თარიღი: 21 აგვისტო, 2023
რას გულისხმობს ჰომეოპათიური კოსმეტოლოგია, რით განსხვავდება ის სტანდარტული კოსმეტოლოგიისგან და რა უპირატესობები აქვს მას, როგორია ჰომეოპათიური პრეპარატების როლი კანის გაახალგაზრდავების, თმის ცვენის და ალერგიის მკურნალობის მიმართულებით“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ – ექიმმა, ჰომეოპათმა, ჰომეოტოქსიკოლოგმა – ნუგზარ ჩხიკვაძემ ისაუბრა.
ბატონო ნუგზარ, რას გულისხმობს ჰომეოპათიური კოსმეტოლოგია და როდის დაინერგა ის საქართველოში?
ზოგადად, ჰომეოპათიური პრეპარატების კოსმეტოლოგიაში გამოყენება მსოფლიოში ახალი არ არის, ევროპაში ძალიან გავრცელებულია, მაგრამ საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ჰომეოპათია არ არის დიდად პოპულარული, ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა არიან ექიმები, რომლებიც ამ დარგში დიდი ხანია წარმატებით მუშაობენ. ჰომეოპათიური კოსმეტოლოგია ძალიან საინტერესო მიდგომა არის. საერთოდ, კოსმეტოლოგია არ არის მხოლოდ სახის ფორმირება, გასწორება და შეცვლა, კოსმეტოლოგია არის მედიცინის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ისეთივე ცოდნას მოითხოვს, როგორც მედიცინის სხვა დარგები. აქედან გამომდინარე, ჰომეოპათიური პრეპარატების კოსმეტოლოგიაში გამოყენება ფუნდამენტურ ცოდნას მოითხოვს. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი ექიმი დღესაც მისდევს ამ დარგს და ჰომეოპათიას ძალიან აქტიურად იყენებს მკურნალობაში.
ჰომეოპათიური კოსმეტოლოგია რით განსხვავდება სტანდარტული კოსმეტოლოგიისგან და აქვს თუ არა მას რაიმე უპირატესობა?
რადგანაც მე ჰომეოპათიურ კოსმეტოლოგიას მივდევ, ე. ი. მე ეს დარგი უფრო მომწონს, მაგრამ მედიცინაში იმის თქმა, რომ ერთი მიმართულება მეორეს ჯობია, რთული და არაკორექტულია. აქ განსხვავება მიდგომებს შორისაა.
ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ადამიანის კანი არის დატენიანებული, რბილი, ფაფუკი, ნაზი, ეს კი განპირობებულია იმით, რომ ადამიანის კანქვეშა ქსოვილები კოლაგენს, ელასტინს და ჰიალურონის მჟავას შეიცავს. ამ ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს და რაც უფრო ინტენსიურად გამოიმუშავებს, კანი მით უფრო რბილი, ლამაზი და სუფთაა. სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში ამ ნივთიერებების გამომუშავება კლებულობს, აქედან გამომდინარე კი, წარმოიქმნება აუცილებლობა, რომ ეს მარაგი შეივსოს. ამ დროს ერთი არჩევანია, რომ ორგანიზმს გარედან მივაწოდოთ მზა პრეპარატები და მზა ნივთიერებები, კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, ვიტამინები და ა.შ. და მეორე არჩევანია, რომ ორგანიზმს ხელი შევუწყოთ, თვითონ დაიწყოს ამ პრეპარატების გამომუშავება. ჰომეოპათიას და კლასიკურ მიდგომას შორის სწორედ ეს განსხვავებაა. ჰომეოპათია ცდილობს აამოქმედოს ორგანიზმის რეზერვი, ანუ კლასიკური მიდგომის დროს თუ ჩვენ გარედან შეგვყავს საჭირო ნივთიერებები, ჰომეოპათია ორგანიზმის მოდელირებას ახდენს ისე, რომ ის თავად იწყებს საჭირო ნივთიერებების საკუთარი რეზერვებით გამომუშავებას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი საკუთარს უფრო ადვილად და კარგად იღებს. შესაბამისად, არ გვეშინია, რეაქციის, ალერგიის და ა.შ.
მოგეხსენებათ, კოსმეტოლოგია მხოლოდ კანის პრობლემას არ გულისხმობს, სახე შინაგან ორგანოებში მიმდინარე პროცესების გამოხატულებაა. მაგალითად, ხშირად ამბობენ, სახე შემიშუპდა, თირკმელებზე ხომ არ მაქვს პრობლემა და ა.შ. თუ შინაგან ორგანოებში რამე დარღვევაა, ეს სახეზე აუცილებლად აისახება. ჰომეოპათიაც ზუსტად ასე, ერთიანად განიხილავს ორგანიზმს.
ჰომეოპათიური კოსმეტოლოგიით მკურნალობისას შედეგი ყოველთვის არის თუ ეს ინდივიდუალურია და რამდენ ხანში უნდა ველოდოთ შედეგს?
კლასიკური ჰომეოპათია მართლაც კლასიკური მეცნიერებაა და ამ შემთხვევაში, დაავადების პორტრეტი დგება. დაავადების პორტრეტი ინდივიდუალურია, მოგეხსენებათ, ადამიანებს ერთნაირი არც სიმპტომატიკა აქვთ, არც დაავადების მიმდინარეობა, არც ხასიათი და ა.შ. კლასიკური ჰომეოპათია ამ ყველაფერს ითვალისწინებს და დაავადების პორტრეტის მიხედვით, ინდივიდუალურად ირჩევა პრეპარატი. შეიძლება, ადამიანს უამრავი სიმპტომის ერთობლიობა ჰქონდეს, მაგრამ ერთ წამალს საჭიროებდეს მისი დიაგნოზი.
კოსმეტოლოგიაში ჩვენ მკურნალობისას კომპლექსურ პრეპარატებს ვხმარობთ. ეს არის საინიექციო ხსნარები, ტაბლეტები, მალამოები, წვეთები და ა.შ.
რაც შეეხება ეფექტს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს არის პროცესი წასული.
მაგალითად ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი ოფიციალური მედიცინის პრეპარატებს უფრო გამოხატული აქვთ. ჰომეოპათიურ პრეპარატებს, როგორც ასეთი, ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი არ აქვთ. ჰომეოპათია მართავს ტკივილს, ანთებას, არ აქრობს.
რაც შეეხება კოსმეტოლოგიაში გამოყენებულ პრეპარატებს, არსებობს ძალიან საინტერესო მეთოდი – მადე, რომელიც ჰომეოპათიური პრეპარატების აკუპუნქტურულ წერტილებში შეყვანას გულისხმობს. არსებობს ე.წ. ტუნელიზაციაც და პაციენტი პროცედურის დროს, დაახლოებით, ნახევარ საათში, ერთ საათში რაღაც სხვაობას უკვე ატყობს. რამდენიმე დღეში უკვე იმდენად თვალში საცემია კანის მდგომარეობა, რომ პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ არაფერი უცხო არ არის ორგანიზმში. ეფექტი რამდენიმე პროცედურაში უკვე არის.
ჰომეოპათიურ კოსმეტოლოგიას რა როლი აქვს კანის გაახალგაზრდავების კუთხით და როგორია ამ მხრივ შედეგები?
გაახალგაზრდავებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ჰომეოპათია ცდილობს, რომ ადამიანმა ახალგაზრდული იერი და განწყობა შეინარჩუნოს და ამას ხშირ შემთხვევაში ახერხებს კიდეც.
ორი სიტყვით გეტყვით ჰომეოტოქსიკოლოგიაზეც. რომ წარმოიდგინოთ, ორგანიზმი არის ღია სისტემა, რომელშიც შეედინება ტოქსინები, საკვების, სასემლის, დაბინძურებული ჰაერის და ა.შ. სახით. გარდა ამისა, ორგანიზმში ცხოველქმედების შედეგად თავადაც წარმოიქმნება ტოქსინები. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტოქსინი – ემოცია. უარყოფითი ემოციები სახის მიმიკის გარკვეულ ცვლილებას იწვევს. ღია სისტემა ჯანმრთელი არის მაშინ, როცა ორგანიზმში ტოქსინების შედინება და გამოდინება მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია. სრულად დაბალანსებული არასდროს არის, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი იდეალურს მიუახლოვდეს.
ჩვენ გვაქვს ე.წ. გამომყოფი სისტემა, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, სანაღვლე გზები, საშარდე სისტემა, სასუნთქი სისტემა და კანი. კანთან უშუალოდ და ძალიან მძაფრად არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ღვიძლი, სანაღვლე გზები და თუ კი ამ სისტემებში არის რაიმე პათოლოგია, ეს სახეზე უცილებლად აისახება. შესაბამისად, როდესაც ადამიანი სახის კანის პრობლემით მოდის, ჩვენი პირველი მისიაა ორგანიზმის დეტოქსიკაცია. არსებობს სპეციალური სადრენაჟო პრეპარატები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებს გარკვეულ სისტემებზე და როდესაც ეს სისტემები აქტიურდება და დეტოქსიკაცია იწყება, ორგანიზმი ტოქსინს იშორებს და ამ დროს კანი არ არის ტოქსინების გამომყოფი, მომშორებელი სისტემა და შესაბამისად, სახის კანის პრობლემებიც იკლებს.
როგორია ჰომეოპათიური კოსმეტოლოგიის შედეგები თმის ცვენის მკურნალობის მიმართულებით?
თმის ამოსვლას კარგი ნიადაგი სჭირდება, ანუ კანი უნდა იყოს სტრუქტურულად სრულყოფილი და კარგი, სჭირდება კარგი კვება, რასაც უზრუნველყოფს სისხლი და ასევე სჭირდება თმის ბოლქვები. თუ კი შორს წასული პრობლემის გამო თმის ბოლქვები აღარ არის, მაშინ მისი აღდგენის შანსი არ არსებობს. თუ თმის ცვენის პროცესი ახალი დაწყებულია და თმა მეტ-ნაკლები ინტენსივობით მაინც იზრდება, ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგებია. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ჰომეოპათიური პრეპარატების PRP თერაპიასთან ერთად გამოყენება. PRP თერაპია ეს არის საკუთარი სისხლის პლაზმის დამუშავება, ვიღებთ პლაზმას და შეგვყავს თავში. პროცედურები მონაცვლეობით ხდება, ერთ ვიზიტზე ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენება ხდება, მეორეზე PRP თერაპიის და ა.შ. PRP თერაპია თმის ძირების გაახალგაზრდავებას და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ჰომეოპათიური პრეპარატები კი სისხლის მიმოქცევას და კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. ვისაც ამ მეთოდისთვის მიუმართავს, ყველა ძალიან კმაყოფილია, თუმცა ზედმეტი მოლოდინები რომ არ შევქმნათ, ვიტყვი, რომ პირველ რიგში, თმის ცვენის მიზეზის დადგენაა მნიშვნელოვანი. თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ქიმიო თერაპიამ, სხვადასხვა დაავადებებმა და როდესაც ადამიანი მოდის, ჩვენ შედეგს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დავადგინოთ მიზეზი და მოვახდინოთ მიზეზის კორექტირება. ეს პრეპარატები და პროცედურები თავისთავად ძალიან ეფექტურია, მაგრამ მნიშვნელოვანია თმის ცვენის მიზეზიც.
როგორია ჰომეოპათიური პრეპარატების როლი ალერგიის მკურნალობაში?
ალერგიის სამკურნალოდ ჰომეოპათიას აქვს როგორც პრეპარატები, ისე პროცედურები. ავტოჰემოთერაპიით შეიძლება ძალიან კარგად იმართოს ალერგია. პაციენტები ხშირად კითხულობენ, თავად ჰომეოპათიური პრეპარატები თუ იწვევენ ალერგიას და რომ გადავხედოთ, პრაქტიკულად პრეპარატების 99%-ს უწერია, რომ არ იწვევს ალერგიას, არ აქვს გვერდითი მოვლენები. ის რომ ეს პრეპარატები ალერგიის თვალსაზრისით პრაქტიკულად უსაფრთხოა, გამოწვეულია თვითონ ჰომეოპათიური პრეპარატების დამზადების ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს იმას, რომ უაღრესად მცირეა მოქმედი ნივთიერება და როგორც ასეთი, ალერგენი პრეპარატში არ რჩება. დაახლოებით 20 წელია ჰომეოპათიური პრეპარატებით ვმკურნალობ და არც მქონია ისეთი შემთხვევა, რომ მათ ალერგია გამოეწვიოთ.
დაახლოებით რა დრო სჭირდება ჰომეოპათიური პრეპარატებით პრობლემის სრულ მკურნალობას და რამდენად ხელმისაწვდომია ის?
სამწუხაროდ, ჰომეოპათიური პრეპარატები არ ფინანსდება. ხელმისაწვდომობის მხრივ, პრეპარატები ძალიან იაფი არ არის, მაგრამ შესატყვისი ფასია, არ არის ისეთი, რომ ვერ შესწვდე. მაგალითისთვის, თმის ცვენის მკურნალობა 800-დან 1200 ლარამდე ჯდება, გააჩნია პროცედურების რაოდენობას.
რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, პირველ რიგში ხდება დიაგნოზის დასმა და ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ორგანიზმის მკურნალობისთვის მომზადება. ჯერ ორგანიზმის ფუნქციების აღდგენა უნდა მოხდეს და შემდეგ უნდა დაიწყოს კოსმეტოლოგიური პროცედურები. დეტოქსიკაციის კურსი 2 კვირიდან 1 თვემდე გრძელდება და ამის შემდეგ იწყება უშუალოდ კოსმეტოლოგიურ პრობლემაზე მკურნალობა. თვითონ პროცედურები ხანგრძლივი არ არის დაახლოებით ნახევარი – ერთი საათია საჭირო.
კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით, მაგალითად, თმის ცვენის მკურნალობისას, რამდენად თავსებადია ჰომეოპათიური პრეპარატები სხვა პრეპარატებთან, თუ არის შესაძლებელი მათი ერთად გამოყენება?
კი, რა თქმა უნდა, არანაირი შეუთავსებლობა ჰომეოპათიურ პრეპარატებს და ალოპათიურ, სააფთიაქო, ოფიციალურ პრეპარატებს შორის არ არსებობს.
რატომ უნდა მიანიჭონ ადამიანებმა უპირატესობა ჰომეოპათიურ კოსმეტოლოგიას მაშინ, როცა სტანდარტულ კოსმეტოლოგიაშიც ძალიან დიდი არჩევანია?
უპირატესობაზე ლაპარაკი ცოტა არაკორექტულია, რადგან კოსმეტოლოგია სახის კორექციას და ა.შ. რაღაცებსაც გულისხმობს და ამ შემთხვევაში ჰომეოპათია და კოსმეტოლოგია ერთმანეთთან კონკურენციაში არ არის.
რაც შეეხება მიდგომებს, რომელთაც ჰომეოპათიაში ვიყენებთ, ჰომეოპათია ცდილობს, რომ აღადგინოს ორგანიზმის ჰომეოსტაზი. მაგალითისთვის, ყურადღებას ერთ საკმაოდ ხშირ და აქტუალურ პრობლემაზე, აკნეზე გავამახვილებ. როგორც უკვე მოგახსენეთ, კანი ერთ-ერთი გამომყოფი სისტემაა და თუ კი ორგანიზმში სხვა ორგანოები კარგად არ მუშაობს, ვერ ხდება სრული დეტოქსიკაცია და ეს სახეზე აუცილებლად აისახება. ამ დროს კი მარტო სახის მკურნალობა არ გამოვა, რაც არ უნდა ბევრი ეცადოს პაციენტმა. თუ კი პრობლემას არ მოვაგვარებთ, საბოლოო შედეგს ვერ მივიღებთ, აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ჰომეოპათიური კოსმეტოლოგია ჭკვიანური მიდგომაა. იქ, სადაც საჭიროა ფორმების კორექცია, ფილერების გამოყენება და ა.შ. საჭიროა კოსმეტოლოგია, მაგრამ ადამიანს თუ უნდა, რომ კანი ბუნებრივთან ახლოს ჰქონდეს, იყოს ჯანმრთელი და უნდა, რომ მისი ორგანიზმი თავისუფალი იყოს ტოქსინებისგან, მაშინ მკურნალობაში ჰომეოპათიური კოსმეტოლოგია უნდა ჩართოს.
წყარო: https://fortuna.ge