Plasmon
დეპრესია შეუმჩნევლად იწყება

თარიღი: 17 მაისი, 2020

დეპრესია ხშირად შეუმჩნევლად იპარება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნელ-ნელა უფრო დიდ ადგილს იკავებს და უფრო მეტად ართულებს  არსებობას. მსუბუქი თავის ტკივილით შეუმჩნევლად იწყება და შემდეგ რთულდება, მძაფრდება, მასშტაბური ხდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოციალურ ცხოვრებაზე, ადამიანების მუშაობის ხარისხზე და სოციალურ ურთიერთობებზე. მთავარი პრობლემა კი თვითდესტრუქციული, საკუთარი თავის ფიზიკურ-ემოციურად დამაზიანებელი მიდრეკილებები  და თვითშეფასების მნიშვნელოვანი ვარდნაა. მნიშვნელოვანია დეპრესიის დროული იდენტიფიცირება და სწორი ჩარევა, რადგან შეიძლება ფატალურ შედეგებამდეც კი მივიდეს.  მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით, წელიწადში 800,000 ადამიანი სუიციდით ასრულებს ცხოვრებას, რაც ყოველ 40 წუთში ერთი სიცოცხლის თვითნებურ შეწყვეტას ნიშნავს. ამგვარი შემთხვევების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი დეპრესიული მდგომარეობაა (World Health Statistics data visualizations dashboard, 2016).

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
დეპრესიული ეპიზოდის ტიპურ შემთხვევაში პაციენტს გამოხატული აქვს გუნება-განწყობილების დაქვეითება, ენერგიის შემცირება და აქტიური სოციალური ცხოვრების პასიურით შეცვლა, ინტერესთა სფეროს შევიწროვება, ყურადღების კონცენტრაციის სირთულე და აზროვნების დაქვეითება, გადაწყვეტილების მიღების სირთულე ან უუნარობა. ინდივიდს მცირე აქტივობის განსახორციელებად საკუთარი თავის იძულება  უწევს და გაწეული მცირე ძალისხმევა ძლიერ დაღლილობას იწვევს. ასევე გამოხატულია დაბალი თვითშეფასება და პერმანენტული ბრალეულობის განცდა, რასაც თან ახლავს თვითდამცირების ქცევითი პატერნები. შესაძლოა იყოს სუიციდური ფიქრები განმეორებადი/მუდმივი ხასიათის, შესრულების კონკრეტული გეგმით ან უკვე არსებული მცდელობით. გამოხატულია სომატური სიმპტომები, როგორებიცაა: ანჰედონია (ბედნიერების განცდის სირთულე), ინსომნია (უძილობა) ან ჰიპერსომნია(ძილიანობა), ჩვეულ დროზე ადრე გაღვიძება და შემდეგ ჩაძინების სირთულე, ფსიქომოტორული შეკავება, შფოთვა და აჟიტაცია, ლიბიდოს დაკარგვა, მადის დაქვეითება ან პირიქით მნიშვნელოვნად მომატება (ICD-10, 226-229, DSM-5 155-172).

უმეტესად დეპრესიული სიმპტომების გაუარესება დილის საათებში ხდება. პირები, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან ყველაზე კრიტიკულ მომენტებს გათენებისას გადიან, რადგან უმეტესად მათთვის გაღვიძება მტანჯველი იმპულსებით გაჯერებულ რეალობაში დაბრუნებას ნიშნავს. ადამიანი დისონანსშია არსებულ რეალობასთან და აწმყოს მიუღებლობა სრულად დესემიოტიზირებულს (საკუთარ თავში ჩაკეტილს) ხდის და რეალობის თითქმის ყოველი ელემენტი კარგავს აზრს. ოტო რანკის მიხედვით, დეპრესია დროებითი სიკვდილია, რაც საკმაოდ ლოგიკურია, რადგან მას თან ახლავს მადის, ლიბიდოს, წონის, ბედნიერებისა და სიამოვნების (გემოვნებითი, ყნოსვითი, ფიზიკური) დაკარვა/დაქვეითება.

რა შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი?
დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა იყოს ორგანიზმში ქიმიური დისბალანსი, გენეტიკური მოწყვლადობა, გენდერული მიკუთვნებულობა, კულტურული თავისებურებანი, სოციო-ეკომონიკური მდგომარეობები და მძიმე და კლუბურ ნარკოტიკულ  ნივთიერებებზე დამოკიდებულებები (ICD-10, 226-229, DSM-5 155-172).

რა უწყობს დეპრესიის განვითარებას ხელს:
დეპრესიის დიაგნოზისა და დეპრესიული სიმპტომების მქონე ინდივიდები ძირითადად ყოველი წარუმატებლობის მიზეზს მხოლოდ საკუთარ თავში ეძებენ, მიაჩნიათ, რომ ისინი ყველაფერს აფუჭებენ და ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება. აქედან გამომდინარე უყალიბდებათ განცდა, რომ ყოველი მათი ქმედება ამაოა და უმწეობისა და უიმედობის მდგომარეობაში გადადიან. უღირსობის განცდა, თვითბრალდების ტენდენცია და საკუთარი თავის დადანაშაულება მათ ასოციალურობას განაპირობებს, ხოლო პესიმისტური მომავლის ჭვრეტა - უმოქმედობას. ამ მდგომარეობებს დეპრესიის კოგნიტურ ტრიადას უწოდებენ, მაშასადამე, შეჯამების სახახით, რომ ვთქვათ ესენია:

1. საკუთარი თავის ნეგატიური ხედვა;

2. გარემოს ნეგატიური ხედვა;

3. მომავლის პესიმისტური ხედვა და მარცხის მოლოდინი.

სქესთა შორის სხვაობები:
დეპრესიისადმი მოწყვლადობას და მის განვითარებას გარკვეულწილად განსაზღვრავს გენდერი. დეპრესიის მაჩვენებელი მდედრობით სქესში თითქმის ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე მამრობით სქესში (Van De Velde, 2010, 305-313 ). სუიციდის მცდელობა ბევრად მაღალია ქალებში ვიდრე მამაკაცებში, მაგრამ სუიციდური შემთხვევები მამრობით სქესში უფრო მეტი ფიქსირდება ვიდრე მდედრობითში (DSM-5, 2018, 167). 

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გადაწყვიტა დეპრესიულობის სქესობრივი განსხვავებულობის შესწავლის მიზნით, ამ თემაზე უკვე არსებული კვლევების ხელახლა შესწავლა. მიღებული შედეგის თანახმად დეპრესიის მაღალი რისკი ქალებში შესაძლოა იხსნებოდეს, არა მხოლოდ მსოფლიოში არსებული კრიტიკული ეკონომიკური ან სოციალური გარემოებების გამო, არამედ სოციალურ გარემოში არსებული ეკონომიკურ-სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობით, ნეგატიური და დისკრიმინაციული გავლენებით (ზიმბარდო და გერიგი 2009, 633). როდესაც ქალები განიცდიან სევდას, ამ გრძნობაზე და გამომწვევ მიზეზებზე ფიქრისაკენ არიან მიდრეკილნი, ხოლო მამაკაცები ამ  ნეგატიურ განწყობილებებს განერიდებიან. მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელია ჩაფიქრებული, სიტუაციიის სიღრმისეულად გააზრებისკენ მიმართული რეაქციული სტილი და არსებულ პრობლემებზე აკვიატებული ფიქრის ტენდენციები. ყოველივე ეს თავისთავად ზრდის ქალების დეპრესიიისადმი მოწყვლადობას, მამაკაცების შემთხვევაში კი ამცირებს (633-634). იგივე პოზიციას ამყარებს კოგნიტური თეორია, რომლის თანახმად, უარყოფით განწყობილებებზე ყურადღების კონცენტრაცია აძლიერებს ფიქრს ნეგატიური მოვლენის შესახებ და ზრდის ნეგატიური გრძნობების რაოდენობასა და მათი განცდის ინტენსივობას (634-634). ამასთან დეპრესიის განვითარების მაღალი შანსია ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ, ან მენოპაუზისას. ბიოლოგიური მოცემულობიდან, ამ ჰორმონალური ცვლილებების ეტაპების გავლა მამრობით სქესის წარმომადგენლებს არ უწევთ(DSM-5, 2018, 170).

 

როგორ დავძლიოთ დეპრესია:

პირველ რიგში აუცილებელია  დეპრესიის სიმპტომთა რაოდენობითა და სიმძიმის მიხედვით  განისაზღვროს დეპრესიის დონე და დეპრესიული ეპიზოდები შეფასდეს, როგორც მსუბუქი, ზომიერი და მძიმე.  ამის მიხედვით კლინიკოსების მიერ  შეირჩევა შესაბამისი, ინდივიდუალური მკურნალობა.

თერაპიის მხრივ, კოგნიტურ- ბიჰევიორისტული  მიდგომა ძალიან ეფექტურია, ფიზიკური აქტივობებით დაკავება ასევე  არტ-თერაპია და უმნიშვნელოვანესია ოჯახის წევრების და მეგობრების მხარდაჭერა. ეტაპობრივად დეპრესია “დაპატარავდება” და თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ მას გაუმკლავდეთ, გარშემო კი ყველაფერი უფრო ნათელი, საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

 

მასალა მომზადებულია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის თინათინ ქართველიშვილის მიერ.16. World Health Statistics data visualizations dashboard. Noncommunicable diseases and mental health.