Plasmon
რა იწვევს კისერმრუდობას?

თარიღი: 08 მარტი, 2022

ვიდრე ნეონატოლოგი ან ნევროლოგი კისერმრუდობის დიაგნოზს დასვამენ, მშობლები ამჩნევენ, რომ მათ პატარას ერთსა და იმავე გვერდზე ურჩევნია წოლა ან თავი ცალ მხარეს აქვს გადახრილი.
კისერმრუდობას უწოდებენ მტკივნეულად შეტრიალებულ და დახრილ კისერს. ამ დროს თხემი სხეულის წარმოსახვითი ღერძის ერთ მხარესაა გადახრილი, ნიკაპი კი – მეორე მხარეს. ახალშობილებს უმეტესად თანდაყოლილი კისერმრუდობა აქვთ, მოზრდილებს კი – შეძენილი.
კისერმრუდობა ზოგჯერ თავისთავად გაივლის, თუმცა არსებობს რეციდივის ანუ განმეორების საფრთხეც. ქრონიკული კისერმრუდობა იმდენად ძლიერ ტკივილს იწვევს, რომ ადამიანს ყოველდღიური საქმიანობაც კი უჭირს. საბედნიეროდ, არსებობს მედიკამენტები და მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებიც ტკივილსა და დაჭიმულობას ამცირებს, თუმცა ხდება ისეც, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ოპერაციაა საჭირო.
მკურნალობა რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უფრო შედეგიანია, განსაკუთრებით – ბავშვებთან.

რა იწვევს
კისერმრუდობა თანდაყოლილია, როდესაც ის მუცლად ყოფნის პერიოდში ვითარდება და დაბადებისთანავე გამოვლინდება. გვხვდება 100-დან 3 ახალშობილთან. უმეტესად გამოწვეულია კისრის ცალ მხარეს არსებული მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის სიმოკლით, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს საშვილოსნოში ნაყოფის თავის არასწორი მდებარეობა, კისრის კუნთების დაზიანება, მათი სისხლმომარაგების დარღვევა ან დაბადებისას მიღებული ტრავმა.
კისერმრუდობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს კუნთოვანი ან ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად, თუმცა ხდება ისეც, რომ მიზეზი უცნობი რჩება. ასეთ დროს კისერმრუდობას იდიოპათიურს უწოდებენ.

 

მრავალსახეობა
არსებობს კისერმრუდობის რამდენიმე ტიპი:

დროებითი კისერმრუდობა
ასეთი კისერმრუდობა 1-2 დღეში, ჩვეულებისამებრ, თავისთავად გაივლის. მის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- ლიმფური კვანძების შეშუპება გაციების ან ინფექციის შედეგად;
- ყურის ინფექცია;
-გაციება;
* კისრის დაზიანება, რასაც მისი შეშუპება მოჰყვება.

ფიქსირებული კისერმრუდობა
კისერმრუდობის ამ ტიპს მწვავეს ან მუდმივსაც უწოდებენ და კუნთოვანი ან ძვლოვანი სისტემის დაზიანებითაა გამოწვეული. ბავშვებთან ფიქსირებული კისერმრუდობა იწვევს სახის ნაკვთების არათანაბარ ზრდას, სახის კუნთების გამოყენების დარღვევას.

კუნთოვანი კისერმრუდობა
კუნთოვანი კისერმრუდობა ფიქსირებულის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ტიპია. იწვევს ნაწიბურების გაჩენა ან კუნთების დაჭიმულობა კისრის ცალ მხარეს. ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს კუნთოვანი კისერმრუდობა, თუ საშვილოსნოში არაბუნებრივ, უჩვეულო პოზაშია ან არ ჰყოფნის სივრცე.

კლიპელ-ფეილის სინდრომი
კლიპელ-ფეილის სინდრომი კისერმრუდობის იშვიათი თანდაყოლილი ფორმაა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც კისრის ძვლები არასწორად ფორმირდება, უმეტესად – ხერხემლის კისრის ორი მალის შერწყმის გამო. ამ პათოლოგიით დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ სმენისა და მხედველობის პრობლემებიც.

კისრის დისტონია
ამ იშვიათ დაავადებას ზოგჯერ სპასტიკურ კისერმრუდობასაც უწოდებენ. ამ დროს კისრის კუნთები გამუდმებით ან დროგამოშვებით სპაზმურად იკუმშება, თავი კი ცალ მხარესაა გადახრილი ან შეტრიალებული, რასაც თან ახლავს ტკივილი. თავი შესაძლოა წინ ან უკანაც გადაიხაროს. კუნთოვანი დისტონია ზოგჯერ მკურნალობის გარეშე გაივლის, მაგრამ არსებობს მისი ხელახლა განვითარების საფრთხეც.
კისრის დისტონია შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად მის დიაგნოზს 40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს უსვამენ, თანაც ქალებთან მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება.

 

სიმპტომები
სიმპტომები შესაძლოა ნელ-ნელა განვითარდეს და დროთა განმავლობაში დამძიმდეს. ყველაზე აშკარა სიმპტომი, რომელიც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, არის თავის ცალ მხარეს გადახრა ან შეტრიალება. სხვა გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის სრულფასოვნად ტრიალის შეუძლებლობა;
- კისრის ტკივილი ან დაჭიმულობა;
- თავის ტკივილი;
- ცალი მხრის მეორეზე მაღლა დგომა;
- კისრის კუნთების შესივება;

თანდაყოლილი კისერმრუდობის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია ერთგვარად გაბრტყელებული, ასიმეტრიული სახე, მოძრაობის უნარის შეზღუდვა, მხედველობისა და სმენის დარღვევა. ბევრს კისრის არეში პატარა რბილი გამობერილობა უჩნდება. ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარები ძუძუს მხოლოდ ცალ მხარეს წოვენ. ზოგიერთს აღენიშნება ჩონჩხკუნთოვანი პრობლემები, მაგალითად, მენჯ-ბარძაყის დისპლაზია. საშვილოსნოში ან სამშობიარო ტრავმის შედეგად განვითარებული კისერმრუდობისას ბავშვი გაღიზიანებულია, აქვს დაღლილი იერი, ზოგჯერ თავის დახრისას აღებინებს. 


დიაგნოსტიკა
მდგომარეობის შესაფასებლად ექიმი გასინჯვასთან ერთად კვლევის აპარატულ მეთოდებსაც იშველიებს. ელექტრომიოგრამით ზომავენ კუნთების ელექტრულ აქტივობას, ადგენენ, რომელი კუნთია დაზიანებული. გამოსახულებით მეთოდებს, მაგალითად, მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას და რენტგენოგრაფიას, სტრუქტურული პრობლემების გამოსავლენად იყენებენ.

 

მკურნალობა
კისერმრუდობის პრევენციის ეფექტური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ მკურნალობის დროული დაწყება მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს. თანდაყოლილი ფორმების მკურნალობა კისრის კუნთების დაჭიმვის გზითაა შესაძლებელი და განსაკუთრებით ეფექტურია, როცა დაბადებიდან რამდენიმე თვეში იწყება. უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა. შეძენილ კისერმრუდობას გამომწვევი მიზეზის შესაბამისად მკურნალობენ.
კონსერვატიული მკურნალობისას იყენებენ:
- სათბურს;
- მასაჟს;
- ფიზიოთერაპიას ან მანუალურ თერაპიას;
- დაჭიმვას;
- გაწელვას;
- კისრის კორსეტს.

მკურნალობის ქირურგიული მეთოდებია:
- კისრის კუნთების დაგრძელება;
- ნერვებისა და კუნთების ჩაჭრა;
- ტვინის ღრმა სტიმულაცია ნერვული სიგნალების გასათიშად (გამოიყენება კისრის დისტონიის ყველაზე მძიმე შემთხვევებში).

მედიკამენტურ თერაპიაში რთავენ:
- კუნების მომადუნებელ საშუალებებს (მიორელაქსანტებს);
- პარკინსონის დაავადების დროს კანკალის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელ საშუალებებს;
- ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსის) ინექციებს კისრის კუნთებში რამდენიმე თვეში ერთხელ კისრის კუნთების ნერვების იმობილიზაციისა და ტკივილის შემსუბუქების მიზნით;
- ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

კისერმრუდობის დროს ტკივილისა და დისკომფორტის შემცირება შეუძლია:
- ხანგრძლივ დასვენებას, ძილს;
- მტკივან ადგილას სათბურის ან ყინულის პაკეტის დადებას;
- თავის გადახრას გამრუდების საწინააღმდეგო მხარეს – ეს ხრიკი სპაზმების მოხსნას უწყობს ხელს.
- სტრესის შემცირებას – სტრესი იწვევს კუნთების დაჭიმვას და ამძიმებს კისერმრუდობის სიმპტომებს, ამიტომ სტრესული ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანაა საჭირო.
- გაწელვით ვარჯიშებს – საპირისპირო მხარეს თავის გადახრის ეტაპობრივი მცდელობა თანდათან აუმჯობესებს მოძრაობას და ამსუბუქებს დისკომფორტს. გაწელვითი ვარჯიშების შესრულებამდე სასურველია ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია.
სახლის პირობებში პატარებისთვის ყველაზე უსაფრთხო კისრის კუნთების დაჭიმვაა, ოღონდ სპეციალური სავარჯიშოები ექიმმა უნდა გასწავლოთ. ეს სავარჯიშოები აგრძელებს დაჭიმულ და მოკლე კუნთს.
ამავე მიზნით ახალშობილთა მშობლებს ურჩევენ:
- ჩვილს ძუძუ აწოვონ იმ მხარეს, საითაც თავის მიტრიალება არ უყვარს;
- დააწყონ სათამაშოები ისე, რომ ბავშვს ორივე მხარეს უწევდეს ყურება;
- დაიწვინონ ჩვილი მუცელზე – ამ დროს სწორდება ზურგი, კისრის კუნთები და არ ბრტყელდება თავი. ექიმები გვირჩევენ, ჩვილი ამ მდგომარეობაში დავტოვოთ დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთი. თუ მშობლისთვის ეს ძნელი გასაკეთებელია, შეიძლება ბავშვის გულმკერდზე ან ბალიშზე დაწვენაც.

 

პროგნოზი
მსუბუქი და მეორეული, მაგალითად, სხვა დაავადებით გამოწვეული კისერმრუდობა, წესისამებრ, დროებითია და მკურნალობას ექვემდებარება, თანდაყოლილმა და მძიმე ფორმებმა კი შესაძლოა ხანგრძლივი და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ქრონიკული კისერმრუდობის შედეგია:
- კისრის კუნთების შეშუპება;
* ნერვებზე ზეწოლის შედეგად ნევროლოგიური სიმპტომების განვითარება;
* ქრონიკული ტკივილი;
* ყოველდღიური მოქმედებების (მაგალითად, მანქანის მართვის) შესრულების უუნარობა;
* სოციალიზაციის პრობლემები;
* დეპრესია.
ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან კისერმრუდობის პროგნოზი გაცილებით საიმედოა.