Nuk
ახალშობილის მოვლა

თარიღი: 16 ივნისი, 2016

ახალშობილის მოვლა 
თქვენთვის ყველაზე საყვარელი, სასურველი და განსაკუთრებული ადამიანი უკვე სახლშია. ვეცადოთ შევუქმნათ მას კომფორტული და თბილი გარემო. ოთახი სადაც ძირითადად იმყოფება ბავშვი, უნდა იყოს ნათელი და მზიანი, შექმნილი იყოს ელემენტარული პირობები ბავშვის მოვლის, კვებისა და ძილისათვის.

❔როგორი უნდა იყოს ახალშობილის საწოლი?

➡ სასურველია ბავშვის საწოლი არ იდგას ფანჯარასთან ახლოს და არც ოთახის რომელიმე კუთხეში. ლეიბი თანაბრად უნდა იყოს 30 გრადუსიანი კუთხით დახრილი - ეს აუცილებელია ახალშობილის ნორმალური ძილისთვის.

❔როგორ უნდა იწვეს ახალშობილი?

➡ ახალშობილი 24 საათის განმავლობაში მიირთმევს თავისი წონის 1/5-ს, ანუ ეს იგივეა რაც 50 კგ. წონის ადამიანმა მიიღოს 10 კგ. საკვები. მარტივად რომ ვთქვათ, საკვების ეს რაოდენობა , გაყოფილი თუნდაც 7-8 ჯერზე, საკმაოდ მოცულობითია, რაც იწვევს კუჭის სავსეობას, ეს კი ახალშობილის საყლაპავის ანატომიურ თავისებურებასთან ერთად შეიძლება გახდეს წამოქაფების და ღებინების მიზეზი. სასურველია ახალშობილი იწვეს გვერდზე.

➡ მუცელზე წოლა და ძილი, რაც საკმაოდ მიღებული იყო წლების განმავლობაში, პედიატრიულმა მედიცინამ უარყო. ბავშვი მუცელზე შეგიძლიათ დააწვინოთ მაშინ, როდესაც მას ღვიძავს, აქტიურია და კვებიდან გასულია არანაკლებ 60 წუთი.

❔ როგორ უნდა ეცვას ახალშობილს ძილის დროს?

➡ ბავშვს ძილის დროს უნდა ეცვას ხალვათად, დროის და ამინდის შესაბამისად. მოტივი, რომ ის ახალშობილია და ამის გამო 35-40°C სიცხეში ეფაროს შალის პლედი, გაუმართლებელია, მას უნდა ეცვას ისე, როგორც მოზრდილ, ჯანმრთელ ადამიანის.
სასურველია ეცვას წინდები. ხელთათმანების ჩაცმა არ არის მიზანშეწონილი. ხელების საშუალებით ის შეიცნობს გარემომცველ სამყაროს. ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 22-25°C და ხშირად უნდა ნიავდებოდეს.

❔როგორ ვაბანაოთ ახალშობილი და როგორ მოვუაროთ შემდგომ?

➡ ბავშვი დაბანეთ ყოველდღე წყლით, რომლის ტემპერატურაც 37-38°ჩ-ია. გამოიყენეთ ბავშვისთვის განკუთვნილი PH ნეიტრალური გელი ან საპონი.

➡ ბანაობის შემდეგ ბავშვი უნდა გამშრალდეს კარგად, რათა არ დარჩეს სისველე იღლიისა და საზარდულის ნაკეცებში, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა დაოდვილობის (გამოყელვის). კანზე სასურველია წაესვას სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი არაცხიმიანი კრემები, რათა არ მოხდეს კანის ფორების დახშობა. ზახფულის ცხელ დღეებში კი უმჯობესია საერთოდ არ იხმაროთ კრემები. წლის ამ დროს ჯობია ბაქტერიოციდული, საბავშვო პუდრის გამოყენება. პამპერსის შიგნით დაუშვებელია ზეთისა და ცხიმიანი მალამოების გამოყენება.

რა უნდა ვიცოდეთ ახალშობილის ყურების, ცხვირის და პირის ღრუს შესახებ?

➡ ყურების ხშირი, ყოველდღიური წმენდა არ არის მიზანშეწონილი. მცირე რაოდენობის გოგირდი, რომელიც გამოიყოფა ყურში, ატარებს დამცველობით ფუნქციას. ხშირი წმენდა აშიშვლებს ყურის აპკს და ხელს უწყობს გოგირდის ჭარბ წარმოქმნას.

➡ ცხვირის ნესტოების რუტინული, ყოველდღიური წმენდა არ არის სავალდებულო. ეს პროცედურა საეჭვო საჭიროებისაა და არასასიამოვნოა პატარასათვის.

➡ კვების შემდეგ, ახალშობილის ენაზე წარმოიქმნება რძისფერი ნადები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია და მოშორება არ სჭირდება. ხშირად ეს ნადები ფასდება როგორც რძიანა, რის გამოც იწყება მკურნალობა. ასე რომ იცოდეთ, თუ კვებიდან 1-1,5 საათში თეთრი ნადები ქრება - ეს ნადები რძიანა არ არის

❔ როგორ მოვუაროთ ახალშობილის ჭიპს?

➡ ახალშობილის მოვლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ჭიპი. ბოლო პერიოდში ახალშობილები სამშობიარო სახლიდან ეწერებიან მუმუფიცირებული, არამოვარდნილი ჭიპლარით, რომელსაც ადევს მომჭერი. სანამ მოვარდება ჭიპლარის ტაკვი მას არ სჭირდება განსაკუთრებული მანიპულაციები, სასურველია არ ფარავდეს პამპერსი.
ბანაობის შემდეგ ირგვლივ მდებარე ქსოვილები (ჭიპის რგოლი) უნდა დამუშავდეს 70% სპირტში დასველებული სტერილური ბამბით. ჭიპლარის ტაკვის მოვარდნის შემდეგ (დაბადებიდან 3-7, იშვიათად 10 დღე) ჭიპლარის ჭრილობის დამუშავება საკმარისია ერთხელ ბანაობის შემდეგ, ასეთი თანმიმდევრობით: 
1.წყალბადის ზეჟანგი 3%
2.სპირტი 70 %
3.ბრილიანტის მწვანე
კატეგორიულად აკრძალულია ბანაობის დროს პლასტირის, ბანდის და ა.შ. გადაკვრა
ფიზიოლოგიურად ჭიპლარის ჭრილობა დაბადებიდან 14-20 დღეში მშრალი უნდა იყოს.

 როგორ და რითი ვკვებოთ ჩვენი პატარა?

➡ ბავშვი კვებეთ მხოლოდ და მხოლოდ ძუძუთი.
უსაფუძვლოა აზრი, რომ თქვენი რძე ნაკლებცხიმიანია ან "წყალ-წყალაა", თქვენ ზუსტად ისეთი რძე გაქვთ, როგორიც თქვენს პატარას სჭირდება და უამრავი დაავადებებისგან იცავს მას.
განსაკუთრებით კარგად ისწავლეთ ძუძუთი კვების ტექნიკა. ყოველთვის შეაფასეთ სწორი და არასწორი პოზიციები.
არ მოაკლოთ თქვენს პატარას სუფთა ჰაერი და მზის სხივები. ეს, ძუძუთი კვებასთან ერთად, მას დაიცავს რაქიტისაგან.

➡ გახსოვდეთ: ახალშობილი იკვებება თავისუფალი რეჟიმით - ანუ აჭამეთ როცა მოგთხოვთ.
მოთავსდით მოხერხებულად, კომფორტულად, სწორ და ბავშვისთვის უსაფრთხო პოზიციაში. თუ სწორად არის ყველა ეტაპი შესრულებული და ბავშვი სწორადაა მოჭიდებული ძუძუს, 2-3 გამოწოვის შემდეგ თქვენ უნდა გაიგოთ ყლაპვის ხმა.
ზოგჯერ პატარა უფრო დიდხანს (30-40 წთ) აგრძელებს დუნედ და ნელა წოვას. ეს მისთვის უბრალოდ კომფორტია - თქვენთან ყოფნა სიამოვნებს, ამიტომ ნუ შეუშლით ხელს სიამოვნებაში.
ახალშობილი ძუძუს უნდა წოვდეს დღე-ღამეში 8-12 ჯერ.

➡ მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში, ბავშვის ძუძუზე არასწორი მოჭიდების შემთხვევაში, ძუძუს კერტებზე შესაძლებელია გაჩნდეს ნახეთქები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული პროფილაქტიკა.
არ შეიძლება საპნის ან სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება კერტებზე წასასმელად, რადგან ამან შეიძლება მეტისმეტად გამოაშროს და უფრო დააზიანოს ისინი.
ნახეთქებისათვის დედის რძე საუკეთესო წამალია.
თუ კერტების ტკივილი ძლიერია და გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს

წყარო: დავით დავარაშვილის კლინიკა