Plasmon
რატომღაც გვგონია, თუ დიდ ქალაქს გავერიდებით რეგიონებში, იქ რეგულაციების დაცვა საჭირო არ არის, არადა სადაც ხალხმრავლობაა, არის ინფიცირების მაღალი რისკიც

თარიღი: 15 აგვისტო, 2021

როგორ უნდა განვასხვავოთ კოვიდ ინფექცია სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისგან. როგორ ვმართოთ ცხელება და რა დროს საჭიროებს ბავშვი სტაციონარს. საშიშია თუ არა ზაფხულში გავრცელებული ნაწლავური ინფექციები და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან, თუ ზღვაზე მივემგზავრებით. ამ თემებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

 

ნუგზარ უბერი: მოგესალმებით. არსებობს მიდგომა, რომ ზაფხულში რესპირაციული ვირუსული ინფექციები ნაკლებად გვხვდება, მით უმეტეს, ცხელებით მიმდინარე რესპირაციული ინფექციები, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ საქმე გვქონდეს სწორედ ჩვეულებრივ რესპირატორულ ვირუსთან. თუმცა დიფერენცირების თვალსაზრისით რასაკვირველია არის გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი. დღესდღეობით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თუკი ბავშვთან ფიქსირდება ცხელება, ის პირველ რიგში უნდა დაიტესტოს კოვიდზე. აღმოჩნდა, რომ კოვიდი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მაღალი და  საშუალო ცხელებით, ასევე  ხანდახან დაბალი სიცხითაც. რაც შეეხება განსხვავებას, ეს უნდა მოხდეს მართვის მიდგომით. ექიმს კლინიკური შეფასების გარდა ეხმარება ადმინისტრაციული მიდგომა- ყველა ცხელება უნდა დაიტესტოს, რამდენიმე წუთში უკვე გვაქვს პასუხი, რის შემდეგაც იწყება მდგომარეობის მართვა და იმ ანალიზების ჩატარება, რომელიც განასხვავებს კოვიდს სხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებისაგან. შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური ნიშნები ძალიან არეულია ერთმანეთში, ამიტომ საუკეთესო გზა მათი დიფერენციაციისათვის არის სწრაფი ტესტირება. ცხელების ცენტრები ძალიან კარგად მუშაობს საქართველოში, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ამ ეტაპზე აქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას.

 

ვთქვათ, გავაკეთეთ ტესტი და არის უარყოფითი. ასეთ დროს პირველი, რაზეც მშობლებს ეჭვი მიაქვთ, არის ენტეროვირუსი. საერთოდ რა ტიპის ვირუსია ეს, რა არის მისი მკურნალობის სქემა და როდისაა ის საშიში?

ნუგზარ უბერი: დიახ, ეს კითხვა მართლაც ხშირად ისმის, თუმცა ექიმებმა ვიცით, რომ ენტეროვირუსი იშვიათად იწვევს მიმდინარეობს ცხელებით, დიარეით და ღებინებით. ეს ტერმინი სავარაუდოდ შემოვიდა იმიტომ, რომ “ენტერონ”  ნაწლავს ნიშნავს და შესაბამისად იგულისხმება, რომ ეს არის ნაწლავის ინფექცია. თუმცა როგორც აღვნიშნე, თვითონ ენტეროვირუსთა ოჯახს ეს სიმპტომები ნაკლებად ახასიათებს. ცხელებით, დიარეით და ღებინებით მიმდინარე მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უმეტესწილად არა ენტეროვირუსი, არამედ როტავირუსია. ბევრმა მშობელმა შეიძლება არც იცის, რომ 2013 წლიდან საქართველოში ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, უფასო და სავალდებულო აცრების კალენდარში შემოვიდა როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. რატომ დადგა ამ ვაქცინით აცრა დღის წესრიგში? იმიტომ, რომ ყველაზე ხშირი მიზეზი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დიარეით, ღებინებით ან ცხელებით მიმდინარე მდგომარეობის მიზეზი უმეტესწილად არის როტავირუსული ინფექცია. როგორც კი მისი საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა, ამ მიზეზით გამოწვეული ეს სიმპტომები შედარებით შემცირდა. როტავირუსის შემცირების ფონზე წამოვიდა სხვა ვირუსები, ასევე კვებითი ინტოქსიკაციები, რაც ძალიან ხშირია განსაკუთრებით ზაფხულობით. თუნდაც ჩვენს საზღვაო კურორტებს გადავხედოთ, რა ხდება იქ?  ღებინების, ცხელების და დიარეის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ბაქტერიული ინფექციები: დიზენტერია, სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი და ა.შ. სალმონელოზი შესაძლოა თერმულად არასაკმარისად დამუშავებული კვერცხიდან გადაედოს ბავშვს, კამპილობაქტერიოზი თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორციდან არ რძის პროდუქტიდან და ა.შ. ექიმებისთვის ამ ინფექციების გარჩევა მარტივი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათ ახასიათებდეთ ერთი და იგივე სიმპტომები: ღებინება, დიარეა, ცხელება.

 

რატომ ხდება, რომ ამ ტიპის ვირუსული ინფექციები კონკრეტულად და განსაკუთრებით ზღვის კურორტებზე იჩენს ხოლმე თავს? აქვე ძალიან საინტერესოა რას ფიქრობთ იმაზე, რომ ზღვის კურორტები დღეს არის ძალიან გადატვირთული, არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის წლამდე ასაკის. გვირჩევთ თუ არა ახლა ზღვაზე წასვლას?
ნუგზარ უბერი: ცალსახად ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ რატომღაც გვგონია – თუ დიდ ქალაქს გავერიდებით და თბილისიდან გავალთ, თუნდაც რეგიონებში, იქ რეგულაციების დაცვა საჭირო არ არის. არადა პირიქით, იქ, სადაც ხალხმრავლობაა, არის ინფიცირების მაღალი რისკიც. ამიტომ რეგიონებში და კურორტებზე განსაკუთრებით უნდა ვიცავდეთ რეგულაციებს. ადამიანები არ იცავენ ელემენტარულ რეკომენდაციებს ზღვაზე გასვლის დროსთან დაკავშირებითაც. ყველამ იცის, რომ არცერთი ექიმი მათ არ ურჩევს 11 საათის შემდეგ ზღვაზე ყოფნას, თუმცა პლაჟები შუადღესაც სავსეა. კურორტზე ადამიანებს ავიწყდებათ, რომ უნდა გაიკეთონ ნიღაბი, დაიცვან დისტანცია, მოერიდონ ხალხმრავლობას. როდესაც მთელი დღე გარეთ ხართ, მოგიწევთ გარეთ ჭამა და შესაძლოა ხელების დაბანა არც გაგახსენდეთ, ან ვერ მოახერხოთ. ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ რეგულაციების დაცვა საჭიროა ყველგან, მით უმეტეს ხალხმრავალ კურორტებზე. რასაკვირველია დასვენება საჭიროა, საჭიროა გართობა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი, თუმცა ეს უნდა მოხდეს აუცილებლად იმ სამედიცინო რეგულაციების ფარგლებში, რომლებიც ამ ეტაპზე არის მოწოდებული და მოქმედებს.

 

ბატონო ნუგზარ, მინდა გკითხოთ ცხელების შესახებ, რომელიც როგორც წესი, პირველი სიმპტომია ხოლმე. ხშირად ხდება, რომ ცხელება ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს. როდის არის ცხელება საშიში?
ნუგზარ უბერი: ამაზე მედიცინას ცალსახა პასუხი არ აქვს. ყველაფერი ინდივიდუალურია. ცხადია ამ დროს მნიშვნელოვანია რა ინფექციასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა მიმდინარეობა მძიმე, არის თუ არა ინფექცია ისეთი სახის, რომელიც ურტყამს ნერვულ სისტემას? შეიძლება ის გულ-სისხლძარღვთა სისტემას ან კუჭ-ნაწლავს აზიანებდეს. პირველი, სანამ კურორტზე გავალთ და ბავშვებს გავიყვანთ, არის საოჯახო აფთიაქის მომზადება. ეს არის ჩანთა, სადაც დევს ყველა ის წამალი, რომელიც შეიძლება კურორტზე გახდეს საჭირო. ბუნებრივია, წამლების სია ოჯახის ექიმმა უნდა შეადგინოს. თქვენ ცხელება ახსენეთ, მაგრამ მე დავამატებდი დიარეას, მწერის ნაკბენს, ცხვირიდან სისხლდენას… მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მოიქცეს მაშინ, თუ ბავშვს უცბად მუცელი ასტკივდა, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა ან სიცხე მისცა…

 

სიცხე 38,5-მდე სიცხის დამწევს არ ექვემდებარება. პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომლებსაც ადრეც ჰქონია სიცხე და უპრობლემოდ გაუვლია, ეს მართლაც ასეა. საუბარია იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ პრობლემური გლანდები, ყელი, სუსტი შუა ყური და ა.შ.. 38.5-მდე სიცხის დროს ასეთ ბავშვს როგორც წესი, არ სჭირდება სიცხის დამწევი. თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სიცხის დამწევმა 38,5-ზე ან ზემოთ ვერ შეძლოს სიცხის დაჭერა და დამორჩილება. მთელ მსოფლიოში პედიატრებს ორი სიცხის დამწევი საშუალება გვაქვს, ეს არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი. თუ ისინი ვერ ახერხებენ სიცხის კონტროლს და დაჭერას გარკვეულ ნიშნულზე, ასეთ დროს შესაძლოა ბავშვი გადასაყვანი იყოს კლინიკაში. მშობლები ხშირად ამბობენ, მოდით ბავშვს გადასხმა გავუკეთოთ – კი ბატონო, თუ სახეზეა დიარეა, ღებინება, თუ ბავშვი სუსტადაა, არ ჭამს – ასეთ დროს ის სტაციონარშია გადასაყვანი, სადაც შესაბამისი ანალიზების საფუძველზე ექიმი გადაწყვეტს რა სახის გადასხმა უნდა ჩაუტარდეს მას. მე ჩემს საექიმო პრაქტიკაში მინახავს ბავშვი 40 გრადუსი სიცხით, რომელიც იყო ძალიან ენერგიული, აქტიური და კარგად იტანდა სიცხეს. სხვა საკითხია რამდენ ხანს აიტანს ბავშვი ამ სიცხეს. პატარა ორგანიზმის რესურსი ამოუწურავი არ არის, სიცხის დროს კი 10-ჯერ ხშირდება გულისცემა, 4-ჯერ ხშირდება სუნთქვა , რაც ბუნებრივია საბოლოოდ გამოიწვევს ბავშვის მოთენთვას და შეიძლება მერე ჩარევა დაგვიანებულიც იყოს. ადრე ითვლებოდა, რომ რაც უფრო დიდხანს გავაჩერებდით მაღალ სიცხეს ორგანიზმში, მით მალე მოკვდებოდა ვირუსი ან ბაქტერია. თუმცა დღევანდელი რეალობა ასეთია – სიცხის დაწევა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ექიმი ამას საჭიროდ ჩათვლის და დიდხანს ლოდინი არ არის რეკომენდებული. თუ ისე მოხდა, რომ ბავშვს ვერ მივეცით სიცხის დამწევი, რადგან აღებინა, შეგვიძლია გამოვიყენოთ სანთელი. თუ  ესეც ვერ მოხერხდა, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. ძმრიანი წინდების და საფენების დრო უკვე წავიდა, ეს არაეფექტურია, შეიძლება პირიქით ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს და პრობლემები შეგვიქმნას. სწორედ ამიტომ, საოჯახო აფთიაქში ყოველთვის უნდა იყოს სიცხის დამწევიც და ყველა ის სხვა მედიკამენტიც, რაც შეიძლება გახდეს ბავშვთან საჭირო. დედას ამ წამლების სია უნდა მიაწოდოს ოჯახის ექიმმა და უნდა ჩააყენოს ის საქმის კურსში იმის შესახებ, თუ როდის რომელი წამალი უნდა გამოიყენოს და რა დოზით, როდის უნდა მიმართოს ექიმს და გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. ბებიების და ბაბუების მიმართ უდიდესი პატივისცემით მინდა ვთქვა, რომ ის, რაც ადრე ითვლებოდა ამა თუ იმ მდგომარეობის მართვის სწორ მიდგომად, დღეს ან არასწორია, ან არასაკმარისი. ამიტომ ახალგაზრდებს, ახალ მშობლებს სჭირდებათ გარკვეული ინსტრუქტაჟი, მათ უნდა ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს ან მუცელი სტკივა. მათ ეს ინფორმაცია ექიმმა უნდა მიაწოდოს…

 

ბატონო ნუგზარ, ხანდახან ბავშვს ვირუსული ინფექცია აქვს და უგრძელდება, ანალიზები და მარკერები თითქოს ნორმაშია, მაგრამ სიცხეები გრძელდება. ასეთ დროს ძნელია ანტიბიოტიკზე ხელი არ წაგვიცდეს. ექიმები სიფრთხილით მოგვიწოდებენ, რომ თუ არ არის ანტიბიოტიკზე კონკრეტული ჩვენება, ის არ უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკის გამოყენებამ აალაგა სიმპტომები…
ნუგზარ უბერი: ექიმმა უნდა იმოქმედოს პროტოკოლის მიხედვით, უნდა შეაფასოს სიტუაცია, დაადგინოს, რა სახის ინფექციაა სახეზე. ხანდახან არსებობს სიტუაცია, როდესაც რესურსი შეზღუდულია, ამიტომ პაციენტის სრულად გამოკვლევა ვერ ხდება. ასეთ დროს შეიძლება დიაგნოსტირებისათვის პაციენტი საზღვარგარეთაც გაემგზავროს, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ მას იქაც იგივე დიაგნოზს უსვამენ, რასაც საქართველოში. ზოგ ექიმს უყვარს ანტიბიოტიკები, ზოგს არა. თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, ეს ყველაფერი უნდა განჭვრიტოს ექიმმა, ექიმთა გუნდმა, მათმა გამოცდილებამ. კი ბატონო, არის შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკი ინიშნება და სიცხე რამდენიმე დღეში ქრება. თუმცა აქ ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს. თუ ბავშვი სტაციონარში წევს, უნდა ვიფიქროთ, ხომ არ დაერთო მას ბაქტერიული ინფექციაც, ან დროის ფაქტორის გამო ხომ არ ალაგდა სიცხე და ა.შ.


წყარო: https://fortuna.ge