თარიღი: 01 თებერვალი, 2023
როგორ მოვემზადოთ გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტისთვის?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.
გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ან რა უნდა აიცილოთ თავიდან გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტების წინ იმისთვის, რათა აღნიშნული შეხვედრა მკურნალ ექიმთან მაქსიმალურად ეფექტური აღმოჩნდეს თქვენთვის.
1. არ ჩანიშნოთ ვიზიტი გინეკოლოგთან მენსტრუალური პერიოდის განმავლობაში!
თუ იგეგმება, რომ თქვენი ვიზიტი უნდა მოიცავდეს მენჯის გამოკვლევას, უმჯობესია, არ დაემთხვეს ეს მენსტრუალური სისხლდენის პერიოდს.
2. გინეკოლოგთან ვიზიტის წინ არ ჩაიტაროთ საშოს გამორეცხვა!
თანამედროვე მიდგომებით, საშოს სანაციების წარმოება არ არის რეკომენდებული. მით უფრო, ამ პროცედურების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტების წინ.
საშოს სანაცია არღვევს ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივ ბალანსს და გინეკოლოგთან ვიზიტის წინ ჩატარებულმა ამ პროცედურამ შესაძლოა წაშალოს ფონი, რაც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს თქვენი მდგომარეობის სწორ დიაგნოსტიკას და მკურნალობის ადექვატური გეგმის შედგენის პროცესს.
3. ადევნეთ თვალყური თქვენი ციკლის მიმდინარეობას!
გინეკოლოგთან ვიზიტის დროს, უამრავი სხვადასხვა ფაქტორის გამო, მნიშვნელოვანია მიაწოდოთ ექიმს ზუსტი ინფორმაცია თქვენი ციკლის ფაზის, რეგულარობის და სხვა თავისებურებების შესახებ.
სწორედ ამიტომ, ეცადეთ, აწარმოოთ მენსტრუალური კალენდარი რეგულარულად.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტრადიციული - ქაღალდის ცხრილი, ასევე მეტად თანამედროვე და კომფორტული სხვადასხვა სახის მობილური აპლიკაცია.
4. თან იქონიეთ თქვენი სამედიცინო ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)!
გინეკოლოგთან ვიზიტის დროს, უმჯობესი იქნება, თუ თან იქონიებთ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგებს და იმ სხვა საყურადღებო სამედიცინო დოკუმენტაციას, რაც შეიძლება კავშირში იყოს თქვენი ვიზიტის მიზანთან.
5. მოამზადეთ კითხვების სია!
ექიმთან კონსულტაციისას დროის და ემოციური ფაქტორების გამო, ხშირად პაციენტებს გამორჩებათ ხოლმე მათთვის საინტერესო საკითხების განხილვა მკურნალ ექიმთან და გარკვეული კითხვების დასმა მისთვის.
სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ექიმთან ვიზიტამდე შეადგინოთ კითხვებისა და აუცილებლად გასავლელი საკითხების სია.
ეს კონსულტაციას მეტად სრულყოფილს გახდის როგორც თქვენთვის, ასევე ექიმისთვის!
იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!
სტატიის ავტორი:
ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე