Plasmon
ენაბორძიკობა - მეტყველების დინების შეფერხება

თარიღი: 23 მაისი, 2020

ენაბორძიკობა არის მეტყველების აშლილობა, სადაც საუბრის მიმდინარეობა წყდება არანებაყოფლობითი განმეორებით და ხმის, სიმბოლოების, სიტყვების ან ფრაზების გახანგრძლივებით. მას ასევე ახასიათებს არანებაყოფლობითი პაუზები, რაც ბლოკავს  სამეტყველო აპარატს, რის შედეგადაც ადამიანს  არ შეუძლია გამოსცეს ხმა. 

ტერმინი “ენაბორძიკი” ყველაზე ხშირად ასოცირდება არაკონტროლირებად ხმოვან გამეორებებთან, თუმცა, ის ასევე მოიცავს უჩვეულო ყოყმანს ან პაუზას საუბრის დაწყებამდე. ადამიანი,  რომელიც ენაბორძიკობს, ხშირად ახანგრძლივებს ხმოვნებს ან თანხმოვნებს. უოტკინსის მიხედვით "ენის ბორძიკი არის სათანადო სიტყვის წარმოებისთვის საჭირო მოტორული თანმიმდევრობის აღსრულების , შერჩევის და ინიცირების აშლილობა". 


ადამიანისთვის ვინც ენაბორძიკობს მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ბგერების განმეორებადობა. ტერმინი “ენაბორძიკი” ფარავს ფართო რანგის სირთულეებს, დაწყებული მცირე შეფერხებიდან, რომელიც ატარებს კოსმეტიკურ ხასიათს, დამთავრებული რთული სიმპტომებით, რომელიც ხელს უშლის ვერბალურ ( სიტყვიერ) კომუნიკაციას.

 

ხასიათი (ძირითადი გამოვლინება)
- ენაბორძიკობის ძირითადი გამოვლინება ხილულია, რაც გამოიხატება ვერბალური მეტყველების დარღვევაში, ესენია: 

- მარცვლების არანებაყოფლობითი განმეორება; 

 - ხმის, სიმბოლოების, სიტყვების, ან ფრაზების გახანგრძლივება;

 - გადაჭარბებული შფოთვა საუბრისას; 

- დაძაბულობა; 

- ეფექტური კომუნიკაციის შეზღუდული უნარი;  

- სახისა და სხეულის ზედა ნაწილის (ტორსის) მოძრაობა სიტყვის გამოთქმის დროს.

 ენაბორძიკობას შეიძლება თან ახლდეს:

- (სხეულის დაძაბულობა)

- სწრაფი თვალის ხამხამი;

- ტუჩების ან ყბის კანკალი;

- სახის ტიკები;

- თავის ბიძგები;

- მუშტების დაჭიმვა.

მარცვლების განმეორება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, კლონური და ტონური. მაგ. კლონურია შემდეგი: მხოლოდ ერთი მარცვლის გამეორება გ გ გ გააღე, ც ც ც ცივა,  ან ყველა მარცლის გამეორება წინადადებაში რაც მთლიან სიტყვას გულისხმობს, მაგ: მე ვიცი, მე ვიცი, მე ვიცი უამრავი ინფორმაცია.

ტონური  კი გულისხმობს დასაწყისი მარცვლის გამეორებას, რომელიც შედარებით დიდ ხანს გრძელდება, დ-----------ედა.

ძირითადად კლონური და ტონური ენაბორძიკი შერეული ფორმით გვხვდება.  

 

ენაბორძიკის გავლენა ადამიანის ფუნქციონირებასა და ემოციურ მდგომარეობაზე

ენის ბორძიკის გავლენა ადამიანის ფუნქციონირებასა და ემოციურ მდგომარეობაზე შეიძლება მძიმედ აისახოს და გამოიხატოს შემდეგნაირად:

- სპეციფიური ხმოვნების, ან თანხმოვნების გამოთქმის შიში; 

- სოციალურ სიტუაციებში ენის ბორძიკის შიში; 

- თვით-დაწესებული იზოლაცია; 

- შფოთვა; 

- სტრესი; 

- სირცხვილი; 

- დაბალი თვითშეფასება; 

შესაძლებელია ადამიანი გახდეს ბულინგის სამიზნე (განსაკუთრებით ბავშვები). 

 

ენაბორძიკი, როგორც შფოთვის სიმპტომი თუ პირიქით?
ხშირად  როცა შფოთვაზე, ნერვიულობასა და ენაბორძიკობაზე ვსაუბრობთ, ძალიან რთულია იმის დადგენა რა არის გამომწვევი მიზეზი და რა შედეგი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შფოთვა არ იწვევს ენაბორძიკს, სინამდვილეში ხდება პირიქით - ენის ბორძიკი შესაძლოა იწვევდეს სოციალურ შფოთვას, რაც თავის, მხრივ აძლიერებს პრობლემას. 

ამასთან,  ენის ბორძიკი ხშირად განიხილება, როგორც შფოთვის სიმპტომი, რაკი  ძლიერი ემოციური ფონი და მწვავე სტრესი პროვოცირებას უწევს მას. თუმცა, რეალურად მწვავე ნერვიულობა და სტრესი არ იწვევს მას, იგი პროვოცირებას უწევს ენის ბორძიკს იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს ენისა და მეტყველების დარღვევა. შესაბამისად, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ  ქრონიკული ნერვიულობა და შფოთვა მომატებული სტრესის ფონზე იწვევს ენაბორძიკობას იმ ადამიანში, ვისაც ეს ისედაც ახასიათებს. რაც იმას ნიშნავს რომ იგი პრობლემას კი არ წარმოქმნის, არამედ ამწვავებს მას. 

მეტყველების მოცემული  აშლილობა ცვალებადია, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულ სიტუაციებში, როგორიცაა მობილურზე ან დიდ ჯგუფებში საუბარი, ენის ბორძიკი შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად მძიმედ გამოხატული, რაც დამოკიდებულია იმაზე აქვს თუ არა ადამიანს ენაბორძიკი გაცნობიერებული და ახდენს თუ არა თვთრეგულირებას. 

ადამიანები  ხშირად აღმოაჩენენ რომ მათი ენაბორძიკი მერყეობს და  მათ აქვთ “კარგი” , “ცუდი” და “ენის ბორძიკისგან თავისუფალი” დღეები, თუმცა ეს ეპიზოდები ხშირ შემთხვევაში შემთხვევითია. დამოკიდებულია შინაგან განწყობებზე და მათ ემოციურ ფონზე.  

 

დიაგნოსტირება
დიაგნოსტირებას მეტყველების თერაპევტები ახდენენ სხვადასხვა ტესტებისა და ინტერვიუირების საფუძველზე. მეტყველების დინების დარღვევის შემჩნევა არც ისე რთული ამოსაცნობია, რადგან ის კარგად არის გამოვლენილი ვერბალური კომუნიკაციის პროცესში. თერაპევტი ადგენს ენაბორძიკობის სიხშირეს, ხანგრძლივობასა და ტიპს, ასევე მოცემული პიროვნების დამოკიდებულებას საკუთარი მეტყველების მიმართ. ბავშვებში და მოზარდებში მნიშვნელოვანია მშობლის დეტალური ინტერვიუირება.

სტატისტიკა
მსოფლიოში ენაბორძიკობს 70 მილიონი ადამიანი, დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის 1% , მათ შორის სქესთა მიმართება არის 1/4 თან - ოთხჯერ მეტი მამრობითი სქესის წარმომადგენელია მდედრობითთან შედარებით. ენაბორძიკობა ბავშვებში ვლინდება 2 დან 6 წლამდე. მათგან 75% მცირე პერიოდის მერე თავისით ინკურნება, ხლო 25% -ში კი რჩება როგორც ორალური კომუნიკაციის დარღვევა. 

ეტიოლოგია და მიზეზები
ენის ბორძიკის ზუსტი ეტიოლოგია ან მიზეზი უცნობია, მასში გენეტიკასაც და ნეირფიზიოლოგიასაც შეაქვს წვლილი. რაც შეეხება გამკლავების გზებს - არსებობს სხვადასხვა ენა-მეტყველების ტექნიკები, რომელიც ადამიანს ეხმარება შეამციროს საუბარში გამოხატული სამეტყველო პრობლემები. არსებითად, ამ აშლილობის განკურნების გზა ამჟამად არ არსებობს. ენის ბორძიკის მძიმე ფორმის დასაძლევად საჭიროა გრძელვადიანი თერაპიები და საკმაო შრომა.

 

მკურნალობა
ენისა და მეტყველების პათოლოგის მიერ ჩატარებული შეფასების შემდეგ, შესაძლებელია დაიგეგმოს საუკეთესო მიდგომა მკურნალობისთვის. დღესდღეობით რამდენიმე განსხვავებული მიდგომაა ხელმისაწვდომი ბავშვების და მოზარდების ენაბორძიკობის მკურნალობისთვის. ინდივიდუალური მახასიათებლების გამო, ის მიდგომა, რაც შესაძლოა ერთი მათგანისთვის სასარგებლო შედეგის მომცემი იყოს, შესაძლოა უსარგებო აღმოჩნდეს მეორესთვის.

მკურნალობა ვერ აღმოფხვრის პრობლემას სრულად, თუმცა ის გვასწავლის უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგვეხმარება:

გამოვასწოროთ მეტყველების სტრუქტურა;

განვავითაროთ ეფექტური კომუნიკაცია;

სრულად ჩავერთოთ სასკოლო, სამსახურეობრივ და სოციალურ აქტივობებში.

 

განვიხილოთ მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი:
მეტყველების თერაპია:  მეტყველების თერაპიას შეუძლია გასწავლოთ ნელი და მშვიდი საუბარი, რაც ასევე მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ შეამჩნიოთ თუ როდის იწყებთ ენაბორძიკს. თავიდან შესაძლოა თქვენი საუბარი ზედმეტად ნელი იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში შეძლებთ დახვეწოთ ის და მეტად ბუნებრივი გახადოთ. 

ელექტრონული მოწყობილობები: ხელმისაწვდომია რამდენიმე ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გეხმარებათ საუბრის დროს, გააკონტროლოთ და არეგულიროთ თქვინი სამეტყველო ტემპი.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია: ამ ტიპის ფსიქოთერაპია გეხმარებათ შეცვალოთ აზროვნების გზები, მას ასევე შეუძლია გადაჭრას ენაბორძიკობის მიერ გამოწვეული სტრესი, შფოთვა ან თვითშეფასების პრობლემა.

ოჯახის წევრების ჩართულობა პროცესში: სახლში ოჯახის წევრების ჩართულობა არის თერაპიის გასაღები და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს თავი გაართვას ენაბორძიკობას.

მედიკამენტები

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მედიკამენტი იქნა გამოცდილი, ვერცერთმა მათგანმა ვერ აღმოფხვრა პრობლემა. შესაბამისად, ენაბორძიკობის სამკურნალოდ მედიკამენტი არ გამოიყენება.

 

დაძლევა და მხარდაჭერა
(რეკომენდაცია მშობლებისთვის)

მოუსმინეთ თქვენს შვილს, შეინარჩუნეთ თვალითი კონტაქტი, როდესაც ის საუბრობს;

დაელოდეთ მას თქვას ის, რისი თქმაც სურს;

გამოყავით დრო მასთან საუბრისთვის;

ისაუბრეთ ნელა, აუჩქარებლად. თუ ამგვარად საუბრობთ თქვენი შვილიც იგივეს იზამს, რაც მას დაეხმარება დაძლიოს ენაბორძიკობა;

ისაუბრეთ მორიგეობით. კარგი მოსმენისთვის და მორიგეობით საუბრისთვის წაახალისეთ ყველა ოჯახის წევრი;

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შექმნათ მშვიდი გარემო, წყნარი ატმოსფერო, რაც დაეხმარება თქვენს შვილს თავი იგრძნოს კომფორტულად და ისაუბროს თავისუფლად;

ნუ ფოკუსირდებით თქვენი შვილის ენაბორძიკზე. ეცადეთ ენაბორძიკობას ყურადღება არ მიაქციოთ ყოველდღიური ურთიერთობების დროს. ნუ აიძულებათ თქვენს შვილს დაძაბულ გარემოში, სხვების თანდასწრებით საუბარს;

უფრო მეტად შეაქეთ ვიდრე გააკრიტიკეთ. უმჯობესია შეაქოთ თქვენი შვილი სწორად ლაპარაკისთვის, ვიდრე ყურადღება გაუმახვილოთ ენაბორძიკზე. თუ თქვენი შვილის საუბრის გამოსწორება გსურთ უმჯობესია ამისთვის ნაზი და დადებითი გზა შეარჩიოთ;

მიიღეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის ის. ნუ გექნებათ უარყოფითი დამოკიდებულება და ნუ გააკრიტიკებთ თქვენს შვილს, ამან შეიძლება დაუცველობის შეგრძნება გაუმძაფროს და დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერასა და წახალისებას.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა
მათზე ან მათ მშობლებზე ვინც ენაბორძიკობს შეიძლება დადებითად იმოქმედოს მსგავსი პრობლემის მქონე ხალხთან ურთიერთობამ. ზოგი ორგანიზაცია ახდენს ამგვარი ჯგუფების ორგანიზებას. გარდა წახალისებისა, ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს მისცენ სასარგებლო რჩევები და ასწავლონ გამკლავების და ადაპტაციის ისეთი გზები, რაზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. 

 

ისტორია
უჩვეულოდ გამოთქმული სიტყვებისა და ჟღერადობის გამო ენაბორძიკი დიდ ხანს იყო მეცნიერების ინტერესის საფუძველი თუმცა ასევე დიდ ხანს იყო დაცინვისა და დისკრიმინაციის საგანიც. ადამიანები, რომლებიც ენაბორძიკობდნენ საუკუნეების მანძილზე იყვნენ დაკვირვების ობიექტები. ისინი თავისი პრობლემის გაკონტროლებას ცდილობდნენ პირში ქვა-ღორღ გამოტენილი საუბრით. თალმუდი განმარტავს ბიბლიის იმ ნაწილს სადაც ნახსენებია, რომ მოსე იყო ადამიანი, რომელიც ენაბორძიკობდა და მან პირი ქვანახშირით დაიშანთა, რათა ნელა და გარკვევით საუბარი შესძლებოდა.

ევროპაში შუა-საუკუნეებში გავრცელებული იყო გაელენის ჰუმორული თეორიები. ამ თეორიის თანახმად ენაბორძიკობა გამოწვეული იყო სხეულში სისხლის, ყვითელი ნაღველის, შავი ნაღველისა და ფლეგმის დისბალანსის გამო და მკურნალობისთვის საჭიროებდა მამაკაცებში ლიბიდოს შემცირებას, რასაც განწმენდას უწდებდნენ. მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე ჰუმორული მკურნალობა დომინანტურად ითვლებოდა. 

მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში რეკომენდირებული იყო ქირურგიული ჩარევის განხორციელება, მათ შორის ენის მაკრატლით მოჭრაც იგულისხმებოდა, კისრის ნერვების ან ენის კუნთების ამოკვეთა და ა.შ. ნაკლებად რადიკალური იყო მარკ გასპარდის მეთოდი, რომელიც ენის ქვეშ ათავსებდა პატარა ჩანგლის მსგავს ოქროს ფირფიტას, რათა გაემაგრებინა სუსტი კუნთები.
 

ენაბორძიკის მქონე ცნობილი პიროვნებები 

ცნობილი ინგლისელი, ვინც ენაბორძიკობდა იყო მეფე ჯორჯ VI. იგი წლების განმავლობაში გადიოდა მეტყველების თერაპიას, ყველაზე წარმატებულ თერაპევტად მან ავსტრალიელი მეტყველების თერაპევტი ლიონელ ლოგი დაასახელა.

კიდევ ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანი გახლდათ ინგლისის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, რომელზეც მისი პირადი მდივანი თავის წიგნში აღწერდა, რომ უინსტონ ჩერჩილი დაიბადა და გაიზარდა ენაბორძიკობით, და მიუხედავად ამისა მან საკუთარი თავი უდიდეს ორატორად აქცია.