Plasmon
როგორია ნერვული ანორექსიის ძირითადი სიმპტომები, რა უნდა იცოდეს ადამიანმა?

თარიღი: 17 ოქტომბერი, 2022

კვებითი ქცევის აშლილობა არა მხოლოდ ფსიქიატრთა, არამედ მთელი თანამედროვე საზოგადოების პრობლემაა. გავრცელებული სოციალური ლეგენდის თანახმად, ფსიქიატრიული პაციენტები (თუ თვითმკვლელობა არ ჩაიდინეს) თავიანთი ავადმყოფობით არ იღუპებიან. სინამდვილე კი სხვაგვარია. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, აღნიშნავს, რომ რამდენიმე პათოლოგია, მათ შორის — ნერვული ანორექსიაც, ხშირად იწვევს პაციენტის სიკვდილს. ასეთი რამ საქართველოშიც ხდება, მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახები ამ ამბავს არ ახმაურებენ, საზოგადოებაში არსებულ სტიგმას უფრთხიან.

ნერვული ანორექსიის შესახებ საზოგადოებას ისედაც მწირი ინფორმაცია აქვს. ეს არის ავადმყოფობა, რომელთანაც ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ ავადმყოფის ოჯახის წევრებმა დროულად უნდა მიაქციონ ყურადღება საგანგაშო ნიშნებს და ექიმს მიმართონ.

გიორგი ბერულავა ანორექსიასთან ერთად კვებითი ქცევის სხვა დარღვევებზეც გვესაუბრება.

ნერვული ანორექსია
ნერვული ანორექსია ვერაგი დაავადებაა. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ მოზარდი გოგონები, ვისთანაც დაავადება უმთავრესად 12–14 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ბოლოდროინდელ სამედიცინო ნაშრომებში მთითებულია, რომ 1.2–3–დან 10 პროცენტამდე გაიზარდა ანორექსიით დაავადებულ ახალგაზრდა მამაკაცთა რიცხვიც. 2010 წლამდე პაციენტთა საშუალო ასაკი 12–24 წელი იყო, ახლა ზედა ზღვარი 27–30 წელია.

ანორექსია საფრთხეს უქმნის მოზარდის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სტატისტიკის თანახმად, დაავადებულთა 7–12 პროცენტის გადარჩენა ვერ ხერხდება.

ნერვულ ანორექსიას ფეშენ ტი–ვის და მოდელების დაავადებასაც უწოდებენ, რადგან მის ეპიდემიაში დიდი წვლილი მიუძღვის მოდას. პათოლოგიური სიგამხდრის როგორც სილამაზის სტანდარტის დამკვიდრებამ კვებით ქცევაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. ეს ყველაფერი 60–70–იან წლებში დაიწყო. მანამდე დაავადება ძალზე იშვიათი იყო. მისი შემთხვევის კაზუისტიკური აღწერა XVII საუკუნის ბოლოს მოხდა, საბოლოოდ ნოზოლოგიად გამოყოფა - XIX საუკუნეში. ანორექსიის პირველი ტალღა 20–30–იან წლებში აგორდა, ხოლო 60–70–იანებში ეპიდემიად იქცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მინიკაბამ და პოდიუმზე მოსიარულე გაძვალტყავებულმა გოგონებმა დაიპყრეს მოდის სამყარო და, რემბრანდტისა და რაფაელის ნახატებზე გამოსახული XVI-XVII საუკუნეების ლამაზმანების საპირისპიროდ, ასეთი სიგამხდრე სილამაზის ეტალონად იქცა.

მართალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნით, 2005–2007 წლებიდან მოდის პოლიტიკა შეიცვალა, მაგრამ წყალში ჩაგდებული ქვის ეფექტით ანორექსიის ტალღები გრძელდება, 60–70–იან წლებში დაწყებული ეპიდემია ასე იოლად ვერ დაიძლევა.

დაავადებას რასობრივი ტროპიზმიც ახასიათებს. ანორექსიაც და ბულიმიაც ძალზე გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში და იშვიათია განვითარებად სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობას კვების პრობლემა აქვს. კახექსია იქ საკვების ნაკლებობის გამო ემართებათ, ადამიანები ნებით არ შიმშილობენ.

როგორია ნერვული ანორექსიის ძირითადი სიმპტომები, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც პოტენციურ ავადმყოფთან აქვს საქმე?
ეს არის საკუთარი წონის, ფიზიკური კომპლექციის, სილამაზის აღქმის იმგვარი გაუკუღმართება, როდესაც პათოლოგიური შიმშილითა და ჭარბი ფიზიკური დატვირთვით ადამიანი ცდილობს, კიდევ და კიდევ დაიკლოს წონა და არავითარ შედეგს არ სჯერდება.

ამის სადემონსტრაციოდ ხშირად აჩვენებენ ფოტოს, რომელზეც ანორექსიულად გამხდარი გოგონა სარკეში იყურება და იქ ხედავს ჩასუქებულ, რემბრანდტის სტილის ქალს. აღქმის ასეთი გაუკუღმართება ნევროზული რეგისტრის სიმპტომებს სცდება. დისმორფოფობია დისმორფომანიულ აღქმაში გადადის. ობიექტური, რეალური სარკისმიერი არეკვლით ვერ უმტკიცებ ადამიანს, რომ მსუქანი არ არის. არადა, იმდენად გამხდარია, რომ ლავიწის ძვლები აქვს ამოჩრილი და თეძოები — 60 გრადუსით განზე გასული.

ანორექსიას სამი სტადია აქვს:
1. დისმორფოფობიური და დისმორფომანიული. ამ დროს მოზარდები ებრძვიან არასრულყოფილ წონასთან დაკავშირებულ ფიქრებს, ახასიათებთ განგაში, ოდნავ დამძიმებული ხასიათი, სარკეში საკუთარ თავზე დიდხანს დაკვირვება. ამ პერიოდში იწყება საკვების შეზღუდვა და იდეალური დიეტის ძიებაც.

2. ანორექსიული. ვითარდება სტაბილური შიმშილის ფონზე. პაციენტი წონის 20-30%–ს იკლებს, რასაც თან ახლავს ეიფორია და მკაცრი დიეტა. პაციენტს უფრო მეტად გახდომა სურს, ინტენსიურად ვარჯიშობს, ვერ აფასებს სიგამხდრის ხარისხს, უვითარდება ჰიპოტონია (წნევის დაქვეითება) და ბრადიკარდია (პულსის შენელება), რასაც თან ახლავს კანის სიმშრალე. გოგონებს უწყდებათ მენსტრუალური ციკლი.

3. კახექსიური. ეს ფაზა დგება დაავადების დაწყებიდან 1.5-2 წლის შემდეგ. შინაგანი ორგანოები უკვე დისტროფირებულია (განლეულია), სხეულის მასა 50%-ით ან მეტითაც იკლებს. ამასთანავე, იკლებს კალიუმის დონე ორგანიზმში. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, წესისამებრ, შეუძლებელია. დისტროფიული ცვლილებები ორგანოთა ფუნქციის გამოუსწორებელ დაზიანებასა და სიკვდილს იწვევს.

თუ საქმე უკანასკნელ სტადიამდე მივიდა, პაციენტი განწირულია. სხეულის მასის ინდექსის (სმი) 15–ზე ნაკლები მაჩვენებელი ჰოსპიტალურ ინტერვენციასთან მიახლოებული ინტენსიური ღონისძიებების კატეგორიული ჩვენებაა. ეს სახიფათო მდგომარეობაა და ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. სიკვდილის მიზეზი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის კატასტროფული ცვლილებებია. კუჭ–ნაწლავი საკვები ნივთიერებების შეწოვის ფუნქციას კარგავს. ცვლილებები ასევე ვითარდება გულ–სისხლძარღვთა სისტემაში, ნეიროენდოკრინულ სისტემაში. კახექსიურ სტადიაში, როდესაც სმი 12–13–მდე ჩამოვა, სიკვდილი გარდაუვალია. სიცოცხლისთვის ბრძოლა კვირაობით და თვეობით მიმდინარეობს და ეს არ არის იოლი სიკვდილი, ნერვული ანორექსიით დაავადებულები ტანჯვა–წამებით იხოცებიან. 

ამრიგად, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც მისი 178 სანტიმეტრი სიმაღლის შვილი 54 კილოგრამამდე აპირებს წონის დაკლებას, დიეტას იცავს და ინტენსიურად ვარჯიშობს, ეს ნორმალური არ არის. როდესაც გოგონა ანორექსიის მეორე სტადიაში გადადის და მენსტრუაცია უწყდება, მისი პროტესტის მიუხედავად, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, თორემ კახექსიურ ფაზაში, როგორც გითხარით, ნებისმიერი ექიმი უსუსურია, პაციენტს მხოლოდ სიკვდილის მოლოდინიღა დარჩენია.

როგორ მკურნალობენ ანორექსიას? შესაძლებლია თუ არა მისი დაძლევა ფსიქოთერაპიით
მხოლოდ ფსიქოთერაპიით, სამწუხაროდ, არა. ფსიქოთერაპია საკმარისია, თუ ადეკვატური არგუმენტების მოყვანის შემდეგ პაციენტის ქცევა მიმდინარე კვირის განმავლობაშივე მოწესრიგდა, მაგრამ, წესისამებრ, ასე იშვიათად ხდება, პაციენტები პათოლოგიურად ჯიუტობენ, ამიტომ ერთი კვირის შემდეგ მედიკამენტებს ვუნიშნავთ. საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, ინიშნება შესაბამისი ახალი თაობის ანტიდეპრესიული და ნეიროლეფსიური პრეპარატები, რომლებსაც ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან მინიმალურად აქვთ გამოხატული გვერდითი ეფექტები. ეს პრეპარატები პაციენტმა, სულ ცოტა, ორი წელი უნდა სვას.

გარდა ამისა, სასურველია, მოზარდმა ხელი მოჰკიდოს ჯირითს, ცეკვას, არტთერაპიას (ძერწვას, ხატვას) — ყველაფერ იმას, რასაც ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს. რეაბილიტაციის კურსიც ორ წელზე უნდა იყოს გაწერილი. მაგრამ, როგორც ვთქვი, ფსიქოფარმაკოლოგიური თერაპიის, ანუ წამლების გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ აუცილებელია, ანორექსიაზე ეჭვის დროს მშობელმა შვილი გამოცდილ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრთან მიიყვანოს.

ანორექსიის ერთ–ერთი სიმპტომია ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, თუმცა ეს სიმპტომი ბულიმიას უფრო ახასიათებს. ბოლოდროინდელ ლიტერატურაში აღწერილია ბულიმორექსია, მაგრამ საერთაშორისო კლასიფიკაციაში ის ჯერ არ არის შეტანილი. ეს დაავადება 27–40 წლის პირებთან აღწერეს, მისი შემთხვევები კაზუისტიკურად უკვე აღარ მიიჩნევა. ბულიმორექსიას ბულიმიისა და ანორექსიის ფაზების მონაცვლეობა ახასიათებს და ამით ძალიან ჰგავს მანიაკურ–დეპრესიულ აშლილობას.

ბულიმია
ბულიმია არცთუ ფართოდაა გავრცელებული, თუმცა საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ადამიანი ინვალიდობამდე მიჰყავს. ბულიმიით უფრო მოზრდილი ასაკის, 22–36 წლის პირები ავადდებიან.

პაციენტს ამ დროს გამგელებული მადა აქვს (სიტყვა "ბულიმია" ასეც ითარგმნება — "მგლის მადა"). მას შეუძლია, შთანთქას ორ კილოგრამამადე მშრალი საკვები და 1.5–2 ლიტრი გაზიანი, კალორიებით გაჯერებული სასმელი დააყოლოს. ამ ყველაფერს უკიდურესი დისკომფორტის ფონზე ხელოვნურად გამოწვეული ან ბუნებრივად განვითარებული ღებინება მოჰყვება.

განასხვავებენ როგორც ბულიმიის, ისე ანორექსიის გაწმენდით და არაგაწმენდით ტიპებს. ბულიმიით დაავადებულებს შორის ძალიან ცოტაა არაგაწმენდითი ტიპის მქონე პაციენტი, რომლებიც ღებინებას არ იწვევენ. უმეტესობა გაწმენდითია, ანუ ღებინებას იწვევს. ღებინების გამოსაწვევად ისინი თითებს ღრმად იყოფენ პირში (ღებინების რეფლექსის გამო ხელზე სპეციფიკური ნაკბენები უჩნდებათ). პარალელურად იღებენ ლაქსატივებს (ლაქტულოზას) და დიურეტიკებს (შარდმდენებს). ეს ანორექსიით დაავადებულებსაც ახასიათებთ. მართალია, ამ პრეპარატებზე ფიზიკური დამოკიდებულება არ ყალიბდება, მაგრამ მათ ფსიქოლოგიურად ეჯაჭვებიან. ასეთი რამ განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული ბულიმიის დროს.

რა დარღვევებს იწვევს ბულიმია?
ბულიმიის შორეული შედეგია ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით — წყალმარილოვანი ბალანსის, სრული მოშლა. ორგანიზმში დარღვეულია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის ნორმალური შემცველობა. ბულიმიიით დაავადებული წონას არც იმატებს, არც იკლებს, რადგან, ღებინების მიუხედავად, საკვების ნაწილს მაინც ითვისებს. მას შიმშილით სიკვდილი არ ემუქრება, მაგრამ ინვალიდდება. კუჭიდან ამოსული მარილმჟავა აზიანებს კბილებს, წყალმარილოვანი ბალანსის დარღვევა ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და უეცარი სიკვდილის რისკს და სხვა.

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლება?
ბულიმიიით დაავადებულები თავიანთ მდგომარეობას თავადაც განიცდიან, საკუთარი ქცევისადმი კრიტიკულობის ხარისხი გაცილებით მაღალი აქვთ, აცნობიერებენ, რომ ავად არიან, ამიტომ მათი სპეციალისტთან მიყვანა უფრო ადვილია, ვიდრე ანორექსიით დაავადებულისა. უბრალოდ, დროულად უნდა ჩატარდეს ქცევის მაკონტროლებელი ინტერვენციები.

მართალია, ბულიმიის მკურნალობაში ფსიქოთერაპიას გაცილებით დიდი წილი უდევს, ვიდრე ანორექსიისა, მაგრამ მხოლოდ ფსიქოთერაპიით ვერც აქ შემოვიფარგლებით. საჭიროა ფსიქოფარმაკოლოგიური ჩარევაც, თუმცა შედარებით ხანმოკლე — 9–12–თვიანი. დაავადება შექცევდია და ანორექსიასთან შედარებით პოზიტიური პროგნოზი აქვს.

ჭარბკვებიანობა
ჭარბკვებიანობა, ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები საქართველოს ეროვნული უბედურებაა.

ჯერ კიდევ 80–იან წლებში ქართველები ხუთი ყველაზე ჭარბწონიანი ერის რიცხვში შევიდნენ (გერმანელებსა და ამერიკელებთან ერთად) და ჯერაც არ დაუხევიათ უკან.

ჭარბწონიანობა ხშირად ტელევიზორთან სუსნიაობა იწვევს, განსაკუთრებით — ქალებთან. რაც შეეხება მამაკაცებს, ეს ქართველი თამადების დაავადებაა. წარმოიდგინეთ, რას გამოიწვევს კუჭში 8–10 ლიტრი ღვინისა და მისი მისაყოლებელი ხუთი კილოგრამი საკვების ჩაპირქვავება. ეს არ არის ნორმა. დაავადების ნიშნები გენიალურადაა აღწერილი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანში". ლუარსაბიც, დარეჯანიც, ლამაზისეულიც ტიპური ჭარბკვებიანობით დაავადებული ადამიანები არიან, რომელთაც უამრავი პრობლემა, მათ შორის უნაყოფობაც აწუხებთ.

კერძოდ, რას იწვევს ჭარბკვებიანობა?
არ არსებობს ორგანო ან ორგანოთა სისტემა, ამ დროს რომ არ დაზიანდეს. ჭარბკვებიანობა ტოტალურ ინვალიდობას იწვევს. მეოთხე ხარისხის სისუქნე ყველა ორგანოს ვნებს. კლასიკური თამადები 60 წელსაც ვერ აღწევენ, გული ვერ უძლებს და ხშირად ინფარქტით იღუპებიან. 50 წლის შემდეგ პაციენტი ადამიანად აღარ ვარგა. დაზიანებები ქვედა კიდურებიდან იწყება. ირღვევა ენდოკრინული სისტემის ფუნქცია, ადამიანი მოსავლელი ხდება. ჭარბწონიან პაციენტს, რომლის სმი 60–ს აჭარბებს, გადაუდებელ ბარიატრიულ შემთხვევად განიხილავენ. 40–ზე მაღალი ინდექსის შემთხვევაში წლების განმავლობაში ვითარდება შეუქცევადი ინვალიდობა, პაციენტი შინიდან ვერ გადის, მუდმივი მზრუნველობა სჭირდება.

როგორ მკურნალობენ დაავადებას?
ეს ყველაზე ძნელად სამკურნალო პათოლოგიაა, რადგან კულტურულ ნორმასთან არის შეჭიდული. შორს წასულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ტარდება ბარიატრიული ოპერაცია, მერე კი სპეცილიზებული კურსი, რომელზეც ქართველი პაციენტები იშვიათად თანხმდებიან, კვებითი ქცევის მოსაწესრიგებლად ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს იშვიათად მოგვმართავენ.

თუმცა პაციენტმა ერთი რამ უნდა იცოდეს: დიეტოთერაპია არ არის პროცედურა, რომელსაც ჩაიტარებს და ამით მისი პრობლემა მოგვარდება, ვირუსული გრიპივით მორჩება. დიეტოთერაპია არასოდეს მთავრდება. ეს ცხოვრების წესია. არჩევანია.

ძალიან ცუდი ეფექტი აქვს დიეტოთერაპიულ ეპიზოდებს. პაციენტი დაიკლებს 30 კგ–ს, მერე შეწყვეტს დიეტას და უცბად აკრეფს 40–ს. ამას ბარიატრიულ წახტომებს ვუწოდებთ. ამიტომ, ვიდრე ადამიანი დიეტის დაცვას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება და საქმეს ისე შეუდგეს. და კიდევ ერთი — ხშირად იკითხოს "კაცია–ადამიანი?!"

წყარო: ჟურნალი "ავერსი"