თარიღი: 02 ივლისი, 2021
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი გარდატეხის ასაკში
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მაკა ჯორბენაძე.
1.რას წარმოადგენს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და როდის შეიძლება მივიტანოთ ეჭვი მის არსებობაზე გარდატეხის ასაკის გოგონებში?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ქალებში უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც პირველად სწორედ მოზარდობის პერიოდში ვლინდება და დამახასიათებელია ანოვულატორული მენტრუაციული ციკლი და ჰიპერანდროგენიზმი. პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი პირველად 1935 წელს აღწერეს მეცნიერებმა, შტეინმა და ლევენტალმა და ეს სინდრომი შტეინ-ლევენტალის სინდრომითაც იყო ცნობილი.
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებებია:
• არარეგულარული მენტრუაციული ციკლი;
• ჰიპერანდროგენიზმის კანის ნიშნები: ჰირსუტიზმი, გამონაყარი კანზე, სებორეა და ა.შ;
• პოლიცისტური საკვერცხეები;
• სიმსუქნე და ინსულინრეზისტენტობა.
2. მენსტრუაციული ციკლის რა სახის დარღვევები შეიძლება იყოს დამახასიათებელი პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის დამახასიათებელია არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი, კერძოდ ოლიგომენორეა (მენსტრუაციებს შორის გახანგრძლივებული შუალედი 35-ზე მეტი დღე), ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა 3 თვე და მეტი), დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია) და არარეგულარული სისხლდენები. ქალბატონებისგან განსხვავებით, მოზარდ გოგონებში საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომის დიაგნოსტირება უფრო რთულია, რადგან მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გოგონებში მენარხეს (პირველი მენტრუაცია) პერიოდიდან პირველი 2 წლის განმავლობაში ფიზიოლოგიურია, თუ ამ სიმპტომებს თან არ ახლავს სხვა დარღვევები: თმიანობა, აკნე, სიმსუქნე და სხვა.
3.როგორ ხდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტირება?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის ულტრასონოგრაფიულად დამახასიათებელია საკვერცხეებში მრავლობითი წვრილცისტური ჩანართების არსებობა, სისხლში ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) და მალუთეინიზირებელი ჰორმონის მატება, ინსულინრეზისტენტობა. კლინიკური ნიშნებიდან დამახასიათებელია: მენტრუაციული ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი, აკნე, სებორეა, სიმსუქნე და სხვა. ამრიგად, კლინიკური ნიშნების, ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობით ხდება საბოლოო დიაგნოზის დასმა.
4.რამდენად ზრდის დიაგნოზის დროული დასმა მკურნალობის წარმატების ალბათობას?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტირებისას მოზარდ გოგონებში გასათვალისწინებელია ზუსტი დიფერენცირება ასაკობრივ ნორმებსა და პათოლოგიას შორის.
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი პირველად სწორედ რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების პერიოდში (გარდატეხის ასაკი) ვლინდება და მისი დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში გართულებებისა და უშვილობის პრევენციის მიზნით.
5.გვაქვს თუ არა სიახლე პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობაში არაჰორმონალური და უსაფრთხო საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობა ძირითადად ხდება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიით. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება მკურნალობის სქემაში ისეთი არაჰორმონალური და უსაფრთხო საშუალების გამოყენება, როგორიცაა მიო-ინოზიტოლი, რომლის ეფექტურობას პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს არაერთი კლინიკური კვლევა მოწმობს. მიო-ინოზიტოლი აღადგენს საკვერცხის ფუნქციას, მნიშვნელოვნად ზრდის კვერცხუჯრედის ხარისხს, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას და ჰიპერანდროგემიის შედეგად განვითარებულ სიმპტომებს და შესაბამისად, აღადგენს შვილოსნობის ფუნქციას.