Plasmon
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ავთვისებიანი სიმსივნეები

თარიღი: 04 ივნისი, 2018

 

25 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი, ენდოკრინული ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ბატონი დავით ღვინიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე ისაუბრა.

 

– ბატონო დავით, ევროპის თირეიდული ასოციაციის ინიციატივით 2009 წლის 25 მაისიდან მსოფლიო ყოველ წელს ფარისებრი ჯირკვლის დღეს აღნ იშნავს. საინტერესოა, როგორია სტატისტიკური მონაცემები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების თვალსაზრისით კონკრეტულად საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში?

– დანაჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც მკვეთრად გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და განსაკუთრებით ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგალითად, ბოლო 15 წლის მანძილზე სამჯერ მოიმატა წლიურმა ინციდენტობამ. მართალია, ამგვარი მონაცემები დიაგნოსტირების საშუალებების გაუმჯობესებითაცაა განპირობებული, მაგრამ დაავადების მკვეთრი ზრდა მეტწილად მაინც გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული.

 

– თქვენი აზრით, კონკრეტულად რა იწვევს პათოლოგიოების ასეთ მკვეთრ ზრდას?

– რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა ვფიქრეობ, დაავადების ინტენსიური ზრდა პირველ რიგში ზოგადი ეკოლოგიური ფონითაა განპირობებული.

 

– დაავადების გამომწვევ მიზეზად ხშირად სახელდება ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქება. რამდენად ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას?

– რა თქმა უნდა, ჩერნობილის კატასრტროფა სერიოზული მიზეზია, მაგრამ პათოლოგიების ზრდა არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, რასაც ატომური რეაქტორის აფეთქებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

 

– საინტერესოა, რომელ ასაკობრივ კატეგორიაში ჭარბობს დაავადება და როგორია ბალანსი ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის?

– მართალია, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები აქამდე ქალბატონებში ჭარბობდა, მაგრამ ბოლო დროს პათოლოგიებმა მამაკაცებშიც საგრძნობლად იმატა, ასაკი კი, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და თუ ადრე საკმაოდ იშვიათი იყო სიმსივნური წარმონაქმნები 30 წლამდე, ახლა მსგავსი შემთხევევბი ძალიან ხშირია.

 

– რამდენად ხშირად მიმართავენ პაციენტები თქვენს კლინიკას? 

ჩვენს კლინიკაში ფარისებრ ჯირკვალზე ყოველ წელს 1300-1400 ოპერაცია კეთდება, საიდანაც თითქმის ნახევარი ავთვისებიან პათოლოგიმოებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა, შესაბამისად  გაიზარდა მომართვიანობაც. ძალიან ბევრი სარგებლობს სკრინინგულ პროგრამით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა თბილისის მოსახლეობისთვის და ახლა ყველას აქვს საშუალება ჩაიტაროს ექოსკოპიური, ციტოლოგიური, ჰომონოლოგიური გამოკვლევა და  მიიღოს ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მიმართოს ქირურგიულ სტაციონარს.

 

– რამდენად მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარება პროფილაქტიკის მიზნით?

– ზოგადად, დროს ონკოლოგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან პაციენტის გამოჯანმრთელება სწროედ დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზეა დამოკიდებული. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, რადგან პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, ამიტომ განკურნების შანსი შედარებით გვიან სტადიაზეც საკმაოდ მაღალია. თუმცა, დაავადების მკვეთრი ზრდის ფონზე, ყველას გამოკვლევის დროულად ჩატარებას ვურჩევ.

 

– რა ინტენსიობით უნდა ჩაიტაროს ადამიანმა კვლევა?

– ინტენსიობა ექოსკოპიური კვლევის შედეგზეა დამოკიდებული. თუ პაციენტს არ აღმოაჩნდა კვანძოვანი წარმონაქმნი და წესრიგში აქვს ჰორმონალური სტატუსი, პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება 3-4 წელიწადშია რეკომენდირებული, კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობის შემთხვევაში კი, საჭიროა ჰომონალური სტატუსის და  ფარისებრი ჯირკვლის კვანძების სტრუქტურისა და ზომების ექოსკოპიური მონიტორინგის 6 თვეში ერთხელ ჩატარება.

 

– ხშირად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მკურნალობას ზოგადი პროფილის ექიმები  იღებენ საკუთარ თავზე. რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების მკურნალობას მხოლოდ ონკოლოგმა ქირურგმა მოკიდოს ხელი?

– გეთანხმებით, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა დაავადების არასწორი დიაგნოსტიკა და  არასწორად დაგეგმილი ქირურგიული მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში ყოველ წელს 100-110 რეოპერაცია კეთდება სხვა კლინიკაში დაშვებული შცდომების გამოსაწორებლად, რაც სწორედ არაპროფესიონალური ჩარევის შედეგია. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა მხოლოდ ონკოლოგის საქმეა ან ოპერაცია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში უნდა გაკეთდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ სფეროში გაცდილმა პროფესიონალმა აიღოს საკუთარ თავზე.

 

– აუცილებელია თუ არა ბიოფსია კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში?

– თუ ექოსკოპიური კვლევით ეჭვი არ ჩნდება კვანძის სიმსივნურ ბუნებაზე, მაშინ არაა აუცილებელი ციტოლოგიური კვლევის ჩატარება, რადგან კვონძოვანი ჩიყვი არა 1-2, არამედ 15-20 კვანძისგანაც შეიძლება შედგებოდეს და ყველა კვანძის სათითაოდ ჩხვლეტა არამართებულია, იმ შემთხვევაში კი, თუ ექოსკოპიურმა სურათმა გარკვეული ცვლილებები აჩვენა, მაშინ საჭიროა წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის ჩატარება.

 

– აქვთ თუ არა კლინიკებს ჩვენს ქვეყანაში სრულყოფილი მომსახურების რესურსი და რამდენადაა გამართლებული საზღვარგარეთ მკურნალობა?

– რა თქმა უნდა, პაციენტი თვითონ წყვეტს სად ურჩევნია მკურნალობა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური კლინიკები სრულად უზრუნველყოფენ მკურნალობის მაღალ ხარისხს.

 

– როგორია სტატისტიკა პაციენტის სრული გამოჯანმრთელების თვალსაზრისით?

– ჩვენი სტატისტიკა სრულად ემთხვევა მსოფლიოს სტატისტიკას როგორც გამოჯანმრთელების და გართულებების დაბალი პროცენტის, ისე სიკვდილიანობის თვალსაზრისით. მართალია, გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების პროცენტული მაჩვენებელი, მაგრამ იმავე ნიშნულზე დარჩა სიკვდილიანობა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 97-99% შეადგენა.

 

წყარო: http://fortuna.ge/