Plasmon
განაჩენია თუ არა შიზოფრენია

თარიღი: 27 თებერვალი, 2024

ფსიქიკური აშლილობა დიაგნოზია და არა განაჩენი
ამბობენ, რომ საზოგადოების შესახებ მსჯელობა იმის მიხედვითაც შეიძლება, თუ როგორ ექცევა ის პატიმრებს, ხეიბრებს, ავადმყოფებს. თუმცა მათ შორისაც არის ერთი ჯგუფი, რომელიც რატომღაც შიშის ზარს გვცემს, ვისგანაც, ვცდილობთ, რაც 
შეიძლება შორს დავიჭიროთ თავი. ხუმრობა როდია, პათოლოგიური პროცესი წმიდათაწმიდას – ადამიანის გონებას ეხება. ასეთ დაავადებებზე, მათი განვითარების მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრი ლია მენთეშაშვილი გვესაუბრება.

ქალბატონო ლია, რას წარმოადგენს ფსიქიკური დაავადება, სად გადის ზღვარი ჯანსაღ და ავადმყოფ ფსიქიკას შორის?
ნორმისა და პათოლოგიის გამიჯვნა საკმაოდ რთულია. არასწორ ქცევას ყოველთვის პათოლოგიად ვერ შევაფასებთ. ასე მაგალითად, ყველა ჩვენგანს შეიძლება დაავიწყდეს, სად დადო ესა თუ ის ნივთი, უმიზეზოდ გაბრაზდეს ანდა თავი მოწყენილად იგრძნოს, რაც, რა თქმა უნდა, ფსიქიკურ ავადმყოფობას არ ნიშნავს. მეორე მხრივ, თუ მსგავსი მოვლენები იმდენად გახშირდა, რომ ფსიქოლოგიურ, სოციალურ ან სამსახურებრივ პრობლემებს გიქმნით, ექიმთან ვიზიტის საფუძველი ნამდვილად გაქვთ. სწორედ ფსიქიკის მოშლაა ამოსავალი წერტილი ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკისას და არა ადამიანის ქცევების სოციალური შეფასება.

ფსიქიკურ პათოლოგიებს კაცობრიობა უკვე ათასწლეულებია იცნობს, თუმცა რაც უფრო მდიდრდება ცოდნა, მით უფრო იცვლება ჩვენი შეხედულებები. ამჟამად ფსიქიკური დაავადების ნაცვლად უფრო მეტად ფსიქიკური აშლილობის ცნებას იყენებენ. ამ ტერმინით აღნიშნავენ ნებისმიერ თანდაყოლილ თუ შეძენილ ფსიქიკურ პათოლოგიას.

რამდენად გავრცელებულია ფსიქიკური დაავადებები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში? მათი მატება თუ შეიმჩნევა?
გააჩნია პათოლოგიას. საკმაოდ გავრცელებულია ნევროზული მდგომარეობები. XIX საუკუნის მიწურულიდან იმატა ნევროზებმა და დეპრესიულმა მდგომარეობებმა. დეპრესია ფსიქიკურ პათოლოგიათა შორის ყველაზე ხშირია. ჩვენთან, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით გახშირდა პოსტსტრესული ფსიქიკური აშლილობები, რაც ობიექტური მოვლენებით და ახლო წარსულის მძიმე ვითარებით არის განპირობებული. რაც შეეხება შიზოფრენიას, მისი გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირია – ყოველ 1000 კაცზე 8-12 შემთხვევა.

რა პათოლოგიაა შიზოფრენია?
შიზოფრენია სიტყვასიტყვით ფსიქიკის გახლეჩას ნიშნავს. ახასიათებს აზროვნების, ლოგიკის დარღვევა, არასწორი მსჯელობა (ბოდვითი იდეები), არაადეკვატური ემოციური რეაგირება ან ემოციების დაკნინება, გასადავება, ინტერესების წრის შეზღუდვა, საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა. თუმცა არ არის აუცილებელი, ყველა სიმპტომი თავიდანვე იყოს გამოხატული. შესაძლოა, ზოგიერთი არც კი ჩამოყალიბდეს. ამიტომაც დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

გენეტიკურია თუ არა ეს დაავადება? იმატებს თუ არა პათოლოგიის განვითარების ალბათობა, როცა ახლო ნათესავიც დაავადებულია?
ისევე, როგორც მრავალი სხვა დაავადების დროს, მემკვიდრეობით ფაქტორს გარკვეული მნიშვნელობა უდავოდ აქვს. მიიჩნევენ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული წინასწარგანწყობა, რომლის რეალიზაციაც ან მოხდება (ანუ ადამიანი დაავადდება), ან არა. ისიც შესაძლოა, სხვა თაობაში იჩინოს თავი. და მაინც, შიზოფრენია გენეტიკურ დაავადებათა რიცხვს არ ეკუთვნის. მისი ბუნება ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა რისკი მით უფრო მეტია, რაც უფრო ახლო ნათესავია ავად იმავე პათოლოგიით.

რას ითვალისწინებს შიზოფრენიის მკურნალობა?
ვინაიდან შიზოფრენიის მიზეზი დღესდღეობით უცნობია, წამლები მის გამოვლინებათა წინააღმდეგ არის მიმართული. ანტიშიზოფრენიული მედიკამენტი არ არსებობს. იგივე წამლები ზოგჯერ სხვა პათოლოგიების დროსაც გამოიყენება.
“ხმების”, ჰალუცინაციების, აგზნების, მცდარი (ბოდვითი) აზრების  მოსახსნელად ე.წ. ნეიროლეფსიურ პრეპარატებს ვიყენებთ. სწორედ ისინი წარმოადგენს მკურნალობის ბაზისს. მიუხედავად ამ პრეპარატების მიმართ საზოგადოების ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულებისა, მათი გამოყენება აუცილებელია (აქვე გეტყვით, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში მათი შექმნა ფსიქიატრიაში რევოლუციური გარდატეხის ტოლფასი იყო). მკურნალობის პროცესში წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების (შებოჭილობის, მოუსვენრობის) შესამცირებლად ხშირად სხვა ჯგუფის (მაგალითად, ანტიპარკინსონული) პრეპარატებიც გვჭირდება.

ყოველდღიურად ჩნდება ახალი თაობის ნაკლებად ტოქსიკური, ეფექტური ფსიქოტროპული პრეპარატები. დამშვიდების, ჰალუცინაციის მოხსნის გარდა ეს მედიკამენტები გავლენას ახდენს ეგრეთ წოდებულ ნეგატიურ სიმპტომატიკაზე (ემოციური გასადავება, აპათია), აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, უადვილებს საზოგადოებაში დაბრუნებას. მათი მთავარი ნაკლი მაღალი ფასია, რაც მძიმე ტვირთად აწვება ავადმყოფის ოჯახს. სხვათა შორის, ასეთი პრეპარატები საზღვარგარეთაც ძვირია და საბაზისოდ იქაც კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებები მიიჩნევა.

შიზოფრენიის მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტების დანიშვნით შემოიფარგლება?
მედიკამენტური მკურნალობა წამყვანია, მაგრამ არა ერთადერთი. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენება, დაწყებული ზოგადი ფსიქოთერაპიით, რაც პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნას და ექიმთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გულისხმობს. გარკვეული ეტაპიდან მნიშვნელობას იძენს სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები, რაც სარეაბილიტაციო ცენტრში ტარდება. თბილისში ასეთი ცენტრი არსებობს და რეგიონებშიც აქვს ფილიალები. სხვა მიმართულებებთან ერთად აქ ტარდება ჯგუფური ფსიქოთერაპიის სეანსები და ტრეინინგები, სადაც სწავლობენ საკუთარი თავის დახმარებას, საკუთარი მდგომარეობის კონტროლს.

ფილმების წყალობით ავი სახელის მქონე ელექტროშოკსაც იყენებთ ხოლმე?
ამ მეთოდმა გარკვეულწილად იცვალა სახე, მაგრამ მნიშვნელობა არ დაუკარგავს. მაგალითად, საფრანგეთში მას იყენებენ ზოგიერთი მდგომარეობის – შეკავების (სტუპორის), დეპრესიის დროს. დღესდღეობით ჩვენ ამ მეთოდის გამოყენების საშუალებას მოკლებულნი ვართ – საქართველოში არსებული ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის აპარატურა მოძველებულია. იმედია, მომავალში გვექნება საშუალება, დავნერგოთ ყველა ის მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ.

აუცილებელია, მკურნალობა საავადმყოფოში ჩატარდეს?
ავადმყოფთა გარკვეულ კონტინგენტს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, თუმცა მათი დიდი ნაწილი სარგებლობს ამბულატორიული დახმარებით სპეციალიზებულ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერულ ქსელში, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქში ფუნქციონირებს, და ეს სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც თუ გამოჯანსაღება არა, მდგომარეობის გაუმჯობესება მაინც შეგვიძლია. ასე რომ, საავადმყოფოში შედარებით ნაკლებ ადამიანს უხდება დაწოლა. მან, ვისაც წამლის სისტემატური მიღება სჭირდება, მაგრამ შეუძლია იყოს ოჯახში, ჩაერთოს შრომით საქმიანობაში, არ უქმნის საფრთხეს საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს, უმჯობესია, მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში განაგრძოს. საზოგადოდ, პაციენტი საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობისთვის თავსდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იმ ავადმყოფთა იზოლირებასაც გულისხმობს, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდნენ სხვებს ან საკუთარ თავს. ასეთი რამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიების დროს. ჩვენში ჯერ კიდევ არის ძველი პრაქტიკა – ხშირად ავადმყოფმა არც კი იცის, რომელი სპეციალიზაციის ექიმთან მიდის. ეს შეცდომაა. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ ფსიქიატრთან არის მიღებაზე. განსაზღვრულ ეტაპზე ისიც უნდა შეიტყოს, რა სჭირს და მიხვდეს, რომ მკურნალობა აუცილებელია.

აუცილებელია თუ არა მკურნალობის დაწყებისთვის პაციენტის ნებართვა? როდის მიმართავენ იძულებით მკურნალობას?
სასურველია, პაციენტი მკურნალობაზე დათანხმდეს, მაგრამ ზოგჯერ მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს. ასე რომ, საკითხის გადაწყვეტა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ავადმყოფის მდგომარეობას ემყარება. იძულებითი მკურნალობა კი სასამართლოს გადაწყვეტილებით უტარდებათ იმ ფსიქიკურ ავადმყოფებს, ვინც სოციალურად საშიში ქმედება ჩაიდინა და ვისი შეურაცხადობაც დაადგინა სასამართლო ექსპერტიზამ.

საშიშია თუ არა ფსიქიკურად დაავადებული საზოგადოებისთვის?
საზოგადოებაში გაბატონებული შიში ამ ავადმყოფების მიმართ ნამდვილად გადაჭარბებულია. დაავადებულთა მიერ ჩადენილ სოციალურად საშიშ ქმედებათა რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება ჯანმრთელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. არც ერთი ფსიქიკური დაავადების, მათ შორის – შიზოფრენიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანი საშიშია. გარკვეულ პერიოდში შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს სხვებს ან საკუთარ თავს, მკურნალობის დაწყებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისას კი დროული გაწერა აუცილებელია. სამწუხაროდ, ჩვენში თუ ამ ინფორმაციამ გაჟონა, მეზობლები, ნაცნობები დაავადებულს კეთროვანივით უყურებენ და ისიც ყოველ ნაბიჯზე სირთულეებს აწყდება, რაც რამდენადმე დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს. ჩვენც უნდა შევიცვალოთ. უფრო შემწყნარებელნი უნდა გავხდეთ. სხვანაირების მიღება უნდა ვისწავლოთ. დაავადებულს მხარში ამოდგომა და დახმარება სჭირდება და არა გარიყვა.

რას ფიქრობთ ქალაქის საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნაზე?
რა თქმა უნდა, ახალ საავადმყოფოებზე, თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ სამკურნალო დაწესებულებებზე ჩვენც ვოცნებობთ. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. თუნდაც ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეანიმაციული, თერაპიული, ქირურგიული სწრაფი დახმარების ორგანიზება. სომატურ საავადმყოფოში შესაძლოა განთავსდეს განყოფილება, სადაც ნევროზის, სტრესთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს უმკურნალებენ. რაც შეეხება მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის შემთხვევებს, ასეთ პაციენტთა შენობაში სომატურ ავადმყოფებთან ერთად მოთავსება ძნელი წარმოსადგენია. ფსიქიატრიული კონტინგენტის იზოლაცია (თუნდაც ცალკე კორპუსში) ზოგ შემთხვევაში მაინც აუცილებელია. თანაც ისინი პატიმრები არ არიან, მათაც სჭირდებათ სეირნობა, სუფთა ჰაერი.
ვიმედოვნებ, ახლო მომავალში საქართველოშიც შეიქმნება ფსიქიატრიული დახმარების სათანადო სტრუქტურები, რომლებიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარება და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.


წყარო: ჟურნალი "ავერსი".