თარიღი: 21 მარტი, 2018
დეპრესიაში მყოფ ადამიანს დახმარება ესაჭიროება. დეპრესის გამომწვევი მიზეზი ბევრია. რა არის დეპრესია და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას, გვესაუბრება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.
რა არის დეპრესია?
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არის დეპრესიაში, არ უნდა გამოვუცხადოთ მას უნდობლობა. დეპრესია დათრგუნვას ნიშნავს, არსებობს დეპრესიული განწყობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ როგორც დაავადება. დეპრესია არის ნორმალური განცდა, როდესაც ცხოვრება ჭრილობებს გვაყენებს. უმძიმესი დაავადება შეიძლება სულაც არ გვქონდეს უმძიმესი ფორმით. ორი სახის დეპრესია არსებობს. ერთი შეიძლება განიცადოს ნებისმიერმა ადამიანმა, ამას ჰქვია ეგზოგენური დეპრესია, რომელიც გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული, ეს არის ადამიანის დათრგუნული მდგომარეობა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გლოვის მდგომარეობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, სიყვარულის კარგვის მდგომარეობა, ნებისმიერი მძიმე ტრავმა ცხოვრებისგან. თუკი ადამიანს შეუძლია დროულად მოუაროს თავს და მიმართოს სპეციალისტს, ასეთი სახის დეპრესია დროულად იკურნება, ეპიზოდი შეიძლება ამოიწუროს 4-დან 6 თვემდე ვადაში. რაც შეეხება ენდოგენურ დეპრესიას, რომელსაც ერთი შეხედვით მიზეზი არ აქვს, თუმცა მიზეზი ყოველთვის არსებობს და ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი გამოვლენილი. ამ დროს ადამიანს აქვს გამორჩეულად დაბალი თვითშეფასება, ჰგონია, რომ ყველაფერი მისი ბრალია, ასეთ ფორმას ხშირად ახლავს სუიციდის იდეები.
რამდენად მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა დეპრესიაში მყოფი პირისთვის?
მსუბუქი დეპრესიისთვის შესაძლოა მხარდაჭერამაც გამოიღოს კარგი შედეგი. როდესაც უფრო მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე, ადამიანს ძალა არ აქვს აკეთოს ის, რაც კარგი იქნებოდა ეკეთებინა, მთავარია მან დააგროვოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა. ფრანგმა ფსიქიატრმა კოტარდმა აღწერა ნიჰილისური ბოდვის მდგომარეობა, როდესაც დეპრესიით დაავადებული ადამიანი გეუბნება, რომ ის უკვე მკვდარია. სახუმარო ეს საკითხი ნამდვილად არ არის.
ცვალებადი ხასიათი ნიშნავს თუ არა დეპრესიულ ტიპაჟს?
ხასიათის ცვლილება შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს, მათ შორის პერსონოლოგიურ აშლილობას, ფსიქოპათიას. არ არის აუცილებელი ეს იყოს დეპრესია, თუმცა არსებობს ასეთი დაავადება – მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი, მანიური ეპიზოდის დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ზეაწეული განწყობა, ცოტა ფრენის შეგრძნება, სასიამოვნო გრძნობა…თუმცა შემდგომ მას მოსდევს ვარდნაც, რაც რთული ფორმით გამოიხატება. თუკი კონდიცია არის მწვავე, მაგალითად, ადამიანს მოსდის ბევრი ფიქრი, ქაოსი აქვს, შეიძლება ასეთ დროს ჰქონდეს არაადეკვატური ქცევა. ასეთ მძიმე ეპიზოდს მოჰყვება ხოლმე სიცოცხლეზე უარის თქმის შემთხვევები.
ფსიქოლოგის რჩევები:
თუ დეპრესიის ფორმა მარტივია, ამ დროს მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეთ ჯანსაღ კვებაზე, ხორციან პროდუქტში არის ამინომჟავები, რომელიც აუცილებელია სეროტონინის გამოსამუშავებლად, მიუხედავად ამისა პერიოდულად ხორცისგან თავის შეკავება ძალიან კარგად მუშაობს ადამიანის განწყობაზე. ისეირნეთ მზეზე, შესაძლოა D ვიტამინის ნაკლებობაც იწვევდეს დეპრესიას, ასევე ხანგრძლივ დიეტაზე ყოფნა შეიძლება გახდეს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი. თერაპევტთან ვიზიტი ცოტა ხარჯიანია, თუმცა გარდაუვალ შემთხვევაში აუცილებელია.
წყარო: Fortuna.ge