თარიღი: 13 მაისი, 2020
შიში და შფოთვა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან - ორივე გულისხმობს იდეას მოსალოდნელი საფრთხის ან ზიანის შესახებ. ორივე მათგანი ააქტიურებს ორგანიზმის განრიდების ან შებრძოლების რეაქციას. ორივეს მსგავსი გამოვლინებები აქვს. შესაძლოა, სახეზე იყოს აჩქარებული გულისცემა, ოფლის გამოყოფა, კანკალი, კუნთური დაძაბულობა ან სუნთქვის უკმარისობა.
როგორც წესი, შიში განიხილება, როგორც სპეციფიკურ, განსაზღვრულ, დაკვირვებად საფრთხეზე რეაქცია, ხოლო შფოთვა გულისხმობს დიფუზურ, არაფოკუსირებულ, უობიექტო, მომავალზე ორიენტირებულ შიშს (ბარლოუ, 2002). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, შიში არის მოახლოებულ, გარდაუვალ, ხოლო შფოთვა - წარმოსახულ, განუსაზღვრელ საფრთხეზე პასუხი.
იმის მიუხედავად, რომ შიში უსიამოვნო განცდაა, იგი ასრულებს დამცავ ფუნქციას ადამიანის ცხოვრებაში - როდესაც ჩვენ აღმოვჩნდებით ფიზიკური თუ ემოციური საფრთხის წინაშე, ჩვენი ორგანიზმი გვაფრთხილებს და გვამზადებს თავდაცვისთვის. როდესაც საფრთხე ჩაივლის და აქტუალური აღარ არის, შიშის სიმპტომები მალევე ქრება. შფოთვის შემთხვევაში ეს ასე არ არის. ვინაიდან შფოთვის საფუძველია განუსაზღვრელი საფრთხე, იგი სწრაფად არ იფანტება. ორგანიზმი ინარჩუნებს დაძაბულ მდგომარეობას მაშინაც კი, როდესაც საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, შფოთვა, შესაძლოა, სასაგებლოც კი იყოს რიგ შემთხვევებში - მაგალითად, შფოთვის მქონე ადამიანი უფრო მეტად არის მიზანზე ორიენტირებული, ორგანიზებული, მუდმივად მზადყოფნაშია და აქვს გეგმები ისეთი განუსაზღვრელი მოვლენებისა და გარემოებებისთვის, რომლებსაც სხვები ყურადღებას არც კი აქცევენ (სტოსელი, 2013).
შიში ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ბავშვობის ასაკში შიშის ქონა სავსებით ნორმალურია. როდესაც თქვენი შვილები სწავლობენ უფრო მეტს სამყაროს შესახებ, ზოგი რამ მეტად დამაბნეველი და შემაშინებელია მათთვის. ეს შიშები, ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად თავისით ქრებიან. თუმცა იმისათვის, რომ ადექვატურად ვუპასუხოთ და შევამსუბუქოთ ბავშვების ღელვა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, კონკრეტულ ასაკში რისი შეიძლება ეშინოდეთ მათ.
როდის არის შიში ან შფოთვა პრობლემა?
შიში განვითარების პროცესის თანმდევი ნორმალური რეაქციაა. ეს არის იმის ნიშანი, რომ ბავშვი იწყებს სამყაროს გაგებასა და მისთვის მნიშვნელობების მინიჭებას. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ისინი აცნობიერებენ, რომ რაღაცები, რაც მათ ადრე აშინებდათ, საერთოდ არ ყოფილა საშიში. გარდა ამისა, აღმოაჩენენ, რომ შესანიშნავად შეუძლიათ, თავად გაუმკლავდნენ სირთულეებს.
გადაულახავმა შიშმა შეიძლება დიდი მღელვარება გამოიწვიოს არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მასზე მზრუნველ უფროსებშიც. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შიშისა და შფოთვის არსებობა, ზოგადად, ნორმალური და კარგიც კია, რადგან ეს ნიშანია ინტელექტუალური განვითარებისა - ბავშვი იწყებს მომავალში შედეგების განჭვრეტას და შეუძლია წარსული გამოცდილების გათვალისწინება (მაგალითად, ეშინია ძაღლის, რადგან ადრე დაუყეფა).
შიში და შფოთვა უნდა მივიჩნიოთ პრობლემად, როდესაც ისინი ხდებიან ქრონიკული, ინტენსიური და მუდმივად უშლიან ხელს ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში. თუ ამჩნევთ, რომ შიში გავლენას ახდენს თქვენი შვილის ქცევების უმეტესობაზე (მაგალითად, ვერ რჩება მარტო, მწვავედ რეაგირებს უცხო ადამიანებზე/ხმებზე, შესაძლოა, იმოქმედოს ძილის რუტინაზე, სკოლაში სიარულზე და ა.შ.), დროა იფიქროთ ზომების მიღებაზე.
ასაკობრივი შიშები
მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანის ბუნება არ თავსდება მტკიდეც დადგენილ საზღვრებში. ქვემოთ მოცემული კატეგორიზაცია გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შიშებს ბავშვობისა და მოზარდობის განმავლობაში და მათი გამოვლენის ასაკს. ეს არ არის უტყუარი მოცემულობა და რომელიმე შიში, შესაძლოა, გამოვლინდეს შედარებით ადრე ან გვიან.
0-2 წელი
ხმაური და ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი გრძნობითი ორგანოების გადატვირთვა (ქუხილი, მტვერსასრუტის ხმა, ბლენდერი, თმის საშრობი, ბუშტის გახეთქვის ხმა, სირენები, მკვეთრი მოძრაობა, ძირს სწრაფად ჩამოსმა) - ახალდაბადებული ბავშვების ნერვული სისტემა არის ჩამოუყალიბებელი. როდესაც ზედმეტად ბევრი ინფორმაცია შემოდის გრძნობითი ორგანოების საშუალებით, როგორიცაა ხმაური ან ძირს სწრაფად ჩამოსმა (რაც ქმნის ვარდნის შეგრძნებას), ეს არის მათი ნერვული სისტემისთვის ჭარბი ინფორმაცია გასამკლავებლად.
მზურნველთან განშორება - დაახლოებით, 8-10 თვის ასაკში ბავშვები ხვდებიან ობიექტის მუდმივობას, ანუ - აცნობიერებენ, რომ საგნები განაგრძობენ არსებობას მაშინაც კი, როდესაც არ იმყოფებიან მხედველობის არეში. ანუ ამავე ასაკიდან, ისინი ხვდებიან, რომ როდესაც თქვენ გადიხართ ოთახიდან, თქვენ სადღაც მანდვე ხართ. ეს შეიძლება განშორების შიშის დასაწყისი იყოს, ამიტომაც ისინი ცდილობენ თქვენთვის ჩაჭიდებასა და „არგაშვებას“. მეორე წლის ასაკიდან ისინი უკვე ხვდებიან რამდენად სანდოა თქვენი სიყვარული და პროტექცია, ამიტომაც მათი სამყარო იწყება და მთავრდება თქვენით.
უცნობები - დაახლოებით, 6-8 თვის ასაკში პიკს აღწევს ნაცნობი და უცნობი სახეების გარჩევის უნარი. ამ ასაკში ბავშვებს უკვე კარგად აქვთ ჩამოყალიბებული მზრუნველთან მიჯაჭვულობა, რაც მათი მნიშვნელობის გაცნობიერებასაც გულისხმობს. ამიტომ ბავშვები მგრძნობიარედ რეაგირებენ, თუ ვინმე მათ პირად სივრცეს დაარღვევს სწრაფად და მოულოდნელად.
ადამიანები სხვადასხვა კოსტუმებში - „მოიცა, შენ მე მაყენებ წითელკოსტუმიანი და თეთრწვერიანი უზარმაზარი მოხუცის წინაშე, რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს და გინდა კალთაშიც ჩავუჯდე? არა. დღეს არა. იქნებ, მანამ არა, სანამ 5-ის არ გავხდები. ან სამოცდათორმეტის. ან მანამ, სანამ არ მივხვდები, რომ მას საჩუქრები მოაქვს. იქნებ მაშინ მივიდე ოდნავ ახლოს და ვუთხრა რა მინდა ან წერილი ვესროლო შორიდან.“
ნებისმიერი რამ, რაც მათ კონტროლს მიღმაა - დაახლოებით 1 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯებს, იგი ექსპერიმენტირებს საკუთარი დამოუკიდებლობით. ეს შეიძლება იყოს თქვენგან დისტანცირება, საკვებით თამაში ან დამოუკიდებლად კვების მცდელობები. ამასთან ერთად ისახება მზარდი საჭიროება იმისა, რომ მათ ჰქონდეთ პროგნოზირების განცდა და კონტროლის საშუალება გარემოზე. ყველაფერი, რაც მათ კონტროლს მიღმაა, ხდება საშიში.
3-4 წელი
კაშკაშა სინათლე, ხმაური (ქარიშხალი, ბუშტების დახეთქვის ხმა, ფეიერვერკები, ძაღლის ხმამაღალი ყეფა, მატარებლები) და ნებისმიერი რამ, რაც მნიშვნელობისგან დაცლილია - ასაკთან ერთად ბავშვები ხვდებიან, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ნაკლები კონტროლი აქვთ. ამის გამო, მათ შეიძლება ეშინოდეთ ისეთი რაღაცების, რაც უფროსებითვის უმნიშვნელოა.
ნებისმიერი რამ, რაც უჩვეულოდ გამოიყურება (მაგალითად, ბიძა, რომელიც ახალი ვარცხნილობით ან წვერით გამოგვეცხადება, ბებია თმის განსხვავებული ფერით) - საკმაოდ რთულია, როცა უცნობები არიან უცნობები, მაგრამ უფრო რთულია, როდესაც ნაცნობები გამოიყურებიან უცნობებივით! ნაცნობობის განცდა არის ბედნიერი დღის გარანტი. როდესაც რაღაცები მოულოდნელად იცვლება, იწვევს შეგრძნებას, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო და ყველაფერს თავიდან შეეგუო!
საშიში ხმები, ჰელოუინის კოსტუმები, მოჩვენებები, ჯადოქრები, საწოლის ქვეშ მცხოვრები მონსტრები, მძარცველები, რომლებიც სახლში შემოჭრას ცდილობენ, მძარცველები, რომლებიც უმეგობრდებიან საწოლის ქვეშ მცხოვრებ მონსტრებს და ნებისმიერი რამ, რაც კვებავს ბავშვების უშრეტ ფანტაზიას - ბავშვების წარმოსახვითი თამაში უფრო და უფრო წარმატებული ხდება და ფანტაზია საოცრად მდიდრდება. ამ ასაკში მათ ძალიან უჭრით გითხრათ რა განსხვავებაა წარმოსახვითსა და რეალურს შორის.
ტელევიზორში ნანახი ან წიგნში წაკითხული სიუჟეტი, შესაძლოა, კარგი საკვები აღმოჩნდეს მათი ფანტაზიისთვის და თავი იჩინოს კოშმარების ან საშიში სიზმრების სახით. შესაძლოა, გამოიწვიოს სიბნელის ან ღამით მარტო დარჩენის შიში - ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უჭირთ რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისაგან განსხვავება, მაგალითად, თუ ისინი მოისმენენ ისტორიას მეკობრეზე, როგორც კი შუქს ჩააქრობთ, მათი ფანტაზია გააქტიურდება და მაშინვე წარმოიდგენენ, რომ კაპიტანი ჯეკ ბეღურა, რომელიც მძინარე ბავშვებს სათამაშოებს პარავს, მათი საწოლის ქვეშ არის და მზადაა მოქმედებაზე გადავიდეს.
სიბნელე ან ღამით მარტო ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ესმით უცნაური ხმები ან ხედავენ რაიმე სინათლეს ან ჩრდილს კედელზე - მაშინ, როცა ბავშვების ფანტაზია უსაზღვროა, მათ შეიძლება თავიანთი ახსნა მოუძებნონ ღამეულ უცნაურ ხმებს ან ჩრდილებს კედელზე. მათ შეიძლება საკუთარი თავი დაარწმუნონ იმაში, რომ ღამის პეპელას ნათურაზე დაჯახების ხმა სინამდვილეში მძარცველია, რადგან სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს.
5-6 წელი
მზუნველთან განშორება - ამ ასაკში, შესაძლოა, ბავშვები მწვავედ რეაგირებდნენ მშობლებთან ან მზრუნველებთან განშორებაზე. ისინი უკვე აცნობირებენ, რომ შესაძლებელია რაიმე ცუდი შეემთხვეთ საყვარელ ადამიანებს. მათ შეიძლება უარიც კი თქვან სკოლაში წასვლაზე იმის გამო, რომ თქვენ გვერდით იყვნენ და დარწმუნდნენ, რომ არაფერი გემუქრებათ.
მოჩვენებები, მონსტრები, ჯადოქრები - და ნებისმიერი რამ, რაც მათი ფანტაზიის ველში მოხვდება. შესაძლებელია, გამოიხატოს სიბნელის შიშის სახით. ბავშვების ფანტაზია ჯერ კიდევ ბეჯითად მუშაობს, ამიტომ რაც მას აცოცხლებს, შესაძლებელია შიშის წყაროდაც იქცეს.
სიბნელე, ხმაური, ღამით მარტო ყოფნა, დაკარგვა, ავად გახდომა - გარდა იმისა, რომ ბავშვების შიშის წყარო, შესაძლოა, წარსულში გამოცდილებაში არსებული რეალური მოვლენები იყოს, ასევე, მათ აშინებთ ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. ეს არის ისეთი რაღაცები, რაც ჩვენთვისაც კი განუსაზღვრელია ხოლმე.
კოშმარები და უსიამონო სიზმრები - იმის გამო, რომ ფანტაზიასა და რეალობას შორის ზღვარი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, სიზმრები, შესაძლოა, ძალიან ცხადად აღიქმებოდეს და სავარაუდოა, რომ ამ ასაკში აღწევდეს პიკს.
ხანძარი, ქარიშხალი, ელჭექი - და ნებისმიერი რამ, რაც თითქოს არსაიდან ჩნდება. ბავშვები ცდილობენ ჩაეჭიდონ მიზეზებსა და მათ შედეგებს, თუმცა მათი ცნობისმოყვარე გონება ჯერ კიდევ ვერ ხსნის ზოგიერთი მოვლენის მიზეზს.
შიშები სასკოლო ასაკსა და მოზარდობაში
ასაკობრივი შიში და შფოთვა უცხო არც სასკოლო ასაკსა და მოზარდობაშია. რაც მეტად იზრდება ბავშვი შიშიც მეტად რაციონალურ ხასიათს იძენს. თუმცა ამ ასაკშიც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შიშსა თუ შფოთვას თავისი ფუნქცია აქვს და ამ ემოციების უარყოფა, უკუგდება ან დაიგნორება ყოვლად დაუშვებელია.
ჩვენს მთავარ მიზნად ისევ რჩება ვასწავლოთ მათ ამ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება, მათი მართვა და, რაც მთავარია, საკუთარ განცდებზე ღიად საუბარი სირცხვილისა და დისკომფორტის გარეშე, სადაც ჩვენ ემპათიური მსმენელები და მხარდამჭერები ვიქნებით.
7-11 წელი
სახლში მარტო ყოფნა - ბავშვები ჯერ კიდევ სწავლობენ სამყაროს ნდობას და ხვეწენ თავიანთ უნარებს, დამოუკიდებლად გაართვან თავი დროის მოკლე პერიოდებს უფროსების გარეშე. სახლში მარტო ყოფნა, შეიძლება ერთდროულად მომხიბლავიც იყოს და საშიშიც.
არ შეემთხვათ რაიმე ცუდი საყვარელ ადამიანებს ან ცხოველებს - ისინი თანდათან იგებენ, რომ სიკვდილი ელის ყველას და რომ ეს შედეგი შეუქცევადია. ამიტომ, მათ შეიძლება დაიწყონ ღელვა ახლობელ ადამიანებზე ან იმ ცხოველებზე, რომლებზეც ზრუნავენ.
თანატოლების მხრიდან უარყოფა, არმოწონება, უარყოფითად შეფასება - ამ ასაკში მნიშვნელოვანი ხდება მეგობრული ურთიერთობების დამყარება და მათი შენარჩუნება, ბავშვები ხდებიან დამოკიდებული თანატოლებზე და ემზადებიან მოზარდობისთვის.
მოზარდობა (12+)
ამ ასაკში აქტუალური ხდება რას ფიქრობენ თანატოლები მასზე - განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოზარდობის პერიოდში იდენტობის ფორმირებაა, ანუ იმის გამორკვევა - ვინ არის ის და სად არის მისი ადგილი სამყაროში. ამ კითხვების დასმის შემდეგ ისინი ძალიან ბევრს ღელავენ, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები მათზე. გარდა ამისა, მოზარდებს აქვთ სხვა ამოცანაც - იყვნენ თქვენგან დამოუკიდებელნი. მას შემდეგ, რაც იკლებს მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, დომინანტური ხდება მეგობრებისა და სხვა თანატოლების აზრი და იგი მეტ მნიშვნელობას იძენს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მათ თქვენ ძველებურად არ უყვარხართ. მათი თქვენზე დამოკიდებულება ნელ-ნელა გაქრობას დაიწყებს და გახსოვდეთ, რომ ეს ჯანსაღი და მნიშვნელოვანია.
არ დაზიანდნენ, ავად არ გახდნენ, არ მოკვდნენ თავად ან საყვარელი ადამიანები - მათ უკვე ძალიან კარგად იციან, რომ უბედური შემთხვევები ხდება, რომ ადამიანები ავად ხდებიან და მსგავსი მოვლენების წინაშე უძლურები ვართ. ეს შიში უფრო საფუძვლიანი ხდება, როდესაც მოზარდები იგებენ, რომ მათ ნაცნობებს შეემთხვათ რაიმე.
ომი, ტერორიზმი, გატაცება, ბუნებრივი კატასტროფები - და ნებისმიერი საშიში რამ, რასაც ახალ ამბებში ისმენენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ცუდი რაღაცები ხდება, თუმცა არ ესმით მათი მოხდენის ალბათობისა და სიხშირის შესახებ. რაც უფრო ხშირად აწყდებიან ნიუსებში მსგავს ამბებს, ჰგონიათ, რომ რისკი მატულობს და მათაც იგივე შეემთხვევათ.
მნიშვნელოვან პირადულ პრობლემებზე უფროსებთან საუბარი - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოზარდობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უფროსების ნაკლები საჭიროება მათ ცხოვრებაში. თუმცა, უფროსების საწინააღმდეგოდ მიმართული ქცევების მიუხედავად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ეტყვით და რას გააკეთებთ თქვენ.
გამოტოვების შიში - მეგობრებთან მუდმივი კავშირი და სამეგობროში მიმდინარე მოვლენების ნაწილად ყოფნა, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად აღიქმებოდეს. ნამდვილად დრამატულად ჟღერს და მოზარდებისთვის ეს ასეც არის. მათთვის ძალიან საშიშია რაიმეს გამოტოვება, თუმცა, თანდათან ისინი სწავლობენ, რომ მეგობრებთან კავშირის შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევებშიც კი, თუ ისინი იმ ყველაფერში ვერ იღებენ მონაწილეობას, რაც ხდება.
როგორ დავაღწიოთ თავი შიშს?
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩარევის მიზანი ის კი არ არის, რომ ბავშვები სრულიად გავათავისუფლოთ შიშებისგან, არამედ, გავხადოთ ეს შიში მართვადი. თქვენი, როგორც ზრდასრულის ამოცანა, რომელსაც უყვარს და ზრუნავს შვილზე, მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს შიშთან ერთად ცხოვრება, მასთან გამკლავება და მისი მართვა ასწავლოთ.
გახსოვდეთ ! არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს, რომ უკვე დიდები არიან; რომ არ უნდა ეშინოდეთ; რომ ბიჭებს არ ეშინიათ; რომ რისიც ეშინიათ, არ არსებობს. პირველ რიგში, თქვენც და თქვენმა შვილმაც უნდა იცოდეთ, რომ სხვა ბავშვებიც ანალოგიურ გამოცდილებას იზიარებენ, სხვებსაც ეშინიათ და შიში სირცხვილი არ არის; უნდა იყოთ მხარდამჭერები და ბავშვს საშუალება მისცეთ, ისაუბროს იმაზე, რაც აწუხებს.
როგორ დავეხმაროთ გამკლავებაში?
დახუჭობანა - ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ბავშვი თანდათან მიხვდეს - თქვენი სახის გაქრობის მიუხედავად, თქვენ მაინც მის გვერდით ხართ
ასწავლეთ მას, რომ განშორება არის დროებით, მაგრამ მოშორდით თანდათან - ივარჯშეთ ოთახის დატოვებაში ხანმოკლე დროის განმავლობაში. ამით ბავშვი მიხვდება, რომ თქვენ ყოველთვის ბრუნდებით. დაიწყეთ 1 წუთით და გაზარდეთ დრო ეტაპობრივად.
ყოველთვის დაემშვიდობეთ - დამშვიდობება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, როდესაც ტოვებთ ბავშვებს. თქვენი უეცარი გაუჩინარება, შესაძლოა, ძლიერ დამთრგუნველი აღმოჩნდეს მათთვის და საფუძვლად დაედოს შიშს, რომ თქვენ ყოველთვის მოულოდნელად გაქრებით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, თქვენდამი უნდობლობის ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს.
მიაწოდეთ ბავშვებს საკმარისი ინფორმაცია - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები თანდათან უფრო მეტს სწავლობენ სამყაროს შესახებ, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ბოლომდე გაიგონ იმ მოვლენების მიზეზები, რომლებიც მათ გარშემო ხდება. უთხარით მათ ის ყველაფერი, რაც დაეხმარებათ თავიანთი შიშების კონტექსტის გაგებაში, აუხსენით მოვლენები და გამომწვევი მიზეზები მათთვის გასაგებ ენაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ასაკში ცნობისმოყვერეობა პიკს აღწევს და მათ აიტერესებთ ყველაფერი. ასე რომ, მოამზადეთ პასუხები!
ეთამაშეთ - თამაში არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სამყაროს გაგებისა და შემეცნების გზაზე. წარმოსახვითი თამაში - ფაქტობრივად, ეს არის რეპეტიაცია ნამდვილი ცხოვრებისათვის. თუ თქვენს შვილს ეშინია რაიმესი, გააცანით იგი უფრო ახლოს თამაშის საშუალებით. ამ გზით მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თავიანთ შიშებზე. მიაწოდეთ მათ იდეები და თამაშის საშუალებით ისინი ისწავლიან განსხვავებულ სცენარებს, თავიანთ პასუხებს და შეხედავენ მათთვის საშიშ საგნებს/არსებებს/მოვლენებს უსაფრთხო დისტანციიდან.
ნუ გექნებათ გადაჭარბებული რეაქცია - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სერიოზულად აღიქვათ ის, რასაც თქვენი შვილი გრძნობს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი რეაქცია არ უნდა იყოს გადაჭარბებული. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა თქვენს შვილს რაიმე შეაშინებს, ხელში აიტაცებთ მას, ასე, შესაძლოა, უნებლიეთ განუმტკიცოთ შიში. იმის ნაცვლად, რომ ზედმეტად ანუგეშოთ ბავშვი, უმჯობესია დაელაპარაკოთ მას და ასწავლოთ სახელდება იმისა, რამაც კონკრეტულ მომენტში შეაშინა.
არ აარიდოთ თავი - სრულიად გასაგებია, როდესაც მშობელი ცდილობს საკუთარი შვილის დაცვას უარყოფითი ემოციებისგან და ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება შიშისმომგვრელი სტიმულისგან თავის არიდებაა. თუმცა, რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ ხერხს, იგი ბავშვისთვის იქცევა ერთადერთ საშუალებად დაცულობის შეგრძნების მისაღწევად. გარდა ამისა, საშიში სტიმულისათვის თავის არიდება ართმევს ბავშვს შესაძლებლობას, რომ დაეუფლონ გამკლავების მოქნილ, ძლიერ და ნაყოფიერ ხერხებს. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ცოტაოდენი დისკომფორტი მისაღებია და რომ ეს არის სიმამაცის ნიშანი.
ისწავლეთ შიშის ფიზიკური ნიშნების ამოცნობა - შიში ძალიან ხშირად გამოიხატება ფიზიკური ნიშნებით, ამ დროს ბავშვს შეიძლება აუკანკალდეს ხელები, აუჩქარდეს გულისცემა, გაოფლიანდეს ან გამოვლინდეს ტიკების სახით.
მიაქციეთ ყურადღება რას უყურებენ და რას კითხულობენ - უყურეთ ბავშვებთან ერთად მათ საყვარელ შოუებს იმისათვის, რომ გაიგოთ რა მნიშვნელობებს ანიჭებენ გადაცემებსა თუ მულტფილმებში ნანახს.
გახსოვდეთ, რომ ბავშვები გიყურებენ თქვენ - ისინი ძალიან კარგად იმახსოვრებენ თქვენს ნებისმიერ ქმედებას. თუ მათ დაინახეს, რომ თქვენ გეშინიათ ძაღლების, ძალიან მარტივად შეიძლება დაისწავლონ იგივე რეაქცია. აუცილებლად დაიმახოვრეთ, თუ თქვენ შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ ბავშვების შიშებზე, ასევე შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ მათ სიმამაცეზეც.
მიეცით საშუალება, რომ დაარქვან სახელი შიშებს - დაე, ისაუბრონ თავიანთი შიშების შესახებ. რაც უფრო ხშირად მოიქცევიან ასე, უფრო მეტად გახდება მათთვის შესაძლებელი, რომ მნიშვნელობები მიანიჭონ აქამდე უცხო და სახელდაურქმეველ გრძნობებს.
თუ თქვენი შვილი უკვე მოზარდია, უნდა გახსოვდეთ, რომ არ განსაჯოთ იგი და არ მიაკეროთ ისეთი იარლიყები, როგორებიცაა “მორცხვი”, “შფოთიანი”, “მშიშარა” და ა.შ. საუკეთესო გზა არის ის, რომ დაეხმაროთ შიშისა თუ შფოთვის თანდათან დაძლევაში და არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ პირისპირ აღმოჩნდნენ შემაშინებელი სტიმულის წინაშე. დაისახეთ პატარ-პატარა, მოკლევადიანი გეგმები უფრო დიდი მიზნის მისაღწევად, მაგალითად, თუ თქვენს შვილს აშფოთებს კლასში პრეზენტაციის გაკეთება, დაე, ჯერ ოჯახის წინაშე წარადგინოს ან თავის ოთახში გაიაროს რეპეტიცია.
აუხსენით, რომ მისი ემოციები ნორმალურია და მოუყევით თქვენი გრძნობებისა და განცდების შესახებ, როცა მისი ასაკის იყავით
აუცილებლად იყავით მხარდამჭერები და არ უგულებელყოთ, რადგან მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით მათ სირთულეებს
მოუსმინეთ ყურადღებით, რადგან ბევრი საუბარი საშუალებას აძლევს მათ სწორად მოახდინონ თავიანთი აზრებისა და გრძნობების იდენტიფიცირება
და ბოლოს - აუცილებლად აღიარეთ და წაახალისეთ მათი ნებისმიერი მამაცი ქცევა, რადგან ბავშვებს ყოველთვის უყვართ გმირის როლში ყოფნა.
მასალა მომზადებულია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის კესო ჭურღულიას მიერ