თარიღი: 21 მარტი, 2022
ადამიანის ორგანიზმში არსებულ სასქესო ჰორმონებს აქვთ მარეგულირებელი ეფექტი არტერიულ წნევაზე.
მაშინ, როდესაც ტესტოსტერონი, თავისი მოქმედებით, მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ესტროგენი, პირიქით, არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე პერიოდში, შედარებით მაღალია ესტროგენის დონე, რაც შესაძლოა გახდეს არტერიული წნევის მაჩვენებლის შემცირების მიზეზი და გამოიწვიოს სისუსტის და თავბრუსხვევის განვითარება ქალებში წინამენსტრუალური პერიოდის განმავლობაში.
მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას, ჰორმონების დონის ცვლილებასთან ერთად, ჩვეულებრივ, ხდება არტერიული წნევის მაჩვენებლების რეგულირება და ზემოაღნიშნული ჩივილები ქრება ხოლმე.
ცნობილია, რომ ქალებს, რომელთაც გამოხატული აქვთ მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი/პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMS/PMDD) ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა: ხასიათის ცვლილებები, დაღლილობის შეგრძნება და დეპრესიული ფონის გაძლიერება, წინამენსტრუალურ პერიოდში შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერტენზია - უპირატესად სისხლის დიასტოლური წნევის მაჩვენებლის მომატებით.
რა მექანიზმით ზრდის PMS სისხლის წნევის მაჩვენებლებს?
თეორიულად, პრემენსტრუალური სინდრომის არსებობისას სისხლის მაღალი წნევის არსებობა დაკავშირებულია რეპროდუქციული ჰორმონების ზემოქმედებასთან ალდოსტერონის დონეზე, რაც, თავის მხრივ, ახდენს გავლენას ატერიული წნევის მაჩვენებლებზე.
ალდოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს თირკმელში წყლისა და მარილის ბალანსის კონტროლს. კერძოდ, მისმა ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ციფრების მომატება და სხეულის ქსოვილებში სითხის დაგროვება.
მძიმე ფორმის პრემენსტრუალური სინდრომის მქონე ქალებში არტერიული წნევის ციფრების ზრდის კიდევ ერთი შესაძლო ახსნა ანთებითი ფონის გაძლიერებაა. ანთება, თავის მხრივ, ხდება ხოლმე არტერიული წნევის მაჩვენებლების მომატების მიზეზი.
გახსოვდეთ, რომ სისხლის როგორც დაბალი, ასევე მაღალი წნევა გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, მათ შორის, შესაძლოა, ქმნიდეს საფრთხეებს და საჭიროებდეს გადაუდებელ მეთვალყურეობას.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ და აკონტროლოთ თქვენი არტერიული წნევის მაჩვენებლები და თუ გამოგივლინდებათ ზემოთ აღნიშნული ჩივილები წინა მენსტრუალურ პერიოდში ან შეამჩნევთ ნებისმიერი სახის ცვლილებას, რომელიც სხვა დროს არ იყო გამოხატული და გაჩნდა ახლახანს, გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!
გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!
გინეკოლოგიური ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39
ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე