თარიღი: 13 მაისი, 2020
მშობლები ძალიან ხშირად მოგვმართავენ ჩივილით, რომ ბავშვს არ აინტერესებს ზღაპრები და არ უსმენს მშობლებს რომლებიც უკითხავენ. უფრო დიდი ასაკის ბავშვების შემთხვევაში კი, მშობლები ჩივიან, რომ ბავშვებს არ უყვართ კითხვა და ვერაფრით აინტერესებენ.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კითხვა არ იწყება სასკოლო ასაკში ასოების ცნობით და მათი სიტყვაში გაერთიანებით, კითხვა გაცილებით ადრეულ ასაკში იწყება. 1 წლის ასაკიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ისეთი უნარების გამომუშავებაში, რაც სამომავლოდ კითხვის უნარს უდევს საფუძვლად.
1 წლის ასაკიდან, პირველი ნაბიჯი სწორედ ისაა, რომ მშობელი უკითხავს ბავშვს. გარდა იმისა, რომ ამით ბავშვს კითხვის ყველაზე ელემენტარულ უნარებს ვძენთ, თავად ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობელისა და შვილის მიჯაჭვულობის, ემოციური კავშირის დამყარებაზე.
როგორ და რა წავუკითხოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვს?
მცირე ასაკში წიგნები, რომელსაც ბავშვს ვთავაზობთ უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული ილუსტრაციებით და მინიმალურად დატვირთული ტექსტით. სულაც არ არის აუცილებელი ამ ასაკის ბავშვებს კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები ვუკითხოთ, ან ზღაპრები ბევრი პერსონაჟითა და „ მორალით“, რასაც ბევრი დაფიქრებაც სჭირდება და მოსასმენადაც საკმაოდ რთულია. ასეთ მცირე ასაკში ტექსტი, რომლის მოსმენის და გაგების რესურსიც აქვს ბავშვს უნდა იყოს მარტივი, მოკლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული მოვლენებით დატვირთული და მაქსიმულურად სახალისო.
მთავარი შეცდომა , რომელსაც ბავშვისთვის კითხვის პროცესში ვუშვებთ ისაა, რომ მშობელი ზღაპარს ყვება, ან კითხულობს, ბავშვი კი პასიურად ზის და ისმენს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კითხვის ეს ტექნიკა აბსოლუტურად შეუსაბამო და არაფრის მომცემია. ამ ასაკში ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვს მოსწონდეს წიგნი, მოსწონდეს როცა უკითხავენ, შეძლოს ახალი სიტყვების, ან მარტივი წინადადებების, დიალოგების დამახსოვრება და სწავლა. კითხვას ამ ასაკში ძირითადად სწორედ ეს ფუნქცია აქვს. ღრმა შინაარსები, მორალი, მსჯელობა და ლოგიკური დასკვნები, ცოტა უფრო შემდგომ ასაკში გვჭირდება.
მაშ, როგორ დავგეგმოთ კითხვის პროცესი?
სასურველია, წიგნი შეარჩიოს თავად ბავშვმა, იმ ყდის, თუ სურათების მიხედვით, რასაც ხედავს და რაც მისთვის მეტად მიმზიდველია.
- კითხვის პროცესში, ბავში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და არ უნდა გისმენდეთ პასიურად - ბავშვი უნდა ხედავდეს სურათს, თავად უნდა შლიდეს წიგნს, თითს გიდებდეთ დახატულ საგნებზე.
- მშობელი უნდა აღწერდეს სურათს, ასახელებდეს ცალკეულ საგნებს, ნელა და მკაფიოდ, ყოველ დასახელებულ საგანს ადებდეს თითის, შემდეგ ბავშვს ადებინებდეს თითს, ახმოვანებდეს ყველაფერს, რასაც ბავშვი თავისი ინიციატივით ადებს თითს.
- კითხვის პროცესში ხშირად უნდა შეიცვალოთ ხმა, გაახმოვანოთ საგნების, წვიმის/ქარის, ცხოველების, ფრინველების , თუ სხვადასხვა ადამიანების ხმები.
- ხშირად დასვით კითხვა - ეს რა არის? ეს როგორ აკეთებს? ეს როგორ დადის? ამას რა უყვარს? ეს სად ცხოვრობს? - და ა.შ. თავდაპირველად ყველა დასმულ კითხვას თქვენ პასუხობთ. დროთა განმავლობაში ბავშვი თავად დაიწყებს ყველაფრის გახმოვანებას.
კითხვის პროცესი არ სრულდება ტექსტის წაკითხვითა და სურათების დათვალიერებით. მიეცით ფანტაზიას გასაქანი და მოიფიქრეთ როგორ გადმოიტანოთ წიგნში წაკითხული ინფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი თამაშში. შეგიძლიათ დახატოთ და გააფერადოთ, შემდეგ გამოჭრათ წიგნის პერსონაჟები, მოაწყოთ პატარა სპექტაკლები, ითამაშოთ როლური თამაშები, სადაც სხვადასხვა პერსონაჟის როლს მოირგებთ. და სხვა.
რას სწავლობს ბავშვი ამგვარად დაგეგმილი კითხვის პროცესში?
- შეუძლია იცნოს ყდის მიხედვით თავისი საყვარელი წიგნი.
- შეუძლია წიგნის სწორად დაჭერა და ისე გადაფურცვლა, რომ წიგნი არ დააზიანოს.
- შეუძლია იცნოს შიგნით დახატული ყველა საგანი.
- მიხვდეს თუ ტექსტს ცვლით, ან რამეს გამოტოვებთ.
- დროთა განმავლობაში, ბავშვი თავად იწყებს „ კითხვას“, აკეთებს ვითომ კითხვის იმიტაციას.
- იწყებს წიგნში დახატული საგნების დასახელებას, მათი ხმების გახმოვანებას, აჯავრებს მათი სიარულის მანერას. მაგ. დახტის როგორც კურდღელი, ტრიალებს, როგორც ქარი.
ამ ასაკში კითხვას მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს და დამერწმუნებით ეს სავსებით საკმარისი, საკმარისზე მეტიც კია. მთავარი კი ისაა, რომ თავად კითხვის პროცესის მიმართ ბავშვს დადებითი დამოუკიდებულება და ინტერესი უჩნდება.
ავტორი:
ი. ციციშვილის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური სამსახურის უფროსი, ფსიქოდიაგნოსტი - ზანდა ჩეჩელაშვილი