თარიღი: 28 ივნისი, 2022
ფრჩხილის სოკო ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელმაც შეიძლება ბედნიერ ზაფხულსაც კი მიაყენოს ჩრდილი. ეს დაავადება მთელი წლის განმავლობაში იჩენს თავს, თუმცა განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. ონიქომიკოზით ანუ ფრჩხილის სოკოთი ინფიცირების რისკი მაღალია საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, პლაჟზე, საუნაში, აბანოსა და ზოგადად, იმ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და შიშველი ფეხით მოძრაობთ.
ფრჩხილის სოკოს მკურნალობასა და პრევენციაზე დეტალურად კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, პროფესორი თინა ქიტუაშვილი გვესაუბრება.
როგორ ჩნდება ფრჩხილის სოკო?
ონიქომიკოზი მოზრდილებში ფრჩხილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი განვითარებისათვის კანსა და ფრჩხილზე სოკო-პარაზიტის არსებობასთან ერთად, ხელშემწყობი პირობებიცაა საჭირო: ტერფის ჭარბოფლიანობა, ნესტიან გარემოში დიდხანს ყოფნა, დახურული და მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება, ტრავმატიზაცია, ზოგიერთი შინაგანი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, იმუნოსუპრესიული მდგომარეობა და სხვა.
როგორია ონიქომიკოზის სიმპტომები?
ამ დაავადების კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია გამომწვევი სოკოს სახეობაზე. იგი ძირითადად გასქელებული, გაყვითლებული და გაფხვიერებული ფრჩხილის ფირფიტის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა შესაძლოა ნორმალური სისქის, ან გათხელებული და დაშლილი ფირფიტაც იყოს, ყვითელი, შავი ან თეთრი ფერით.
როგორ ხდება ფრჩხილის სოკოს მკურნალობა?
ონიქომიკოზის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური ანტიმიკოზური პრეპარატები და ადეკვატური მკურნალობით დღეს სრულიად დაძლეულია ონიქომიკოზის პრობლემა.
კომბინირებული თერაპია, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი და სისტემური თერაპიის ერთობლიობას, გამოიყენება ფრჩხილის ფირფიტის ტოტალური დაზიანების დროს და მისი მატრიქსის პროცესში ჩართვის შემთხვევაში. თუმცა სისტემურ ანტიმიკოზურ პრეპარატებს ახასიათებთ ჰეპატოტოქსიკური და სხვა გვერდითი ეფექტი, რის გამოც ღვიძლისა და სხვა ორგანოთა ფუნქციური უკმარისობის დროს იზღუდება მათი გამოყენება. სწორედ ამიტომ ადგილობრივი თერაპია შეუცვლელია.
EUROO (European Onychomycosis Observatory) კვლევების მიხედვით, პაციენტების 74,2% სჭირდებათ მხოლოდ ადგილობრივი თერაპია. იგი არის უსაფრთხო და მაღალეფექტური მეთოდი, შესაძლებელია წამლის მაღალი კონცენტრაციის მიღწევა ფრჩხილის ფირფიტაში. პრეპარატი უშუალოდ ისმევა ფრჩხილის საწოლზე, დაზიანების ადგილზე და აქვს სოკოზე უშუალო ზემოქმედება. დაბრკოლებას წარმოადგენს ჰიპერკერატოზული მასები და ჰაერის ღრუები ფრჩხილის ფირფიტაში, სადაც სოკოს ართროსპორები ცხოველმყოფელობას ინარჩუნებენ მრავალი კვირისა და თვეების განმავლობაში და მათზე ზემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ფრჩხილის ფირფიტაში ანტიმიკოზური პრეპარატის დიფუზიის საშუალებით, რასაც ჰაეროვანი სივრცის გამო ვერ მოახერხებენ სისტემური ანტიმიკოზური საშუალებები და ვერც ადგილობრივი მალამოები და ხსნარები, რომლებიც მარტივად ჩამოირეცხება.
ონიქომიკოზების სამკურნალოდ სპეციალურად შემუშავებულია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ლაქის სახით, რომელიც განაპირობებს წყალგაუმტარი აპკის წარმოქმნას ფრჩხილის ზედაპირზე, ქმნის რა პრეპარატის დეპოს და საშუალებას არ აძლევს გამომწვევს შეაღწიოს ფრჩხილის ფირფიტაში.
პირადად თქვენ რომელ პრეპარატებს იყენებთ პრაქტიკაში?
მეტად საინტერესო მოქმედების მექანიზმი აქვს ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე ახლახან გამოჩენილ პრეპარატს – ლოცერილპროს ლაქს. მის აქტიურ ნივთიერებას, ამოროლფინს აქვს მყარი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადასვლის უნარი, რის გამოც მარტივად აღწევს ფრჩხილის ფირფიტაში და იწვევს სოკოების, როგორც მიცელიუმების, ისე სპორების სიკვდილს. საჭირო კონცენტრაციას იგი ინარჩუნებს 7 დღის განმავლობაში და შესაძლებელია მისი მოხმარება მხოლოდ კვირაში ერთხელ. შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში იგი აგრძელებს ფუნგიციდურ მოქმედებას, თვეში ერთხელ გამოყენება კი აგვაცილებს დაავადების რეციდივს.
სწორედ ამ უპირატესობების გამო მე პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ლოცერილპროს ლაქს.
რა დროს სჭირდება ფრჩხილის სოკოს მკურნალობას?
ფრჩხილების სოკოვანი დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პაციენტის და ექიმის მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. მონოთერაპიაში მკურნალობის ვადებია: ხელის ფრჩხილის შემთხვევაში – 6 თვემდე, ფეხის ფრჩხილის შემთხვევაში კი – 6-12 თვე ან მეტი. პირველი შედეგები გვაქვს 3 თვის შემდეგ. რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი თვეში ერთხელ.
მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა დაავადების გამწვავების რისკი ნაკლებია, მაგალითად, წელიწადის გრილ პერიოდში. ამ შემთხვევაში ზაფხულს უკვე ლამაზი და ჯანმრთელი ფრჩხილებით ვხვდებით.
როგორია ფრჩხილის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა?
ონიქომიკოზს თითქმის ყოველთვის წინ უძღვის ტერფის მიკოზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი უფრო მეტი სიხშირით გვხვდება და მისი დროული მკურნალობა აგვაცილებს ფრჩხილის დაზიანებას, ამასთან საჭიროა იმ რისკის ფაქტორების აცილება, რაც ზემოთ დავასახელეთ.