თარიღი: 24 ივლისი, 2020
რა არის ჰიპერჰიდროზი?
ჰიპერჰიდროზი საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას ნიშნავს. ნორმაში ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 500მლ-მდე ოფლს გამოყოფს,მას დამცველობითი ფუნქცია აქვს,(ორგანიზმს იცავს გადახურებისგან) რაც ჰიპერჰიდროზის დროს 10-15 ჯერ იზრდება.
ფიზიოლოგიურ პირობებში ოფლის გამოყოფა იზრდება: გარემოს მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ემოციური დაძაბულობის, ტკივილის, ცხარე და ცხელი საკვების მირთმევის , არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის, ან სინთეტური მასალისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარების დროს და სხვა..
ჰიპერჰიდროზის სახეები:
განარჩევენ ჰიპერჰიდროზის ლოკალურ (ადგილობრივ) და გენერალიზებულ სახეებს
ლოკალური ჰიპერჰიდროზის დროს ადგილი აქვს ოფლის ჭარბ გამოყოფას ძირითადად: ხელის და ფეხის გულების, იღლიის და სახის მიდამოში, ხოლო გენერალიზებული ფორმის დროს ჭარბი რაოდენობით ოფლი მთელს სხეულზე გამოიყოფა.
ასევე გამოყოფენ პირველად ჰიპერჰიდროზს, რომლის დროსაც ძირითადად გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, მას უპირატესად ლოკალური ხასიათი აქვს, ასევე შეიძლება ატარებდეს მემკვიდრეობით ხასიათს და ძირითადად დღის საათებში გამოიხატება
რაც შეეხება მეორად ჰიპერჰიდროზს, ის როგორც წესი კონკრეტული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს და უპირატესად გენერალიზებული ხასიათი აქვს.
რა არის მეორადი ჰიპერჰიდროზის გამომწვევი მიზეზები?
ენდოკრინული პათოლოგიებიდან ეს შეიძლება იყოს: ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, სიმსუქნე, აკრომეგალია, დ-ვიტამინის, კალციუმის, რკინის , თუთიის დეფიციტი,ქალებში პრემენოპაუზა და მენოპაუზა
შესაძლოა ასევე ჭარბი ოფლიანობა იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების, ინფექციური სნეულებების, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის, გულსისხლძაღვთა ზოგიერთი დაავადების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ანტიდეპრესანტების მიღების, ნარკოდამოკიდებულებში( მოხსნის სინდრომის დროს) და სხვა..
როგორ ხდება ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტირება?
არსებობს სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები, რომელსაც არჩევს სპეციალისტი პაციენტის ჩივილების ხასიათის საფუძველზე, ასევე არსებობს სხვადასხვა პროვოკაციული ტესტები( მაგ. თერმორეგულაციის ტესტი და სხვა)
როგორ ხდება ჰიპერჰიდროზის მკურნალობა?
პირველადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში ( როდესაც გამომწვევი უცნობია) ძირითადად ხდება ჰიგიენის ნორმების გაძლიერება, ანტიპერსპირანტების და დეოდორანტების ხმარება, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ქლორიდს, ასევე გამღიზიანებელ საკვებზე უარის თქმა, სწორად შერჩეული ტანსაცმლის ტარება და სხვა..
ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდეგი მეთოდები, რომლებიც შედარებით გრძელვადიან და მყარ ეფექტს იძლევიან.ესენია:
ბოტულინის ტოქსინის ინექციები კონკრეტულ ზონაში
იონტოფორეზი(ელექტროფორეზი)
კიურეტაჟი- საოფლე ჯირკვლების მოცილება ( იღლიის ფოსოს მიდამოში)
კანის კონკრეტული ნაწილის მოკვეთა
ულტრატალღებით თერაპია
სიმპატექტომია, რომლის დროსაც ხდება საოფლე ჯირკვლების მაინერვირებელი ნერვების გადაკვეთა , ან კლიპირება ( გადაკვანძვა), რომელსაც შედარებით გრძელვადიანი ეფექტი აქვს. ( ყველა ამ მეთოდს ახლავს გვერდითი მოვლენები)
რაც შეეხება მეორად ჰიპერჰიდროზს, გამომწვევი დაავადების მკურნალობის პარალელურად ოფლის ჭარბი გამოყოფაც მცირდება და როგორც წესი პაციენტი დამატებით სპეციფიურ თერაპიას არ საჭიროებს.