Plasmon
გავრცელებული ჩივილების მართვა

თარიღი: 20 მარტი, 2018

გავრცელებული ჩივილების მართვა

მოკლედ მიმოვიხილოთ ბავშვებთან გავრცელებული ჩივილები და მათი მართვის წესები. დავიწყოთ ყველაზე აქტუალურით – მაღალი ტემპერატურით.

აცეტამინოფენი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია. სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა სახელით იყიდება: პარაცეტამოლი, ტაილენოლი, პაკოლი... მაღალი ტემპერატურის დროს უმეტესად სწორედ აცეტამინოფენს ვიყენებთ. ის საკმაოდ გავრცელებული წამალია და მისი დალევისას თითქმის არავინ ფიქრობს შესაძლო გართულებებზე. არადა არასწორი გამოყენების შემთხვევაში ეს “უწყინარი” ნივთიერება შესაძლოა ღვიძლის სერიოზული დაზიანების მიზეზადაც კი იქცეს.

 

მაშ, როდის და როგორ მივიღოთ აცეტამინოფენი?

როდის?

სიცხის დამწევსა და ტკივილგამაყუჩებელს, ბუნებრივია, სიცხისა და ტკივილის დროს ვიღებთ. მაგრამ, მაგალითად, 37 გრადუსზე წამლის დალევა არასწორია (გამონაკლისს შეადგენენ ბავშვები, რომლებსაც ტემპერატურის მომატებისას კრუნჩხვა ემართებათ). ბანალური გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს სიცხის დამწევი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მივიღოთ, რაც ტემპერატურა 38,5 გრადუსს გადააჭარბებს. მაღალი სიცხე ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება, ამიტომ მის დაწევას მხოლოდ მაშინ უნდა ვეცადოთ, თუ ტემპერატურამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომლის ზემოთაც იმატებს ახალი გართულებების განვითარების რისკი.

 

 

რა დოზით?

დოზა ასაკზეა დამოკიდებული. ბავშვებისთვის რეკომენდებულია აცეტამინოფენის სუსპენზია, რომელსაც დოზატორიანი შპრიციც მოჰყვება. დოზირებისას ასაკსა და წონასთან ერთად ღვიძლის მდგომარეობასაც უნდა მიექცეს ყურადღება – თუ ღვიძლის ფუნქცია დასუსტებულია, ორგანიზმში წამლის ტოქსიკური მეტაბოლიტი დაგროვდება.

აუცილებლად უნდა დაიცვათ მიღებათა შორის ინტერვალი – არანაკლებ 4 საათისა და არა უმეტეს 6-ისა. ამ ინტერვალის დარღვევა და წამლის უკონტროლო მიღება არაერთი ბავშვის ღვიძლის ციროზის მიზეზად ქცეულა.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ტემპერატურამ წამლის მიღებიდან ორ საათში ისევ აიწია? ამ დროს საქმეში მეორე სიცხის დამწევი – იბუპროფენი უნდა ჩავრთოთ, წინა მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ კი – კვლავ აცეტამინოფენი. ამ შემთხვევაში სიცხეც დაიწევს და გართულებებისგანაც დაზღვეული იქნებით.

წამლის ფორმის შეცვლა, მაგალითად, რექტალური სანთლის ან ტაბლეტის მიცემა სუსპენზიის შემდეგ, გამოსავალი არ არის – აქტიური ნივთიერება იგივეა და ტოქსიკური მეტაბოლიტი მაინც დაგროვდება.

გახსოვდეთ: ორ წლამდე ასაკის ბავშვს ნებისმიერი წამალი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მისცეთ.

ზედოზირების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ გაციების საწინააღმდეგო არაერთი კომბინირებული პრეპარატი აცეტამინოფენს შეიცავს. თანაც ასეთ წამალთან ერთად ხშირად აცეტამინოფენის სხვა პრეპარატსაც იღებენ, მაგალითად, გაციების საწინააღმდეგო ჩაისთან ერთად – პარაცეტამოლს.

ზედმიწევნით აკონტროლეთ წამლის შემადგენლობა. გაითვალისწინეთ, რომ გაციების საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება ალფა-ადრენობლოკატორს – ცხვირით სუნთქვის გასაადვილებლად. ალფა-ადრენობლოკატორების მიღება აკრძალულია მათთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს.

იბუპროფენი ასევე ფართოდ გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. მისი სავაჭრო დასახელებაა ნუროფენი, ადვილი, მიგ-400 და სხვა. იბუპროფენის ზედოზირება კუჭისა და ნაწლავების პრობლემებს იწვევს. ის უნდა მიიღოთ 6-8 საათში ერთხელ. გამოყენების სხვა წესები აცეტამინოფენის მსგავსია.

არ დაალევინოთ ბავშვებს ასპირინი, განსაკუთრებით – ვირუსული ინფექციის დროს: შესაძლოა, რეის სინდრომი გამოიწვიოს. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც გულისრევით, ღებინებით, ძლიერი დაღლილობის შეგრძნებით მიმდინარეობს და საბოლოოდ კომამდე მიდის.

ზოგიერთი კომბინირებული პრეპარატი, მათ შორის – ღებინების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ზოგიერთი საშუალება, ასპირინს შეიცავს, ამიტომ წამლის დალევამდე გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ასპირინის სინონიმებად იხმარება სალიცილატი, აცეტილსალიცილატი, აცეტილსალიცილის მჟავა.

 

გაციება

ის, რასაც ხალხში გაციებას ეძახიან, სინამდვილეში ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა. ინფექციას მრავალი ვირუსი იწვევს. სიცხეს, წესისამებრ, თან ახლავს ხველა და სურდო, მაგრამ თუ განსაზღვრული ნიშნულის შემდეგ ტემპერატურის დაწევა აუცილებელია, დანარჩენი სიმპტომების აღსაკვეთად მედიკამენტების მიღება რეკომენდებული არ არის.

როგორ იქცევიან მშობლები? – ბავშვს წამოახველებს თუ არა, მაშინვე ხველის საწინააღმდეგო წამლებისკენ გაურბით ხელი.

პირველი კითხვა, რომელიც ამ დროს უნდა დავსვათ, ასეთია: საჭიროა კი ხველის დათრგუნვა? – ეს ხომ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა! მეორე: დავუშვათ, ხველა დათრგუნვას მოითხოვს, – ამისთვის წამალი აუცილებელია?

ასე რომ, მოდი, ექიმს მივანდოთ იმის გადაწყვეტა, საჭიროა თუ არა ჩარევა, ხოლო თუ საჭიროა – რა ფორმითა და საშუალებით.

საზოგადოდ კი გაციების (ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის) და მისი სიმპტომების მართვა ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო (FDA) ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო წამლების გამოყენებას არ გვირჩევს. FDA ასევე გვაფრთხილებს, არ მივცეთ 12 წლამდე ბავშვებს კოდეინის შემცველი პრეპარატები, რომლებსაც სუნთქვასთან დაკავშირებული საშიში გართულებების გამოწვევა შეუძლია. 12-დან 18 წლამდე იკრძალება კოდეინიანი საშუალებების გამოყენება მათთან, ვისაც ჭარბი წონა, ფილტვების მძიმე დაავადება ან ობსტრუქციული აპნოე აქვს – ყველა ეს ფაქტორი მაღლა სწევს სუნთქვის პრობლემების რისკს.

 

მაშ, როგორ მოვიქცეთ გაციებისას?

გახსოვდეთ, გაციება თავისთავად გაივლის. პაციენტების უმეტესობა უწამლოდაც ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება. წამალი მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს, გამოჯანმრთელების პროცესს ის არ აჩქარებს. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: ნებაზე მიშვებული გაციება შვიდ დღეში გაივლის, ნამკურნალები კი ერთ კვირაშიო. დასკვნი თქვენთვის მოგვინდვია. წამლების მაგივრად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას, ხშირად გამოცვალეთ თეთრეული, დღეში რამდენჯერმე გაანიავეთ და დროდადრო სველი წესით დაალაგეთ ოთახი. სურდოსა და ცხვირის გაჭედვის დროს მარილწყალი დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელიც. თუ არ გაქვთ, ოთახში სოდიანი წყლით სავსე ჯამები დადგით. ისიც გახსოვდეთ, რომ თუ ჰაერის დასატენიანებლად სპეციალურ მოწყობილობას იყენებთ, ყოველდღე უნდა წმინდოთ, რომ ბაქტერიებისა და სოკოს გავრცელება აღკვეთოთ. ექიმს მიმართეთ, თუ ბავშვი 3 თვემდე ასაკისაა, უჭირს სუნთქვა, მოთენთილია, ტუჩებზე სილურჯე დაჰკრავს, არ ჭამს, არ სვამს, ძილადაა მივარდნილი, 2 კვირაზე მეტია ახველებს და მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება.

ღებინების, ფაღარათისა თუ ოფლიანობის შედეგად დაკარგული მარაგის შესავსებად რეკომენდებულია სითხის უხვი მიღება, მათ შორის – ელექტროლიტების ხსნარებისაც. შეცდომაა ღებინების დროს (თუ მას შეუპოვარი ხასიათი არ აქვს) ღებინების საწინააღმდეგო წამლების გამოყენება

 

ის, რაც ყველას უნდა ახსოვდეს

არაფრით არ შეიძლება მწვავე რესპირატორული ინფექციის, მაღალი ტემპერატურისა თუ ნაწლავური აშლილობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკების გამოყენება. ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც არაერთხელ გვისაუბრია 21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვევაზე – ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რომლის ჩამოყალიბებასაც დიდწილად სწორად არარაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიას უნდა ვუმადლოდეთ. გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები ძლიერმოქმედი წამლებია და სარგებლობა მხოლოდ მაშინ მოაქვთ, როცა საჭირო დროს, საჭირო დოზითა და ხანგრძლივობით ვიყენებთ. სხვაგვარად არასწორი ქცევით ხელს შევუწყობთ კაცობრიობის ანტიბიოტიკებამდელ ეპოქაში დაბრუნებას – ეპოქაში, როდესაც ადამიანები ფილტვების უბრალო ანთებით იხოცებოდნენ.

მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

წყარო: www.aversi.ge