფთა აქვს, ზოგს კი ოდნავ აქვს მომატებული ცილის შემცველობა. თირკმლის დაავადების პროგრესირებისას თავს იჩენს შარდვის გახშირება, განსაკუთრებით – ღამღამობით.
ამრიგად, არტერიული ჰიპერტენზიის ვერაგობა იმით გამოიხატება, რომ ის “შეუმჩნევლად” აზიანებს თირკმელებს, რომელთა ფუნქციის დარღვევას პაციენტი ვერ გრძნობს, ის მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით დასტურდება.
როგორ ვუმკურნალოთ მეორეულ ჰიპერტენზიას?
ამ ტიპის ჰიპერტენზიის მკურნალობის ტაქტიკას გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადგენენ. უმეტესად საკმარისია სპეციფიკური დიეტის დაცვა, ვარჯიში და ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების (დიურეტიკების, ბეტა ბლოკერების, კალციუმის არხების ბლოკერების) მიღება, მაგრამ ზოგჯერ მედიკამენტები უეფექტოა და ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. მაგალითად, თირკლმის ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ჰიპერტენზიის მკურნალობის ერთ-ერთი გზა თირკმლის გადანერგვაა; რენოვასკულური ჰიპერტენზიის დროს საჭიროა დაზიანებული სისხლძარღვის სტენტირება ან შუნტირება.
რიცხვების კვალდაკვალ
რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად აუცილებელია არტერიული წნევის 130`80-85, ზოგ შემთხვევაში კი 125`75 მმ ვწყ. სვ-მდე დაქვეითება. წნევის მოწესრიგება აუცილებელია, ვინაიდან თირკმლისმიერი ჰიპერტენზია როგორც სიმპტომური ჰიპერტენზიის ერთ-ერთი სახეობა სამიზნე ორგანოებს გაცილებით სწრაფად აზიანებს, ვიდრე ესენციური. თერაპია, არტერიული წნევის ნორმალიზებასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, თირკმელების პათოლოგიის მკურნალობას გულისხმობს. ეს ხანგრძლივი, მაგრამ აუცილებელი პროცესია. დადგენილია, რომ თირკმლის მწვავე დაავადებების უკუგანვითარებისას არტერიული წნევა ნორმას უახლოვდება. რაც შეეხება თირკმელების ქრონიკულ დაავადებებს, ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ზოგიერთი ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ ანუ წნევის დამწევ პრეპარატს შესწევს უნარი, შეაფერხოს თირკმლის დაზიანება, რასაც მედიცინაში რენოპროტექტორული ეფექტი ეწოდება.
როგორ დავიცვათ თირკმელები
ნებისმიერი დაავადების პრევენციის საუკეთესო გზა ცხოვრების ჯანსაღი წესია. მით უმეტეს, საწყის ეტაპზე აღმოჩენილი პირველადი არტერიული ჰიპერტენზია ადვილად სამართავია. ზოგჯერ წნევის მოსაწესრიგებლად ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია. ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნულება, წნევის მაჩვენებლების დარეგულირების შემდეგ წამლის მიღებას თვითნებურად ნუ შეწყვეტთ – როგორც კი მისი მოქმედება შესუსტდება, პრობლემა ისევ შეგახსნებთ თავს. ხშირად იარეთ ფეხით და იკვებეთ ჯანსაღად.
დაბოლოს
არტერიულ ჰიპერტენზიას ბავშვებთანაც ვხვდებით. შემთხვევათა 85%-ში ის სხვა დაავადებებით არის გამოწვეული, რომელთაგან აღსანიშნავია:
• თირკმლის პოლიცისტური დაავადება – ამ დროს თირკმლის ქსოვილში სითხით სავსე ბუშტუკები – ცისტები გროვდება რომლებიც მისი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს;
• თირკმლის არტერიების შევიწროება;
• ძილის ობსტრუქციული აპნოე – ძილის დროს სასუნთქი გზების შევიწროებისა და დახშობის გამო სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება.
ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენებაც შეიძლება წნევის მატების მიზეზად იქცეს. ასეთია, მაგალითად, ცხვირის "გამხსნელი" წვეთები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სამკურნალო ფსიქოსტიმულანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ჰორმონული საშუალებები.
გულის ან თირკმელების თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე, დღენაკლულ და/ან მცირე წონის ახალშობილებს მუდმივად სჭირდებათ არტერიული წნევის კონტროლი, რადგან ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ახალშობილებთან წნევის მატება უმთავრესად ღებინებით, კვებასთან დაკავშირებული სირთულეებითა და გაღიზიანებით ვლინდება, მაშინ როცა მოზარდებთან თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელებაა ყველაზე ხშირი სიმპტომები.
ბავშვთა სიმპტომური ჰიპერტენზიის მენეჯმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი დაავადების ან მიზეზის დროულად დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დაწყებაა. მდგომარეობის სწორი მართვის შემთხვევაში პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა და მთელი სიცოცხლე მედიკამენტებზე დამოკიდებულებას სულაც არ გულისხმობს.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"