თარიღი: 24 იანვარი, 2023
თავბრუხვევას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იცნობს. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია იგი. ამიტომ თავბრუხვევა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რომელთა გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. მისი მიზეზების შესახებ საუბარი დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება.
იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რაოდენ გავრცელებული პრობლემაა თავბრუხვევა, სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნოთ. მას მსოფლიოს მოსახლეობის 5-10% უჩივის, მათ შორის - 40 წელს გადაცილებულთა 40%, ხოლო 65 წლიდან თავბრუხვევის გამო დაცემის მაჩვენებელი 25%-ს უტოლდება. ამერიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის 40% თავბრუხვევას სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეუწუხებია.
სივრცეში წონასწორობას ადამიანი ვესტიბულური აპარატის დახმარებით ინარჩუნებს. ურიგო არ იქნება, მის აგებულებას გავეცნოთ.
ვესტიბულური აპარატი შიგნითა ყურის შემადგენლობაში შედის და საფეთქლის ძვალშია მოთავსებული. იგი ლოკიკინას, კარიბჭისა და სამი ნახევარრკალოვანი არხისგან შედგება და ბლანტი სითხით – ენდოლიმფით არის ამოვსებული. ის ასევე შეიცავს სპეციალურ ოტოლიტურ ორგანოს, რომელიც სხეულის მდგომარეობის ცვლილებას აფიქსირებს.
რას ნიშნავს თავბრუხვევა?
ტერმინ “თავბრუხვევას” ძალზე ფართო მნიშვნელობა აქვს. ის სიმპტომთა კომპლექსი უფროა, ვიდრე კონკრეტული დიაგნოზი. ჩვენ ამ ტერმინს გაბრუების, ილუზორული მოძრაობების, წონასწორობის დარღვევის, არამდგრადობის, გულის წასვლისა თუ თავში სიცარიელის შეგრძნების დროს ვიყენებთ.
კლინიკური გამოვლინების მიხედვით თავბრუხვევის ოთხ სახეს განასხვავებენ. ესენია:
* ვერტიგო – ილუზორული მოძრაობა (ბრუნვა, ტრიალი, რყევა და ხაზოვანი გადახრა);
* წონასწორობის დარღვევა – არამდგრადობის შეგრძნება, რომელიც თავში არ არის ლოკალიზებული, სიარულის დროს წარმოიშობა და მოსვენებისას გაივლის;
* პრესინკოპე – გულის წასვლის შეგრძნება;
* სიცარიელის შეგრძნება თავში (არასპეციფიკური) – ბევრი პაციენტის ჩივილები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ ჰგავს; მათ უბრალოდ არ შეუძლიათ თავიანთი სიმპტომების სხვაგვარად აღწერა, გარდა იმისა, რომ რაღაც აწუხებთ.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მოინახულეთ ექიმი, თუ მოულოდნელ, აუხსნელ, განმეორებად და მძიმე თავბრუხვევას განიცდით. გადაუდებელი დახმარების სამსახური გამოიძახეთ, თუ მძიმე თავბრუხვევას ან ვერტიგოს თან ახლავს:
* თავის სერიოზული დაზიანება;
* ახალი, განსხვავებული ან მძიმე თავის ტკივილი;
* კისრის კუნთების რიგიდულობა (გაშეშება);
* ბუნდოვანი მხედველობა;
* სმენის უეცარი დაკარგვა;
* მეტყველების გაძნელება;
* ხელების ან ფეხების სისუსტე;
* ცნობიერების დაკარგვა;
* დაცემა ან სიარულის გაძნელება;
* ტკივილი გულმკერდის არეში, სწრაფი ან ნელი გულისცემა
რა იწვევს თავბრუხვევას?
მიზეზის დასადგენად გასაღები თავბრუხვევის ხასიათია (სხეულის ან მის მიმართ გარემოს ტრიალის შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა და სხვა). ინფორმაციულია ისიც, რა უწევს პროვოცირებას თავბრუხვევას: განსაზღვრული ტიპის მოძრაობა, აქტივობა თუ სხეულის პოზა. თავბრუხვევის ეპიზოდის ხანგრძლივობა, ასევე – დამატებითი სიმპტომები, თუ ისინი არსებობს, ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
მოდი, თავბრუხვევის ოთხივე ტიპის შესახებ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.
ვერტიგო
ვერტიგო თვითონ პაციენტის სხეულის ან გარემოს მოძრაობის ილუზიაა. მას უმეტესად ვესტიბულური აპარატის აქტივობის უეცარი და დროებითი ცვლილება იწვევს. აღნიშნული აპარატი ადამიანის თავის მოძრაობასა და მდგომარეობაზე რეაგირებს. წამოდგომამ ან უეცარმა მოძრაობამ შესაძლოა დაამძიმოს იგი. საბედნიეროდ, ის, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება, რამდენიმე კვირაში სხეული თავბრუხვევის მიზეზთან ადაპტირებას ახერხებს.
ვერტიგო გვხვდება:
* ყველა იმ პათოლოგიის დროს, რომელიც თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევასა თუ შეფერხებას იწვევს. ეს შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (ბრადიკარდია, ტაქიკარდია), დაბალი წნევა, ინსულტი, თავის ტვინის მკვებავი რომელიმე სისხლძარღვის დახშობა;
* კისრის ოსტეოქონდროზის შორსწასული ფორმის დროს. მალებზე განვითარებული ძვლოვანი წანაზარდები სისხლძარღვებს აწვება და მათ კომპრესიას (მიჭყლეტას) იწვევს. ამ დროს შეიძლება თავბრუხვევაც განვითარდეს;
* შიდა ყურის ანთების (მწვავე ვესტიბულური ნევრიტის) დროს. მას ძლიერი და მუდმივი თავბრუხვევის უეცარი დასაწყისი ახასიათებს. სიმპტომები შესაძლოა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ პაციენტი საწოლიდან ვერც კი დგებოდეს. ზოგჯერ ამ ყველაფერს ყურთასმენის უეცარი დაკარგვა ერთვის. ამ მდგომარეობას ლაბირინთიტი ეწოდება. საბედნიეროდ, სმენის ნერვის ანთება თავისთავად გაივლის ხოლმე, თუმცა ადრეული მედიკამენტური მკურნალობა და ვესტიბულური რეაბილიტაციური თერაპია უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს;
* მენიერის დაავადების დროს. მას შიგნითა ყურში სითხის ჭარბი დაგროვება იწვევს. თან ახლავს ვერტიგოს უეცარი ეპიზოდები, რომლებიც რამდენიმე საათი გრძელდება. მენიერის დაავადებას სმენის თანდათანობით დაკარგვა, ყურებში ხმაური და დაზიანებულ მხარეს სავსე ყურის შეგრძნება ახასიათებს;
* ვესტიბულური შაკიკის დროს. შაკიკი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო თავის ტკივილი. ზოგიერთი პაციენტი ვიზუალურ აურას განიცდის, ზოგი კი ვერტიგოს ეპიზოდებით იტანჯება. ისინი თავბრუხვევას ზოგჯერ მაშინაც კი უჩივიან, როცა თავის ტკივილი გაივლის.
* აკუსტიკური ნევრინომის (შვანომა) დროს. ის სმენის ნერვზე განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. სმენის ნერვი შიდა ყურის თავის ტვინთან კავშირს განაპირობებს. მისი სიმპტომები სმენის პროგრესირებად დაქვეითებას, ცალმხრივ ტინიტუსს (ყურებში ხმაური) და თავბრუხვევას ან კოორდინაციის დარღვევას მოიცავს;
* ზოგიერთი მედიკამენტების მიღების ფონზე. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ყურისა და ვესტიბულური აპარატის მიმართ ტოქსიკურია. მათმა ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა თავბრუხვევა გამოიწვიოს. ასეთია ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი წნევის დამწევი პრეპარატი, ტკივილგამაყუჩებლები და სხვა. ალკოჰოლი მცირე დოზებით ზოგჯერ დროებით ვერტიგოს იწვევს.
გარდა ამისა, არსებობს კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო. იგი ვესტიბულურ აპარატში კალციუმის კრისტალების მოძრაობითაა გამოწვეული. მას თავბრუხვევის ეპიზოდური, მოკლე და ინტენსიური შეტევები ახასიათებს, რაც, როგორც წესი, თავის მდგომარეობის შეცვლას უკავშირდება (ხშირია, როცა პაციენტი სწრაფად ტრიალდება საწოლში ან დგება დილით).
წონასწორობის დარღვევა
წონასწორობის დარღვევა და არამდგრადობის შეგრძნება მოძრაობისას იჩენს თავს და მოსვენებისას ქრება. ხანდაზმულებში წონასწორობის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მრავლობითი სენსორული (მგრძნობელობითი) დეფიციტია. ასაკში, მოგეხსენებათ, ხშირია მხედველობის გაუარესება და კიდურთა ნერვების დაზიანება (პერიფერიული ნეიროპათია), რამაც შესაძლოა წონაწორობის დარღვევაც გამოიწვიოს. შიდა ყურის პრობლემებმა შესაძლოა წონასწორობის პრობლემებიც წარმოიშვას. ის ზოგიერთ ნევროლოგიურ დაავადებასაც (პარკინსონის დაავადება, ცერებრალური ატაქსია) ახასიათებს.
პრესინკოპე
თავბრუხვევის დროს შესაძლოა ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, თითქოს გონს კარგავთ, მაგრამ ცნობიერება ბოლომდე არ წაგერთვათ. ზოგჯერ ამას გულისრევა, სიფითრე და ოფლიანობა ერთვის. ასეთი თავბრუხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება (ორთოსტატული ჰიპოტენზია). ის ხშირად ვითარდება ხანგრძლივი ჯდომის ან წოლის შემდეგ სწრაფი წამოდგომისას. განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში. პრესინკოპე შესაძლოა გულის რომელიმე პათოლოგიამაც (კარდიომიოპათია, არითმია) გამოიწვიოს.
არასპეციფიკური თავბრუხვევა
ბევრი პაციენტი თავბრუხვევისას არ უჩივის არც ვერტიგოს, არც წონასწორობის დარღვევას, არც გულის წასვლის შეგრძნებას. ასეთ პაციენტებს უბრალოდ არ შეუძლიათ, თავიანთი სიმპტომები სხვაგვარად აღწერონ, გარდა იმისა, რომ რაღაც აწუხებთ. მათში შესაძლოა თავი იჩინოს სხვა, არასპეციფიკურმა სიმპტომებმა – არარეალურობის შეგრძნებამ, კონტროლის დაკარგვის შიშმა, ცხოვრებისაგან გამოთიშვის განცდამ... ასეთ პაციენტებს ხშირად ფსიქიკური დარღვევის ნიშნებიც (შფოთვა, პანიკური მოშლილობები) აქვთ.
რა გართულებებს იწვევს?
თავბრუხვევისას დაცემისა და ტრავმირების რისკი იზრდება. საჭესთან ჯდომის ან მძიმე ტექნიკის მართვის დროს თავბრუხვევის განვითარება წარმოშობს უბედური შემთხვევის რისკს. გრძელვადიანი შედეგები მოსალოდნელია მაშინაც, როცა აღნიშნული პრობლემა მუდმივია და მკურნალობას არ ექვემდებარება. ასეთი რამ ხშირად დეპრესიასაც კი იწვევს.
შემთხვევათა უმრავლესობაში თავბრუხვევის მიზეზს ოჯახის ექიმი ან თერაპევტი ადგენს და მკურნალობს მას, თუმცა ისეც ხდება, რომ პაციენტს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ან ნევროლოგთან გადაამისამართებენ ხოლმე.
ვსვამთ დიაგნოზს...
თავბრუხვევის დიაგნოსტიკა დაავადების ანამნეზსა და კლინიკურ სიმპტომატიკას ეფუძნება. ექიმი აფასებს თავბრუხვევის ხასიათს, თანმხლებ სიმპტომებსა და რისკფაქტორებს, რის შემდეგაც ფიზიკური გასინჯვა ტარდება. ხშირად ოტოსკოპიასაც (ყურის დათვალიერება) ატარებენ და სმენის სიმახვილის შეფასებასაც ახდენენ. საჭიროებისამებრ, ექიმმა შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაციული ტესტი ჩაატაროს.
აუდიომეტრია პირველი შერჩევის გამოკვლევაა აკუსტიკურ ნევრინომაზე ეჭვის დროს. მისი მეშვეობით მენიერის დაავადების, ვესტიბულური ნევრიტისა და მედიკამენტური თავბრუხვევის დიაგნოსტირებასაც ახდენენ. ზოგიერთ შემთხვევაში კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარებაც ხდება საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ექიმი ცერებროვასკულარულ დაავადებას (მაგალითად, ინსულტს) ეჭვობს.
როგორ ვუმკურნალოთ?
თავბრუხვევის მკურნალობის მიზანი მისი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაა. მაგალითად, თუ რომელიმე მედიკამენტმა ვერტიგო გამოიწვია, მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ პაციენტი უკეთესობას იგრძნობს.
ვერტიგოს სამკურნალოდ ფიზიკური მეთოდი – ვერტიგოს რეაბილიტაციური მკურნალობაც გამოიყენება. ამ დროს პაციენტი განსაზღვრულ სავარჯიშოებს ასრულებს, რის შედეგადაც მისი ტვინი თავბრუხვევისადმი ადაპტაციას ახდენს – ერთგვარად ეჩვევა მას. ამის მიზანი თავბრუხვევის მინიმუმამდე შემცირება და დაცემის პრევენციაა.
კეთილთვისებიან პოზიციურ ვერტიგოს მკურნალობენ პროცედურით, რომელსაც ეპლის მანევრი ეწოდება. ამ დროს ექიმი პაციენტს ისეთი მოძრაობის შესრულებაში ეხმარება, რომლის დროსაც კალციუმის კრისტალები გადაადგილდება და შეიწოვება. ეს პროცედურა ათიდან 9 შემთხვევაში შედეგიანია.
ვესტიბულური ნევრიტი მწვავე ვერტიგოს ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი ვირუსული წარმოშობისაა. მას ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) საშუალებებითა და ვესტიბულური სუპრესანტებით მკურნალობენ. ზოგჯერ კორტიკოსტეროიდებსაც იყენებენ.
მენიერის დაავადების ათიდან 8 შემთხვევაში ეფექტურია კონსერვატიული მკურნალობა, რაც მარილის შეზღუდვას და დიურეზული (შარდმდენი) საშუალებების გამოყენებას გულისხმობს.
როგორ მოვახერხოთ თავბრუხვევის თავიდან აცილება?
გავეცნოთ თვითდახმარების ტექნიკას, რომელმაც შესაძლოა შეგვიმსუბუქოს ან თავიდან აგვაცილოს თავბრუხვევის შეტევები:
* მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს.
* როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ, სასწრაფოდ დაჯექით ან დაწექით.
* თუ ხშირი თავბრუხვევა გაწუხებთ, ერიდეთ მანქანის მართვას.
* თავი არიდეთ კოფეინის, ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოყენებას – ისინი თქვენს მდგომარეობას დაამძიმებენ.
* ძილის დროს თავი უფრო მაღლა დადეთ, გამოიყენეთ ორი ან მეტი ბალიში.
* დილით გაღვიძებისთანავე ნუ ადგებით. საწოლის კიდეზე ჩამოჯექით და ნელ-ნელა წამოდექით.
* მოერიდეთ საგნის ასაღებად დაბლა დახრას.
* მოერიდეთ კისრის დაჭიმვას.
* თავი ნელა და ფრთხილად ამოძრავეთ.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"