Plasmon
ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში

თარიღი: 18 მაისი, 2016

ზიკა – ასე ეწოდება ვირუსს, რომელიც 2015 წლიდან გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვირუსის ძირითადი გადამტანი კოღოა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკა ვირუსმა შესაძლოა, ევროპას შეუტიოს. მისი გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი კი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში და კუნძულ მადეირაზეა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ბათუმისა და ზუგდიდის შემოგარენში, მცირე რაოდენობით.

რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის? პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან დასავლეთ საქართველოში კოღოების რაოდენობა იზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, კობა ნაკაიძე ამბობს, რომ რეკომენდაცია პრევენციული ზომების შესახებ არ გაიცემა, როდესაც დაავადება არ არის დაფიქსირებული. პრევენციის მთვარი მექანიზმი კი სახელმწიფო პროგრამა _ „ტრანსმისიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტია“, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიას დაავადების გადამტანი მწერებისგან ამუშავებენ.

„აჭარაში ვამუშავებთ საკმაოდ დიდ ფართობს, სარფიდან ჩოლოქამდე. ეს პროგრამა მოქმედებდა გასულ წლებშიც და იქნება წელსაც. ტერიტორიის დამუშავება დაიწყება მაისიდან და გაგრძელდება სექტემბრის ჩათვლით, რადგან მწერების გამრავლების აქტიური ფაზა იწყება მაისიდან. სპეციალური წამლით დამუშავდება სახლის სარდაფები და ყველა ის ტერიტორია, საიდანაც შეიძლება გავრცელდეს კოღო. ასევე, ჩვენთან, ბათუმში, არის ორი ტბა, რომლებშიც გამბუზიაა [თევზი, რომელიც იკვებება კოღოთი] გაშვებული და ესეც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ. გადამტანების, ეს ზიკა იქნება თუ მალარია, წინააღმდეგ ღონისძიებები გვაქვს შემუშავებული და გაზაფხულის ბოლოს დავიწყებთ ტერიტორიის აქტიურად დამუშავებას. ძირითადად გადამტანები შემოდის მეორადი საბურავებით და ესეც ჩადებულია პროგრამაში, მეორადი, შემოტანილი საბურავები უნდა დამუშავდეს,“ – ამბობს კობა ნაკაიძე.

მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ქალაქის ტერიტორიის დეზინსექციას აწარმოებს ბათუმის მერიაც. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 8400 სახლის ეზოს, სადარბაზოსა და სარდაფის, ქალაქის ტერიტორიაზე – 86 ჰექტარისა და 1000 ნაგავშემკრები კონტეინერის დეზინსექცია უნდა მოხდეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიებები საკმარისი იქნება ზიკა ვირუსის და სხვა ვირუსების პრევენციისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზიკა ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მიიჩნევა: ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია. ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული Aედეს სახეობის კოღოს ნაკბენით. ამ სახეობას ასევე გადააქვს დენგეს და ჩიკუნგუნიას ვირუსები.

ედეს სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. კოღოები დღის მანძილზე კბენენ ადამიანს. მათთვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ამრიგად შემდგომ უკვე ინფიცირებულ კოღოს შეუძლია დაავადების გავრცელება ადამიანთა შორის კბენით. ზიკა ვირუსი საშიშია ფეხმძიმე ქალებისათვის, რადგან ვირუსი ნაყოფის პათოლოგიას იწვევს.

ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ კოღოების კბენისგან თავდაცვით.