თარიღი: 14 თებერვალი, 2023
რა არის არითმია, რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? – ჩვენს კითხვებს მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრის” კარდიოლოგმა, არითმოლოგმა გურამ მაჩიტიძემ უპასუხა.
როგორია ნორმალური გულისცემა?
ჯანმრთელი ადამიანის გული ყოველდღიურად იკუმშება დაახლოებით 100 000-ჯერ და ტუმბავს 7200 ლიტრ სისხლს სხეულში. ცხოვრების 70 წლის მანძილზე ადამიანის გული სცემს საშუალოდ 2,5 მილიარდჯერ.
ექიმები ჯანმრთელ გულისცემას წუთში მისი რაოდენობით და რიტმულობით განსაზღვრავენ. ზოგადად, ნორმალურად ითვლება, როცა გულისცემა წუთში 60-დან 100-მდეა, თუმცა ხშირად ინდივიდთა შორის „ნორმალური“ გულისცემის სიხშირე განსხვავებულია. ნორმაში გულისცემა რეგულარული (რიტმული) უნდა იყოს.
რა არის არითმია?
არითმია – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გული არარეგულარულად (არარითმულად), ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა სცემს.
არითმიები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:
• ბრადიარითმიები – ბრადიარითმია ეწოდება ისეთ არითმიას, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია;
• ტაქიარითმიები – ტაქიარითმია ეწოდება ისეთ არითმიას, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს აჭარბებს.
რეგულარულობის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ:
• რეგულარული არითმიები – გულისცემა აჩქარებულია, მაგრამ რიტმულია (მაგალითად, პაროქსიზმული ტაქიკარდია)
• არარეგულარული არითმიები – გულისცემა არარიტმულია (მაგალითად, ექსტრასისტოლური არითმია ანუ პულსის გამოტოვება; წინაგულთა ფიბრილაცია – იგივე „მოციმციმე არითმია“).
რა იწვევს არითმიას?
არითმიას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები: კორონარული არტერიების დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის კუნთის დაავადებები (კარდიომიოპათიები), სარქვლოვანი პათოლოგია, გულის თანდაყოლილი მანკები,
• რესპირატორული სისტემის პათოლოგიები (მაგ. ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ძილის აპნოე)
• ენდოკრინული პათოლოგიები
• სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) დონის დარღვევა
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი
• ჭარბი დოზით ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი ან ზედმეტი ვარჯიში
• ძლიერი ემოცია, სტრესი
როგორია არითმიის სიმპტომები?
• გულისცემის აჩქარების ან შენელების შეგრძნება
• გამოტოვებული გულისცემის, „პაუზის“ შეგრძნება
• გულის „ფრიალი“
• თავბრუსხვევა ან გაბრუება
• სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა
• გულმკერდში ტკივილი/დისკომფორტი
• გამოხატული სისუსტე ან დაღლილობა
აღსანიშნავია, რომ არითმია ზოგჯერ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ექიმის მიერ დანიშნული კვლევის დროს შემთხვევით მოხდეს მისი დიაგნოსტირება.
რა არის არითმიის აღმოცენების რისკფაქტორები?
• ქრონიკული დაავადებები – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების უმრავლესობას, რესპირატორული სისტემის, ასევე ენდოკრინულ და ონკოლოგიურ პათოლოგიებს შეუძლიათ გამოიწვიონ გულის რითმის პრობლემები.
• ასაკი – არითმიის აღმოცენების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
• გენეტიკა – არითმიის აღმოცენების რისკი უფრო მაღალია, თუ თქვენს ახლო ნათესავს არითმია ჰქონდა. გულის დაავადებების ზოგიერთი ტიპი ოჯახებშიც შეიძლება გავრცელდეს
• არაჯანსაღი ცხოვრების წესი – ალკოჰოლმა, თამბაქომ და ნარკოტიკებმა, უძილობამ, სტრესმა, ასევე ზოგიერთი მედიკამენტის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არითმიის აღმოცენების რისკი.
როგორ ხდება არითმიების დიაგნოსტიკა?
არითმიების დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება:
• ელექტროკარდიოგრამა – იწერს გულის ელექტრულ აქტივობას.
• ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი – პორტატული აპარატი, რომელსაც შეუძლია კარდიოგრამის ჩაწერა 24 ან 48 სთ-ის განმავლობაში.
• იმპლანტირებადი მარყუჟოვანი ჩამწერი – ეს მცირე ზომის მოწყობილობა ინერგება კანქვეშ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენს კარდიოგრამის ჩაწერას.
• ექოკარდიოგრაფია – ექოსკოპიური კვლევა, რომლის საშუალებით ხდება გულის სტრუქტურის და ფუნქციის შეფასება.
• სტრესტესტი – ფიზიკური დატვირთვის ტესტი, რომელიც ტარდება გულის იშემიურ დაავადებაზე ეჭვის არსებობის დროს.
• ლაბორატორიული ანალიზები – გამოიყენება არითმიის გამომწვევი სხვადასხვა პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ.
• ელექტროფიზიოლოგიური კვლევა – ეს გახლავთ ინვაზიური მეთოდი, რომელიც წარმოადგენს არითმიების კვლევის ოქროს სტანდარტს. ხორციელდება გულში შეყვანილი კათეტერების საშუალებით.
როგორ მკურნალობენ არითმიებს?
არითმიების სამკურნალოდ სასურველია კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან ვიზიტი. შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდეგ ისმება არითმიის დიაგნოზი და შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა. მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს როგორც მედიკამენტური, ისე ინვაზიური გზით.
არითმიის მედიკამენტური თერაპია ძირითადად მოიცავს ანტიარითმულ საშუალებებს.
არითმიის მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია:
• პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია – გამოიყენება მკვეთრად შენელებული გულისცემის სამკურნალოდ.
• კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია – გამოიყენება სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიების დროს.
• აბლაცია – არითმიის კერის მოშორება. ეს პროცედურა ხორციელდება შემდეგნაირად: ბარძაყის ვენის გავლით, გულში თავსდება სპეციალური კათეტერები, რომლებიც ახდენენ პათოლოგიური არითმიის კერის აღმოჩენას და შემდეგ მის დესტრუქციას „მოწვის“ (რადიოსიხშირული აბლაცია) ან „მოყინვის“ (კრიოაბლაცია) გზით.
• აბლაციით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი არითმიების მკურნალობა: წინაგულთა ფიბრილაცია („მოციმციმე არითმია“), წინაგულთა თრთოლვა, სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია, WPW სინდრომი, წინაგულოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმიები.
წყარო: "მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი”